Facebook Twitter

¹ 3კ-99-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სს «ე.-ის» ლიკვიდატორის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს/ს «ე.-ს” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001წ. 7 თებერვლის ¹8-ე განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის «ეროვნული ბანკის შესახებ» 59-ე მუხლის და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998წ. 9 ივლისის ¹61-ე და 2000წ. 13 ნოემბრის ¹310-ე ბრძანებულებების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო გაუქმდა საბანკო ლიცენზია.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილებით საქართველოს ეროვნული ბანკის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს კანონის «საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” 37-ე მუხლისა და საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ 14.2 მუხლის საფუძველზე ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორად დაინიშნა ამავე ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ი. გ.-ა.

იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საქართველოს კანონში «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” 2001წ. 23 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად შეიცვალა ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესი და კანონის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად «ლიკვიდატორის უფლებებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით”, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2002წ. 14 მაისის განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ძველი კანონის შესაბამისი ლიკვიდატორების დანიშვნის დადგენილებების გაუქმება, მათ შორის ს.ს. «ე.-თან” დაკავშირებით მიღებული დადგენილებისა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით გააუქმა ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ამავე სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილება.

2002წ. 9 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის შეტანით გაასაჩივრა ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორმა ი. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილების ძალაში დატოვება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ი. გ.-ს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი განსახილველად გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ 2002წ. 9 სექტემბერს სამეწარმეეო რეესტრში ახალი ლიკვიდატორის რეგისტრაცია მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2002წ. 8 მაისის ¹235განკარგულების საფუძველზე და სწორედ ამ განკარგულების კანონთან შესაბამისობას ხდის სადავოდ კერძო საჩივრის ავტორი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის მოსაზრებანი კერძო საჩივრის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის შეტანით გაასაჩივრა ი. გ.-მ იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატა სრულად უსაფუძვლოდ გადააგზავნა საქმე არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოში, არსებობდა რეალური შესაძლებლობა, რომ სააპელაიცო პალატას გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან «საქმე მისი თუ არა, მაინც საოლქო სასამართლოს განსახილველია». კერძო საჩივრის ავტორმა მოთხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება და მისი, როგორც ლიკვიდატორის დარღვეული უფლებების აღდგენა. სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით ი.გ.-ს კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზვნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მეოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ თავისი განჩინებით საქმე არსებითად განსახილველად გადაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სს «ე.-ის» ყოფილი ლიკვიდატორის ი.გ.-ს მიერ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით შეტანილი კერძო საჩივრის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის წარმოიშვა დავა განსჯადობის შესახებ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით საქმე სწორედ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად იქნა გადმოგზავნილი უზენაეს სასამართლოში და არა საქმის არსებითად განხილვის მიზნით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო სსკ-ს 414-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით საქმის ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 390-ე, 414-ე, 419-ე, 420 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ე.-ის» ლიკვიდატორის ი. გ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრისა და 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.