გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-59-255-კ-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 25 ნოემბერს ნ. და გ. რ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ფოთის ნავსადგურის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ 30000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელეები სარჩელის მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებზე: 1995წ. სექტემბერში, ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობის მიერ, მათი შვილი დ. რ-ე სხვა 26 ქართველ ახალგაზრდასთან ერთად 4 წლით გაგზავნილი იქნა ბულგარეთის ქ. ვარნის გემთსამშენებლო და გემთსანაოსნო ტექნიკუმში სასწავლებლად. სწავლების პერიოდში, 1997წ. 6 ივლისს იგი ვერაგულად იქნა მოკლული ბულგარეთის მოქალაქე გ. ხ-ის მიერ. მოსარჩელეები თვლიდნენ, რომ მათი შვილის დაღუპვაში ბრალი მიუძღოდა ნავსადგურის ხელმძღვანელობას, რადგან ბულგარეთში ბავშვების სასწავლებლად გაგზავნა მოხდა ქაოსურად, იურიდიული დოკუმენტაციისა და სათანადო ორგანოებთან (განათლების სამინისტრო, სამხედრო კომისარიატი) შეთანხმების გარეშე. ნავსადგურის ხელმძღვანელობა არ ზრუნავდა მოსწავლეთა სწავლისა და საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფაზე, რამაც გამოიწვია მათი შვილის უბინაოდ დატოვება და შემდეგ დაღუპვა. თუ მათი შვილი არღვევდა სასწავლო დისციპლინას, მაშინ ნავსადგურის ადმინისტრაცია ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გამოეწვია იგი ბულგარეთიდან, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული უბედური შემთხვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ ფოთის ნავსადგურისაგან ზიანის სახით 30000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ არ ცნო სარჩელი და განმარტა:
1995წ. ივლისში ფირმა ,,ი.» მეშვეობით, რომელთანაც ფოთის ნავსადგურს ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე დადებული ჰქონდა ხელშეკრულება, ნავსადგურის ადმინისტრაციამ მიიღო ქართველ ბავშვთა მოწვევა ბულგარეთის ქ. ვარნაში არსებულ საზღვაო ტექნიკუმში. სასწავლებლად შეირჩა 27 მსურველი, ძირითადად ნავსადგურის მუშაკთა შვილები. სწავლის თაობაზე ფირმა ,,პ. ლ.»-სა და ტექნიკუმს შორის 1995წ. 17 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება, რის შედეგადაც იმავე წელს მსურველები გაიგზავნენ ქ. ვარნაში.
1995წ. დეკემბერში ფირმა ,,პ. ლ.»-საგან ნავსადგურის ადმინისტრაციამ მიიღო შეტყობინება ზოგიერთი მოსწავლის უდისციპლინო ქცევის თაობაზე, რის გამოც ადმინისტრაცია მომდევნო 1996/97 სასწავლო წელს აღარ აპირებდა მოსწავლეთა ქ. ვარნაში გაგზავნას, მაგრამ 1996წ. ივლისის თვეში ნავსადგურის ადმინისტრაციამ ქ. ვარნაში წარგზავნილ მოსწავლეთა მშობლებისაგან მიიღო სამადლობელი წერილი (რომელსაც ხელს აწერდა დ. რ-ის მშობელიც), რომლებიც კოლექტიურად და დაჟინებით ითხოვდნენ ნავსადგურის ადმინისტრაციას მოსწავლეებისათვის მიეცა ქ. ვარნის ტექნიკუმში სწავლის გაგრძელების საშუალება. აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციის მიერ განხილული იქნა მშობელთა თანდასწრებით და მიიღო დადგენილება მოსწავლეთა ვარნაში გაგზავნის შესახებ.
სწავლების მეორე კურსზე ბულგარეთის ქ. ვარნის სანავიგაციო ტექნიკუმის სავალუტო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით, 1996წ. 26 ივლისს დაიდო ხელშეკრულება ფოთის ნავსადგურსა და საზღვაო ტექნიკუმს შორის. ასევე ხელშეკრულება უფლება-მოვალეობის შესახებ დაიდო მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ დ. რ-ე და მისი მშობლები.
1997წ. 6 ივლისს ქ. ვარნაში ბულგარეთის მოქალაქე გ. ხ-ის მიერ მოკლული იქნა საქართველოდან გაგზავნილი ერთ-ერთი მოსწავლე დ. რ-ე.
ნავსადგურის ხელმძღვანელობამ გაიღო ცხედრის ჩამოსვენების, დაკრძალვის, ორმოცისა და ბულგარეთში მივლინების ხარჯები. ადმინისტრაციამ დაზარალებულის მიერ შერჩეულ ადვოკატთან დადო ხელშეკრულება დ. რ-ის საქმის გამოძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით. სულ ნავსადგურის ადმინისტრაციამ დაზარალებულზე გასცა 11078,70 ლარი და 2500 აშშ დოლარი.
მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მას არანაირი ბრალი არ მიუძღოდა დ. რობაქიძის მკვლელობის საქმეში. მათ არ შეეძლოთ კურსანტების უკან გამოწვევა, რადგან მათი ტექნიკუმიდან გარიცხვა წარმოადგენდა სასწავლებლის პრეროგატივას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნავსადგურს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 1999წ. 17 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის ნავსადგურმა. საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ ფოთის საქალაქო სასამართლომ მიმართა აღმასრულებელს და მოითხოვა 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რის მიუხედავადაც, აღმასრულებლის მიერ მოხდა ნავსადგურის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა და მოსარჩელეებზე გადაცემა.
ახალი სსკ-ს მიღების გამო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 16 ივლისის განჩინებით, ნავსადგურის საკასაციო, საჩივარი საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის გასვლის მოტივით, დატოვებული იქნა განუხილველად.
ნავსადგურის ადმინისტრაციის კერძო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 17 სექტემბრის განჩინებით გაუქმებული იქნა ზემოაღნიშნული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქცა სხვადასხვა სასამართლოების განხილვის საგნად.
საბოლოოდ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ნავსადგურისათვის 30000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ხოლო ნავსადგურის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესით გადახდილი 18400 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ფოთის ნავსადგურის მიერ, მხოლოდ მისთვის 18400 ლარის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 21 მარტის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაბურუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ ,,ფოთის ნავსადგური»-ს საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
დაკმაყოფილდა სსიპ ,,ფოთის ნავსადგურის» მოთხოვნა და მოსარჩელეებს ნ. და გ. რ-ებს დაეკისრათ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესით მიღებული 16400 ლარის სსიპ ,,ფოთის ნავსადგურისათვის» დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სსიპ ,,ფოთის ნავსადგურს» რაიმე ბრალი არ მიუძღვის ნათელა და გრიგოლ რ-ებისათვის მათი შვილის გარდაცვალებით მიყენებულ ზიანში.
სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 7 თებერვლის მომართვითა და თანდართული მასალების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1999წ. 14 მაისის სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო საქმეში არ მოიპოვებოდა, საიდან გამომდინარეც ჩათვალა, რომ მტკიცებულების არარსებობის გამო 18400 ლარს ნ. და გ. რ-ებისათვის ანაზღაურება იყო უკანონო.
ნ. და გ. რ-ების მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო საჩივარში კასატორები ძირითადად მიუთითებდნენ იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებაში. კასატორები აქვე მიუთითებდნენ, რომ თუ ქუთაისის საოლქო სასამართლო პროცესუალურ დარღვევად თვლიდა იმ ფაქტს, რომ ყოფილმა აღმასრულებელმა ზ. თ-ამ აღსრულება ჩაატარა განჩინების მიღებამდე მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ აღსრულების შეჩერების განჩინება მიღებული იქნა მაშინ, როცა აღსრულება უკვე დასრულებული იყო. აღმასრულებლისათვის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის მხრიდან გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო. კასატორები მიიჩნევდნენ, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლო ფაქტის გადამოწმების გარეშე, კერძოდ ზ. თ-ას დაკითხვის გარეშე, დაეყრდნო ფოთის ნავსადგურის უსაფუძვლო მტკიცებას და გამოიტანა სუბიექტური და უსაფუძვლო გადაწყვეტილება თანხის კერძოდ 1000 დოლარის დაბრუნების ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორებს (მოსარჩელეებს) უარი ეთქვათ ნავსადგურისათვის 30000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ასევე უარი ეთქვა ნავსადგურის მოთხოვნას, გადაწყვეტილების აღსრულების წესით გადახდილი 18400 ლარის უკან დაბრუნებაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მხოლოდ ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, მათთვის 18400 ლარის დაკისრების ნაწილში.
ამდენად, კანონიერ ძალაშია შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გ. და ნ. რ-ებს უარი ეთქვათ მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის დაკისრებაზე. საყურადღებოა, რომ უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სკ-ს 457-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა მიმყენებელმა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნავსადგურს არ შეეძლო ევარაუდა დ. რ-ის მკვლელობისა და მისი მშობლებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამორიცხული იყო ნავსადგურის ბრალეული ქმედება.
სსკ-ს 106-ე მუხლის ,,ბ» პუნქტისა და 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორებისადმი ფოთის პორტის მხრიდან ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლები.
თანხის გამოთხოვის უფლების წარმოშობის მომენტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გამოყენებული იქნეს სკ, რომლის 976-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» პუნქტის შესაბამისადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მიმღებს მოსთხოვოს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლების გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მითითებული მუხლის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელი არ არის მიმღები ნივთის ან თანხის მიღების მომენტში მოქმედებდეს არამართლზომიერად. უფრო მეტიც შესაძლოა, ასეთი შეძენა კრედიტორს ან მოვალის მართლზომიერი მოქმედების შედეგიც იყოს, მაგრამ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ვალდებულების შესრულებას, ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა, მიმღები ვალდებულია აღნიშნული დაუბრუნოს მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააღსრულებო ფურცლის გამოწერა და აღსრულება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნაა სრული დაცვით, კასატორები ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ვალდებულები არიან თანხა დაუბრუნონ მოწინააღმდეგე მხარეს. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და შესაბამისად, სახეზეა სკ-ს ზემოაღნიშნული მუხლის შემადგენლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. რ-ისა და ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.