გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-53-58-კს-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინებით, სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება შუამდგომლობის ავტორის ზ. გ-ას მეუღლის მ. გ-ას გარდაცვალების გამო, რომელიც საქმეში მოსარჩელეს (აპელანტს) წარმოადგენდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზების კანონიერების თაობაზე წამოჭრილ დავებში საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება მ. გ-ას გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რადგან საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის არსიდან გამომდინარე სახელმწიფო ქონების პრივატიზების კანონიერებაზე წამოჭრილ დავებში, როგორც სხვა ქონებრივ დავებში, დასაშვები იყო საპროცესო უფლებამონაცვლეობა. საკასაციო პალატამ სსკ-ს 279-ე და 281-ე მუხლების “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა საქმეზე წარმოება მ. გეთიას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2003წ. 2 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა ზ. გ-ამ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმა და საქმის წარმოების განახლება. მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობის მიზნით, მან სასამართლოს წარუდგინა მ. გ-ას გარდაცვალებისა და მათი ქორწინების მოწმობები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზ. გ-ას შუამდგომლობისა და წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ზ. გ-ას შუამდგომლობა მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო. სახელდობრ, ზ. გ-ამ მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობისათვის წარმოადგინა მ. გ-ას გარდაცვალების მოწმობის ასლი, გაცემული ქ. ფოთის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ, რომლითაც დასტურდება რომ მ. გ-ა გარდაიცვალა 2003წ. 9 აპრილს. გარდაცვალების მოწმობის ასლი ზ. გ-ას წარმოდგენილი ჰქონდა ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. ზ. გ-ამ წარმოადგინა მ. გ-ასთან ქორწინების მოწმობაც. მართალია, სკ-ს 1336-ე მუხლის მიხედვით პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეა გარდაცვლილის მეუღლე, მაგრამ ამავე ნორმის თანახმად პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს წარმოადგენენ აგრეთვე გარდაცვლილის შვილები და მშობლები. შესაბამისად მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლედ შეიძლება საქმეში ჩაებნენ გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სკ-ს 1499-ე მუხლის მიხედვით, პირის მემკვიდრეობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სანოტარო ორგანოს მიერ მემკვიდრეებზე გაიცემა სამკვიდროს გახსნის დღიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალება) 6 თვის ვადაში. ვინაიდან ზ. გ-ას არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საკასაციო პალატა მას ვერ ცნობს მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ და ამიტომ ზ. გ-ას შუამდგომლობა საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 279-ე, 281-ე მუხლების “ა” ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. გ-ას შუამდგომლობა მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.