Facebook Twitter

¹ბ-264-5-03 4 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. ქადაგიძე (თავმჯდომარე),

მსაჯულები: ნ. ალხანიშვილი,

ქ. ხიზანიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 30 ივნისს გ. თ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, მოითხოვა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2003წ. 2 ივნისის შემაჯამებელი ოქმით დადგენილი შედეგების დამტკიცების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 დეკემბრის ¹9/03 განკარგულება შედეგების შეჯამების თაობაზე და კომისიას დაევალა ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიამ მართლაც მოახდინა საარჩევნო სიების გადამოწმება, რის შედეგადაც არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა ახალი შეჯამებული ოქმი და საქართველოს პარლამენტის წევრი არჩეულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ახალი შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ წარედგინა ცსკოს, რომელიც, გაუგებარი მიზეზების გამო, მართალსაწინააღმდეგოდ თავს არიდებს არჩევნების შედეგების საბოლოო დამტკიცებას.

იმაზე მითითებით, რომ აქტის გამოცემა არ საჭიროებს დამატებით გარემოებათა გამოკვლევას, მოსარჩელე მოითხოვს მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ.-ის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესის დარღვევით და განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციით იხილავს საარჩენო დავებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საარჩევნო კოდექსით წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ქვემდებარეს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 77-ე მუხლი შეიცავს იმ კატეგორიის დავების სრულ ჩამონათვალსა და განხილვის ზუსტ ვადებს, რომელიც, ქვემდებარეობის პრინციპიდან გამომდინარე, განეკუთვნება პირველი ინსტანციით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომელიც თავისი არსით არ განეკუთვნება საარჩევნო კოდექსის მითითებული მუხლით რეგლამენტირებულ არც ერთ შემთხვევას (აღნიშნულს ვერ უთითებს თავად მოსარჩელეც).

ამასთან, საგულისხმოა, რომ სარჩელის განხილვისა და დაკმაყოფილების მექანიზმები დადგენილი და განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით და არა საარჩევნო კოდექსით, რაც საარჩევნო კოდექსის I მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა უფლებამოსილი არ არის, პირველი ინსტანციის წესით განიხილოს მითითებული სარჩელი და საქმე, საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეექვსე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის I-II ნაწილებით, სსკ-ს 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. თ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.