Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-359-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ფანჯრის ჩასმის ნებართვა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. კ-მა 2001წ. 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ფანჯრის ჩასმაზე ნებართვის გაცემა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის მეორე სართულზე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს. საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს ჩასმული იყო სამი ფანჯარა. აღნიშნული ფანჯრების გასწვრივ მოსარჩელე ითხოვდა მეოთხე ფანჯრის ჩასმაზე ნებართვის გაცემას, რათა საძინებელ ოთახში შესულიყო სინათლე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 ნოემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნა ლ. დ-ე.

მოპასუხე, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს წარმომადგენელი და მესამე პირი ლ. დ-ე სარჩელს არ ცნობდნენ და ითხოვდნენ მასზე უარის თქმას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 08 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნება დაერთო ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დასავლეთის მხარეს ჩაესვა მეოთხე ფანჯარა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ლ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: და მოსარჩელის და მის სახლს ყოფს საზიარო კედელი. 1958 წლიდან საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ე. ი-ს, რომელმაც სიმაღლეში გაზარდა საზიარო კედელი. კანონის დარღვევით სახურავის გასწვრივ გააკეთა ფანჯრები, რაც შემდგომში გასაჩივრების შედეგად გაუქმებული იქნა, ფანჯრების ნაცვლად დარჩა ფრამუგები, რომელიც შემდეგ, სახლის ახალი მეპატრონის რ. კ-ის მიერ, კანონის დარღვევით ფანჯრებად გადაკეთდა. მოსარჩელე ასევე უკანონოდ ითხოვდა მეოთხე ფანჯრისა და კონდიციონერისათვის ჭრილის გაკეთების ნებართვას, რის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს, რაზედაც უარი ეთქვა. ამასთან, აპელანტი მიიჩნევდა, რომ საცხოვრებელ სახლებს საზიარო კედელი რომც არ ჰქონოდა, მეზობლის მიერ საზღვარზე სახლის მშენებლობის შემთხვევაში დაცული უნდა ყოფილიყო საცხოვრებელ სახლებს შორის ერთი ფანჯრიდან მეორეში ჩაუხედაობა.

ლ. დ-ემ 2002წ. 27 მარტს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა მისსა და რ. კ-ს შორის საზიარო კედელზე დატანებული ფრამუგების გაუქმება, რომელიც შემდგომში მოპასუხის მიერ გადაკეთებული იქნა ფანჯრებად, მეოთხე ფანჯრისა და კონდენციონირების ჭრილის გაკეთებაზე უარის თქმა, საზიარო კედლის ყრუ კედლად გადაკეთება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან საქმე წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.

მოპასუხე – ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური დაეთანხმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნებას და თვლიდა, რომ საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ხელახლა უნდა განეხილა არა საქალაქო, არამედ საოლქო სასამართლოს, სადაც აგრეთვე უნდა განხილულიყო ლ. დ-ის შეგებებული სარჩელი.

საქართევლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 09 იანვრის განჩინებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაბურუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა რ. კ-ის სარჩელი და მას ნება დაერთო ქუთაისში, ... მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დასავლეთის მხარეს მოეხდინა მეოთხე ფანჯრის ჩასმა.

არ დაკმაყოფილდა ლ. დ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა.

ქუთაისის ტექბიუროს ცნობაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი თავდაპირველად ეკუთვნოდა ი-ს, შემდეგ რ-ეს, ხოლო ამ უკანასკნელისაგან შეიძინა კ-მა 2000წ. 30 ივნისს. ინვენტარიზაციის ჩატარების დროს 1960 წელს სახლს დასავლეთის მხრიდან ჰქონდა სამი ფანჯარა. 1960წ. შემდეგ კი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და რაიმე ცვლილება სახლზე არ დაფიქსირებულა. 2000წ.ათვის, როცა კ-მა შეიძინა სახლი, არ არსებობდა ყრუ კედელი და ფრამუგი, რაც დასტურდებოდა ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 2001წ. 29 მაისის ¹115 წერილითაც.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე არსებული ექსპერტიზის დასკვნით მართალია დადგენილი იყო, რომ დ-ის სახლის გასწვრივ ყრუ კედელი, ასევე მხოლოდ ერთი ფანჯარა და ერთი ფრამუგა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად გაკეთდა სამი ფანჯარა და ასეთ მდგომარეობაში შეიძინა სახლი კ-მა.

სააპელაციო პალატამ ადგილზე დათვალიერების ოქმით დადასტურებულად მიიჩნია ასევე, რომ ოთახი, სადაც დაგეგმილი იყო სადაო ფანჯრის გაჭრა მდებარეობდა დ-ის სახლის სახურავის ზევით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ლ. დ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 393-ე მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი და ქუთაისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის წარმომადგენელი ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთო მესამე პირად, დაკითხა როგორც სპეციალისტი.

სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საცხოვრებელი სახლის პროექტით. რაც შეეხება სახლის ინვენტარიზაციის ჩატარებას იგი უკანონო იყო, ვინაიდან არ მოიპოვებოდა ინვენტარიზაციის ოქმი და კასატორის აზრით ინვენტარიზაცია არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ჩატარებულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე უკანონო იყო ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომ კ-ების სახლს 1960 წლიდან ე.ი. ინვენტარიზაციის გაკეთიბიდან ჰქონდა სამი კანონიერი ფანჯარა.

კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წის 18 სექტემბრის ბრძანება.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის წარმომადგენელი, გამოცხადებულმა მხარეებმა თანხმობა გამოთქვეს საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება. რ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სსკ-ს 404-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: ქ. ქუთაისში, ... მდებარე გამოყოფილ ნაწილში წარმოადგენდა ე. ი-ის საკუთრებას, რომელსაც მეორე სართულის პროექტი დაუმკიცდა ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების ქალაქის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹33 §14-11/09 1958წ. გადაწყვეტილებით. პროექტის თანახმად, დაშენების დასავლეთ მხარეზე, გარე კედელზე გათვალისწინებული იყო ფანჯარა. დ-ის განცხადების საფუძველზე, ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ცვლილება იქნა შეტანილი პროექტში და გაუქმდა დასავლეთ მხარეზე, გარე კედელში ჩრდილოეთ მხრიდან პირველი ფანჯარა. ე. ი-ს დაშენების ნება მიეცა დ-ის მხარეზე ყრუ კედლის ამოშენებით და წინადადება მიეცა 1958წ. 15 ნოემბრამდე ამოეშენებინა ერთი ფანჯარა.

საქმის მასალებით არ დგინდება ე. ი-ის მიერ ჩრდილოეთ მხრიდან პირველი ფანჯრის ამოშენების ფაქტი.

1960 წელს ფაქტიური მდგომარეობის საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის გეგმით, ე. ი-ის სახლს დასავლეთის მხარეს ჰქონდა სამი ფანჯარა. 1993წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახლის მესაკუთრე გახდა ს. რ-ე, ხოლო 2000 წლიდან რ. კ-ი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაშენებულ ნაწილზე დ-ის მხარეს ფანჯრების დატანება არ მომხდარა რ. კ-ის მიერ, რომ ფანჯრები არსებობდა ჯერ კიდევ 1960 წელს ინვენტერიზაციის შედგენისას და კ-მა 2000 ზელს სახლი ასეთ მდგომარეობაში შეიძინა. აღნიშნულ გარემოებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სახლის შეძენის შემდეგ კ-ის მიერ ფანჯრების გაჭრის აღკვეთის შესახებ დ-ეს სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავს და არ მოუთხოვნია მისი აკრძალვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორი მსჯელობა იქონია ლ. დ-ის დამოუკიდებელ სარჩელთან დკავშირებით და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება რ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნას ქ. ქუთაისში, ... ლ. დ-ის სახლის მხარეს მეოთხე ფანჯრის გაჭრის ნებართვის მიცემის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებყით, დადგენილია, რომ არც თავდაპირველი პროექტით და არც ფაქტიური მდგომარეობით რ. კ-ის სახლზე მეოთხე ფანჯარა არ არსებობდა. ფანჯრის გაჭრის ნებართვის მისაებად რ. კ-მა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიმართა 2001წ. ოქტომბერში. საქმეზე წარმოდგენილი ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2001წ. 15 ოქტომბრის წერილით რ. კ-ს მეოთხე ფანჯრის მოწყობაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ წარდგენილი არ იყო მეზობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში დაუსაბუთებელია, ამასთან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანებით დამტკიცდა ,,ნაკვეთების საზღვარზე საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესი”. აღნიშნული ,,წესის” მე-2 თავის თანახმად, საცხოვრებელი სახლის განთავსება საზღვარზე ნებადართულია იმ პირობით, რომ კედელი საზღვრის გასწვრივ აგებული იქნება ღიობების (კარები, ფანჯარა, თრამუგა და სხვა) და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე (აღნიშნული წესი არ ვრცელდება 1966 წლამდე მოწყობილ ფანჯრებზე და სხვა ღიობზე). გამონაკლის შემთხვევაში, ნაკვეთების საზღვრიდან 5.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ფანჯრის ღიობები, თუ ამაზე იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული მეზობლის თანხმობა.

როგორც საქმის მასალებით დადგენილია, ლ. დ-ე, (რომლის მხარესაც ითხოვდა კ-ი ფანჯრის მოწბობას) წინააღმდეგი იყო მის მხარეს ფანჯრის მოწყობაზე, იგი სადავოდ ხდიდა არსებული ფანჯრების კანონიერებასაც და ითხოვდა მათ ამოშენებას. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა რ. კ-ის მოთხოვნა და ნება დართო რ. კ-ს მოეწყო მეოთხე ფანჯარა, უგელებელყო ზემოაღნიშნული წესების მოთხოვნები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება რ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. რ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება ლ. დ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელი.

5. რ. კ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

6. ლ. დ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.