გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-537-კ-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებელი მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 2 მარტს დ. კ-ემ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და მესამე პირის შპს «თ." მიმართ შემდეგი საფუძვლებით:
ქ. თბილისში, ... ¹20, ¹20ა და ... ¹25 მდებარე საკუთარი სახლების მობინადრეებმა ჩამოაყალიბეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ფ.-....", რომელიც საბურათლოს რაიონში აღმასკომის 1991წ. 6 მარტის ¹5.48210 გადაწყვეტილებით იურიდიულად გაფორმდა. 1992წ. 11 მარტს საბურთალოს რაიონის გამგეობამ თავისი გადაწყვეტილებით «ფ.-...." დააკომპლექტა 17 წევრის შემადგენლობით. 1993წ. 2 ივნისს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის ¹202 ბრძანებით გაიცა ნებართვა «ფ.-...."-ზე მშენებლობის პროექტირების თაობაზე. საბურთალოს გამგეობის დახმარებით მოინახა მშენებლობის სპონსორი _ შპს «თ.", რომელთანაც ამხანაგობის თითოეულმა წევრმა, მათ შორის მოსარჩელემაც, გააფორმა ხელშეკრულებები, რომლითაც შპს «თ.; იკისრა ვალდებულება აეშენებინა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი მიწის ფართობზე მრავალსართულიანი ბინა და ამხანაგობის წევრები უფასოდ დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით. ვინაიდან შპს «თამისმა" ფინანსურად ვერ შეძლო მშენებლობის განხორციელება დამოუკიდებლად, მან 1996წ. 4 მარტს გააფორმა ხელშეკრულება ერთიანი სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდთან. ამ უკანასკნელმა იკისრა Mმშენებლობის დაფინანსება 1100000 ლარის ოდენობით, მაგრამ მშენებლობა არც დაწყებულა, მხოლოდ გადაითხარა ეზოები და დააზიანეს საცხოვრებელი ბინები. მოსარჩელემ ითხოვა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხისათვის 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
მოგვიანებით ამავე საფუძვლით იმავე მოპასუხის მიმართ სარჩელები აღძრეს ლ. და ე. კ-ებმა და თ. ბ-ემ და მოითხოვეს შესაბამისად 60000 აშშ დოლარისა და 35000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.
მოპასუხის წარმომადგენლის მიერ აღძრული შუამდგომლობების საფუძველზე საქართველოს მიერ დანიშნულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზები მოსარჩელეთათვის ხელშეკრულებით გადასაცემი ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარებულ იქნა ექსპერტიზების დასკვნების თანახმად ერთოთახიანი ბინის ფასი ქ. თბილისში, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, შეადგენს 13169 აშშ დოლარს (27260 ლარი), ოთხოთახიანის _ 27202 აშშ დოლარს (53308 ლარს), ხუთოთახიანის _ 31370 აშშ დოლარს (64936 ლარს).
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სარჩელები არ ცნო და აღნიშნა შესაგებელში, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო პატივსადები მიზეზით. ფონდმა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაფინანსების უფლება მიიღო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. პირველი ნოემბრის ¹707 დადგენილების საფუძველზე, ხოლო 1996წ. 9 მაისის კანონის «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საფუძველზე ფონდი აღარ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება. შესაბამისად, მოითხოვა სარჩელების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა 25370 აშშ დოლარის, ანუ 52515 ლარის გადახდა თ. ბ-ის სასარგებლოდ, 27202 აშშ დოლარის, ანუ 56308 ლარის გადახდა ე. კ-ის სასარგებლოდ, 31370 აშშ დოლარის, ანუ 64633 ლარის გადახდა ლ. კ-ის სასარგებლოდ, ხოლო 13169 აშშ დოლარის, ანუ 27260 ლარის გადახდა დ. კ-ის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელემწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ბ-ის, ლ. კ-ის, დ. კ-ისა და ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს «თ." და სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულების მიხედვით სკ-ს 349-ე მუხლის საფუძველზე, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის მოვალე და მის მიმართ მოთხოვნის უფლება აქვს როგორც ხელშეკრულების მხარეს, ე.ი. შპს «თ.", ისე მესამე პირებს, ანუ მოსარჩელეებს, რამდენადაც სკ-ს 349-ე მუხლით «მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს".
