გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-546-კ-02 13 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1997წ. 25 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ ჩატარდა აუქციონი, სადაც საპრივატიზებოდ გამოტანილი იყო ფ-ის საიჯარო ორგანიზაცია, საწყისი ფასით 13000 ლარი. აუქციონის ¹3 ოქმის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა თ.კ-ე, რომელმაც 29000 ლარად შეიძინა აუქციონზე გატანილი ქონება. ჩატარებული აუქციონისა და 1997წ. 25 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 1997წ. 25 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის განყოფილებასა და თ.კ-ეს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, თ.კ-ეს საკუთრებაში გადაეცა ფ-ის საიჯარო ორგანიზაცია 13000 ლარად.
1998წ. 30 ივლისს თ.კ-ემ სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა 1997წ. 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მიყენებული ზარალის 57962 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება, შემდეგი მოტივით:
აუქციონში მოსარჩელის მონაწილეობა განპირობებული იყო შესყიდული ქონების ბაზაზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოების შექმნის მიზნით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ჩამოყალიბებით მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სულადობა უნდა გაზრდილიყო 100 სულ მეწველ ძროხამდე, რაც, მოსარჩელის განმარტებით, შესაძლებელი გახდებოდა მისთვის გადასაცემი 50 ჰა მიწის ფართობის სარგებლობის საკითხის მოწესრიგების შედეგად. მაგრამ აღნიშნული საკითხი არ იქნა მოწესრიგებული, მოსარჩელის მიერ შესყიდულ ქონებასთან არსებული მიწის ფართობი 30 ჰა ბოლნისის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის 1997წ. 29 ივნისის ¹20 ოქმის საფუძველზე გადაეცა ვ.უ-ს. 1997წ. 25 აპრილის ხელშეკრულებით თ.კ-ეს გადაეცა ფ-ის საარენდო ორგანიზაციის კუთვნილი შენობა-ნაგებობები, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და 30 სული მსხვილფეხა საქონელი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შესყიდული ჰქონდა “...ის” ზამთრის საძოვრებზე საძროხე ფარეხებიც, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 10 ოქტომბრსი ¹1004 დადგენილებით სარგებლობისათვის გაუნაწილდა ყაზბეგის რაიონს. ამასთან, აუქციონზე გატანილი საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენდა 13000 ლარს, ხოლო მან გადაიხადა 29000 ლარი. ხელშეკრულებათა და მიღება-ჩაბარების ¹5 აქტით კი თ.კ-ის მიერ შესყიდული ქონება ნოტარიუსის მიერ შეფასებული იქნა 13000 ლარად.
ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 10 სექტემბრის განჩინებით თ.კ-ის სარჩელი, მხარეთა არაერთგზის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დატოვებული იქნა განუხილველად.
მოსარჩელე თ.კ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მიყენებული ზარალის 114560 ლარის დაკისრება მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის განყოფილებისათვის.
კასატორმა _ სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის განყოფილებამ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა თ.კ-ის ძირითად სარჩელზე უარის თქმა, 1997წ. 25 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანა 1997წ. 25 მარტის აუქციონის ოქმთან, თ.კ-ისათვის სახელმწიფო ბაჟისა და ქონების მართვის ბოლნისის განყოფილების სასარგებოდ საადვოკატო ხარჯების 7000 ლარის დაკისრება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.კ-ის სარჩელს ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო, ასევე უარი ეთქვა მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.კ-ემ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა, 1997წ. 25 მარტის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და 1997წ. 15 აპრილის ხელშეკრულების გაუქმება, მიყენებული ზიანის 114560 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
თ.კ-ემ დამატებითი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგად მიყენებული ზიანის 198360 ლარის დაკისრება, საიდანაც აპელანტის მიუღებელი მოგება შეადგენს 102000 ლარს, შპს “კ-ს” წინაშე წარმოშობილი ვალდებულების შედეგად მიღებული ზარალი 96360 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი საეჭვოდ ხდის ბოლნისის განყოფილების მიერ აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობას, ის და შპს “კ.” თანახმა არიან, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღნიშნული თანხა მთლიანად ჩაუთვალოს გადახდილად შპს “კ-ს” მის მიერ ამავე სამინისტროს სისტემაში საპრივატიზაციო ქონების იჯარა-გამოსყიდვის პირობით შეძენის ან მისი პირდაპირი შესყიდვის პროცესში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის განყოფილების მიერ 1997წ. 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგები, 1997წ. 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹12/5; სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის განყოფილებას თ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 83152 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები, არასწორად იქნა გამოიყენებული სკ-ს 75-ე მუხლი და სასამართლომ არასწორად მიიჩნია გაშვებულად ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, რადგან სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის განყოფილების მიერ 1997წ. 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს 1998წ. 30 ივლისს სარჩელით მიმართა ფიზიკურმა პირმა თ.კ-ემ. სადავო აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი თ.კ-ე და არა იურიდიული პირი შპს “ფ.”, რომლის დირექტორია თ.კ-ე. ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.კ-ის მიერ სარჩელი წარდგენილი იქნა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს აუქციონის შედეგების გაუქმება, აუქციონი კი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფორმაა, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა კი სამი წელია.
