¹ბს-33-235-კ-03 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ზ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ...-ის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებდა რომ 1997წ. 1 თებერვლიდან მუშაობდა ...-ის საკრებულოს გამგეობის ეკონომისტად. ადგილობრივი მმართველობისა და თვიმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნ. ი.-ე, რომელმაც მუშაობის დაწყებისთანავე რამდენიმე თანამშრომელს და მათ შორის მასაც განუცხადა, რომ მათი შტატები მოგონილი იყო, რაც დაკავშირებული იყო საკრებულოს ზედმეტ ხარჯებთან და ურჩიათ რომ სამსახურიდან წასულიყვნენ საკუთარი განცხადების საფუძველზე. აღნიშნავდა, რომ მან განთავისუფლების შესახებ განცხადება არ დაწერა. საკრებულოს თავმჯდომარის 2002წ. 11 ნოემბრის ბრძანებით იგი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების მოტივით. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა შტატების შემცირების საფუძველი, რადგან ეკონომისტის საშტატო ერთეული გათვალისწინებული იყო ...-ის საკრებულოს 2002წ. ბიუჯეტში და იგი დამტკიცებული იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე ტ. ზ.-ე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას. მოპასუხე ...-ის საკრებულოს თავმჯდომარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2002 წლიდან მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტის გამიჯვნა, რაც მის დამოუკიდებლობაზე მიუთითებდა. შესაბამისად ბიუჯეტში ფულადი სახსრების მობილიზაცია და გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივას წარმოადგენდა. ეკონომისტის თანამდებობა არ იქნა გათვალისწინებული აპარატის ახალ სტრუქტურაში, რომელიც დამტკიცდა ...-ის საკრებულოს 2002წ. 11 ოქტომბრის დადგენილებით. მოსარჩელის განთავისუფლება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. ზ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაიცო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტ. ზ.-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ...-ის საკრებლოში შტატების შემცირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. კერძოდ, “ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საკრებულოს აპარატის სტრუქტურის დამტკიცების პრეროგატივა საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება და თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს თუ რომელი თანამდებობა არის აუცილებელი და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება საკრებულოს მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.
სააპელაიცო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესახებ და მასთან მიმართებაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის გამოყენების თაობაზე და მიაჩნია, რომ ტ. ზ.-ე სამუშაოდან განთავისუფლებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
ტ. ზ.-ის წარმომადგენელი ლ. ჩ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ...-ის საკრებულოს მიერ სხდომის საჯაროობის პრინციპის დარღვევა აპელანტის მიერ გასაჩივრებული არ იყო არც პირველ ინსტანციაში და არც სააპელაციო საჩივრით და მიაჩნია, რომ სხდომის საჯაროობის პრინციპის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის გაუქმების და სამსახურში აღდგენის საფუძველს. აღნიშნავს, რომ სსკ-ს 83-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებების დამატება, სასამართლოს სარჩელის შეცვლად არ უნდა ჩაეთვალა, და არ უნდა მიეთითებინა, რომ სათანადო მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 390-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2002წ. ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული უნდა ყოფილიყო შტატების შემცირებით განთავისუფლებულ პირზე კანონით დადგენილი კომპენსაციები.
კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ზ.-ის წარომადგენლის ლ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მთავარ სხდომაზე მის მიერ ...-ის თემის საკრებულოს 2002წ. 11 ივლისის სხდომის ¹3 ოქმის, 2002წ. 29 ივლისის ¹12 ბრძანების და 2002წ. 11 ოქტომბრის საკრებულოს სხდომის ¹5 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა წარმოადგენდა სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტებას სსკ-ს 83-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ აღნიშნული მოთხოვნები კასატორს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში არ დაუყენებია. მის მიერ გასაჩივრებული ...-ის საკრებულოს გამგეობის 2002წ. 11 ოქტომბრის ¹19 ბრძანება კი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მასთან მიმართებაში არ უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავი. ვინაიდან ...-ის საკრებულოს გამგეობის 2002წ. 11 ოქტომბრის ¹19 ბრძანება ტ. ზ.-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ წარმოადგენს მოსარჩელესა და ...-ის საკრებულოს შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის-ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და არა ადმინიტსრაციულ აქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ...-ის საკრებულოს ეკისრებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცების ტვირთი ეკისრება ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას და არა ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების ¹19 მიღებისას ...-ის საკრებულო მოქმედებდა ორგანული კანონით (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ) მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და თავისი უფლებამოსილებისათვის არ გადაუჭარბებია. ტ. ზ.-ის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ზ.-ის წარმომადგენლის ლ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდლეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.