3გ-ად-536-კ-02 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული
და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “მ.-მ" და შპს “კ.-მ" სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2002 წლის 7 მარტის ¹131 ბრძანების, სს “მ.-ისა" და შპს “კ.-ის" მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მომსახურებაში გადაყვანის ნაწილში, ბათილად ცნობა.
მოსარჩელეები გასაჩივრებულ ნაწილში აქტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ შემდეგ საფუძველზე მითითებით:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციული აქტის მოსამზადებლად და გადმოსაცემად მოიცავს ადმინისტრაციულ წარმოებას. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და სადავო ადმინისტრაციული აქტი მოემზადებინა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით.
ადმინისტრაციული წარმოების გარეშე ადმინისტრაციული აქტის გამოცემით დაირღვა სს “მ.-ისა" და შპს “კ.-ის”, როგორც დაინტერესებული მხარის, უფლებები, რომელიც გარანტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე, 98-ე და სხვა მუხლებით.
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევით, კერძოდ, აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას და ემყარება იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სადავო აქტში არ არის მითითებული ის ორგანო, სადაც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით მოსარჩელეები ითხოვდნენ მათი სარჩელის დაკამყოფილებას.
მოპასუხის, ფინანსთა სამინისტროს, წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ განმარტა, რომ მოსარჩელეების მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მომსახურებაში გადაყვანით, რაც განხორციელდა სადავო აქტის საფუძველზე, შესაძლოა ფორმალურად მართლაც დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების წესი, მაგრამ მოსარჩელეთა უფლებები ამით არ შეზღუდულა, გადასახადების გადახდის ნაწილში მათი ვალდებულება უცვლელია, ერთადერთი, რაც მოსარჩელეებთან მიმართებაში შეიცვალა არის მაკონტროლებელი ორგანო _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია.
აღნიშნულზე მითითებით მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: სს “მ.-ისა" და შპს “კ.-ის" გაერთიანებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული დრღვევები ატარებდა ფორმალურ და არა არსებით ხასიათს, რაც თავისთავად ქმნიდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სს “მ.-ისა" და შპს “კ.-ის" მიერ, რომლის საფუძველზე კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასაციის საფუძვლებად კასატორები ძირითადად უთითებდნენ შემდეგ გარემოებებზე:
1. სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ" პუნქტის თანახმად წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ პასუხობს სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები: კერძოდ, მითითებული არ არის “მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ" დებულების რომელი ნორმის შესაბამისად იქნენ მოსარჩელეები გადაყვანილი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში, რა გარემოებებით დასტურდება მოსარჩელეთა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციების მომსახურების გადაყვანის საფუძვლის არსებობა და რა მტკიცებულებით დასტურდება იგი.
ამდენად, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
3. არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს გასაჩივრებული აქტის შედეგად ზიანი არ ადგებათ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმიანობის ადგილიდან დაშორებული ინსპექციის მომსახურეობაში გადაყვანა გამოიწვევს სატრანსპორტო ხარჯების გაზრდას, საფინანსო-საბუღალტრო სფეროს მუშაკების მოცდენას და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით კასატორები ითხოვდნენ მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მასალები და გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემებათა გამო:L
სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
როგორც საქმეში წარმოდგენილი სარჩელიდან და მოსარჩელეთა წარმომადგენლის ახნა-განმარტებიდან დასტურდება, მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე იმ მოტივით, რომ მოპასუხის მხრიდან გასაჩივრებული აქტის მიღებით დარღვეულ იქნა მისი მიღებისა და გამოცემისათვის დადგენილი პროცედურა, სხვა რაიმე გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ. კერძოდ, მათი მხრიდან, სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სს “მ.-ი" და შპს “კ.-ი", არ აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, რომლის არსებობაც ინსტრუქციის შესაბამისად, სავალდებულო იყო მათი მსხვილი ინსპქციის მომსახურებაში გადაყვანისათვის.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაცდენოდა საჩივრის საფუძვლებს და სადავოდ გაეხადა ის ფაქტობრივი საფუძვლები, რომელიც მხარის მიერ სადაოდ არ იყო ქცეული.
აქვე საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარსადგენად, მაგრამ აღნიშნული მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნეს, თითქოს სასამართლო უფლებამოსილი იყო მიიღოს ინფორმაცია და იკვლიოს ის დამატებითი გარემოებები, რომელსაც შემხებლობა არ აქვს დავის საფუძვლებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია ზემოაღნიშნული მუხლების პრინციპების დაცვით და არ არსებობს მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემისას დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი ნორმები, მაგრამ აქვე მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის არსებით დარღევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
არც საოლქო და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არც ერთი მსგავსი გარემოება, ხოლო, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ აღნიშნულით გაიზარდა კასატორთა ხარჯები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია დაუსაბუთებელ და არაარსებით გარემოებად, რაც მისი მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “მ.-ის” და შპს “კ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.