3გ-ად-543-კ-02 4 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და ნახევარსარდაფის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 ივლისს ნ. კ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ნ. ლ.-ის, ქ. ბათუმის ¹ ... მიკრორაიონის გამგეობისა და ნოტარიუსის მ. ჭ.-ის წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა, ნ. ლ.-ის მიერ 1996 წელს ნახევარსარდაფზე განხორციელებული პრივატიზაციის გაუქმება და სადავო ნ/სარდაფის თავისუფალ მდგომარეობაში მასზე გადაცემა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: 1985 წელს მოხდა ბარაკული ტიპისა და სარდაფებში მცხოვრებ მობინადრეთა გამოსახლება და მათი კეთილმოწყობილი ბინებით დაკმაყოფილება. გამოთავისუფლებული სარდაფები ¹... სახლმმართველობამ გადასცა მობინადრეებს. მათ შორის ერთი სარდაფით დაკმაყოფილდა მოსარჩელე, ხოლო იქვე მისი მომიჯნავე სარდაფით – მოპასუხე ნ. ლ.-ე. 1996 წელს ნ. ლ.-ემ მოახდინა ბინის პრივატიზაცია, რა დროსაც გეგმაში შეუტანია როგორც თავისი სარდაფი ასევე ნ. კ.-ის მომიჯნავე სარდაფიც. ამის შემდეგ ნ. ლ.-ემ ნ. კ.-ეს მოსთხოვა მის მიერ პრივატიზებული სარდაფის გამოთავისუფლება. უარის მიღების შემდეგ, მოპასუხემ შეცვალა სარდაფის გასაღები და ნ. კ.-ეს აუკრძალა შიგ შესვლა. ნ/სარდაფზე განხორციელებული პრივატიზაცია მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ და ითხოვდა მის გაუქმებას, ხოლო სადავო ობიექტის თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემას.
თავის მხრივ მოპასუხე ნ. ლ.-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს და მოითხოვა ნ. კ.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარე ნახევარსარდაფის თავისუფალ მდგომარეობაში მასზე გადაცემა. შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავდა, რომ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე იტალური ტიპის ეზოში. დაახლოებით 12-13 წლის წინ მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ სარდაფებში, დააკმაყოფილეს კეთილმოწყობილი ბინებით. გამოთავისუფლებული სარდაფები კი დაურიგეს სარდაფების ზემოთ მაცხოვრებლებს. აღნიშნული პრინციპით განაწილდა ყველა სარდაფი. მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის ქვემოთ არსებულ სარდაფში ცხოვრობდა სააკიანის ოჯახი ვინაიდან აღნიშნული სარდაფი არ იყო გამოთავისუფლებული, ნ. კ.-ის თხოვნით და ჟეკის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით, ნ. ლ.-ემ, თავისი საცხოვრებელი ფართის ქვეშ გამოთავისუფლებული ორი სარდაფიდან, ერთი სარდაფი დროებითი სარგებლობისათვის დაუთმო ნ.კ.-ეს. 1996 წელს ნ. ლ.-ემ მოახდინა საცხოვრებელი სახლის და მის ქვემოთ მდებარე სარდაფების პრივატიზაცია. აღნიშნულის თაობაზე ნ. კ.-ეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, ვინაიდან მას სარდაფი გადაცემული ჰქონდა დროებით სარგებლობაში. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით ნ. ლ.-ე ითხოვდა ნ. კ.-ის გამოსახლებას მის საკუთრებაში არსებული სარდაფიდან.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 1996წ. 8 ივლისს ქ. ბათუმში ... მდებარე ნ. ლ.-ის ბინაზე შესრულებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ლიტერ. „ბ” 24.3 კვ.მ ნახევარსარდაფის ნაწილში და ამოირიცხა მოპასუხის საკუთრებიდან, ნ. ლ.-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ლ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის უმაღლეს სასამართლოში. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. კერძოდ, მის მიერ განხორციელებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის კანონიერად ცნობა. სარდაფის მისი საცხოვრებელი ბინის არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევა. ნ. კ.-ის გამოსახლება სადავო ფართიდან და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში მასზე გადაცემა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტ ნ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ნ. კ.-ის მოთხოვნას ნ. ლ.-ის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან სადავო ნახევარსარდაფის ამორიცხვის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით, დაკმაყოფილდა ნ. ლ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, ნ. კ.-ე გამოსახლებული იქნა სადავო ნახევარსარდაფიდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. ლ.-ეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ საქმე განმეორებით განხილული იქნა 2002წ. 21 ნოემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აპელანტ ნ. ლ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ნ. კ.-ის მოთხოვნა ნ. ლ.-ის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან 24,9 კვ.მ სადავო ნახევარსარდაფის ამორიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა ნ. ლ.-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, ნ. კ.-ე გამოსახლებული იქნა სადავო ნახევარსარდაფიდან და აღნიშნული ფართობი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. ლ.-ეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ბინისა და მის ქვემოთ არსებული სარდაფის ერთმანეთისაგან გამოცალკავება იყო შეუძლებელი, ვინაიდან გამოცალკავების შემთხვევაში ბინა კარგავდა თავის დანიშნულებას.
არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას ნ. კ.-ის მიერ წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი, სადაც კასაციის საფუძვლებად მხარე ძირითადად უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
1. სადავო ფართის დანიშნულება, სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, საქმის გარემოებები გამორიცხავს სადავო ნახევარსარდაფის მოპასუხე ნ. ლ.-ის ბინის არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევას. ვინაიდან სარდაფის იურიდიული ბედი არ არის უცვლელად დაკავშირებული მის ზემდგომ მდებარე ბინასთან.
2. ბინისა და ნახევარსარდაფის განცალკევების შეუძლებლობა არ ადასტურებს იმას, რომ ნახევარსარდაფი არის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი. ვინაიდან ბინა და ნახევარსარდაფი იზოლირებულია ერთმანეთისაგან.
3. სადავო ნახევარსარდაფი მობინადრეთა მიერ გამოთავისუფლებამდე განეკუთვნებოდა საცხოვრებელი ფონდის ფართს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოწინააღმდეგე მხარემ ნ. ლ.-ემ საკასაციო საჩივარი არ სცნო და ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ ადგილზე დათვალიერებისა და საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნახევარსარდაფი განლაგებულია ნ. ლ.-ის საცხოვრებელი ოთახის ქვემოთ, ოთახსა და ნახევარსარდაფს ერთმანეთისაგან ყოფს მხოლოდ ხის იატაკი, რის შედეგადაც ნახევარსარდაფის იზოლირება შეუძლებელია.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ზემოაღნიშნულ ნაწილში საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მხრიდან სკ-ს 150-ე მუხლის გამოყენებას და მიუთითებს, რომ ნივთის შემადგენელი ნაწილის ძირითად თვისებას შეადგენდა ის, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის დაკავშირებულია მეორე ნივთთან, ამასთან ნივთის შემადგენელ ნაწილად მიჩნევისათვის მთავარი და გადამწყვეტია, არის თუ არა ნივთებს შორის მყარი კავშირი, ხოლო თავის მხრივ მყარ კავშირად მიიჩნევა კავშირი, როცა ნივთის დამოუკიდებელ ობიექტად გამოყოფა არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, ან უთანაზომოდ დიდ დაზიანებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ სადავო ნახევარსარდაფის ჭერი ქმნის ოთახის იატაკს, სარდაფში წარმოშობილი ხმაური შეუფერხებლად აღწევს საცხოვრებელ ოთახში. ამდენად ამ ორი ობიექტის ერთმანეთისაგან იზოლირება საჭიროებს ბინაზე კაპიტალური საამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებას და შესაბამისად, არათანაზომიერ დანახარჯებს.
სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სადავო ნახევარსარდაფი წარმოადგენს ნ. ლ.-ის საცხოვრებელი ბინის შემადგენელ ნაწილს, რაც არ შეიძლება გაგებული იქნეს იმდაგვარად, რომ სარდაფი ან ნახევარსარდაფი ნებისმიერ შემთხვევაში, უცილოდ, არ შეიძლება იქცეს ცალკე უფლების ობიექტად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებას ან მის არასწორ განმარტებას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.