Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-540-კ-02 30 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობა, გამოსახლება, უკანონო მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2000წ. 27 ივნისს ე. ფ-მა სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონის სასამართლოში მოპასუხეების: შპს “კ-ის", ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, დ. ა-ის, ა. ა-ის, ნ. ც-ს, ლ. კ-ის, ლ. გ-ისა და ც. ხ-ას მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დაბა კოჯორში, ... მდებარე მე-7, მე-16 და მე-18 საკურორტო კორპუსების მესაკუთრე იყო მოსარჩელის პაპა (დედის მხრიდან) ი. მ-ი _ რუსეთის იმპერიის გენერალი და სახელმწიფო მრჩეველი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ი. მ-ს ჩამოერთვა ქონება, რომელშიც შევიდა დაბა კოჯორში მდებარე, ზემოთ მითითებული სამი კორპუსი, კერძოდ, 1928 წელს ქ. თბილისის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების საკურორტო ქვეგანყოფილებამ აღნიშნული შენობები შეიყვანა იმ ქონების სიაში, რომელსაც შეეხო მუნიციპალიზაცია და ნაციონალიზაცია.

მოსარჩელის განმარტებით, ჩამორთმეული ქონების ბედს საბოლოოდ განსაზღვრავდა საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატთან არსებული რესპუბლიკური კომისია. 1929წ. 29 ოქტომბერს ამ კომისიის მიერ დამტკიცებული, ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეთა სიაში ი. მ-ი მითითებული არ იყო. მოსარჩელე თვლის, რომ შესაძლებელი იყო, პაპამისს დაუფასეს მის მიერ დაბა კოჯრისათვის გაწეული დიდი ღვაწლი და ზემოთ აღნიშნული შენობები არ ჩამოართვეს. მოსარჩელე ამის დასადასტურებლად მიუთითებს იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მისი ოჯახი ცხოვრობდა დაბა კოჯრის სააგარაკო კორპუსებში. ომის დაწყებისას მოსარჩელის ოჯახმა დატოვა დაბა კოჯორი და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ომის დამთავრების შემდეგ მოსარჩელის ოჯახი კვლავ ავიდა კოჯორში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის კუთვნილ შენობებში თბილისის აღმასკომის საკურორტო განყოფილებას მოწყობილი ჰქონდა პიონერთა ბანაკები.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ ამის შემდეგ ჩიოდა სხვადასხვა ინსტანციებში, მაგრამ უშედეგოდ. იმ პერიოდში მისი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო არსებული რეჟიმის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, უკვე დადგა პერიოდი, როდესაც მისი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თბილისის აღმასკომის საკურორტო განყოფილება, შემდეგ საკურორტო სამმართველო და ამჟამად შპს “კ-ი" ვერ ჩაითვლებოდნენ დაბა კოჯორში მდებარე სადავო შენობების მართლზომიერ მფლობელებად, რადგანაც საბჭოთა ხელისუფლება იყო ტოტალიტარული და მის მიერ მესაკუთრეთა ქონების ნაციონალიზაცია და მუნიციპალიზაცია უკანონოდ უნდა ჩათვლილიყო. მოსარჩელის განმარტებით, ამ ფაქტს მტკიცება არ სჭირდებოდა სსკ-ს 106-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სადავო შენობები ოფიციალურად ჰქონდა თუ არა ჩამორთმეული ი. მ-ს, ისინი მაინც უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელე ე. ფ-ს, როგორც გარდაცვლილის კანონით მემკვიდრეს.

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელი 1992 წლიდან ჰქონდა აღძრული, მაგრამ სხვადასხვა საფუძვლებით არ იხილებოდა და განუხილველად რჩებოდა.

გარდაბნის რაიონის სასამართლოს მიერ ქ. თბილისის მერიის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, რომ დავა სასამართლოში იყო და კოჯრის მე-7, მე-16 და მე-18 სააგარაკო კორპუსების გასხვისება არ უნდა მომხდარიყო, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ დაბა კოჯორში, ... მდებარე მე-18 კორპუსი, იჯარა-გამოსყიდვის წესით გაასხვისა დ. ა-ზე, ა. ა-ეზე, ლ. გ-ეზე, ლ. კ-ეზე, ნ. ც-ზე და ც. ხ-აზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დაბა კოჯორში, ... მდებარე მე-16 კორპუსი აღარ არსებობდა თავდაპირველი სახით, ამიტომ მისი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა არ დაუყენებია.

