გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3-გ-ად-86-კ-03 3 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ირაკლი მოწერელიამ და მოითხოვა ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობა, 2002წ. 17 ივლისის კანონიერი სხდომის შედეგების ამსახველი დადგენილების გამოცემისა და მორალური ზარალის 501 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობს ქ. ფოთის მერის მოადგილედ. 2002წ. 17 ივლისს ჩატარდა ქ. ფოთის საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით «ქ.ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”. მოსარჩელე დასახელებული იყო ერთ-ერთ კანდიდატად. სხდომაზე დადგინდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ფარული კენჭისყრით. ფარული კენჭისყრის ჩატარების შედეგები შეაჯამა ხმის დამთვლელმა დროებითმა კომისიამ და შეადგინა ოქმი ¹2, რომელიც სხდომამ დაამტკიცა. აღნიშნულით ამოიწურა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სხდომა დახურულად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკრებულომ წარმოდგენელი დადგენილების პროექტი მიიღო კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, ანუ მიიღო დადგენილება ¹3/10, რომლითაც ქ. ფოთის მერს მიეცა თანხმობა მთავრობის წევრად, კერძოდ მერის მოადგილედ მოსარჩელის დანიშვნაზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის განხილვისას განაცხადა, რომ სხდომა წარიმართებოდა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის საფუძველზე და კენჭისყრაც ამ კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა, მაგრამ სხდომის დახურვიდან 15 წუთში საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ხელახლა გახსნა, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ კანონის მოთხოვნებს. საკრებულომ ხელახალი კენჭისყრა ჩაატარა ქ. ფოთის საკრებულოს დებულების 52-ე მუხლის თანახმად, რაც მოსარჩელის აზრით, უკანონო იყო, რადგან ეს დებულება სხდომის ჩატარების დღისათვის არ იყო გამოქვეყნებული კანონმდებლობით დადგენილი წესით და იურდიული ძალა არ გააჩნდა. ხელახალი კენჭისყრის შედეგი მოსარჩელისთვის უარყოფითი აღმოჩნდა და ხმის დამთვლელი კომისიის ¹4-ე ოქმის საფუძველზე დადგენილება ¹3/10 ისეთი სახით მიიღო საკრებულომ, რომ თითქოს მის კანდიდატურაზე უარი განაცხადა. მოსარჩელეს განმარტებით, საკრებულოს მიერ 2002წ. 17 ივლისს მიღებული დადგენილება უნდა შეესაბამებოდეს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის ¹2 სხდომის ოქმს. საკრებულომ მიიღო უკანონო დადგენილება, რითაც მას მიაყენეს სერიოზული მატერიალური და მორალური ზარალი.
მოპასუხემ, ქ. ფოთის საკრებულომ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მიუთითა, რომ საკრებულოს სადავო დადგენილება უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ან უფლებას და შესაბამისად ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა მოსარჩელეს მხრიდან ამ დადგენილების გაუქმების მოთხოვნა არ არის დასაშვები. ამავე დროს პირველი ფარული კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს კენჭი არ უყრია დადგენილების პროექტისათვის «ქ.ფოთის მერისათვის მთავრობის წევრების დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, ე.ი. საკრებულოს სამართლებრივი აქტი არ მიუღია, შესაბამისად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არ ამოწურულა და სხდომა არ დახურულა, არამედ შეწყდა 15 წუთით. საკრებულო უფლებამოსილი იყო გამოეკვლია ფრაქციათა კოალიცია «მ.” განცხადების საფუძველზე ეჭვები პირველი ფარული კენჭისყრის თაობაზე და ხელახლა მოეხდინა კენჭისყრა. ხელმეორე ფარულ კენჭისყრას ესწრებოდა საკრებულოს 13 წევრი, ე.ი. სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი და საკრებულო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება.
მოპასუხემ ასევე არ სცნო სარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის _ 501000 ლარის ანაზღაურების შესახებ ამ მოტივით, რომ სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილით არაქონებრივი ზიანი შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილება «ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ცნობილი იქნა ბათილად. 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹... ოქმის შესაბამისად მიცემულად ჩაითვალა ქ. ფოთის საკრებულოს თანხმობა ი. მ-ას ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნაზე. ქ. ფოთის საკრებულოს დაევალა 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹... ოქმის შესაბამისად ახალი დადგენილების გამოცემა ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის 501 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ:
1) ქ. ფოთის საკრებულოს მე-3 მოწვევის 2002წ. 16-17 ივლისის სხდომაზე დღის წესრიგი განისაზღვრა 3 საკითხით, მესამე საკითხად შეტანილი იყო «ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ.”-დადგენილების პროექტი;
2) 2002წ. 17 ივლისს საკრებულოს წარედგინა «ქ. ფოთის მერისთვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც ქ. ფოთის მერის მოადგილის კანდიდატურად წარდგენილი იქნა მოსარჩელე ირ. მოწერელია.
