Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-538-კ-02 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: პრივატიზაციის გაუქმება, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 16 ოქტომბერს ბ. ქ-ამ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა, რომელშიც მიუთითა შემდეგი:

მოსარჩელის დეიდა გ. დ-ა ქ. თბილისში, ... მდებარე ორ ოთახიან 27 კვ.მ. ფართობის ბინაში ცხოვრობდა. ¹275 სახაზინო-სამშენებლო კოოპერატივმა გ. დ-სა და სხვა მობინადრეებთან საგარანტიო ხელშეკრულება დადო. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე კოოპერატიული საცხოვრებელი კორპუსი იქნა აშენებული, რომელშიც გ. დ-ს ორ ოთახიანი 32 კვ.მ. ფართის ბინა მიეცა და 1981 წელს ორ სულზე – მასზე და დედაზე ბინის ორდერი გამოიწერა. 1982 წელს ბინაში გ. დ-ს დისშვილი ე. ძ-ა იქნა ჩაწერილი. გ. დ- 1999წ. 22 აგვისტოს გარდაიცვალა. მან სიცოცხლეში, კერძოდ 1996წ. 24 დეკემბერს მთელი თავისი ქონება ანდერძით მოსარჩელეს გადასცა. მოგვიანებით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 1999წ. 20 ოქტომბრის საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და სახაზინო საკითხთა განყოფილების გამგეს გ. ც-ესა და ე. ძ-ას შორის პრივატიზაციის ხელშეკრულება იქნა დადებული, რომლის ძალითაც სადავო ბინა საჯარო რეესტრში ე. ძ-ას სახელზე იქნა აღრიცხული, რაც მოსარჩელეს არასწორად მიაჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზემოთ მითითებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ბინაზე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

მოპასუხე მხარემ – ე. ძ-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. დ- საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი არ იყო და მის სახელზე რიცხული ბინა კომუნალური ფონდის ბინას წარმოადგენდა. აღნიშნული დასტურდება ქ. თბილისის რაისაბჭოს აღმასკომის 1986წ. 9 აპრილის გადაწყვეტილებით და გარანტიით მიღებულ ბინათა ჩამონათვალით, რომელშიც გ. დ-ც არის მოხსენებული. აღმასკომის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გარანტიით მიღებული ბინების ღირებულება სახაზინო-სამშენებლო კოოპერატივს სახელმწიფომ ჩამოაწერა. ამდენად ბინა კომუნალური ფონდის იყო და არ შეიძლებოდა სამკვიდრო მასად განხილულიყო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ქ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 1974წ. 4 ივნისის ჩანაწერი, რომლითაც ბინა კოოპერატივის კუთვნილებად ირიცხებოდა, მოსამართლის მიერ არასწორად იქნა იგნორირებული. საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1986წ. 9 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ძალადაკარგულია. სადავო ბინის მესაკუთრის დადგენისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 183-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 184-ე მუხლით. საბურთალოს აღმასკომის 1986წ. 9 აპრილის გადაწყვეტილება არასოდეს აღსრულებულა. კერძოდ, სადავო ბინა მუნიცეპალიტეტს არასოდეს გადასცემია. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1962წ. 2 ივლისის, 1965წ. 16 მარტის და 2 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების თანახმად, აღმასკომებს ნება დაერთო დაეკმაყოფილებინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთა შუამდგომლობა, რომ მათთვის გამოეყოთ ის მიწის ნაკვეთები, რომელზედაც გაშენებული იყო ასაღები სახლები იმ პირობით, თუ ეს კოოპერატივი სახლების აღების ხარჯებსა და ამ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა დაბინავებას თავიანთი სახსრებით იკისრებდნენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, გაუქმდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების საბინაო განყოფილების გამგეს გ. ც-სა და ე. ძ-ას შორის 1999წ. 20 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურს დაევალა გ. დ-ს სახელზე რიცხული 32 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის აღრიცხვა ბ. ქ-ას, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ სადავო ბინა ჩარიცხულ იქნა კომუნალურ ფონდში.

ვერ იქნა მოპოვებული მონაცემები იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა განიხილა და დააკმაყოფილა საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1986წ. 9 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხი გარანტიების საფუძველზე მიღებული ბინების კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ისე განახორციელა სადავო ბინის ე. ძ-ას სახელზე პრივატიზება, რომ არ გაურკვევია მითითებული ბინის სტატუსი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის დადგენილების შესაბამისად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა, გადახდილი ჰქონდათ თუ არა თავდაპირველი შესატანი საპაიო თანხა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ძ-ამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ სადავო ბინა ბ. ქ-ას სამემკვიდრეო სამართლის ნორმების მიხედვით მიაკუთვნა, მაშინ როდესაც იგი სამემკვიდრეო დანაშთ ქონებას არ წარმოადგენდა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე სადავო ბინის გ. დ-ს საკუთრებაში გადაცემა, ვინაიდან მითითებული დადგენილება მხოლოდ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე წევრებს ეხებოდათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ე. ძ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან შეჯერების გარეშე შეაფასა საქმის გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია სადავო ბინა კომუნალურ ბინას წარმოადგენდა თუ კოოპერატიულს.

საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ 1972წ. 30 ოქტომბერს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივსა და გ. დ-ს შორის საგარანტიო ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც გ. დ-მ ვალდებულება აიღო კოოპერატიული სახლის მშენებლობისათვის გაეთავისუფლებინა და ხუთ დღეში დაენგრია მის მიერ უნებართვოდ აგებული, 27 კვ.მ ფართობის ოროთახიანი ნაგებობა და გათავისუფლებული ტერიტორია კოოპერატივის გამგეობისათვის ჩაებარებინა. ამავე ხელშეკრულების თანახმად კი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ვალდებულებას ღებულობდა მის მიერ აშენებულ სახლში გ. დ-სათვის 32 კვ.მ. ფართობის ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დადგენილია ისიც, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს. გ. დ-ს აღნიშნული ბინა გადაეცა, მაგრამ სასამართლოს არ გამოურკვევია აღნიშნული ბინა კომუნალურ ბინას წარმოადგენდა თუ კოოპერატიულს. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაერკვია, თუ რომელ ფონდში ირიცხება გარანტიის საფუძველზე გაცემული ბინები, კერძოდ, იმ მობინადრეთა ბინები, რომელთაც ისინი უსასყიდლოდ გადაეცა კოოპერატივის მეპაიე წევრთა ხარჯზე უნებართვო ნაგებობების სანაცვლოდ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის ფურცელ 26,28-ზე მოცემულ ¹239 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 1986წ. 8 თებერვლის კრების ოქმსა და თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1986წ. 9 აპრილის გადაწყვეტილებაზე და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის ¹519 დადგენილებაზე, რომელიც კოოპერატიული ბინების მობინადრეებს ეხება და არ გამორიცხავს კოოპერატიულ სახლებში კომუნალური ბინების არსებობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ძ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.