3გ-ად-545-კ-02 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 10 ივლისს ქობულეთის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში სს “ო-ისა” და ქობულეთის რაიონის ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ტერიტორიული სამსახურის წინააღმდეგ და ქობულეთის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2000წ. 13 ოქტომბერს ქ. ქობულეთში, ..... მდებარე შენობა-ნაგებობებზე სს “ო-ისათვის” გაცემული ¹535 ცნობა-დახასიათებისა და ¹..... ტექნიკური პასპორტის გაუქმება მოითხოვა.
2001წ. 25 იანვარს სს “ო-მა” შეგებებული სარჩელი წარადგინა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში ქობულეთის რაიონის გამგეობის, ქობულეთის ტექაღრიცხვის სამსახურის, ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და სს “ა-ის” მიმართ და ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 30 მარტს 25000 კვ.მ მიწის ფართის სს “ა-ის” საკუთრებად რეგისტრაციისა და ქობულეთის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ სს “ო-ის” სახელზე გაცემული ტექპასპორტისა და ცნობა-დახასიათების გაუქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით ქობულეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქობულეთის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2000წ. 13 ოქტომბერს სს “ო-ზე” გაცემული ¹535 ცნობა-დახასიათება და ¹...... ტექპასპორტი.
ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “ო-ის” შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მიწის მართვის სამმართველოს 2000წ. 30 მარტის დადგენილება 25000 კვ.მ-ის მიწის ფართის სს “ა-ის” საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სს “ო-მა” სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სს “ა-მაც” გაასაჩივრა სს “ო-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად კვლავ ქობულეთის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს სრულყოფილად არ ჰქონდა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
ხსენებული განჩინება სს “ო-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს “ო-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 385-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა)ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს; ბ)გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა მხარეს უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ)გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ)გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიუხედავად მითითებული გარემოებებისა არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თვითონ უნდა განიხილოს საქმე, თუ აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების თანახმად შესაძლებელია და არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის მოპოვება ან შეფასება სააპელაციო სასამართლოს არ ძალუძს. საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მოიხმობს სსკ-ს 377-ე მუხლის პირველ ნაწილს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგია თუ პალატა უფლებამოსილია თვითონ შეისწავლოს და სათანადო შეფასება მისცეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამონაკლისის სახით გამოყენებული, როდესაც დავის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმის არსებითად განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ რაიონულ სასამართლოშია შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებული განსაკუთრებული გარემოება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ო-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.