2. სააპელაციო პალატის აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის განყოფილების მიერ დარღვეული იქნა სკ-ს 361-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე. კერძოდ, მან კონტრაჰენტს – თ.კ-ეს ვერ გადასცა სოფ. ...ის საარენდო ორგანიზაციის ძირითადი საშუალებები (ფარეხები, “...ის” საძოვრები). ნასყიდობის ხელშეკრულებაში საპრივატიზაციო ობიექტის ღირებულებად დაფიქსირდა 13000 ლარი, აუქციონზე თ.კ-ემ ქონება შეიძინა 29000 ლარად. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის განყოფილებამ თ.კ-ეს საკუთრებაში გადასცა 30 ჰა მიწის ნაკვეთი, კანონმდებლობით კი მიწის პრივატიზაციის უფლებამოსილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კომპეტენციას არ განეკუთვნება.
3. საქართველოს კონტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და სკ-ს 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, რაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია თ.კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. სკ-ს 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო ცნობილი და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთვის ცნობილი იყო მეწარმის მიზანი – ფერმერული საქმიანობა და შესაბამისი მოგების მიღება. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.კ-ის მოთხოვნა 83152 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას 115208 ლარის ნაწილში, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, რადგან აღნიშნული, სააპელაციო პალატის აზრით, წარმოადგენს მეწარმის კომერციულ რისკს, რისი წინასწარი განსაზღვრაც შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის განყოფილებამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და თ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ბათილობის საფუძვლად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის II ნაწილის გათვალისწინებით, არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-60, 61-ე მუხლები, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა. ასევე სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო ნორმები, რის გამოც დაირღვა სსკ-ს 393-ე მუხლის III ნაწილის პირობები. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარეები აღდგენილ უნდა იქნენ თავდაპირველ მდგომარეობაში, მხოლოდ თ.კ-ე იქნა აღდგენილი პირვანდელ მდგომარეობაში 29000 ლარის ნაწილში, ხოლო კასატორისათვის პრივატიზაციის შედეგად მიღებული ქონების კ-ის მიერ დაბრუნების საკითხი სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა თ.კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა და აღნიშნა, რომ თ.კ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში პირუტყვის დაცემის ნაწილში ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნა მოხსნა, შემდეგ კი კვლავ დააყენა სააპელაციო სასამართლოში, რითაც დაირღვა სსკ-ს 83-ე მუხლის III ნაწილის მოთხოვნები.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის განყოფილების საკასაციო საჩივარი არ ცნო თ.კ-ემ და შეპასუხებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის გამო. თ.კ-ემ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული გარიგების – ბოლნისის განყოფილებასა და თ.კ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც რეგულირდება სამოქალაქო სამართლის შესაბამისი ნორმებით, ადმინიტსრაციული კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლით კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და მის მიერ სამოქალაქო გარიგების დადებისას გამოიყენება სკ-ს შესაბამისი ნორმები. ამავე კოდექსის 70-ე მუხლით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგების ბათილობის საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება ბოლნისის განყოფილების მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული, სააპელაციო სასამართლომ კანონის დაცვით სწორად იხელმძღვანელა სკ-ს 361-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა. შეპასუხების ავტორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია კასატორის მოსაზრება სსკ-ს 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის შესახებ, რადგან მისი განმარტებით, მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაზარდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.
მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო საჩივარი კასატორის თანხმობით განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის – თ.კ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ 1997წ. 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგები, სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონულ განყოფილებასა და თ.კ-ეს შორის 1997წ. 25 აპრილს დადებული პრივატიზების ხელშეკრულება და თ.კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹12/5-ა. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან დავის საგანს ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენდა, სასამართლომ კი სარჩელის დაკმაყოფილებისას სამოტივაციო ნაწილში არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 ან 61-ე მუხლები, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, არამედ დავის საგანია ფ-ის საარენდო მეურნეობის ქონების პრივატიზება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივად ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, ამიტომ ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ 1997წ. 27 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების შემაჯამებელი ოქმის, განყოფილებასა და თ.კ-ეს შორის 1997წ. 25 აპრილს დადებული პრივატიზების ხელშეკრულებისა და ¹12/5-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილობის საკითხი, უზენაესი სასამართლოს არაერთგზის განმარტების შესაბამისად, კომპლექსურად, ერთიანობაში განიხილა სააპელაციო პალატამ, როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე დავა, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივი უსაფუძვლოა და სააპელაციო პალატამ მართებულად არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
2. როგორც აღინიშნა, სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა თ.კ-ის სარჩელი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. ¹1-3/27 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ წესის” 2-3 მუხლის საფუძველზე, ბათილად ცნო ფ-ის საარენდო მეურნეობის პრივატიზების მიზნით 1997წ. 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგები, აუქციონის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო (სადავო აუქციონი ჩატარდა ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე-17 დღეს). ამასთან, აუქციონში გამარჯვებულ თ.კ-ესთან 1997წ. 25 აპრილს დადებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულება სასამართლომ ბათილად ცნო იმ მოტივითაც, რომ აუქციონის შედეგების ოქმის მიხედვით ქონება გაიყიდა 29000 ლარად, ხოლო ხელშეკრულებაში საპრივატიზებო ქონების ღირებულებად მითითებული იყო 13000 ლარი, რასაც არ იზიარებს კასატორი და ითხოვს სარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ამ ნაწილშიც ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ-ის მეურნეობის თ.კ-ის მიერ პრივატიზების ბათილობის შესახებ (აუქციონის შედეგების ოქმით, ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ჩათვლით), რადგან სადავო ადმინისტრაციული გარიგების დადების დროს უხეშად იქნა დარღვეული იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სასამართლოს კოდექსის (1964წ.) 399-ე, 403-ე მუხლები. კერძოდ, 399-ე მუხლის მიხედვით: “მინდობილობის ხელშეკრულების ერთი მხარე (რწმუნებული) კისრულობს მეორე მხარის (მარწმუნებლის) ხარჯზე და მისი სახელით შეასრულოს ესა თუ ის იურიდიული მოქმედება”, ხოლო 403-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “რწმუნებული მოვალეა დაუყოვნებლივ გადასცეს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მინდობილის მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო”.
საქმეზე თანდართული საპრივატიზებო მასალებით ირკვევა, რომ ფ-ის საარენდო ორგანიზაციის ქონების პრივატიზებისათვის გამართულ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონულ განყოფილებაში განაცხადი შეიტანა რ.ა-მა და მ.ჯ-მა, რომელიც 1997წ. 25 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, აუქციონში მონაწილეობდა თავისი წარმოადგენლის თ. კ-ის სახით, საპრივატიზებო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შესატანი ბე-7000 ლარი ასევე წინასწარ შეტანილია მ.ჯ-ის მიერ, მაგრამ 1997წ. 25 მარტის აუქციონის შედეგების ოქმის მიხედვით, ფ-ის საარენდო ორგანიზაციის პრივატიზებისათვის გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა არა მ.ჯ-ი, არამედ მისი წარმომადგენელი თ.კ-ე, პრივატიზების ხელშეკრულებაც დადებულ იქნა თ.კ-ესთან, როგორც მყიდველთან და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაც 1997წ. 25 აპრილს გაიცა თ.კ-ის სახელზე, რაც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული 399-ე და 403-ე მუხლის მე-3 ნაწილის უხეში დარღვევაა და 48-ე მუხლის თანახმად ასეთი გარიგება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ბათილია. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ.კ-ესთან დადებული ფ-ის საიჯარო მეურნეობის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;
3. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო როცა მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად”. ამდენად, სადავო პრივატიზების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა გარიგების ბათილობის შემთხვევაში ითვალისწინებდა ორმხრივ რესტიტუციას, ანალოგიურად ამჟამად მოქმედი სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა. სააპელაციო პალატამ, აღნიშნული ნორმების შესაბამისად დააკმაყოფილა რა თ.კ-ის სარჩელი, ბოლნისის რაიონულ განყოფილებას თ.კ-ის სასარგებლოდ დააკისრა გადახდილი 29000 ლარის დაბრუნება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თ.კ-ის მიერ აუქციონზე შეძენილი საპრიტივატიზებო ქონების უკან დაბრუნებაზე. ამდენად, მეორე მხარის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების სასარგებლოდ რესტიტუცია პალატამ არ დაადგინა, რაც კანონის უხეში დარღვევაა, საკასაციო პალატა ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო საჩივარს და თვლის, რომ პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობის შედეგად მხარეთა რესტიტუციის საკითხი საჭიროებს დამატებით განხილვა-გამოკვლევას და ამიტომ საქმე ამ ნაწილში ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარიგების ბათილობის დროს მხარეები ვალდებულნი არიან დააბრუნონ ყველაფერი, რაც ამ გარიგებით მიიღეს და თუ მიღებულის ნატურით უკან დაბრუნება შეუძლებელია, მხარეს უნდა დაეკისროს მისი კომპენსაციის ანაზღაურება. საქმეზე თანდართული საპრივატიზებო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ფ-ის საარენდო ორგანიზაციის ქონების პრივატიზების შემდგომ, მესაკუთრე თ.კ-ემ მოახდინა საპრივატიზებო ქონების განკარგვა. კერძოდ, 1998 წელს გაყიდა 3 ძროხა; 2000წ. 4 თებერვალს რ.ა-ს მიყიდა ასევე სადავო პრივატიზებით შეძენილი ქონება: ტრაქტორი მტზ-80 მისაბმელით, საძროხე, სენაჟის ორმო, ხორბლის ორი საწყობი, ე.წ. კანტორის შენობა; 1999წ. მარტში შპს “თ-ზე” გაასხვისა კომბაინი და სხვა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგების განსაზღვრის დროს, ამიტომ ამ ნაწილში საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
4. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სკ-ს 361-ე, 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე, დააკმაყოფილა თ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების არაჯეროვანი, არაკეთილსინდისიერი შესრულებით მიყენებული ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში და საპრივატიზებო ქონებაზე გადახდილი ღირებულების 29000 ლარის დაბრუნებასთან ერთად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონულ განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სულ დააკისრა 83152 ლარის ანაზღაურება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ეთანხმება საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტრი განხილვის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სადავო პრივატიზებით შეძენილი 30 სული მსხვილფეხა საქონლის ავადმყოფობის გამო დაცემით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თანხების დაკისრებისას სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ბოლნისის რაიონის მთავარი ვეტექიმის მიერ 1997წ. 25 თებერვალს გაცემული ცნობა ¹8 საპრივატიზებო რქოსანი პირუტყვის ინფექციურ დაავადებებზე კეთილსაიმედოობის შესახებ, არც საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის 2000წ. 23 აგვისტოს წერილი; არც ბოლნისის რაიონის მთავარი ვეტექიმის გრ.თ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის 2002წ. 26 სექტემბერს მიცემული ჩვენება პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ და სათანადო მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ დაინტერესებული პირის, თ.კ-ის სიტყვიერი ჩვენებების საფუძველზე დააკისრა მოპასუხეს 10652 ლარი ისევე, როგორც სათანადოდ არ გამოუკვლევია თ.კ-ისათვის საძოვრის გადაუცემლობის საკითხი.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა თ.კ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც საქმის მასალები გამოუკვლეველია და გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ სკ-ს 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო ცნობილი და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. სააპელაციო პალატის აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი იყო, რომ თ.კ-ის მიზანს ფერმერული საქმიანობა წარმოადგენდა და მისგან მოგების მიღება, მაგრამ სააპელაციო პალატამ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სკ-ს 981-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება ქონების მიმღებს, თუ მას ბრალი მიუძღვის. თანდართულ საპრივატიზებო მასალებში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები თ.კ-ის მიერ პრივატიზებით შეძენილი ქონების _ ძროხების, ტრაქტორის, კომბაინის და მეურნეობისათვის საჭირო სხვა ქონების გაყიდვის შესახებ, რაც სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.
ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარს, თვლის რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული მითითებებით, ხელშეკრულების ბათილობის შედეგებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად და წარმოდგენილ მტკიცებულებათა დამატებით გამოსაკვლევად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ 1997წ. 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგის, განყოფილებასა და თ.კ-ეს შორის 1997წ. 25 აპრილს დადებული პრივატიზების ხელშეკრულებისა და ¹12/5-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება თ.კ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილებისათვის 83152 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.