3გ-ად-541-კ-02 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ-ემ 2002წ. 23 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის სამსახურის, ი. და ზ. გ-ების მიმართ და მოითხოვა ი. და ზ. გ-ებზე ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1975წ. 15 დეკემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა და მიუთითა, რომ აღნიშნული ტექპასპორტის გაცემა მოხდა არაკანონიერად, ვინაიდან 1972წ. 28 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით მ. გ-მა ზ. და ი. გ-ებს აჩუქა ქ. ბათუმში, ..... მდებარე სახლში თავისი კუთვნილი წილი, თითოეულს _ 1//22, რაც წარმოადგენდა იდეალურ წილს. 1975 წელს ი. და ზ. გ-ებზე გაცემული ტექპასპორტით ირკვევა, რომ მათ საკუთრებაში არის 62კვ.მ ინდივიდუალური ფართი. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული ტექპასპორტი ბათილად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან პასპორტის გაცემაზე არ ყოფილა სახლთმლობელობის სხვა მესაკუთრეთა თანხმობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისთვის ტექპასპორტის შესახებ ცნობილი გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეებთან საცხოვრებელ ბინაზე თანასაკუთრების უფლების გაუქმებაზე სარჩელის განხილვის დროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის საბჭოს აღმასკომის 1975წ. 15 დეკემბერს ი. და ზ. გ-ების სახელზე გაცემული სახლთმფლობელობის ტექნიკური პასპორტი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ზ. გ-ებმა, რომლებმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ხ. ხ-ის სახელზე. ბათუმის სახალხო სასამართლოს 1960წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. ხ-ს პაპის _ მე. გ-ის, სასარგებლოდ დაეკისრა 4400 რუსული მანეთის გადახდა. სასამართლო აღმასრულებლის 1962წ. 30 დეკემბრის აქტით ხ. ხ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე 62 კვ.მ ფართის სამი ოთახი ჩამოერთვა მას და გადაეცა მე. გ-ს და ტექაღრიცხვის ბიუროს დაევალა, საკუთრების უფლებით აღერიცხა ახალ მესაკუთრეზე. აღნიშნული ფართი (62 კვ.მ სამი ოთახი) მ. გ-მა 1972 წლს აჩუქა შვილიშვილებს: ი. და ზ. გ-ებს, 1/22 _ თითოეულს. ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ მათი მოთხოვნის საფუძველზე ტექაღრიცხვის ბიურომ 1975 წელს კანონიერად გასცა საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტი, ვინაიდან მასში ასახულია ის ფართი, რაც რეალურად ეკუთვნოდა მე. გ-ს, ხოლო შემდეგ _ მათ. ასევე მიუთითეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან იმჟამად მოქმედი სკ-ს 75-ე მუხლი სამწლიან სასარჩელო ხანდაზმულობას ითვალისწინებდა, ხოლო ის ფაქტი, რომ ნ. ბ-ისათვის ცნობილი იყო აღმასრულებლის აქტის და ტექნიკური პასპორტის არსებობა დადასტურებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლითაც ხანდაზმულობის მოტივით უარი ეთქვა ნ. ბ-ეს აღმასრულებლის აქტის გაუქმებაზე. მათი მოსაზრებით, მითითებულ გადაწყვეტილებას აქვს პრეიუდიციული ძალა და ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ტექპასპორტში ასახული სადავო სამი ოთახი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ მათ და შესახლებული იყვნენ აღნიშნულ ფართში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. და ზ. გ-ების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კერძოდ, სასამართლომ ბინაზე ინდივიდუალური საკუთრების შეძენის საფუძვლად, არასწორად გამოიყენა სკ-ს მე-200 მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას და კონკრეტულ სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე არასწორად მიაჩნია სკ-ს 212-ე მუხლის გამოყენება, რადგან ის მუხლი საერთო საკუთრებაში მხოლოდ წილის განსაზღვრას ეხება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთუთა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში სახლთმფლობელობის 1/22 შეადგენდა 3 ოთახს მეორე სართულზე, ვინაიდან სახლთმფლობელობიდან 1/22 იდეალური წილი გაჩუქებული იყო თითოეულზე და მიმღები ხდებოდა იდეალური წილის მესაკუთრე და არა რეალური წილის მესაკუთრე.