Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-47-246-კ-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოწინააღმდეგე მხარე მ. პ-ა 1978 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1996 წლიდან კი იყო ქ. თბილისის ისნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი.

შსს-ს 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანებით სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას დაშვებული უხეში პროცესუალური დარღვევებისათვის, მინდობილი საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და დაბალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის ისნის რაიონის განყოფილების გამომძიებელი მ. პ-ა გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დადგინდა, რომ იგი გამოყენებული ყოფილიყო არასაგამოძიებო მიზნით, რაც უკანონოდ მიიჩნია მ. პ-ამ და 1997წ. 21 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოში. შსს 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანების საფუძველზე, იმავე წლის 30 აპრილს გამოიცა ¹196 პ/შ ბრძანება, რომლითაც პოლიციის კაპიტანი მ. პ-ა გათავისუფლდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ისნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის თანამდებობიდან და 18 მარტიდან მივლინებული იქნა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანებით, “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის „ე” პუნქტისა და შს მინისტრის 1996წ. ¹642 ბრძანების საფუძველზე, პოლიციის კაპიტანი მ. პ-ა დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.

მ. პ-ას სარჩელი არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა მიერ. ბოლოს, 2000წ. 24 მარტის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. პ-ას სარჩელი შს საგამოძიებო დეპარტამენტის ისნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელე აღდგენილი და ჩარიცხული იქნა შინაგან საქმეთა კადრების განკარგულებაში წოდებისა და ნამსახურების განაცურის გათვალისწინებით სხვა თანამდებობაზე დაკმაყოფილების მიზნით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ამ და მოითხოვა გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა, ხოლო მეორე პუნქტში მოითხოვა ცვლილების შეტანა. კერძოდ, მისი აღდგენა შს ორგანოებში წოდებისა და ნამსახურობის განაცდურის გათვალისწინებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შს მინისტრის 1997წ. 18 მარტის ¹188, 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანება, თბილისის შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანება, მ. პ-ა აღდგენილი იქნა შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. პ-ა იყო პოლიციის თანამშრომელი და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, თანახმად ამავე კანონის მე-11 მუხლისა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შს მინისტრის 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან მ. პ-ას მიერ გადაცდომის ჩადენის დროისათვის მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 4 მაისის ¹530 დადგენილებითა და საქართევლოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური სასჯელის დადებას 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც უფროსისათვის ცნობილი გახდა გადაცდომის შესახებ. შსს-სათვის, სააპელაციო პალატის განმარტებით, მ. პ-ას მიერ ჩადენილი გადაცდომის შესახებ ცნობილი გახდა 1996წ. 31 ოქტომბერს, თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს განჩინებით გ. ზ-ის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას. ამდენად, დისციპლინური სასჯელი მ. პ-ას მიმართ გამოყენებული იქნა 10-დღიანი ვადის გასვლიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ბრძანებაში დასაბუთებული არ იყო, თუ რაში მდგომარეობდა მ. პ-ას მიერ საქმეთა გამოძიებისას დაშვებული პროცესუალური დარღვევები, გარდა ორი სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისა და გ. ზ-ის 7 თვის უკანონო პატიმრობისა. საქმეში არსებული თბილისის საგამოძიებო სამმართველოს სტატისტიკური განყოფილების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1996-97 წლებში ისნის რაიონში უკანონო პატიმრობას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შს მინისტრის 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანება მ. პ-ას გათავისუფლებისა და მისი თბილისის შს მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მივლინების თაობაზე, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად უდევს შსს-ს 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შსს-ს მოსაზრება მ. პ-ას სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, რადგან მ. პ-ა მუშაობას აგრძელებდა დაკავებულ თანამდებობაზე, ასრულებდა გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მიიღო 1997წ. მარტისა და აპრილის თვის ხელფასი, სადავო ბრძანების შესახებ კი მისთვის ცნობილი გახდა 1997წ. მაისში. მ. პ-ამ სარჩელი აღძრა 1997წ. 21 მაისს, ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

რაც შეეხება შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანებას, სააპელაციო პალატის მითითებით იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან მას საფუძვლად უდევს შს მინისტრის 1996წ. 29 ივლისის ¹642 ბრძანება, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნათა საფუძველზე შს ორგანოებიდან დათხოვნილი უნდა იქნენ 1991-1994 წლებში კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანილი თანამშრომლები. ამ პერიოდში კი მ. პ-ა მუშაობდა შს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად და კადრების განკარგულებაში არ ყოფილა აყვანილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს-მ და შემდეგი მოტივით მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. პ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:

კასატორის განმარტებით, მ. პ-ას გამომძიებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო თბილისის საგამოძიებო სამმართველოს 1997წ. 14 თებერვლის დასკვნა 1996წ. 25 მაისიდან 1997წ. 14 თებერვლამდე გაწეული მუშაობის შესახებ, ოპერატიული თათბირის 1997წ. 29 იანვრის და 19 თებერვლის ¹2 და ¹4 ოქმები, ისნის რაიონის პროკურატურის 1997წ. 18 თებერვლის წარდგინება მ. პ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას დაშვებული პროცესუალური ნომების უხეშ დარღვევებზე.

