გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-36-238-კ-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საპენსიო თანხის გაანგარიშება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 ოქტომბერს ო. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შსს მთავარი სამმართველოს მიმართ, რომელშიც მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1967 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა თბილისის საგზაო პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებში. 2000წ. 1 თებერვლიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნილი იქნა შსს ორგანოებიდან პენსიაზე გასვლის გამო. ფულადი ატესტატის მიხედვით მის მიერ ასაღებმა მთლიანმა თანხამ შეადგინა 1037 ლარი, რაც მისი გაანგარიშებით არ იყო სწორი, რადგან აღნიშნული თანხა დაანგარიშებული იქნა ძირითადი ხელფასიდან (48 ლარი 83 თეთრი) და მხედველობაში არ იქნა მიღებული კვების თანხა 59 ლარის ოდენობით, რამაც ათ თვეში შეადგინა 590 ლარი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ძირითად ხელფასთან ერთად გაცემული, რადგანაც 1997წ. 21 მარტის “საქართველოს შსს ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების 55-ე მუხლის თანახმად, “პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატს და კომპენსაციებს”.
მოსარჩელე თვლიდა, რომ სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, პენსიაზე გასვლისას ერთდროული დახმარება მას უნდა დაანგარიშებოდა ხელფასის მთლიანი ოდენობიდან და არა ძირითადი ხელფასიდან. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 1627 ლარის დაკისრებას.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შს სამინისტროს ქ. თბილისის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საფინანსო განყოფილებას ო. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1037 ლარისა და 42 თეთრის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. შ-მა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მარტის განჩინებით ო. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ო. შ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი მიიჩნევდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ განჩინება მიიღო სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის დარღვევით, საკმაო დასაბუთების გარეშე, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი დაეყრდნო “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში 2000წ. 28 ივნისს შეტანილ ცვლილებებს და მიანიჭა მას უკუქცევითი ძალა სადავო საპენსიო ურთერთობის გადაწყვეტისას. კერძოდ, კასატორი პენსიაზე გავიდა 2000წ. 1 თებერვალს, ანუ 5 თვით ადრე ვიდრე მიიღებდნენ ზემოხსენებულ ცლილებებს. მისი პენსიაზე გადასვლის დროს მოქმედებდა “საქართველოს შსს ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი. ამ მუხლში მოცემულია პოლიციის მუშაკთა “ხელფასის” განმარტება, რომლის თანახმადაც ცნება “ხელფასი” შეიცავს “იმ სასურსათო ულუფის ღირებულებას, რომელიც ნატურით არ იქნა გაცემული”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლიდა, რომ მას, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, 10 თვის ერთდროული დახმარების სახით, ძირითად შრომის ანაზღაურებასთან ერთად დაუყონებლივ უნდა მისცემოდა სასურსათო ულუფის ღირებულებაც.
საოლქო სასამართლომ, კასატორის განმარტებით, საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სკ-ს მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც არ შეიძლებოდა კანონს მისცემოდა უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
საოლქო სასამართლომ სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევით გამოიყენა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში 2000წ. 28 ივნისს შეტანილი ცვლილება, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შსს მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის სამმართველოს საფინანსო განყოფილებისათვის მის სასარგებლოდ 1627 ლარის დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ადასტურებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ “სასურსათო ულუფის ღირებულება” წარმოადგენს ფულად დანამატს, რომელის გაცემაც დასაშვებია ნატურის სახით. ამდენად, შეუძლებელია, პენსიის გაანგარიშებისას აღნიშნული იქცეს ხელფასის შემადგენელ უცლვლელ კომპონენტად.
საგულისხმოა, რომ “სასურსათო ულუფის” ღირებულების თანხამ, როგორც ხელფასის შემადგენელმა ელემენტმა, ასახვა ვერ ჰპოვა “პოლიციის შესახებ” კანონში, რომლის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილშიც განისაზღვრა, რომ “პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურების დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს”.
“სასურსათო ულუფის” თანხამ თავისი ასახვა ჰპოვა “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებაში”, რომლის 55-ე მუხლითაც განისაზღვრა, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურების დანამატს, “სასურსათო ულუფის ღირებულებას” ... საყურადღებოა, რომ ამავე მუხლში გაკეთებული იქნა სპეციალური დათქმა, რომლის შესაბამისადაც, ულუფის ღირებულების შეტანა დასაშვებად იქნა მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაცემული არ იყო ნატურით.
ამდენად, მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ “სასურსათო ულუფის” ღირებულება პოლიციის თანამშრომლისათვის წარმოადგენდა ე.წ. კვების კომპენსაციას, რომელიც გათვალისწინებული ვერ იქნებოდა პენსიის დაანგარიშებისას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მუხლის ამგვარი განმარტების მართებულობა დადასტურებული იქნა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლის 31-ე მუხლის შესაბამისადაც განისაზღვრა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა თუ კომპენსაციებს.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება მიღებულია სათანადო შეფასების შედეგად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. შ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.