მოსარჩელე ე. ფ-მა სარჩელში ითხოვა:

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დ. ა-ს. ა. ა-ეს, ლ. გ-ეს, ლ. კ-ეს, ნ. ც-სა და ც. ხ-ას შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;

2. ნ. ც-ს, დ. ა-ისა და ა. ა-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობა;

3. დაბა კოჯორში, ... მდებარე მე-18 კორპუსიდან დ. ა-ის, ა. ა-ის, ლ. გ-ის, ლ. კ-ის, ნ. ც-სა და ც. ხ-ას გამოსახლება მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად;

4. უკანონო მფლობელისგან, შპს “კ-ისგან", დაბა კოჯორში, ... მდებარე მე-7 და მე-18 კოპრუსების საკუთრების უფლებით დაბრუნება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

2000წ. 5 დეკემბერს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ე. ფ-ის წარმომადგენელმა გ. ფ-მა და ითხოვა დედის, მოსარჩელე ე. ფ-ის გარდაცვალების გამო, მისი საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 დეკემბრის განჩინებით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ის საპროცესო უფლებამონაცვლე გ. ფ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის, როგორც გარდაცვლილი ი. მ-ის შვილიშვილის შვილისთვის, სადავო ქონების დაბრუნება; ამასთან, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის, გარდაცვლილი დ. ა-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მისი მეუღლე მ. ა-ი.

სააპელაციო პალატის იმავე სხდომაზე აპელანტ გ. ფ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის გაზრდა, კერძოდ, ითხოვა დამატებით ლ. გ-ისა და ც. ხ-ას სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმება. სარჩელის გაზრდა საოქმო განჩინებით დაადგინა სააპელაციო სასამართლომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის განჩინებით, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ქ-ა იმ საფუძვლით, რომ დაბა კოჯორში, ... მდებარე მე-... სააგარაკო კოტეჯს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ პრივატიზება გაუკეთა ი. ქ-ს სახელზე, ამიტომ შეიძლებოდა მის ინტერესებს შეხებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის საოქმო განჩინებით ი. ქ- მოცემულ საქმეში ჩაება მოპასუხედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თავდაპირველ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისის მერიის 1997წ. 2 ოქტომბრის ¹109 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 19 მარტის ¹07.103 დადგენილებებით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა ნუსხაში შემავალი ობიექტების პრივატიზება დადგენილი წესით.

აწ გარდაცვლილ დ. ა-ზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹23/545-კ მოწმობას საფუძვლად დაედო თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან 1997წ. 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი დაბა კოჯორში, მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯის ¹1 ბინაზე.

ა. ა-ეზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹23/496-ი მოწმობას საფუძვლად დაედო 1998წ. 27 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი დაბა კოჯორში მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯის ¹6 ბინაზე.

ლ. კ-ესთან 1998წ. 29 იანვარს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი დაბა კოჯორში მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯის ¹4 ბინაზე.

დაბა კოჯორში, მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯის ¹5 ბინა 1998წ. 22 იანვარს საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების დამადასტურებელი ¹23/555-ი მოწმობით გადაეცა ნ. ც-ს.

დაბა კოჯორში მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯის ¹3 ბინა 1998წ. 29 მაისის საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საკუთრების დამადასტურებელი ¹23/618-ი მოწმობით, გადაეცა ც. ხ-ას.

ი. ქ-ზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹23/1403-კ მოწმობას საფუძვლად დაედო 2001წ. 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი დაბა კოჯორში, მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯზე.

ლ. გ-ეზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებლ ¹23/675-ი მოწმობას საფუძვლად დაედო 1998წ. 23 იანვარს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი დაბა კოჯორში მდებარე ¹... სააგარაკო კოტეჯის ¹2 ბინაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა, თუ რამდენად კანონიერი იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსარჩელის წინაპრებისათვის ქონების ჩამორთმევა და იყო თუ არა, მისი წინაპრების ქონება სახელმწიფოს უკანონო მფლობელობაში.

კასატორის განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვას ითვალისწინებდა, როგორც სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ.), ისე _ ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი (1997წ.), მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აღნიშნული ქონების დაბრუნების მოთხოვნა სასამართლოში შეუძლებელი იყო.

ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად.

კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო პალატის მოტივაცია, რომ აპელანტმა ვერ დაამტკიცა სადავო ქონების ი. მ-ის საკუთრებაში არსებობა.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო შენობები იმ პერიოდში რეგისტრირებული ვერ იქნებოდა საჯარო რეესტრში, რადგანაც 1928წ.ათვის ეს სამსახური არ არსებობდა, ხოლო ქონება რომ უკანონოდ ჩამოერთვა კასატორის წინაპრებს და მათ საკუთრებაში რომ არ იყო რეგისტრირებული, ამიტომ აღძრა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში სადავო ქონების რომელიმე სახელმწიფო უწყების სახელზე რეგისტრირების ფაქტი არ არსებობს.

კასატორი განმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სადავო ქონების მოპასუხეებზე გასხვისების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ წერილი გაუგზავნა მერიას, რათა მის სტრუქტურულ ერთეულს, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, არ გაესხვისებინა სადავო ქონება სასამართლოს მორიგ განკარგულებამდე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ს მე-10 მუხლი, რადგანაც გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სასამართლოს წერილი არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსით დადგენილი სასამართლოს მიერ მიღებულ სასამართლო აქტს. აღნიშნული კი, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ" პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საბოლოოდ, კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ, რადგანაც გარდაბნის რაიონის სასამართლომ წერილი გაუგზავნა ქ. თბილისის მერიას, რომლის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, რათა არ გაესხვისებინა სადავო ქონება სასამართლოს მორიგ განკარგულებამდე, ამიტომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მოპასუხეებზე სადავო ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ე. ფ-მა პირველად სარჩელი გარდაბნის რაიონის სასამართლოში აღძრა 1992წ. 24 აგვისტოს მოპასუხე კონცერნ “ს-ის" მიმართ, მემკვიდრედ ცნობისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით.

გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1992წ. 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმე დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

მორიგი სარჩელი ე. ფ-მა მოპასუხე კონცერნ “ს-ის" მიმართ, სასარჩელო ხანდაზმულობის აღდგენის, მემკვიდრედ ცნობისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, გარდაბნის რაიონის სასამართლოში აღძრა 1993წ. 14 ივნისს.

გარდაბნის რაიონის სასამართლომ 1994წ. 13 მაისის საოქმო განჩინებით საქმე კვლავ განუხილველად დატოვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

1997წ. 20 ნოემბერს ე. ფ-მა იგივე სასასარჩელო მოთხოვნებით კვლავ მიმართა გარდაბნის რაიონის სასამართლოს მოპასუხე შპს “კ-ის" მიმართ.

გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1998წ. 9 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნით საქმე დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული წერილით გარდაბნის რაიონის სასამართლომ ქ. თბილისის მერიას მიმართა 1997წ. 18 ივნისს და აუწყა, რომ განხილვის სტადიაში იმყოფებოდა გ. ფ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის საკურორტო სამმართველოს მიმართ, დაბა კოჯორში მდებარე ¹.., ¹... და ¹... საკურორტო სახლების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რის გამოც ითხოვა, არ მომხდარიყო მითითებული საკურორტო სახლების პრივატიზება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1997წ. 19 ივნისს აღნიშნული წერილი ჩაბარდა ადრესატს, ქ. თბილისის მერიას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით ნ. ცომაისთან დაიდო 1998წ. 22 იანვარს, ა. ა-ესთან _ 1998წ. 27 იანვარს, ლ. გ-ესთან _ 1998წ. 23 იანვარს, ლ. კ-ესთან _ 1998წ. 29 იანვარს, ც. ხ-ასთან _ 1998წ. 29 მაისს, მაშინ, როცა ჯერ გარდაბნის რაიონის სასამართლოს ზემოთ მითითებული წერილი ქ. თბილისის მერიას მიღებული არ ჰქონდა, ხოლო გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1998წ. 9 იანვრის საოქმო განჩინებით ე. ფ-ის სარჩელი მოპასუხე კონცერნ “ს-ის" მიმართ სასარჩელო ხადნაზმულობის ვადის აღდგენის, მემკვიდრედ ცნობისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზე დატოვებული იყო განუხილველად. ახალი სარჩელი კი ე. ფ-მა გარდაბნის რაიონის სასამართლოში აღძრა უკვე 1998წ. 16 დეკემბერს.

რაც შეეხება ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ კონკურსში გამარჯვებულებთან, კერძოდ, დ. ა-თან 1997წ. 23 დეკემბერს და ი. ქ-სთან 2001წ. 11 ივნისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს დაბა კოჯრის მე-... სააგარაკო კორპუსის ¹1 ბინასა და ¹7 სააგარაკო კორპუსზე, მართალია, ისინი დაიდო იმ დროს, როცა მოცემული საქმე სასამართლოში იხილებოდა, მაგრამ საქმის მასალებში არ მოიპოვება სასამართლოს განჩინება სადავო ქონებაზე ყადაღის დადების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების გატარების შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივიაციას, რომ გარდაბნის რაიონის სასამართლოს მიერ 1997წ. 18 ივნისს ქ. თბილისის მერიისადმი გაგზავნილი ¹06/320 წერილი არ წარმოადგენდა იმ სასამართლო აქტს, რომელიც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აუკრძალავდა სახელმწიფო ქონების პრივატიზებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ დაბა კოჯორში მდებარე ¹... სააგარაკე კოტეჯის ¹1, ¹2 ¹3, ¹4, ¹5, ¹6 ბინებსა და ¹7 კოტეჯს პრივატიზება გაუკეთა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის, “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" და “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ დაბა კოჯორში მდებარე სადავო სააგარაკე კორპუსები მათი პრივატიზების დროს წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას და ირიცხებოდა შპს “კ-ის" ბალანსზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორს მის უარსაყოფად არ შემოუტანია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ კასატორის განმარტებით, აღნიშნული ქონება მის წინაპარს ჩამოერთვა გასული საუკუნის 30-იან წლებში, უკანონო მფლობელიდან მესაკუთრის მიერ ქონების გამოთხოვას ითვალისწინებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 146-ე მუხლი, მაგრამ კასატორის დედას, ე. ფ-ს, არ აღუძრავს სარჩელი სასამართლოში, რის გამოც გაუშვა იმავე კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებულ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.