Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-53-58-კს-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 ივნისს კერძო საჩივრის ავტორის მეუღლემ – მ. გ-მ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ა. ნ-ას უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი, ქ. ფოთში ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ფეხსამცლის რეალიზაციის ჯ-ის გამოთხოვა და სკ-ს 408-ე მუხლის საფუძველზე, პ. ლ-ას მიერ მიყენებული ზიანის 2600 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1980წ. აპრილიდან მუშაობდა ფოთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოში ფეხსაცმლის ...ად. სამმართველოს ხელმძღვანელობის თანხმობით, მან საკუთარი სახსრებით, ავტოსადგურის ტერიტორიაზე განათავსა 12 კვ.მ ფართის ფეხსაცმელების სამკერვალო სახელოსნო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსარჩელე 1989 წლიდან 1997 წლამდე სამკურნალოდ იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. 1992 წელს მისი ჯ-ი გადაეცა ნ. ნ-ას, რომელმაც 1996 წელს მოახდინა ჯ-ის პრივატიზება. მოსარჩელემ მოითხოვა ჯ-ის დაბრუნება.
2002წ. 23 აგვისტოს მ. გ-ს მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. ფოთის სანოტარო ბიუროს მიერ დამოწმებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ 1996წ. 26 თებერვლის ¹84 ხელშეკრულების, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ნ. ნ-ას სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹46/107, ფოთის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ ი. ნ-აზე გაცემული 36,6 კვ.მ ფართის სავაჭრო ობიექტის მოწყობის შესახებ ნებართვის, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ ნ. ნ-აზე საჯარო რეესტრში 41,3 კვ.მ ფართის მიწის გატარებისა და საკადასტრო რუქის ბათილად ცნობა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად ი. ნ-ას უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ჯ-ის გამოთხოვა, 408-ე მუხლის საფუძველზე პ. ლ-ასათვის აპელანტის სასარგებლოდ 2600 ლარის დაკისრება და მისი დამატებითი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება, რომლითაც მოითხოვა ნ. ნ-ას სახელზე განხორციელებული პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, 2003წ. 9 აპრილს გარდაიცვალა აპელანტი (მოსარჩელე) მ. გ-ა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მ. გ-ს გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ ერთ-ერთ მხრედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. რადგან მ. გ-ა სადავოდ ხდიდა ნივთის პრივატიზებას იმ მოტივით, რომ აღნიშნული მას ეკუთვნოდა, სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია დავაში მ. გ-ს უფლებამონაცვლის ჩართვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იქნა მ. გ-ს მეუღლის – ზ. გ-ს მიერ, რომელმაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება და დავის არსებითად განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინებით ზ. გ-ს კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და სსკ-ს 417-ე მუხლის საფუძველზე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზ. გ-ს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაზე ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეტანილი იქნა საკასაციო საჩივარი, რაც სამართლებრივად წარმოადგენს კერძო საჩივარს. საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ჯ-ი არის სახელმწიფო საკუთრება, რომელიც პრივატიზებული იქნა ნ. ნ-ას მიერ. იმის გამო, რომ სადავო ჯ-ი არ ეკუთვნოდა მ. გ-ს და არ არსებობდა პრივატიზაციის გაუქმების საფუძველი, სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია დავაში ზ. გ-ს უფლებამონაცვლედ ჩაბმა. პალატამ აქვე განმარტა, რომ უფლებამონაცვლეობა დასაშვები იქნებოდა, სადავო ჯ-ი მ. გ-ს საკუთრება რომ ყოფილიყო.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ს კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება აპელანტ (მოსარჩელე) მ. გ-ს გარდაცვალების გამო, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზების კანონიერების თაობაზე წამოჭრილ დავებში საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, რასაც საკასაციო პალატა უსწორობის გამო ვერ გაიზიარებს.
სსკ-ს 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის, მაგ. მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ამასთან, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად კი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების გამო, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაც-ვლეობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, რომელიც მხარის გარდაცვალების დროს საქმის წარმოების შეწყვეტას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საპროცესო უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან, მისი სპეციფიურობიდან გამომდინარე, მაგ. განქორწინების, სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავების შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობას არ წარმოადგენდა ამგვარი სპეციფიური, კონკრეტულ მხარესთან პერსონალურად დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ჯ-ის გამოთხოვა და ჯ-ის პრივატიზება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინდიკაციურ და პრივატიზებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სსკ-ს 92-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობა, რადგან დავა ქონებრივ უფლებებზეა, რაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მასას წარმოადგენს, სკ-ს 1328-ე მუხლის თანახმად. ამიტომ, საკასაციო სასამართლოს აზრით, ასეთ დავებზე დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობა და საქმის წარმოების შეწყვეტა სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე დაუშვებელია. ამასთან, სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის მოტივად თავის 2003წ. 13 მაისის განჩინებაში მიუთითა ის გარემოება, რომ არ არსებობს ამ სადავო პრივატიზების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს ვერ გაიზიარებს, რადგან სადავო პრივატიზების კანონიერება-უკანონობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქმის არსებითი განხილვის დროს და ეს არგუმენტი საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი კი არ იქნება, არამედ შეიძლება იყოს, უსაფუძვლობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივი. ვინდიკაციურ სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ უფლებამონაცვლეობა დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჯ-ი მ. გ-ს საკუთრება იქნებოდა და მის გამოთხოვას მოითხოვდა უკანონო მფლობელობიდან, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან ჯ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე მოთხოვნის ძირითად საფუძვლად გარდაცვლილი მოსარჩელე სწორედ იმ გარემოებას ასახელებდა, რომ სადავო ჯ-ი ფოთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს თანხმობით, მან საკუთარი სახსრებით განათავსა ავტოსადგურის ტერიტორიაზე და სადავო ჯ-ი მართლაც იყო თუ არა მ. გ-ს საკუთრება და ნ-ას უკანონო მფლობიდან ჯ-ის გამოთხოვის შესახებ სარჩელი დასაბუთებულია თუ არა, ასევე უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებითი განხილვის დროს და ეს მოტივი საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ვერ იქნება.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ზ. გ-ს კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მ. გ-ს გარდაცვალების გამო, დავის არსიდან გამომდინარე დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მცდარი განმარტების გამო არასწორად იქნა შეწყვეტილი საქმის წარმოება. ამიტომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები მ. გ-ს გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსკ-ს 279-ე და 281-ე მუხლების “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს მ. გ-ს საპროცესო უფლებამონაცვლის (მემკვიდრე) დადგენამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 272-ე, 279-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინება მ. გ-ს სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ამავე პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება;
3. მ. გ-ს საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდეს საქმის წარმოება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.