გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-547-კ-02 12 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 29 ივლისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე თელავის მე-10 საშუალო სკოლამ მოპასუხეების: თელავის რაიონის გამგეობისა და თელავის ¹... პროფტექნიკური სასწავლებლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თელავის რაიონის გამგეობის 1998წ. 21 ივლისის ¹94 დადგენილების გაუქმება, თელავის ¹... პროფტექნიკური სასწავლებლის დირექციის მიერ სადავო ფართობის გათავისუფლება და სკოლისთვის დაბრუნება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ თელავის მე-10 საშუალო სკოლა დაარსდა თელავის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 23 ოქტომბრის ¹1013 გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით. სკოლას გადაეცა თელავის ¹... პროფტექნიკური სასწავლებლის ერთ-ერთი კორპუსის ნაწილი, რომელიც იმ დროს გამოუყენებელი იყო
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წლიდან თელავის ¹... პროფტექნიკური სასწავლებლის დირექციამ მოინდომა, რომ სკოლას დაკავებული შენობა დაეცალა, რაც მოტყუებით მოახერხა კიდეც, სკოლა გადავიდა სხვა შენობაში. გამოთავისუფლებულ შენობაში შესახლდნენ პროფტექნიკური სასწავლებლის რამდენიმე თანამშრომელი და სხვა ფიზიკური პირები. 1998წ. 21 ივლისის ¹94 დადგენილებით კი თელავის რაიონის გამგეობამ გააუქმა სკოლა, ვითომდა შტატების შემცირების მოტივით ისე, რომ არ მიუღია განათლების სამინისტროს თანხმობა. ბრძანება გამოიცა სასკოლო არდადეგების პერიოდში, რითაც დაირღვა შკკ-ს 34-ე მუხლის მოთხოვნა.
თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაება თელავის რაიონის განათლების განყოფილება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის გამგეობის 1998წ. 21 ივლისის ¹94 დადგენილება თელავის ¹10 ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლის გაუქმების ნაწილში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა, სკოლისათვის ადრე გამოყოფილი შენობის დაბრუნების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა, თელავის მე-10 საშუალო სკოლამ, დააზუსტა მოთხოვნები. აპელანტმა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივნისის გადაწყვეტილების _ შენობის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში, ნაწილობრივ გაუქმება. ამასთან, დააკონკრეტა, დააზუსტა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე თელავის რაიონის გამგეობისათვის მათ ბალანსზე რიცხული იმ შენობის გათავისუფლებულ მდგომარეობაში სკოლის ბალანსზე გადმოცემა, რომელშიც სკოლა იყო განთავსებული.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაებნენ განათლების სამინისტრო და ფიზიკური პირები: ს. ჩ-ი, ი. კ-ი და სხვა ფიზიკური პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ სადავო შენობაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მე-10 საშუალო სკოლამ
კასატორმა, თელავის მე-10 საშუალო სკოლამ საკასაციო საჩივარი დაამყარა შემდეგ გარემობებზე:
სკ-ს 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მე-10 საშუალო სკოლის მიერ ამ შენობის ფლობის უფლება დადასტურებულია სკოლის ცხრაწლიანი ფუნქციონირებით, რაც საქმიდანაც დასტურდება, მით უმეტეს, რომ სკოლა იყო სახელმწიფო და არა კერძო ბალანსზე.
კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლი, რადგან სკოლის შენობის მესაკუთრე, ე.ი. განათლების სამინისტრო, თუნდაც თელავის რაიონის გამგეობა, ნივთის, ე.ი. შენობის, უკან დაბრუნებას არ ითხოვდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თელავის მე-10 საშუალო სკოლას სრული საფუძველი აქვს, კეთილსინდისიერ მფლობელობაში არსებული შენობა, რომელიც საკუთარი ხარჯებით გაარემონტა და სასკოლო ინვენტარით დააკომპლექტა, მოითხოვოს სკოლის ფუნქციონირებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თელავის ¹10 საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი განათლების სამინისტროს 1999წ. 26 აგვისტოს ¹487 ბრძანება თელავის ¹10 ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის გაუქმების შესახებ.
გარდა ამისა, ვინაიდან სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება შტატების შემცირების საფუძვლით თელავის ¹10 ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლის გაუქმების თაობაზე თელავის რაიონის გამგეობის 1998წ. 21 ივლისის ¹94 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა სკ-ს 172-ე მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თელავის ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლა არ წარმოადგენს სადავო შენობის მესაკუთრეს, არც მფლობელს. ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე თელავის რაიონის გამგეობისათვის მათ ბალანსზე რიცხული შენობის გათავისუფლებულ მდგომარეობაში სკოლის ბალანსზე გადმოცემის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამჟამად თელავის ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლა წარმოადგენს სადავო შენობის კეთილსინდისიერ მფლობელს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სადავო შენობის ფართის ნაწილი პრივატიზებულია თელავის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე შესახლებულ ფიზიკურ პირთა მიერ, ხოლო ორდერისა და პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხი არ წარმოადგენდა განსახილველ საგანს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად არ იმსჯელა ორდერებისა და პრივატიზების ხელშეკრულებების კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილებაც სამართლებრივად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410_ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის ¹10 საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.