Facebook Twitter

486-კ-02 30 დეკემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ცსკოს განკარგულების ბათილად ცნობა; საკრებულოს არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრისა და დანიშვნის თაობაზე დავალების მიცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წლის 4 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე _ საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ მოპასუხის ცსკოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002 წლის 1 ნოემბრის “2002 წლის 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი", ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002 წლის 1 ნოემბრის ¹160/2002 განკარგულება “2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ"; სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერებულ იქნეს ცსკოს 2002 წლის 1 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმისა და 2002 წლის 1 ნოემბრის ¹160/2002 განკარგულების მოქმედება.

მოსარჩელე საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგი გარემოებებით:

1. ცსკომ უხეშად დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა “საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი". ცსკომ საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით არ განიხილა საქართველოს სოციალისტური პარტიის მიერ შეტანილი არც ერთი საჩივარი, რითიც დაარღვია საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის კატეგორიული მოთხოვნა;

2. მაშინ, როდესაც საქართველოს სოციალისტური პარტიის სასარჩელო განცხადება განსახილველად წარდგენილი იყო სასამართლოში და არც ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს და არც უზენაეს სასამართლოს არ ჰქონია მიღებული მასზე გადაწყვეტილება, ცსკომ უხეშად დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სოციალისტური პარტიის მიერ 29 ოქტომბერს სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვამდე შეაჯამა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები, რითაც უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს სოსციალისტურ პარტიას;

3. ცსკომ უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები, აგრეთვე თავისივე 2002 წლის 8 ილისის ¹25/2002 დადგენილება, რომლითაც მას ევალებოდა შეედგინა საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რაც მას არ გაუკეთებია და დღემდე არ დაურიუგებია კომისიის წევრებისათვის;

4. ცსკომ უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემის წესი, ვინაიდან კანონმდებლობა მოითხოვს განსახილველი საკითხების საჯაროდ გაცხადებას 10 დღით ადრე, კონკრეტული საკითხები უნდა იყოს შესული დღის წესრიგის პროექტში და განსახილველი საკითხების პროექტები ორი დღით ადრე უნდა დაურიგდეთ კომისიის წევრებს. ცსკომ კი 1 ნოემბერს ისე მიიღო “2002 წლის 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი" და ¹160/2002 განკარგულება, რომ სხდომის მსვლელობისას და აღნიშნულ საკითხებზე კენჭისყრის ჩატარებისას არც ერთი ხსენებული დოკუმენტი წინასწარ არ გადასცემიათ კომისიის წევრებს;

5. ცსკოს მიერ მიღებული საოლქო შემაჯამებელი ოქმი და ¹160/2002 განკარგულება არის ყალბი და ფალსიფიცირებული რამეთუ იგი მიღებულია საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2, მე-4, მე-7 პუნქტების, 63-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებისა და 64-ე მუხლის პირველი პუნქტის აუცილებელი მოთხოვნების უგულებელყოფით;

6. საქართელოს უზენაესმა სასამართლომ 31 ოქტომბერს აცნობა ცსკოს საქართველოს სოციალისტური პარტიის სასარჩელო განცხადების შესახებ, გაუგზავნა რა ცსკოს მოპასუხისათვის აუცილებელი ყველა მასალა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მიერ 30 ოქტომბერს მიღებული განჩინება. მიუხედავად ამისა, მან სრული იგნორირება გაუკეთა უზენაეს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობას და კანონის უხეში დარღვევით ფალსიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო შემაჯამებელი ოქმი და ¹160/2002 განკარგულება;

7. ცსკოს საარჩევნო კოდექსის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ბათილად ცნობაზე, რომ მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს სოციალისტური პარტიის მიერ შეტანილი საჩივრებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ბათილად ცნობილი უბნების გამოკლებით, დარჩენილ უბნებზე სოციალისტურ პარტიას მიღებული ხმებით, ამ უბნებზე მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, გადალახული ექნებოდა 4%-იანი ბარიერი, კერძოდ, 4,73% და საქართველოს სოციალისტურ პარტიას ქ. თბილისის საკრებულოში ექნებოდა ორი მანდატი. ამდენად, ცსკოს მიერ კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ განიცადა პირდაპირი და უშუალო ზიანი, რითაც ცსკომ შეზღუდა მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესები.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ცსკომ არა მარტო სრული იგნორირება გაუკეთა საქართველოს კონსტიტუციას, საარჩევნო კოდექსს, საქართველოს საპროცესო კოდექსს, “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონსა და უზენაესი სასამართლოს 6 აგვისტოს გადაწყვეტილებას, არამედ თავის თავი დააყენა კანონზე მაღლა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებულ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი “2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ" ცსკოს 2002 წლის 1 ნოემბრის ¹160/2002 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე და “არასაქვეუწყებობის" მოტივით წარმოებაში არ იქნა მიღებული სარჩელი, “2002 წლის 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის" ბათილად ცნობის ნაწილში.

საოლქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის განჩინების მე-6 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მე-3 პირებად ჩაბმის მსურველთა ინფორმირება მომხდარიყო საქტელერადიომაუწყებლობის საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით. ინფორმაცია გადაცემულ იქნა 2002 წლის 5 ნოემბერს საინფორმაციო პროგრამა “მოამბეში".

საქმეში მე-3 პირებად ჩაბმის სურვილი გამოთქვეს საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ, ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატიულმა ფრონტმა, სასახლო პარტიამ, ნაციონალისტთა ერთობის პარტიამ, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიამ და ქ. თბილისის საკრებულომ, რომლებიც ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად.

2002 წლის 6 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა საქართველოს სოციალისტური პარტიის დაზუსტებული სარჩელი ცსკოს მიმართ, სადაც მოსარჩელის მიერ დაყენებულ იქნა დამატებითი მოთხოვნა, კერძოდ, ცსკოს დავალებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად განესაზღვრა და დაენიშნა ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს არჩევნების ახალი ვადა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სარჩელი მითითებულ ნაწილი წარმოებაში იქნა მიღებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის სხდომაზე მოპასუხემ ცსკოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ აღნიშნული დაკმაყოფილებული არ უნდა ყოფილიყო უსაფუძვლობის მოტივით,

სარჩელს მხარი არ დაუჭირეს მესამე პირებმა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის, ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატიული ფრონტის, ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა და მიიჩნიეს, რომ სარჩელი არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული როგორც დაუსაბუთებელობის, ისე დაუშვებლობის მოტივით.

მესამე პირების, კერძოდ, სახალხო პარტიის, ნაციონალისტთა ერთობის პარტიისა და კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და მიიჩნიეს, რომ აღნიშნული ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს _ საქართველოს სოციალისტურ პარტიას _ სარჩელის დაკმაყოფიელბაზე ეთქვა უარი, შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება ცსკოს მიერ დედნის სახით წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმების სიყალბის თაობაზე იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ოქმების ასლები არ იყო სათანადო წესით დამოწმებული და შესაბამისად, არ პასუხობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს;

2. სასამართლო კოლეგიამ ცსკოს მიერ საქმეში წარმოდგენილი ცსკოს 2002 წლის 28 ოქტომბრის ¹64/2002 ოქმის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები (საუბარია საქართველოს სოციალისტური პარტიის საჩივრებზე) შინაარსის მიხედვით დახარისხებულ და განხილულ იქნა.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ადგილი ექნებოდა საჩივრების განუხილველობას, ეს გარემოება ვერ გახდებოდა არჩევნების შედეგების ბათილობის საფუძველი, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილობას უკავშირებს მხოლოდ კანონის “უხეშ" დარღვევას, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საპროცესო კოდექსი არ შეიცავს უხეში დარღვევის განმარტებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის განსაზღვრა და დადგენა წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

3. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ დგინდებოდა საარჩევნო ოლქში არჩევნების ბათილად ცნობის საფუძვლები, რომელთა არსებობაც გამოიწვევდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული დებულებების ამოქმედებას.

4. საოლქო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის მიერ სარჩელის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენა და 2002 წლს 28 ოქტომბრის ¹64./2002 ცსკოს სხდომის ოქმის სასარჩელო წესით გასაჩივრება, ცსკოს არ ართმევდა უფლებას მოეხდინა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან ადგილი არა ჰქონია სადავო ოქმის მოქმედების შეჩერებას და სარჩელის წარმოებაში მიღებას.

5. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ცსკოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის მომზადების, მიღებისა და გამოცემის წესის დარღვევას. მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი შესაძლოა ბათილადაც გამოცხადდეს თუ არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის წესი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლევა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მიუხედავად ინფორმაციის 1 კვირით ადრე გამოუქვეყნებლობისა, განსახილველ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.

6. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა საქართველოს სოციალისტური პარტიის მტკიცება ბათილად საცნობი უბნების გამოკლების შემთხვევაში მათი მხრიდან 4%-იანი ბარიერის გადალახვის თაობაზე და მიიჩნია, რომ სოციალისტური პარტიის მარტოოდენ არჩევნებში მონაწილეობის ფაქტი, თავისთავად, არ ადასტურებდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიმართ სოციალისტური პარტიის მხრიდან კანონიერი ინტერესის არსებობას.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლები.

აქვე სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა საკრებულოს არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრისა და დანიშვნის თაობაზე და მიუთითა, რომ საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელახალი არჩევნები იმართება მხოლოდ არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში და, ამდენად, სასამართლოს მხრიდან სადავო აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მხრიდან დაყენებული მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ საფუძვლებზე მითითებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილევა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სოციალისტური პარტიის სარჩელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს სოციალისტური პარტიის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა.

1. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

2. საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელის არსებითად განხილვა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა რომლითაც სრულად იქნებოდა დაკმაყოფილებული საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო მოთხოვნას და აქვე მიუთითებდა, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი ფაქტობრივი გარემოებების განხილვისა და Aშეფასებების გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება ვარაუდებს და მხედველობაში არ არის მიღებული ის ფაქტები, რომელიც მოსარჩელის მიერ მტკიცებულებების სახით იქნა წარდგენილი. ამასთან, სასამართლოს მხრიდან სახეზეა კანონმდებლობის მოთხოვნებისათვის თავის არიდების შეგნებული მცდელობა, რაც იმთავადვე წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

მოწინააღმდეგე მხარემ _ ცსკომ საკასაციო საჩივარი არა ცნო იმავე საფუძვლებით, რითაც სარჩელი და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსიტარციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

მე-3 პირების ქ. თბილისის საკრებულოს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭურეს და მოითხოვეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კასატორის განმარტებას ცსკოს მიერ დედნის სახით წარმოდგენილი ოქმების სიყალბის თაობაზე. კერძოდ, თავად კასატორის მიერ მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხმის დათვლის შედეგების ოქმების დიდი ნაწილი ხელმოუწერელია და არც ერთი მათგანი დამოწმებული არ არის სათანადო წესით. მითითებული დოკუმენტები არა თუ არ პასუხობენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, არამედ სასამართლოსათვის შეუძლებელია მათი წარმომავლობის დადგენა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარმოდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ აქვე კასატორის ყურადღებას მიაქცევს ამავე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია სათანადო ფორმის დაუცველად და რომელთა წარმომავლობასაც კასატორი ვერ ადასტურებს სასამართლოს მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული მიჩნეულ იქნეს ცსკოს მიერ დედნის სახით წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხმის დათვლის შედეგები ოქმების სიყალბის დადგენის საფუძვლად.

2. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ცსკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს სოციალისტური პარტიის 3, 4, 6, 8, 10 ივნისის, 25 და 28 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის საჩივრები.

საკასაციო სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა საქმეშიც მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ყველა საჩივარი და უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი (კერძოდ, 3, 4, 8, 10 ივნისსა და 25 ოქტომბერს) ცსკოში წარდგენილია ცსკოს წევრის ბ-ნ დ. დ.-ის მიერ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსახვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.

ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამდენად, ბატონ დ. დ.-ის სახელით წარდგენილი საჩივრების განუხილველობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცსკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევად.

ხოლო, რაც შეეხება ცსკოში 28 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივრებს, სადაც ძირითადად აპელირება კეთდება ამომრჩეველთა არასრულ სიებსა და დაკარგული ბიულეტენების ოდენობაზე, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მიღებული და განხილულია.

ცსკოს სხდომის ოქმით 01.11.02 ¹67/2002 დადგენილია, რომ ცსკო გაეცნო საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის ნ. შარიქაძის განცხადებას თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკრებულოს არჩვენების გადათვლის შედეგად გამოვლენილი უხეში დარღვევის გამოვლენის გამო თითოეული უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე. საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის განცხადებაში მოყვანილი დარღვევები არ ყოფილიყო მიჩნეული უხეშ დარღვევად.

საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდის, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციას და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელში საუბარია “საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე", რაც, თავისთავად, არ გამორიცხავს საჩივრის უარყოფას. აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორის მხრიდან საფუძველს მოკლებულია საკითხის წარმოდგენილი სახით დაყენება.

3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობებს იმ მოტივით, რომ 397 საარჩევნო უბნიდან, გადათვლის შედეგად, 72 უბანს არ გააჩნია ამომრჩეველთა ძირითადი სია.

საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სიების შედგენასთან დაკავშირებული სარჩელი სიების შედგენიდან 5 დღის ვადაში წარედგინება რაიონულ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საგულისხმოა, რომ სასამართლოში საარჩევნო უბნებზე საარჩევნო სიების არარსებობის მოტივით სარჩელი წარდენილი არ ყოფილა. მოცემულ ეტაპზე კი ზემოაღნიშული მუხლის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამომრჩეველთა ძირითადი სიების არარსებობის ფაქტზე და/ან აღნიშნული ჩათვალოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია სარჩელის მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ" პუნქტის საფუძველზე ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრისა და დანიშვნის თაობაზე.

საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის, მერიის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა, სულ ცოტა 1/3.

კასატორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა საფუძველს დაედგინა ქ. თბილისის არჩევნებში ამომრჩეველთა 1/3-ზე ნაკლების მონაწილეობის ფაქტი და რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ქცეულიყო ქ. თბილისის თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების საფუძვლად.

აქვე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარში (კასატორის) ადგილი აქვს სარჩელის საგნისა და საფუძვლის შეუთავსებლობის, კერძოდ, თუ კასატორი სასამართლო მხრიდან ითხოვს ქ. თბილისის არჩევნების არშემდგარად ცნობის ფაქტის აღიარებას, მაშინ გაუგებარი ხდება მისი მხრიდან 4% ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოულიცო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალისტური პარტიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.