გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-548-კ-02 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: კონკურსის შედეგების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, მფლობელობის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი “ს-ის” პრეზიდენტმა თ. ბ-მა სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს და ე. ქ-ის მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 15 აგვისტოს კონკურსის შედეგების და ე. ქ-ზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის პირველ სართულზე ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” კუთვნილ ფართში 10 წელი იყო განთავსებული 9 აპრილის მუზეუმი, თბილისის მერიის საბინაო ტრესტთან გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება 2005 წლამდე. მას შემდეგ, რაც ქონება გადაეცა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, არავის მოუთხოვია ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
შენობის მეორე სართულზე მცხოვრებმა ზ.თ-მ, მოიპოვა საექსპერტო დასკვნა, იმის შესახებ, რომ ... სახლი შეიძლება დაზიანებული იყოს ხანდაზმულობით და მოუვლელობით. მან მიმართა სასამართლოს ჟურნალისტთა კავშირის დაკავებული ფართიდან გამოსახლების მოთხოვნით. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ.თ-ე მიჩნეული იქნა არასათანადო მოსარჩელედ, დაკმაყოფილდა მესამე პირის სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს სარჩელი და ჟურნალისტთა კავშირი გამოსახლებულ იქნა ფართიდან. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ამის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მითითებულ ფართზე გამოუცხადებია კონკურსი, ფართი 2050 აშშ დოლარად შეუძენია ე. ქ-ს. კონკურსის ჩატარებისა და ფართის გაყიდვის შესახებ მოსარჩელემ არ იცოდა მიაჩნია, რომ ფართის პრივატიზაციისას დარღვეულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რადგან სახელმწიფო ქონების მართვის სამმართევლოსათვის, მათი მიმართვების საფუძველზე ცნობილი იყო, რომ ..., ფუნქციონირებდა 9 აპრილის მუზეუმი, რომელიც 1999წ. 1 მარტიდან საჩუქრად გადაეცა ქ.თბილისის მთავრობას და თბილისელებს. სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველომ არ გაითვალისწინა რა აღნიშნული გარემოება, გაყიდა არა არასაცხოვრებელი ფართი, არამედ 9 აპრილის მუზეუმი. მოსარჩელე მიუთითებდა აგრეთვე, რომ ინფორმაცია ფართის გაყიდვის შესახებ არ იყო გამოქვეყნებული პრესაში, არ გამოქვეყნებულა ობიექტის დახასიათება არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 10 წელი ეს ფართი ეკუთვნოდა ჟურნალისტთა კავშირ “ს-ს”. მათ არ აცნობეს ფართის პრივატიზაციის შესახებ, რის გამოც შეიზღუდა მათი უფლებები.
მოსარჩელე პრივატიზაციის შედეგების ბათილობასთან ერთად ითხოვდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ფართიდან გამოსახლების შეჩერებას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” პრეზიდენტის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და მოპასუხე ე.ქ-ს აეკრძალა სარემონტო და სხვა საქმიანობის განხორციელება ... მდებარე ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” მიერ დაკავებულ ფართში.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟურნალისტთა კავშირმა “ს-მა”, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, ამასთან დააზუსტა იგი და საბოლოოდ მოითხოვა კონკურსის შედეგების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ობიექტზე მართლზომიერი მფლობელობის უფლების აღდგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყლფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ინფორმაცია არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი და კონკურსში მონაწილეობის შესახებ ე.ქ-ის განცხადება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და პრივატიზაცია განხორციელებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ “9 აპრილის” მუზეუმის გაყიდვით დაარღვია კანონის მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებიდან პრივატიზებას არ ექვემდებარება დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები – სახელმწიფო მუზეუმები, პალატამ განმარტა, რომ სამმართველომ მოახდინა არა მუზეუმის, არამედ არასაცხოვრებელი 56.86 კვ.მ ფართის პრივატიზაცია.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მართლზომიერი მფლობელობის აღდგენის შესახებ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმებული იყო ჟურნალისტთა კავშირ “ს-სა” და ¹51 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება და კავშირი გამოსახლებული იყო დაკავებული ფართიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟურნალისტთა კავშირ “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა კავშირ ”ს-ის” პრეზიდენტის თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში ... პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე ქ. თბილისის ¹51 საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტს (უბანს) და ჟურნალისტთა კავშირ ”ს-ს” შორის 1995წ. 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება გაგრძელებული იყო 2005 წლამდე და სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს უფლება არ ჰქონდა გაესხვისებინა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჟურნალისტთა კავშირ “ს-სა” და თბილისის ¹51 საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტს შორის 1995წ. 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 3 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 26 ოქტომბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 1 მარტის განჩინებებით. ასევე არ დაკმაყოფილდა ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 3 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქმეზე წარმოდგენილი 1999წ. 15 ივნისის “დამატებითი ხელშეკრულებით”, რომლითაც 1995წ. 24 ივლისს დადებულ ქირავნობის ხელშეკრულებაში კრწანისის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის (უბანი) ¹51 უფლება-მოვალეობები გადაფორმდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოზე, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2005წ. 1 ივლისამდე, არ წარმოადგენს 1995წ. 24 ივლისის ხელშეკრულების გაგრძელებას, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების (დამატებითი) მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს კრწანისის სსუ ¹51-ის და ჟურნალისტთა კავშირ “ს-ს” შორის ... მდებარე 56 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობზე 1995წ. 24 ივლისს დადებულ ქირავნობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამდენად დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, ამასთანავე სასამართლოს მიერ ძირითადი ხელშეკრულების გაუქმება (1995წ. 24.07) იწვევს დამატებითი ხელშეკრულების, როგორც მისი განუყოფელი ნაწილის გაუქმებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დამატებითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ნოტარიულად დამოწმების დღიდან. ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება სცილდება სასამართლოს განხილვის საგანს, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას მის კანონიერებაზე, მაგრამ აღნიშნავს, რომ იგი დათარიღებულია 1999წ. 15 ივლისით, ხოლო სანოტარო წესით დამოწმებულია 2000წ. 18 ივლისს, ანუ იმ დროისათვის, როდესაც ძირითადი ხელშეკრულება უკვე გაუქმებული იყო.
ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება არასაცხოვრებელი ფართის უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ, სკ-ს 169-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი (1995წ. 24 ივლისის ¹93 ხელშეკრულება) უკვე გაუქმებული იყო ფართის გაყიდვის დროისათვის (1999წ. 30 ნოემბერი). ამასთანავე, ზემოაღნიშნული ნორმის (169-ე მუხლი) თანახმად სამართლებრივი საფუძვლით 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნივთის ფლობისა და გამოყენების გამო უპირატესი შესყიდვის უფლება იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი 56 კვ.მ ფართი სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს სადავო არ არის. სახელმწიფო ქონების გაყიდვის წესი და პირობები დარეგულირებულია სპეციალური კანონით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. ამდენად, სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს უპირატესი შესყიდვის უფლებას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო ობიექტის პრივატიზებისას “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ გაზეთ “თ-ის” საინფორმაციო სარეკლამო დამატებაში “თ. უ.” სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს მიერ კონკურსამდე ერთი თვით ადრე 1999წ. 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია არასაცხოვრებელ ფართის, (56,86 კვ) კონკურსის ფორმით პრივატიზაციის თაობაზე. გასაყიდი ობიექტის შესახებ ინფორმაციაში მისამართი მითითებულია როგორც ... ¹1-3, ისე ... ¹8, ანუ იმ მონაცემებით, როგორც სადავო არასაცხოვრებელი ფართი ირიცხება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით.
სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს მიერ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” გაუფრთხილებლობის გამო, კასატორის მიერ სკ-ს 517-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევაზე მითითება საკასაციო პალატის აზრით უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული (517-ე მუხლი) ნორმა ითვალისწინებს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის გაფრთხილებას, რასაც როგორც აღვნიშნეთ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის არც ერთი მუხლი არ ავალდებულებს საპრივატიზებო კომისიას, კონკურსის შესახებ ვინმესთვის პირადად შეტყობინებას, მით უფრო რომ ჟურნალისტთა კავშირ “ს-თან” ქირავნობის ხელშეკრულება გაუქმებული იყო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატის აზრით არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების (¹543, 188, 441) სიყალბის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთებული არ ყოფილა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში, რის გამოც კასატორის მიერ დარღვეულია სსკ-ს 137-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ოქმების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება და კასატორის განცხადება დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდებზე, რის გამოც საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმზე (2000წ. 15 აგვისტოს ¹441) ხელს არ აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრების გრაფაში ხელის მოწერის გამო ქონების შემძენი ე. ქ-ი უნდა ჩაითვალოს კომისიის წევრად და აქედან გამომდინარე კონკურსის შედეგების ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ¹ 1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, ...ის (ან მისი მოვალეობის შემსრულებლის) ხმა ითვლება გადამწყვეტად. თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკონკურსო კომისია შედგებოდა 5 წევრისაგან. სადავო პრივატიზების შედეგების დამტკიცება მოხდა კომისიის 4 წევრის შემადგენლობით (ანუ ხმათა უმრავლესობით) რა დროსაც თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა მისი მოადგილე. რაც შეეხება შემძენის მიერ საკონკურსო კომისიის ოქმზე ხელის მოწერას, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომისიის წევრად, ვინაიდან კომისიის შემადგენლობა დამტკიცებული იქნა სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს ბრძანებით, კომისიის შემადგენლობა მითითებულია ოქმის დასაწყისში და ოქმში მითითებული კომისიის წევრთა ჩამონათვალში ე. ქ-ი არ არის მოხსენებული. საკონკურსო კომისიის ოქმზე შემძენის მიერ ხელის მოწერა ადასტურებს კონკურსის შედეგების გაცნობას, კონკურსის პირობების შესრულებაზე თანხმობას (დებულების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი).
კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ჟურნალისტთა კავშირ “ს-ს” შორის მოხდა მორიგება და სამმართველო აღარ ითხოვდა ამ უკანასკნელის გამოსახლებას სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან და აღნიშნულის დასადასტურებლად სამმართველოს უფროსის 2000წ. 30 აგვისტოს ¹2-10/2059, 2-21/1112 წერილებზე მითითება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მხარეებმა ვერ წარმოადგინეს მორიგების აქტი, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილი დათარიღებულია 2000წ. 30 აგვისტოს რიცხვით, რა დროისათვისაც სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო აღარ იყო უფლებამოსილი სადავო ქონებაზე მოეხდინა რაიმე მორიგება, რადგან ამ დროისათვის კონკურსის შედეგები უკვე დამტკიცებული იყო (კონკურსის შედეგები დამტკიცდა 2000წ. 15 აგვისტოს) და კონკურსში გამარჯვებულ ე. ქ-თან გაფორმებული იყო ხელშეკრულება სადავო ქონების მიყიდვის თაობაზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის 2003წ. 17 იანვრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. სასამართლოს კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა კავშირი “ს-ი” განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟურნალისტთა კავშირ “ს-ის” პრეზიდენტის თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.