1997-99 წლებში მ. პ-ას არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა სამსახურში ოფიცრის თანამდებობები არასაგამოძიებო ხაზით, რაზეც იგი უარს აცხადებდა, რის გამოც თბილისის შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან, შს მინისტრის 1996წ. ¹642 ბრძანების საფუძველზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტები და 394-ე მუხლის “ე” პუნქტი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. პ-ას მიერ დარღვეული იქნა “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე და “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 73-ე მუხლები, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ. მ. პ-ა შს ორგანოებიდან დათხოვნილი არ ყოფილა, იგი გათავისუფლებული იქნა გამომძიებლის თანამდებობიდან სხვა სამსახურში გამოყენების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. პ-ას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ ჰქონდა.

კასატორის აზრით, არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან 1997წ. მარტიდანწ. ბოლომდე მ. პ-ას არცერთი საქმე არ გამოუძიებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი მუშაობას არ განაგრძობდა. ხოლო რაც შეეხება მის მიერ ხელფასის აღების ფაქტს, კასატორის განმარტებით, “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, შტატგარეშედ დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია, აღნიშნული ვადის გასვლამდე კი უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. ამდენად, მ. პ-ას დებულების მე-12 მუხლის თანახმად უნდა მიეღო ხელფასი.

მ. პ-ს მიერ დარღვეული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო 1997წ. 18 მარტს გათავისუფლების შესახებ, მას არაერთხელ შესთავაზეს შესაფერისი ტოლფასი თანამდებობები, ხელფასისა და სხვა მდგომარეობის გათვალისწინებით, რაზეც მ. პ-ამ უარი განაცხადა. მან სასამართლოში სარჩელი აღძრა ნაცვლად 1997წ. 18 აპრილისა, 21 მაისს ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის დარღვევით.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მ. პ-ას მიმართ დარღვეული იქნა “შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლი, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მ. პ-ა იყო გამომძიებელი, მის მიერ დარღვეული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ნორმები, რის გამოც საქმეზე საბოლოო შედეგის დადგომამდე მ. პ-ას დასჯის საკითხი ვერ გადაწყდებოდა. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 45-ე მუხლის მე-14 პუნქტი და მე-9 მუხლი.

შსს-ს საკასაციო საჩივარი არ ცნო მ. პ-ამ, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შსს-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. პ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი შსს 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანება, საქართევლოს შსს 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანება, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანება მოსარჩელის შსს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართვეოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე. სააპელაციო პალატამ დავის განხილვის დროს იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით და საქართველოს პრეზიდენტის ¹139 ბრანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებით.

სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებებს ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას კანონი, ანუ სასამართლომ გამოიყენა თუ არა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან ხომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ მ. პ-ას საქმის გადაწყვეტისას სწორედ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები დაარღვია და გამოიყენა კანონი, ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა („ბ” ქვეპუნქტი) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა („ა” ქვეპუნქტი). კერძოდ:

ა) სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რადგან მოსარჩელე მ. პ-ა იყო შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ისნის რაიონის განყოფილების გამომძიებელი ანუ პოლიციის თანამშრომელი, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, თანახმად ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. პ-ას სარჩელი აღძრული ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში.

„ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი, როგორც წესი, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ დადგენილია ამ ნორმატიული აქტით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, ამავე კანონის 137-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამოქმედდა 1997წ. 1 დეკემბრიდან. ამდენად, მ. პ-ას დათხოვის შესახებ” შს სამინისტროს 1997წ. 18 მარტის და 30 აპრილის სადავო ბრძანებების გამოცემის დროს „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ მოქმედებდა, ამიტომ სასამართლოს იგი არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე;

ბ) რადგან სადავო აქტების გამოცემისა და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არ მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, ხოლო „პოლიციის შესახებ” 1993წ. კანონით არ იყო რენლამენტირებული შსს ორგანოებიდან თანამშრომლის დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა, ამიტომ მ. პ-ას სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შკკ-ს 204-ე მუხლი პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქმეებზე ასევე აწესებდა ერთთვიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან. დავის მრავალი წლის განმავლობაში განხილვის მიუხედავად, კასატორს სასამართლოში არ წარმოუდგენია სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შსს 1997წ. 18 მარტის ¹188 და 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანების მ. პ-ასათვის ჩაბარების ან მისთვის ოფიციალურად გამოცხადების დამადასტურებელი მტკიცკბულება, ამიტომ საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ხანდაზმულობის ვადის დაცვით სარჩელის აღძვრის თაობაზე, რადგან სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბრძანებების მიუხედავად მ. პ-ა აგრძელებდა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას, მიიღო 1997წ. მარტის და აპრილის ხელფასები, სადავო ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 1997წ. მაისის დასაწყისში და იმავე წლის 21 მაისს 1 თვის ვადაში აღძრა სარჩელი;

