გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-478-49-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე)
მსაჯულები: ს. გამრეკელი,
ლ. გაჩეჩილაძე
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის 2003წ. 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 ნოემბერს საარჩევნო ბლოკ “ჯ. პ-ი _ პოლიტიკური გაერთიანება “ე.” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ცსკოს მიმართ.
სასარჩელო განცხადებას არ გააჩნდა დანართი. მტკიცებულების სახით არ ახლდა არცერთი დოკუმენტი. არ ყოფილა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოში 2003წ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” უხეში დარღვევებით, რის გამოც ითხოვდა სასამართლოს ბათილად ეცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცსკოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სასამართლოში საჩივრდება ცსკოს განკარგულება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ, რაც ჯერ მიღებული არ არის. მოსარჩელემ დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს 2003წ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3ა/501-2003 საარჩევნო ბლოკ “ჯ. პ-ი _ პოლიტიკური გაერთიანება “ე.” სარჩელისა გამო მოპასუხის ცსკოს მიმართ განსჯადობით განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა. თუმცა, ამასთან, საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ ცსკოს ჯერ არა აქვს მიღებული განკარგულება საპარლამენტო არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების თაობაზე, რაც საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 26-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად შეიძლება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განჩინებას და თვლის, რომ მოცემული საქმე არასწორად გადმოეგზავნა განსჯადობით განსახილველად უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას პირველი ინსტანციით შემდეგ გარემოებათა გამო:
უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვის კომპეტენცია უზენაეს სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის 26-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის პირველი ინსტანციით განსჯადია ცსკოს განკარგულება არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ. აღნიშნული განკარგულება ცსკოს ჯერ არ მიუღია, შესაბამისად არც მოსარჩელეს არ აქვს დავა ცსკოს აქტთან დაკავშირებით. ამასთან, საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა (არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-18 დღე) არ გაუშვია. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელზეც უზენაესი სასამართლო იმსჯელებს.
უზენაესი სასამართლო, ამასთან, საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სარჩელი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სარჩელი უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს. ის ფაქტი, რომ თბილისის საოლქო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს მოცემული საქმე, არ ნიშნავს იმას, რომ უზენაესი სასამართლოა უფლებამოსილი განიხილოს იგი.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ საარჩევნო ბლოკ “ჯ. პ-ი _ პოლიტიკური გაერთიანება “ე.” სარჩელის განხილვისას უნდა იმსჯელოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება კი აღნიშნული სარჩელი უწყებრივად დღეისათვის სასამართლოს, დასაშვებია კი ასეთი სარჩელი სასამართლოში მანამ, სანამ ცსკოს მიერ მიღებული არ არის ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ს 284-286-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის 26-ე პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ადმინისტრაციული საქმე ¹3ა/501-2003 საარჩევნო ბლოკ “ჯ. პ-ი _ პოლიტიკური გაერთიანება “ე.” სარჩელისა გამო მოპასუხის ცსკოს მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.