გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-166-337-კ-03 7 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწაზე საკუთრების უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ფოთი-პრიმადენტმა” მოპასუხეების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფიზიკური პირის _ ზ. შენგელიას მიმართ და მოითხოვა საკუთრების უფლების მინიჭება 1200 კვ.მ მიწის ფართზე, რომელზეც მდებარეობს შპს “ფ.-პ.” საკუთრებაში არსებული შენობა და ზ. შენგელიასაგან უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
1945 წელს ექიმმა კ. მ-ემ ქ. ფოთს საჩუქრად გადასცა საკუთარი ორსართულიანი სახლი, რომელიც მდებარეობს ... ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1945წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ზემოთ აღნიშნული ორსართულიანი შენობა და 1200 კვ.მ ნაკვეთი გადაეცა ქ. ფოთის ჯანმრთელობის განყოფილებას.
“ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისთვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებულების, “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 30 აპრილის ¹209 ბრძანებულების, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის, “სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის პრივატიზების შესახებ” დებულების, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 29 დეკემბრის ¹1-3/815 და 1999წ. 19 მაისის ¹1-3/248 ბრძანებების საფუძველზესახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1999წ. 23 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს საკუთრებაში გადასცა მითითებული პოლიკლინიკა. ამავე ხელშეკრულებით ობიექტზე არსებული მიწის განკარგვის საკითხის დარეგულირება დაევალამიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1999წ. 29 სექტემბერს ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹730.
1999წ. 16 დეკემბერს შპს “ფ.-პ.”, ანუ ყოფილი ქალაქის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა რეგისტრირებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოში. იმის გამო, რომ ქ. ფოთისათვის მიღებული არ იყო ინდექსირების კოეფიციენტი, პოლიკლინიკის მიერ დაკავებული მიწის ფართობის ღირებულება ვერ განისაზღვრა. მოგვიანებით ამ მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა განისაზღვრა 4604,5 ლარით.
პოლიკლინიკის პრივატიზების პროცესში, ქ. ფოთის ყოფილი მთავარი არქიტექტორის მითითებით, პოლიკლინიკის ტერიტორიაზე სკვერის გაშენების მიზნით ჩამოიჭრა 359 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც მოპასუხე ზ. შ-ამ პოლიკლინიკის კოლექტივთან შეუთანხმებლად დაიწყო კაფე-ბარის მშენებლობა.
2001წ. 13 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დაავალა შპს “ფ.-პ.” მასზე დამაგრებული მიწის ფართობის ღირებულების _ 4604,5 ლარის, 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდა. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნაკვეთები საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიეყიდებათ მიწის სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვით, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი ფასის შესაბამისად. ქონების მართვის სამინისტრო დაეყრდნო მიწის მართვის სამმართველოს 2000წ. 22 აგვისტოს ¹123/3 წერილს, სადაც სადავო მიწის ნაკვეთის ფართობად _ 1200 კვ.მ ნაცვლად, მითითებულია 703 კვ.მ, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა არასწორად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
მოპასუხემ _ ფოთის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მას მოსარჩელისათვის მიწა არ ჩამოურთმევია და არც ზ. შ-ასთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გაუტარებია რეგისტრაციაში.
სამმართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიმდინარეობის პროცესში ფაქტობრივი მდგომარეობის დაფიქსირებას.
2001წ. 15 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველო.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა, რომ მის მიერ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ მოპასუხეს დავალებოდა ქმედების განხორციელება, კერძოდ: სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის მინიჭება და ამ უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ფ.-პ.” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა მოსარჩელის მიერ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ მოეხდინა ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის სარგებლობაში ადრე არსებული 1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისათვის _ “ფ.-პ.” _ საკუთრების უფლების მიკუთვნება და ამ უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. შ-ასა და ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ. აპელანტები მიიჩნევდნენ, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს კანონით “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”, რადგანაც ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობების პრივატიზებამდე მის ქვეშ არსებული მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება და არ წარმოადგენდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობის ობიექტს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ფოთის მერია.
შპს “ფ.-პ.” სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
მესამე პირმა, ქ. ფოთის მერიამ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და შესაგებელში აღნიშნა, რომ ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთიც წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამდენად, ფოთის ადგილობრივი მმართველობა უფლებამოსილი იყო ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი გამოეყენებინა თავისი შეხედულებისამებრ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ფოთის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. შ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა: გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება; შპს “ფ.-პ.” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა “საქართველოს ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის" შესაბამისად, დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ, შპს “ფ.-პ.” სახელზე მოეხდინა 894 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯაროო რეესტრში.