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულების მიხედვით, მენაშენე არის შპს «თ." და ის არის ვალდებული დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინებით როგორც ამხანაგობაში გაწევრიანებული პირები, ასევე ფონდი. რაც შეეხება ფონდის ვალდებულებას შპს «თ." მიმართ მშენებლობის დაფინანსების შესახებ, იყო ეტაპობრივად განსახორციელებლი და დამოკიდებული შპს «თ." მიერ ფონდისადმი სამშენებლო მასალების და სხვა მატერილური დანახარჯებისათვის საჭირო თანხების გაანგარიშიბის წარდგენასთან. ამდენად, 1996წ. 4 მარტის ხელშკრულების შინაარსიდან და მხარეთა ვალდებულებების არსიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს სოციალური უზრუნველყოფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ვალდებულების შესრულების და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ აქვთ. ამასთანავე, სკ-ს 401-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია, რომ ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდება ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის, ლ. კ-ის, დ. კ-ისა და ე. კ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ., ლ. და ე. კ-ებისა და თ. ბ-ის წარმომადგენელმა გ. გ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორის აზრით, სასამართლომ არ შეაფასა მართებულად საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორად არ განმარტა სკ-ს 349-ე მუხლი. თავის მოსაზრებას სასამართლო ასაბუთებს არა მტკიცებულებებით, არამედ მოსაზრებებით. კერძოდ, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულების შინაარსიდან და მხარეთა ვალდებულებების არსიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ვალდებულების შესრულების და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ აქვთ. ამ დაუსაბუთებელი მოსაზრების გამო, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 349-ე მუხლი.
სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა არა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით, არამედ, როგორც ეს მითითებულია გადაწყვეტილებაში, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე;
2. კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე «ფ." მიერ არ დასტურდება და საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს «თ." არ შეასრულა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.5-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის მტკიცების უფლებაც გააჩნია ფონდს სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად.
ის ფაქტი, რომ ფონდს მესამე პირების სასარგებლოდ წარმოეშვა ვალდებულება, რომელსაც იგი ასრულებდა გარკვეული დროის მანძილზე, დასტურდება, როგორც სააპელაციო საჩივრით, ასევე ფონდის წარმომადგენელის ახსნა-განმარტებებით, რაც სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად ისეთი გარემოებების დადასტურებაა, რომელზედაც მოსარჩელე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს. აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელეების მიერ არ იყო წარმოდგენილი 1998წ. 17 თებერვალს «ფ." და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება «ფ." მიერ მესამე პირების სასარგებლოდ ვალად აღიარება სკ-ს 341-ე მუხლის თანახმად, რაც არ გამოიყენა სასამართლომ. ფონდის მიერ არ იყო შესრულებული მესამე პირის სასარგებლოდ ნაკისრი ვალდებულებები, რომლის მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მოსარჩელეებს.
სასამართლოს ის მოსაზრება, რომ შპს «თ." მიერ არ იყო შესრულებული თავისი ვალდებულება «ფ." წინაშე ხელშეკრულების 2.5-ე მუხლის თანახმად, რის გამო ფონდმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება, არ გამორიცხავს მესამე პირების სასარგებლოდ დადებული გარიგების არსს. მით უმეტეს, რომ არანაირი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შპს «თ." თავისი ვალდებულება არ შეასრულა «ფ." წინაშე, ხოლო «ფ." ვალდებულების არსებობას ადასტურებს თვითონ მხარე სააპელაციო საჩივრით და ახსნა-განმარტებით, რაც უგულებელყოფილ იქნა სასამართლოს მიერ.
კასატორის მითითებით, ასევე უსაფუძვლოა სკ-ს 401 მუხლის გამოყენება, ე.ი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან, როგორც აღნიშნული იყო, მოვალის არაბრალეულობა არ დასტურდება, ხოლო მისი ბრალი დასტურდება აღიარებით და 1998წ. ხელშეკრულებით.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სოციალური უზრუნველყოფის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც არის სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის უფლებამონაცვლე.
