Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-204-356-კ-03 26 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹133 განკარგულების გაუქმება, ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების ¹439 ორდერის ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 5 ივლისს ლ. ვ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების, ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და ნ. ბ-ას მიმართ სარჩელი აღძრა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹133 განკარგულების გაუქმება, ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის რავალდარგოვანი გაერთიანების ¹439 ორდერის ბათილად ცნობა და ნ. ბ-ას ბინიდან გამოსახლება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1985 წლიდან არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. კ-თან. მათ ჰყავდათ შვილი, 1986წ. 1 სექტემბერს დაბადებული ვ. კ-ი, რომელიც დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო, დიაგნოზით _ ცერებრალური დამბლა. ამის გამო, იგი მუდმივ მკურნალობასა და მოვლას საჭიროებდა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფომ მის მეუღლეს, ვ. კ-ს, ზუგდიდში, ... ქუჩაზე ბინა მისცა და 1986 წლიდან აღნიშნულ მისამართზე ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ 1990 წლიდან მისი მეუღლე ალკოჰოლურ სასმელებს მიეძალა, ინვალიდ ბავშვს კი სიმშვიდე და მოვლა სჭირდებოდა, რის გამოც, ლ. ვ-ა შვილთან ერთად დროებით საცხოვრებლად ბებიასთან გადავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეუღლესთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მას ხშირად აკითხავდა და თუ იგი ფხიზელ მდგომარეობაში იყო, ბავშვსაც უტოვებდა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ვ. კ-ს გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის პრივატიზაცია, რომ მათი შვილი საცხოვრებელი სახლის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ 2000წ. მაისში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ისე, რომ ბინის პრივატიზება ვერ მოასწრო.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მეუღლის დაკრძალვის შემდეგ იგი კომუნალურ განყოფილებაში მივიდა, რათა ბინის პრივატიზაციის შესახებ განცხადება დაეტოვებინა, სადაც სხვადასხვა ცნობები, საბუთები და გასაღების ჩაბარება მოსთხოვეს. მას კომუნალურ განყოფილებაში მეზობელი, ვ. ბ-ა შეხვდა, რომელიც იქ ,,...” მუშაობდა და ბინის მისთვის მიყიდვა შესთავაზა, რაზეც ლ. ვ-ამ უარი განაცხადა, რადგან მას ინვალიდი შვილი ჰყავდა და აღნიშნული ბინა მას სჭირდებოდა. ლარისა ვ-ამ კომუნალური განყოფილებიდან უარი მიიღო ბინის პრივატიზაციაზე იმ მოტივით, რომ მას ზუგდიდში, ... ჰქონდა სახლი და იქ უნდა ეცხოვრა, ხოლო სადავო ბინა უკვე ნ. ბ-ას (თეატრის მსახიობსა და ვ. ბ-ას ქალიშვილს) გადაეცა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ, მართალია, მას ზემოთ მითითებულ მისამართზე სახლი ჰქონდა, რომელიც ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მისი კუთვნილი ბინის გაყიდვის შედეგად აღებული თანხით შეიძინა, მაგრამ ეს სახლი ავარიული მდგომარეობაში იყო, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდებოდა. იგი რემონტს არ ექვემდებარებოდა და ... ქუჩაზე, ფაქტობრივად, მას მხოლოდ ეზო გააჩნდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ვ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, მან მეუღლის გარდაცვალებიდან ორ თვეში, 2002წ. 31 ივლისს, განცხადებით მიმართა როგორც კომუნალურ სამსახურს, ასევე ზუგდიდის რაიონის გამგებელს, რომლებიც ბინის მისი შვილის ვ. კ-ის სახელზე გადაფორმებას შეპირდნენ.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ კომუნალურმა სამსახურმა ისარგებლა იმით, რომ მისი ინვალიდი შვილი არასრულწლოვანი იყო და მის სახელზე ბინის გადაფორმება არ შეიძლებოდა და როდესაც ვ. კ-ი სრულწლოვანი გახდა, სწორედ მაშინ, მათ დაუკითხავად, ყოველგვარი თანმხობის გარეშე ბინა მათ მეზობელს, ნ. ბ-ას მიყიდეს.

სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ.ზუგდიდის გამგებელმა და მიუთითა, რომ ვინაიდან ლ. ვ-ა მძიმე, უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სამსახური არ გააჩნდა, ჰყავდა პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი, ამდენად, სადავო ბინა გარდაცვლილი მამის ვ. კ-ის პირველი რიგის ერთადერთ მემკვიდრეს – ვ. კ-ს დაბრუნებოდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინებით ლ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის გამგეობას უფლება ჰქონდა ვ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ ბინა თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა, ვინაიდან, ლ. ვ-ა და მისი შვილი, ვ. კ-ი, სადავო ბინაში ჩაწერილნი არ იყვნენ და ბინის გასხვისებით მათი კანონიერი უფლებები არ შეილახებოდა.

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზუგდიდის რაიონის გამგეობას, როგორც მესაკუთრეს, ბინის საკუთარი შეხედულებით განკარგვის უფლება ჰქონდა და, ამდენად, მისი განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. ბ-ასა და კომუნალურ გაერთიანებას შორის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს სკ-ს არც ერთი ნორმა არ დარღვეულა და, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ვ-ამ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. ვ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო ბინა ზუგდიდის რაიონის გამგეობის კომუნალური ფონდის ბინას წარმოადგენდა, რომელშიც ლ. ვ-ას მეუღლე, რომელთანაც მას არარეგიტრირებულ ქორწინებაში შვილი ჰყავდა, დამქირავებლად ცხოვრობდა. აღნიშნულ ბინაში არც ლ. ვ-ა და არც მისი შვილი ჩაწერილი არ ყოფილან. ამასთან, კასატორის მეუღლე ისე გარდაიცვალა, რომ მას აღნიშნული ბინის პრივატიზაცია არ მოუხდენია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბინის დამქირავებელი იყო ლ. ვ-ას მეუღლე ვ. კ-ი, რომელმაც მართალია აღნიშნული ბინის პრივატიზაცია ვერ მოახდინა, მაგრამ წლების განავლობაში მასთან ერთად დამქირავებლის უფლებებით ცხოვრობდა მისი ოჯახის წევრი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, მუდმივად მის კმაყოფაზე მყოფი ვაჟიშვილი _ ვ. კ-ი, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა. აღნიშნული რომ შესაბამისი სამსახურებისათვის ცნობილი იყო, ეს საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც დასტურდება. ამ კუთხით საგულისხმოა საქმეში წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ ქ.ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანებისადმი გაცემული ცნობა, ასევე ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების საბინაო კომისიის სხდომის ოქმი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით საყურადღებოა ისიც, რომ ლარისა ვარაბიოვამ მეუღლის გარდაცვალებიდან ორ თვეში, 2002წ. 31 ივლისს განცხადებით მიმართა, როგორც კომუნალურ განყოფილებას, ასევე ზუგდიდის რაიონის გამგებელს, რომლებიც ბინის მისი შვილის ვ. კ-ის სახელზე გადაფორმებას შეპირდნენ. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში 2003წ. 30 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ზუგდიდის რაიონის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების წარმომადგენელმა ისიც კი განმარტა, რომ აღნიშნული ბინა გამოთავსებული იყო, კომუნალურ ფონდში იმყოფებოდა და ვისაც რიგით ეკუთვნოდა მას გადასცემდნენ.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად მოხდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ ნ. ბ-ასათვის სადავო ბინის დაკანონება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის მრავალდარგოვანი კომუნალური მეურნეობის გაერთიანების მიერ ორდერის გაცემა, მაშინ როცა აღნიშნული უწყებებისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო ბინის დამქირავებელს კმაყოფაზე პირველი ჯგუფის ინვალიდი ვაჟიშვილი ვ. კ-ი ჰყავდა, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ხელმეორედ განხილვისას გასარკვევია ისიც, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, რომელიც საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციას შეეხებოდა, სადავო ბინის ნ. ბ-აზე გადაცემის დროს ხომ არ იქნა დარღვეული ვ. კ-ის კმაყოფაზე მყოფი პირველი ჯგუფის ინვალიდის ვ. კ-ის ინტერესები.

საკასაციო სასამართლო დამატებით მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ.ზუგდიდის გამგებელმა და მიუთითა, რომ ლ. ვ-ა მძიმე, უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას სამსახური არ გააჩნდა, ჰყავდა პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი და სადავო ბინა მისთვის უნდა გადაეცათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ვ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.