შპს ,,ფ.-პ.” საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. ფოთის მერიის 1997წ. 30 დეკემბრის ¹583 განკარგულება ატარებდა ზოგად ხასიათს და არ შეიცავდა მითითებას ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ტერიტორიიდან ზ. შ-ასათვის გარკვეული ფართობის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. აქვე საკასაციო სასამართლომ მიუთითა ზ. შ-ასათვის 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების აუცილებლობაზე და ფოთის მთავრობის 1998წ. 21 აპრილის ¹31 ბრძანება არ ჩათვალა ნაკვეთის გამოყოფის საფუძვლად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ფოთის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. შ-ას სააპელაციო საჩივრები კვლავ დაკმაყოფილდა;
გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;
შპს “ფ.-პ.” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული _ 894 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით; სარჩელი მიწის ფართის ზ. შ-ას მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფოთის მერიის ურბანიზაციისა და Mმშენებლობის სამმართველომ 1998წ. 23 სექტემბერს ნება დართო ზ. შ-ას ქალაქისავე საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განეთავსებინა მცირე ზომის არქიტექტურული ნაგებობა. შპს “ფ.-პ.” უფლება არა აქვს შეედავოს ზ. შ-ას იმ ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე, რაც მას არ გააჩნდა საკუთრებაში, სარგებლობასა თუ მფლობელობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შეიძლება ყოფილიყო ფოთის ადგილობრივი მმართველობის ორგანო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ფ.-პ.”.
კასატორს მიაჩნდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულიად ნათლად ირკვეოდა, რომ შპს “ფ.-პ.” კანონიერ მფლობელობაში ჰქონდა 1200 კვ. მიწის ნაკვეთი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცებულებანი, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებაში მითითებული გარემოებები და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რაც, კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველს.
საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელი და მიუთითა, რომ შპს “ფ.-პ.” სახელზე ირიცხებოდა მხოლოდ 894 კვ.მ მიწის ფართი, ხოლო ზ. შ-ასათვის დანარჩენი ფართის გადაცემა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა, რის გამოც, კასატორის მოთხოვნა, სადავო მიწის ნაკვეთის მის სახელზე აღრიცხვის ნაწილში, უსფუძვლოა და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარიც არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივარი ასევე არ ცნო მეორე მოწინააღმდეგე მხარემ _ ზ. შ-ამ და, თავის მხრივ, მიუთია, რომ “ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახურისათვის დამატებითი უფლებების მინიჭების შესახებ 30 აპრილის ¹192 განკარგულებით ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და ქ. ფოთის პერსპექტიული განვითარების სამსახურს მიენიჭა უფლება, გაეცა მშენებლობის ნებართვა. სწორედ მითითებული უფლებით ისარგებლა მერიის სამსახურმა ზ. შ-ასათვის მშენებლობის ნებრთვის გაცემისას, რაც, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ადასტურებდა კასატორის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთზე წაყენებული პრეტენზიის უსაფუძვლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “ფ.-პ.” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, წინააღმდეგობრივია და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს და გამოტანილია ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დადგენილად ჩათვალა, რომ 1998წ. გაზაფხულზე მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით შემცირებული იქნა პოლიკლინიკის ეზოს ფართობი, რაც შპს “ფ.-პ.” სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, გაუგებარია, რომელ სამართლებრივ აქტზე მითითებით აკეთებს სასამართლო განმარტებას მიწის ჩამოჭრის თაობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში საქმე საჭიროებს გამოკვლევას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ ქ. ფოთის მთავარი არქიტექტორის ბრძანება არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის გამოყოფის საფუძველს, რის გამოც საოლქო სასამართლოს მხრიდან საჭიროდ მიიჩნია ზ. შ-ასათვის 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიება. მიუხედავად აღნიშნულისა, საოლქო სასამართლომ დამატებითი მკიცებულებების მოძიების გარეშე თავისი მოტივაცია დააფუძნა ზ. შ-აზე გაცემულ მშენებლობის ნებართვას, რითიც ეს უკანასკნელი, სამართლებრივი თვალსაზრისით, ფაქტობრივად, გააიგივა მიწათსარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს არ უმსჯელია მითითებულ გარემოებებზე და არ გამოუკვლევია ზ. შ-ასათვის 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველზე საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ფ.-პ.” სადავო მიწის ნაკვეთი მფლობელობასა და სარგებლობაში არ გააჩნდა, თუმცა, გაურკევევლია, რის საფუძველზე მივიდა სასამართლო მითითებულ დასკვნამდე. სასამართლოს ასევე არ გამოურკვევია იყო თუ არა პრივატიზაციის პროცესში მითითებული მიწის ნაკვეთი მიმაგრებული შპს “ფ.-პ.”.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების გარეშეც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, საგულისხმოა, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზია ეფუძნება სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ფ.-პ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.