კასატორების _ ლ., დ., ე. კ-ებისა და თ. ბ-ის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორთა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება _ სკ-ს 394-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურება საქმეში არსებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ბინების ღირებულებების გათვალისწინებით და მოპასუხისათვის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ლ. კ-ის სასარგებლოდ _ 31370 აშშ დოლარის, დ. კ-ის სასარგებლოდ _ 13169 აშშ დოლარის, ე. კ-ისათვის 27202 აშშ დოლარის, ხოლო თ. ბ-ის სასარგებლოდ, 25370 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება, რომლის ანაზღაურების შემდეგაც კასატორები მოპასუხის სასარგებლოდ გამოათავისუფლებენ მათ კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის, დ კ-ის, ე. კ-ის და თ. ბ-ის წარმომადგენლის, გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1991წ. 6 მარტის ¹5.48.210 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ფ.-...-ის" წევრებმა, მათ შორის კასატორებმა ლ. დ. და ე. კ-ებმა და თ. ბ-ის აწ გარდაცვლილმა მეუღლემ, მ. შ-ემ, შპს «თ." 1993წ. 1 ივლისს გააფორმეს ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, შპს «თ." კასატორთა კუთვნილი საკუთარი საცხოვრებელი სახლების ადგილას უნდა აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ამ სახლში ლ. კ-ის ოჯახი უფასოდ უნდა დაეკმაყოფილებინა ხუთოთახიანი ბინით, ე. კ-ის ოჯახი _ ოთხოთახიანი ბინით, შანიძის ოჯახი _ ხუთოთახიანი ბინით, ხოლო დ. კ-ის ოჯახი _ ერთოთახიანი ბინით ქ. თბილისის ნებისმიერ რაიონში. თავად მობინადრეები კი ვალდებულნი იყვნენ გაეთავისუფლებინათ სამშენებლო ტერიტორია. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს «თ." ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით 1996წ. 4 მარტს დადო ხელშეკრულება სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, რომლის საფუძველზეც შპს «თ." ვალდებულებას იღებდა ეწარმოებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა როგორც საკუთარი ძალებით, ასევე სუბმოიჯარე სპეციალიზებული სამშენებლო სამონტაჟო ორგანაზაციათა მეშვეობით, ხოლო «ფონდი" უზრუნველყოფდა მშენებლობის ფინანსირებას 1100000 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ხელშეკრულება Aშპს «თ." და ამხანაგობა «ფ.-...." წევრებს შორის დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიზნით იყო დადებული, რაზეც აშკარად მიუთითებს ხელშეკრულების 2.9 მუხლი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ 20 ბინა ახლად აშენებულ სახლში უსასყიდლოდ გადაეცემოდა კერძო საკუთრებაში მოსახლეობას მათთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად. ამავე მუხლშია მოცემული ბინებით უსასყიდლოდ დასაკმაყოფილებელ მოქალაქეთა სია, სადაც კასატორებიც არიან შეყვანილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2.9 მუხლში მითითებულ მოსახლეობასთან დადებულ ხელშეკრულებებში იგულისხმება სწორედ შპს «თ." ამხანაგობა «ფ.-....-ის" წევრთა და მათ შორის კასატორების მიერ დადებული ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელნი უსასყიდლოდ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ საცხოვრებელი ბინებით ახლადაშენებულ მრავალსართულიან სახლში.
შპს «თ." და «ფ." შორის 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულების 2.3 და 2.4. მუხლებით მშენებლობის დამთავრების ვადად გაისაზღვრა ორი წელიწადი, ხოლო საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება _ 1100000 ლარად. 1.3 და 2.5 მუხლის შესაბამისად «ფ." საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. პირველი ნოემბრის ¹707 დადგენილების _ «ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის სპეციალური დაზღვევის სახსრებით თანხების გამოყოფის შესახებ" საფუძველზე. უნდა განეორციელებინა მშენებლობის ეტაპობრივი დაფინანსება, ხოლო შპს «თამისს" ფონდისათვს" უნდა წარედგინა შესაძენი სამშენებლო მასალების და სხვა მატერიალური დანახარჯებისათვის საჭირო თანხების გაანგარიშება, რის საფუძველვზეც «ფ." უნდა უზრუნველყო შეთანხმებული თანხის გადარიცხვა შპს «თ." ანგარიშზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე «ფ." წარმომადგენელის ახსნა-განმარტების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილებად მიიჩნევს, რომ «ფ." თავისი ვალდებულების შესრულება შპს «თ." მიმართ ვერ შეძლო, შპს «თ." გადაუხადა დაახლოებით ასი ათასი ლარი და შემდგომ შეწყვიტა მშენებლობის დაფინანსება. შესაბამისად, შპს «თ." ვერ შეასრულა ამხანაგობა «ფ.-....-ის წევრ კასატორებთან ნაკისრი ვალდებულება.
სკ-ს 349-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «თ." და სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებას. სკ-ს 349-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ხელშეკრულების 2.9 მუხლი სწორედ რომ ამ ტიპის ხელშეკრულების არსებობაზე მიუთითებს და ამავე დროს მიაკუთვნებს ხელშეკრულებათა იმ ჯგუფს, რომლის საფუძვლებზე მესამე პირებს, მოცემული შემთხვევაში _ კასატორებს, წამოეშვათ უფლება დამოუკიდებლად მოითხოვონ ვალდებულების შერულება. კასატორებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ «ფ." მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არასრული შესრულების საფუძველზე, რის შედეგადაც მრავალსართულიანი სახლი ვერ იქნა აშენებული, ხოლო მათი საცხოვრებელი ბინები საცხოვრებლად უვარგისი გახდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოსა და «ფ." მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორებს არ აქვთ უფლება სკ-ს 349-ე მუხლის საფუძველზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისაგან მოითხოვონ ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.