3) საკრებულოს ცამეტმა წევრმა ერთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი გადაწყვეტილიყო ფარული კენჭისყრით.
4) საკრებულომ ასევე დაადგინა და ცნობად მიიღო ხმის დამთვლელი კომისიის ინფორმაცია ხმის მიცემის წესის შესახებ;
5) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საკრებულომ მოისმინა ხმის დამთვლელი კომისიის სხდომის ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელე ირ. მოწერელიამ მიიღო წარდგენილ თანამდებობაზე დასანიშნად საჭირო ხმების რაოდენობა. საკრებულომ დადგენილებით დაამტკიცა სხდომის ოქმი.
6. საკრებულოს მე-3 MMმოწვევის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და სხდომის დახურვიდან 15 წუთში საკრებულოს ფრაქციათა კოალიციამ «მ.” ფარული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით ეჭვების თაობაზე განცხადებით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც სხდომის დარბაზში მოიწვია საკრებულოს 14 წევრი და დასანიშნი კანდიდატები.
7. საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა სხდომა და აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრთა მიწვევა უკავშირდება ფასეული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებულ განცხადებას ეჭვების თაობაზე და რომ ეჭვების დადასტურების შემდეგ მოიწვია საკრებულოს სხდომა.
8. საკრებულომ დაადგინა და ცნობად მიიღო ხმის დაფარული კომისიის ინფორმაცია ხელახალი კენჭისყრის ხმის მიღების წესის შესახებ.
სასამართლო კოლეგიამ დავის სწორად გადაწყვეტა დააკავშირა იმ საკითხის გარკვევასთან, რომ 2002წ. 17 ივლისის საკრებულოს სხდომა დამთავრდა თუ სხდომა შეწყდა კენჭისყრის შედეგების საეჭვოობის გამო და შემდეგ გაგრძელდა. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ საკრებულოს მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისა და სხდომის დახურვის შემდგომ ამავე საკითხზე ახალი კენჭისყრის ჩატარება უკანონოა. საკრებულოს სხდომის ოქმში გაკეთებულო ორი ჩანაწერის თანახმად კოლეგიამ სხდომა დახურულად გამოცხადებულად მიიჩნია და მიუთითა, რომ ქ. ფოთის საკრებულოს დებულების 19-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ ვერ მოწესრიგდა სხდომის დღის საკითხი, ამ საკითხის განხილვა საკრებულოს უნდა გაეტანა შემდგომი დღის წესრიგად, ანუ ამავე დებულების 21-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა გადაედო სხდომა მე-2 დღისთვის. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ქ. ფოთის საკრებულომ დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მიღებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია. სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვის პროცესში გამოკვლევის შედეგად ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ კენჭისყრის ბიულეტენები ისეა შევსებული, რომ მათში გარკვევითაა მინიშნებული რომელ კანდიდატს უჭერდა საკრებულოს წევრი მხარს და მათი ბათილობის საფუძველი არ არსებობს. თუ საკრებულომ ჩათვალა, რომ ხმის დამთვლელმა კომისიამ შედეგები გააყალბა, მაშინ ამ საკითხის გასარკვევად უნდა მიემართა პროკურატურისათვის და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში შეეცვალა საკრებულოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.
მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ კანონით არაა განსაზღვრული მისი ანაზღაურება, ამავე დროს ირ. მოწერელია რჩება სახელმწიფო მოხელედ და მას უდავოდ ეკისრება მეტი თმენის ვალდებულება მის მიმართ კოლეგიალური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის საკრებულომ შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიუთითებს, რომ საკრებულოს სადავო დადგენილებას მოსარჩელესთან არავითარი კავშირი არა აქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით დადგენილია, რომ ეს დადგენილება უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელეს კანონიერ ინტერესებს და არ ზღუდავს მის უფლებას. სადავო დადგენილების ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, მათ შორის ქ. ფოთის მთავრობის მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტის ბათილობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ¹3/10 დადგენილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმ პირებს, ვისაც ამ აქტით მიენიჭა რაიმე უფლება, კანონიერ ნდობის უფლება აქვთ სადავო დადგენილების მიმართ.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ პირველ ფარული კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს კენჭი არ უყრია მთლიანობაში საკრებულოს დადგენილების პროექტზე «ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრების დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ე.ი. საკრებულოს სამართლებრივი აქტი არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არ ამოწურულა და სხდომა არ დახურულა, არამედ შეწყდა 15 წუთით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს უფლება ჰქონდა გამოეკვლია კენჭისყრისას გამოვლენილი საეჭვო გარემოებანი და მოეხდინა ხელახალი კენჭისყრა.
კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიამ სრულილად უსაფუძვლოდ არ გამოიკვლია ძირითადი მტკიცებულება, სხდომის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ სხდომა გაგრძელდა და არა ხელახლა იქნა მოწვეული, რადგან ფარული კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს კენჭი არ უყრია დადგენილების პროექტზე «ქ.ფოთის მერისთვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ». კასატორი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობის, 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹.... ოქმის შესაბამისად ირაკლი მოწერილიას ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნაზე ქ. ფოთის საკრებულოს თანხმობის მიცემულად ჩათვლისა და 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹....-ე ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილების გამოცემის დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ქ. ფოთის საკრებულოს 1999წ. 8 იანვრის ¹2 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. ფოთის საკრებულოს დებულების 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებულ ეჭვების თაობაზე განცხადება თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყონებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის შესახებ. ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება, თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საკრებულოს განმეორებითი კენჭისყრა არ უნდა ჩაეტარებინა «ქ. ფოთის საკრებულოს დებულების” 52-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან დებულება არ იყო გამოქვეყნებული დადგენილი წესით და იურიდიული ძალა არ გააჩნდა. საქმეში წარმოადგენილია ქ. ფოთის საკრებულოს 1999წ. 8 იანვრის ¹2 გადაწყვეტილება ქ. ფოთის საკრებულოს დებულების დემტკიცების შესახებ, რომელიც 1999წ. 3 მაისს რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში და თავად დებულება გამოცემულია ცალკე ბროშურის სახით. ამდენად, საკრებულო უფლებამოსილი იყო აღნიშნული დებულების შესაბამისი მუხლების საფუძველზე ჩაეტარებინა სხდომები და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებთან დაკავშირებული კენჭისყრები.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეს მითითებას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის დაპირების თანახმად სხდომა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების საფუძველზე უნდა წარმართულიყო, რადგან საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმით ასეთი არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიას და საქმეში წარმოდგენილი მასალების, კერძოდ, საქმეში არსებულ ქ. ფოთის საკრებულოს მე-3 მოწვევის სხდომის ოქმის შესაბამისად, რომელსაც საქმეში ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებაში, დადგენილად მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც მოსმენილი და დამტკიცებული იქნა ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის სხდომის ოქმი ¹.., სხდომის დახურვიდან 15 წუთში საკრებულოს ფრაქციათა კოალიციის «მ.” მოთხოვნით, ფარული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვის თაობაზე განცხადების წარდგენის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სხდომათა დარბაზში მიწვეული იქნა საკრებულოს 14 წევრი, მთავრობის წევრად წარდგენილი კანდიდატები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოც ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ი. მ-ას მოსაზრებას, რომ საკრებულოს ფრაქციათა კოალიციას «მ.” თავმჯდომარის მიერ განცხადება არა 15 წუთის, არამედ საათნახევრის შემდეგ იქნა გაცხადებული და ამის შემდგომ ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა, ვინაიდან თავად მოსარჩელე მიუთითებდა სარჩელში და სააპელაციო სასამართლოც დადასტურებულად თვლის, რომ განცხადება 15 წუთში იქნა გაკეთებული. საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ საკრებულოს ფრაქციათა კოალიციის «მ.” თავმჯდომარის, მ. ჯ-ას განცხადებას ხელახალ კენჭისყრის მოწყობის საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს 13-მა წევრმა, წინააღმდეგი გამოვიდა ერთი წევრი, ხელახალი კენჭისყრით კი ანალოგიური შედეგით მიღებული იქნა გადაწყვეტილება «ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ხელახალი კენჭისყრის მოწყობის შესახებ. ხელახალ კენჭისყრასთან დაკავშირებით დამტკიცდა ფარული კენჭისყრის შედეგების შესახებ ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის ოქმი ¹4 და ხმის დამთვლელი კომისიის სხდომის ოქმი ¹3. ასევე მიღებული იქნა დადგენილების პროექტი ¹4 ოქმის საფუძველზე ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად შეაფასა აღნიშნული გარემოებები და კანონის არასწორი განმარტების შედეგად მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ უკანონოა სხდომის დახურვის შემდეგ სხდომაზე განხილულ საკითხებზე ახალი კენჭისყრის ჩატარება, ხოლო თუ კი სხდომა შეწყდა კენჭისყრის შედეგების საეჭვოობის გამო, მაშინ სხდომა და კენჭისყრის პროცედურა კანონიერად უნდა ჩაითვალოს. სასამართლო კოლეგია არ უთითებს, თუ რის საფუძველზე მივიდა ამ დასკვნამდე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საკრებულოს მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და სხდომის დახურვიდან 15 წუთში ფრაქციათა კოალაციის «მომავლისთვის” ფარული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვის თაობაზე განცხადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში მოიწვია საკრებულოს 14 წევრი, მთავრობის წევრად წარდგენილი კანდიდატები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, ანუ უნდა დავასკვნათ, რომ თუ 15 წუთში საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს დარბაზში საკრებულოს წევრებს, განცხადება ეჭვის თაობაზე ფაქტობრივად შედეგების გამოქვეყნებისთანავე იქნა წარდგენილი ფრაქცია კოალაცია «მ.” თავმჯდომარის მიერ, რაც სრულად შეესაბამება ქ. ფოთის საკრებულოს დებულების 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. მითითებულ მუხლში არ არის ცალსახად მითითებული, რომ საკრებულოსთვის განცხადებით მიმართვა და ხელახალი კენჭისყრის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სხდომის დახურვა _ არ დახურვის საკითხთან იყოს დაკავშირებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დებულების 52-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი უფლების გამოყენების საშუალება საკრებულოს წევრებს არ შეიძლება შეეზღუდოთ სხდომის დახურვის გამო, რადგან სადავო საკითხი დღის წესრიგის ბოლო საკითხს წარმოადგენდა. ამავე დროს დებულების 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფარული კენჭისყრა როგორც წესი, ეწყობა სხდომის დამთავრების წინ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საკრებულოს პირველი კენჭისყრის შემდეგ არ ჩატარებულა კენჭისყრა «ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამრთლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ თუ ქ. ფოთის საკრებულო დაადგენდა ხმის დამთვლელი კომისიის მიერ რომელიმე კანდიდატის მიმართ შედეგების გაყალბების ფაქტს, აღნიშნულ საკითხზე უნდა მიემართა პროკურატურისათვის და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში შეეცვალა საკრებულოს გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული წესით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარებულიყო «ქ. ფოთის საკრებულოს დებულების” მოთხოვნათა საფუძველზე და საკრებულოს უნდა ეხელმძღვანელა ამ დებულების ნორმებით. ქ. ფოთის საკრებულოს დებულების მე-3-7 თავებით დადგენილია კენჭისყრის წესი, ამავე დებულების 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფარული კენჭისყრა ეწყობა სხდომის დამთავრების წინ, ხოლო 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი საკრებულოს აძლევს უფლებას კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით და ჩაატაროს ხელახალი არჩევნები. შესაბამისად, საკრებულოს უფლება ჰქონდა თავად მიეღო გადაწყვეტილება ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ ისე, რომ სადავო საკითხი არ გაეხადა სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგნად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნული გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის საკრებულო უფლებამოსილი იყო მის დებულების ნორმების შესაბამისად ჩაეტარებინა სადავო საკითხზე ხელახალი კენჭისყრა, შესაბამისად არ არსებობს ამ საფუძვლით ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 2003წ. 12 მარტის განჩინებით გაუქმებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი _ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება იურდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, სსკ-ს 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, კერძოდ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობის, 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹... ოქმის შესაბამისად ირ. მ-ას ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნაზე ქ. ფოთის საკრებულოს თანხმობის მიცემულად ჩათვლისა და 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2-ე ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილების გამოცემის დავალდებულების ნაწილში. ვინაიდან საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ფოთის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები _ ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობის, 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹.... ოქმის შესაბამისად ი. მ-ას ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნაზე ქ. ფოთის საკრებულოს თანხმობის მიცემულად ჩათვლისა და 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹... ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილების გამოცემის დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. მ-ას სარჩელი ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის 3/10 დადგენილების ბათილად ცნობის და 2002წ. 17 ივლისის კანონიერი სხდომის კენჭისყრის შედეგების _ დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹.... ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილების გამოცემის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. ი. მ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.