გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბ-499-9-ა-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილება და ლიკვიდირებული იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატამ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და გადაწყვეტილება გამოიტანა ლიკვიდირებული იურიდიული პირის სახელზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება, სსკ-ს 427-ე მუხლის საფუძველზე, რადგან სასამართლოს საქმის განხილვაში არ ჩაურთავს და სხდომაზე არ მოუწვევია ლიკვიდირებული სამინისტროს სამართალმემკვიდრე – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ე. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ არის დასაშვები და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ არსებობს სკ-ს 422-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგარძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განმცხადებელი ე. ბ-ე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2003წ. 28 მარტის საქართველოს კანონზე, რომელიც გაზეთ «ს. რ.» გამოქვეყნდა 2003წ. 13 აპრილს, და მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ლიკვიდირებულ იქნა და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც სასამართლოს პროცესზე არ მოუწვევია და გადაწყვეტილება გამოიტანა ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიმართ.
ე. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 29 ივლისს. რა დროისთვისაც გასული იყო სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რომელიც წარმოადგენს განცხადების დასაშვებობის შემოწმების ერთ-ერთ პირობას. ვინიდან ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გაზეთ ,,ს. რ.” გამოქვეყნების მეორე დღიდან. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო განჩინებით დატოვებს განუხილველად.
ამასთან, პალატის აზრით, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს იმ მხარეს, ვინც სათანადო წესით მოწვეული არ ყოფილა საქმის განხილვაში და არა იმ მხარეს, ვინც მონაწილეობდა საქმის განხილვაში.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მის მიერ მითითებული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კანონი ძალაში შედიოდა გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებისა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ლიკვიდაცია დადგინდა კანონის მე-2 მუხლით, რომელიც ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად ძალაში შევიდა ერთი თვის შემდეგ, ანუ 2003წ. 14 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გამოტანისას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ლიკვიდირებული არ იყო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად იქნეს მიჩნეული და დარჩეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.