ამავე დროს საკასაციო კოლეგია მიიჩნევს, რომ კასატორებს, როგორც მესამე პირებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ «ფ." მიერ მშენებლობის დაფინანსების შეწყვეტისა და ამის საფუძველზე მათი ბინების საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობამდე მიყვანის შედეგად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ «ფ." მიერ ამხანაგობის ზოგიერY წევრთან 1998წ. 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ფაქტობრივად აღიარებულ იქნა მისი მხრიდან 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე ფონდის' გამგეობის 1998წ. 2 აპრილის დადგენილება, რომლის საფუძველზე «ფ." გენერალურ დირექტორს დაევალა 4 ოჯახის ნაწილობრივი დაკმაყოფილება ფულადი კომპენსაციით ან საცხოვრებელი ფართით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ «ფ." მხრიდან მოცემული შემთხვევაში ადგილი აქვს ვალდებულების დარღვევას და კასატორებს, როგორც კრედიტორებს უფლება აქვთ მოითხოვონ ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო სამართლის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულებების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შერულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, მშენებლობის დამთავრების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადების დღიდან ორი წელიწადით, ანუ მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1998წ. 4 მარტისათვის. მოპასუხის მიერ აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულ იქნა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ამხანაგობა «ფ.-....-ის" წევრებმა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არაერთხელ მიმართეს «ფ." ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
სკ-ს მე-400 მუხლის «ა" პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდქსის 402-ე მუხლის თანახმად კი, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისა და შემთხვევითობისთვისაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სკ-ს 414-ე მუხლის თანახმად, კრედიტორების მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ინტერესები, რაც მათ, როგორც კრედიტორებს, ჰქონდათ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. კერძოდ, «ფ." მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას ლ. კ-ეს უნდა მიეღო ხუთოთახიანი ბინა, დ. კ-ეს _ ოთხოთახიანი, ე. კ-ეს _ ერთოთახიანი, ხოლო თ. ბ-ეს _ ხუთოთახიანი ბინა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ფონდის მოსაზრებას, რომ რადგან შპს «თ." ლიკვიდირებულია, როგორც იურიდიული პირი, შესაბიმასად «ფ." მიერ არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შპს «თ." ლიკვიდაცია არ ათავისუფლებს «ფ." მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან, მათ უმეტეს, რომ მისგან აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება გააჩნიათ კასატორებს, როგორც კრედიტორებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს «ფ." მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფონდის ხარჯების კონკრეტული მომსახურება და მოცულობა განისაზღვრება «საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად და, ამდენად, იგი ვერ დააფინანსებდა მშენებლობას, რადგან «ფ." ვალდებულებები იკისრა 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულებით, მანამდე, ვიდრე შევიდოდა ცვლილებები მითითებულ კანონში. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კანონი არ ზღუდავდა «ფ." შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორები მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენენ კრედიტორებს «ფ." მიმართ და მათ სკ-ს 394-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლება აქვთ ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მათი სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უნდა დაეკისროს ლ. კ-ის სასარგებლოდ 31370 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დ. კ-ის სასარგებლოდ 13169 აშშAდოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, ე. კ-ის სასარგებლოდ 27202 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო თ. ბ-ის სასარგებლოდ 25370 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე დროს საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებმა მითითებული თანხების მიღების შემდეგ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშში უნდა გამოათავისუფლონ მათ სახელზე რიცხული და კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სკ-ს 349-ე მუხლი, რის შედეგადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი, სსკ-ს 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დრღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კასატორების: ლ. კ-ის, დ. კ-ის, ე. კ-ის, თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ძის, დ. კ-ის, ე. კ-ის თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს გადახდეს:
_ ლ. კ-ის სასარგებლოდ 31370 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
_ დ. კ-ის სასარგებლოდ 13169 აშშ დოლარის ეკვივავლენტი ლარი;
_ ე. კ-ის სასარგებლოდ 27202 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
_ თ. ბ-ის სასარგებლოდ 25370 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
5. აღნიშნული თანხების მიღების შემდეგ მოსარჩელეებს: ლ. კ-ეს, დ. კ-ეს, ე. კ-ესა და თ. ბ-ეს დაევალოთ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ მათ სახელზე რიცხული და კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართის (მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹20ა-სა და ... ქ. ¹25-ში) გამოთავისუფლება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.