გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბ-1098-48-03 17 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე)
მსაჯულები: ს. გამრეკელი,
ლ. გაჩეჩილაძე
დავის საგანი: ცსკოს განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2003წ. 14 ნოემბერს მიიღო განკარგულება ¹145/2003 “კრწანისის ¹4 და ოზურგეთის ¹60 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის თაობაზე.
2003წ. 17 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა მაჟორიტარმა კანდიდატმა დ. ჭ-მა მოპასუხე ცსკოს მიმართ და მოითხოვა ,,კრწანისის ¹4 და ოზურგეთის ¹60 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის თაობაზე ცესკოს 2003წ. 14 ნოემბრის ¹145/2003 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლო სარჩელისა და სადავო აქტის შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი კანდიდატის დ. ჭ-ის სარჩელი ცსკოს ¹145/2003 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეს და იგი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 28-ე პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია ცსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი (ოქმის) დამტკიცების შესახებ ცსკოს განკარგულების გამო სარჩელები. მაჯორიტარი კანდიდატის დ. ჭ-ის სარჩელით გასაჩივრებულია ცესკოს ¹145/2003 განკარგულება, რომელიც არ ეხება არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და ამდენად, სარჩელი უზენაესი სასამართლოს განსჯადი არ არის.
2. სადავო აქტით, ცსკოს ¹145/2003 განკარგულებით ცესკომ საარჩევნო კოდექსის 29-ე და 105-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე დაადგინა კრწანისის ¹4 და ოზურგეთის ¹60 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლა, რომელიც საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში. მაგრამ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლში, რომელიც რიგი საარჩევნო დავების განსჯადობას განსაზღვრავს, არ არის რეგლამინტირებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნის და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ ცსკოს განკარგულების განსჯადობა. ამიტომ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2, მე-5 პუნქტებისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მაჟორიტარი კანდიდატის დ. ჭ-ის სარჩელი ცსკოს ¹145/2003 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რადგან ცსკო, საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით არის უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას და ახორციელებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებაზე კონტროლს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით არ არის საბოლოო და ექვემდებარება გასაჩივრებას, თანახმად საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 26-ე მუხლით, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2, მე-5 პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მაჟორიტარი კანდიდატის დ. ჭ-ის სარჩელი ცსკოს მიმართ, ცესკოს 2003წ. 14 ნოემბრის ¹145/2003 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. საქმის მასალები გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.