გ) სააპელაციო სასამართლომ მ. პ-ას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ¹188 და ¹196 პ/შ ბრძანებების კანონიერების საკითხის გადაწყვეტისას, მართალია, მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 4 მაისის ¹530 დადგენილებით დამტკიცებულ დროებით დებულებაზე „შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ”, მაგრამ დავის არსებითი გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინური სასჯელის დადებას 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან როცა უფროსისათვის ცნობილი გახდა მომხდარი გადაცდომის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. პ-ას მიერ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების დროს ჩადენილი პროცესუალური გადაცდომების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1996წ. 31 ოქტომბერს, როდესაც თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს განჩინებით გ. ზ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. პ-ას მიმართ დისციპლინური სასჯელი გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც ბათილად ცნო შსს 1997წ. ¹188 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული ¹196 პ/შ ბრძანება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსწორობის გამო და თვლის, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹139 ბრძანებულების 45-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 1992წ. 4 მაისის ¹530 დადგენილებით დამტკიცებული „შს ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ” დროებითი დებულება, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

როგორც უკვე აღინიშნა, „ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მიხედვით, ნორმატიული აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან. სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება მიღებულია 1997წ. 17 მარტს, მ. პ-ას დათხოვის შესახებ პირველი სადავო ბრძანება ¹188 კი გამოცემულია 1997წ. 18 მარტს, ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ამოქმედებამდე, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულებით, არამედ უნდა გამოეყენებინა იმ მომენტისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 1992წ. ¹530 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულება. აღნიშნული დებულების 58-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის ან მაკომპრომეტირებელი გადაცდომის ჩადენისათვის შსს თანამშრომებისათვის სხვა დისციპლინურ სასჯელებთან ერთად გათვალისწინებული იყო ასევე შს ორგანოებიდან დათხოვნაც. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი იმპერატიულად მიუთითებდა: „შს ორგანოების მუშაკს არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია ერთი წელი, ან თუ ამგვარ ქმედებას დენადი ხასიათი აქვს, მისი გამოვლენის შემდეგ გასულია 2 თვე”. ამდენად, მ. პ-ს გათავისუფლების შესახებ სადავო ¹188 ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი დროებითი დებულების 58-ე მუხლი კრძალავდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მუშაკის დასჯას. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლოც იზიარებს, რომ გამოძიების დროს ჩადენილი პროცესუალური დარღვევების გამო გ. ზ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ კასატორისათვის (შსს შესაბამისი უწყებებისათვის) ცნობილი იყო 1996წ. 31 ოქტომბერს, ხოლო ამ საქმესა (გ. ზ-ის საქმე) და გ-ი-დ-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში მ. პ-ას მიერ დაშვებული პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევისათვის, საქმეთა არასრულყოფილი გამოძიებისათვის გამომძიებელი მ. პ-ა ზემოაღნიშნული დარღვევების გამოვლენიდან 1 წლის ვადაში იქნა გათავისუფლებული შს მინისტრის სადავო 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანებით, რაც საკასაციო პალატის აზრით, კანონიერია, შეესაბამება ზემოაღნიშნული დროებითი დებულების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას და სააპელაციო სასამართლოს მიერ ¹188 ბრძანების ბათილად ცნობა 10-დღიანი ვადის დარღვევის მოტივით აშკარად უსწოროა და უნდა გაუქმდეს.

დ) სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო ასევე მ. პ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შს მინისტრის 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანება, რადგან გამოცემული იყო ბათილად ცნობილი ¹188 ბრძანების საფუძველზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან არ არსებობს მ. პ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ამიტომ კანონიერია მის საფუძველზე გამოცემული ¹196 პ/შ ბრძანებაც და ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს მ. პ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობას, შსს-ს 1996წ. ¹642 ბრძანების საფუძველზე, მ. პ-ას დათხოვნის შესახებ, უსწოროა და ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ¹29 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და უცვლელი უნდა დარჩეს.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, შსს-ს 1997წ. 18 მარტის ¹188 და 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანებების ბათილობისა და მ. პ-ას შსს საგამოძიებო დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუქტების საფუძველზე, რადგან სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შსს-ს 1997წ. ¹188 და ¹196 პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობისა და შსს საგამოძიებო დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მ. პ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ხოლო 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შსს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შსს 1997წ. 18 მარტის ¹188 და 1997წ. 30 აპრილის ¹196 პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობისა და მ. პ-ას შსს საგამოძიებო დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში;

3. მ. პ-ას სარჩელი შსს 1997წ. 18 მარტის ¹188 და 1997წ. 30 აპრლის ¹196 პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობისა და შსს საგამოძიებო დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე მისი აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს 1999წ. 3 ივნისის ¹29 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩეს უცვლელი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.