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადრე მოქმედი (1964წ. რედაქცია) სკ-ს 75-ე მუხლი და მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების საფუძველზე თვლის, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ბათუმის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლის 1962წ. 30 დეკემბრის აქტის თანახმად სახლთმფლობელ ხ. ბ-ეს საკუთარი სახლის 62 კვ.მ 3 ოთახი მეორე სართულზე, რომელიც შეადგენდა მთლიანი სახლთმფლობელობის 2/22-ს, ჩამოერთვა და საკუთრების უფლებით გადაეცა მ. გ-ს, რომელმაც აღნიშნული ფართი 1972წ. 28 ივნისს აჩუქა შვილიშვილებს: ი. და ზ. გ-ებს, თითოეულს _ 1/22. ი. და ზ. გ-ების განცხადების საფუძველზე ქ. ბათუმის ტექკომისიის მიერ გაცემულ იქნა ტექნიკური პასპორტი მათ საკუთრებაში არსებული 62 კვ.მ ფართის სამი ოთახის შესახებ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ი. და ზ. გ-ების სახელზე გაცემული სახლის ტექპასპორტის ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1972წ. 28 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული იყო თითოეულისთვის სახლთმფლობელობის 1/22 ჩუქების თაობაზე, სახლის მესაკუთრეებს შორის სახლი რეალურად გაყოფილი არ ყოფილა და ტექპასპორტში არასწორად არის აღნიშნული, რეალური წილი 62 კვ.მ-ა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლის 1962წ. 30 დეკემბრის აქტის თანახმად ხ. ბ-ეს ჩამოერთვა საკუთარი სახლის სამი ოთახი, 62 კვ.მ, მეორე სართულზე და დავალიანების დასაფარავად გადაეცა მ. გ-ს. აღნიშნულ აქტში კონკრეტულად არის მითითებული სახლთმფლობელობიდან რეალური წილის მოცულობა (სამი ოთახი _ 62 კვ.მ), რაც შეადგენდა სახლთმფლობელობის 2/22-ს და ასახულია ტექბიუროს ჩანაწერებში. მ. გ-მა 1972წ. ჩუქების ხელშეკრულებით მთლიანი სახლთმფლობელობის 2/22 აჩუქა შვილიშვილებს: ი. და ზ. გ-ებს, 1/22 _ თითოეულს. ჩუქების ხელშეკრულება, თავის მხრივ, ეყრდნობოდა 1962წ. აღმასრულებლის აქტს, რომელშიც კონკრეტულად იყო მითითებული მეორე სართულის სამი ოთახი 62კვ.მ-ით.
ზ. და ი. გ-ების სახელზე გაცემული სახლმთფლობელობის ტექპასპორტის საფუძველს წარმოადგენდა რა 1972წ. ჩუქების ხელშეკრულება, მასში სწორად იქნა მითითებული სამი ოთახი 62 კვ.მ-თ, ვინაიდან ნაჩუქრობის ხელშეკრულებით მიღებული ფართის გარდა მათ აღნიშნულ სახლმფლობელობაში სხვა საკუთრება არ გაჩნდათ. სადავო ტექპაპოსრტსა და სქემა-ნახაზში მითითებული სამი ოთახი 62 კვ.მ-ით, რომ ჯერ კიდევ მე. გ-ი სარგებლობდა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე თვით კასატორმაც დაადასტურა. ასევე დაადასტურა, რომ სახლმფლობელობის მესაკუთრეები ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერების შესაბამისად რეალურად ფლობდნენ სახლთმფლობელობაში მათ სახელზე რიცხულ იდეალურ წილებს.
სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად მტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 19 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ¹კ/202 საქმეზე დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი. და ზ. გ-ებმა საკუთრებაში მიიღეს ..... ქუჩის ¹1-ში მდებარე სახლმთმფლობელობის მეორე სართულზე 62კვ.მ სამი ოთახი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1975წ. 15 დეკემბერს ი. და ზ. გ-ების სახელზე კანონიერად იქნა გაცემული ტექნიკური პასპორტი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სახლის მეორე სართულზე მდებარე 62 კვ.მ სამ ოთახზე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სახლის ტექნიკური პასპორტი ასახავს ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ჩანაწერის საფუძვლის მითითებით ოფიციალურადაა რეგისტრირებული. ი. და ზ. გ-ების სახელზე გაცემული სახლის ტექნიკურ პასპორტში აისახა ის მონაცემები, რაც ტექინვენტარიზაციის ბიუროში იყო რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ, ემყარებოდა 1962წ. აღმასრულებლის აქტს. სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ბ-ეს უარი ეთქვა აღმასრულებლის აქტისა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული აქტების თაობაზე ნ. ბ-ისათვის ათეული წლების წინ იყო ცნობილი და მას სარჩელი არ აღუძრავს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ნ. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 30 ლარის, გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.