გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ იღ-25-237-კ-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადიო საქმეთა კოლეგიის 13.11.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ძ-ის სარჩელი, გაუქმდა თავდაცვის მინისტრის 27.04.01წ. ¹1/1/-624 წერილით ¹22/166-52 შტატში ცვლილებების შეტანის ნუსხა; აღდგენილ იქნა შტატში სასწავლო ნაწილის უფროსის _ კათედრის უფროსის მოადგილის თანამდებობის საშტატო კატეგორია “პოლკოვნიკი”; გაუქმდა თავდაცვის მინისტრის 31.05.01წ. ¹1164 ბრძანება; გაუქმდა კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 29.12.01წ. ¹3547 ბრძანება; მოსარჩელე ა. ძ-ი აღდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებში თავის ყოფილ თანამდებობაზე; თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2001წ. 3 სექტემბრიდან ამავეწ. 29 დეკემბრამდე კუთვნილი ხელფასი 246,44 ლარი, კვების კომპენსაცია 236 ლარი და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნამდე მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაცია 1225,41 ლარი; სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებითი გაცდენილი დრო ა. ძ-ს ჩაეთვალა ნამსახურობის წლებში. გადაწყვეტილება მოპასუხის _ თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გასაჩივრებულა და 27.12.02წ. კანონიერ ძალაში არის შესული.
28.03.03წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კოლეგიის 13.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლების, საქმის განსჯადობით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარების მოთხოვნით. განცხადების ავტორი უთითებს, რომ მოსარჩელე ა. ძ-მა 02.04.02წ. სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლის 17.06.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განსჯადობით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების შესახებ. განჩინებაში არ იქნა მითითებული თუ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე იქნა საქმე გადაგზავნილი საოლქო სასამართლოს კოლეგიაში. ზ. ფ-ის სარჩელის გამო მოპასუხის _ ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინებით ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავა უნდა განიხილებოდეს, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა, ამგვარი დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა ბრძანების არა როგორც ადმინისტრაციული აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის, “შკკ-ს” და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავთან შესაბამისობის თაობაზე. ვინაიდან სადავო ბრძანებები არ წარმოადგენდნენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქმე განსჯადობით არ უნდა გადაცემოდა საოლქო სასამართლოს. ზ. ძ-ის სარჩელი წარმოადგენდა სასკ-ს მე-2 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას, სასკ-ს 26-ე მუხლის თანახმად იგი არ უნდა განხილულიყო საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინებას, იგი პასუხობს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, თავდაცვის სამინისტროსათვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. გადაწყვეტილების შესახებ, წარუდგენდა მას სასამართლოს. ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს 13.11.02წ. გადაწყვეტილება გამოტანილია არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, განმცხადებელი სსკ-ს 421-427-ე მუხლების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინების საფუძველზე მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 13.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება, საქმის განსჯადობით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.04.03წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი. ამავე კოლეგიის 22.04.03წ. განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. კოლეგიამ აღნიშნა, რომ განცხადებაში მითითებულ გარემოებას არ შეეძლო გამოეწვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან თვით გადაწყვეტილების კანონიერებაზე სასამართლოში საჩივარი არ შემოსულა. განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით, კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმე რაიონული სასამართლოდან თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით იქნა გადაგზავნილი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში, საქმის განხილვისას განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.04.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ, რომელიც ითხოვს 22.04.03წ. განჩინების გაუქმებას, 13.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საქმის წარმოების განახლებას. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.10.02წ. განჩინების საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა განცხადება, ბათილად ეცნო კოლეგიის გადაწყვეტილება და განეახლებია საქმის წარმოება. კასატორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან საქმის განახლების შემთხვევაში განმცხადებელი მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარის მტკიცებულებებს წარუდგენს სასამართლოს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რაიონული სასამართლოდან საოლქო სასამართლოში საქმის გადაგზავნა ასევე არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან იმ დროისათვის მოპასუხე მხარისათვის უცნობი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება.
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ძ-ი საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შეპასუხებით საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 13.11.02წ. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული, მიუხედავად ამისა კასატორი შეგნებულად არ ასრულებს გადაწყვეტილებას. შესაგებლის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მას თავისდროზე სარჩელი შეტანილი ჰქონდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მიუხედავად ამისა მოპასუხის დაჟინებული მოთხოვნით საქმე დაექვემდებარა საოლქო სასამართლოს კოლეგიას, რომელმაც მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. მოთხოვნის კანონიერების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა ნებისმიერი სასამართლო, სამინისტროს წარმომადგენელი ცდილობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, მისი კანონით დაცული უფლებების შელახვას
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დიდ პალატას საქმე გადაეცემა თუ საქმის განხილვას და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, საქმის სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ნორმის ახლებურ განმარტებას, საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინებით სასკ-ს მე-2, სზაკ მე-2, სსკ-ს მე-11 მუხლების ნორმების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვადიანი საჯარო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დავის განსჯადობის საკითხი, დიდი პალატის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ნორმების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა, კანონმდებლობის ნორმის ინტერპრეტაცია თავისთავად არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება თავისი არსით არ წარმოადგენს სამართლის წყაროს, დიდი პალატის გადაწყვეტილება არის კანონის ავტორიტეტული განმარტება, რომელსაც ითვალისწინებენ საერთო სასამართლოები კონკრეტული საქმის განხილვისას, საკასაციო სასამართლო ინსტანციის დამოკიდებულება სასამრთლო პრაქტიკაში არსებული კონკრეტული პრობლემატური საკითხებისადმი. საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტა არ ითვალისწინებს საქმის მასალების მიხედვით სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის გადამოწმებას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესით საქმის გაუქმების შესაძლებლობას, დიდი პალატის მიერ ნორმის განმარტების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება გამოიწვევდა გადაწყვეტილებების გადასინჯვის პროცესუალური კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი სახეობის შემოღებას. საქმის წარმოების საფუძველს არ წარმოედგენს ის გარემოება, რომ განმცხადებლისათვის უცნობი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, დავის განსჯადობის განმსაზღვრელი ნორმები საქმის განხილვის დროს მოქმედებდნენ, ისინი ცნობილი უნდა ყოფილიყო განმცხადებლისათვის, მიუხედავად ამისა სწორედ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან გადაგზავნილი იქნა განსახილველად საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის. საქმის განხილვის პროცესში სამინისტროს წარმომედგენელს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ. საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს აგერეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმის განახლების შემთხვევაში განმცხადებელი მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის მტკიცებულებებს წარუდგენს სასამართლოს, ამგვარი მტკიცებულებების წარდგენის, სათანადო არგუმენტაციის მოშველიების შესაძლებლობა განმცხადებელს ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის დროს, სამინისტროს არ გამოუყენებია მის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილების საკასაციო გასაჩივრების შესაძლებლობა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი განცხადებით ითხოვს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 13.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საქმის წარმოების განახლებას და საქმის განსჯადობით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარებას. თავდაცვის სამინისტროს განცხადება საოლქო სასამართლოს კოლეგიის 13.11.02წ. ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლების, საქმის განსჯადობით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსთვის განსახილველად გადაცემის შესახებ არ პასუხობს სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებულ ფორმალურ პირობას. უმართებულოა აგრეთვე განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 394-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ არ დარღვეულა საქმის უწყებრივი ქვემდებარეობა, კოლეგიის 13.11.02წ. გადაწყვეტილებით გადაჭრილი საკითხები შეადგენს საერთო სასამართლოების საგნობრივ კომპეტენციას, სასამართლო განსჯადობის ხარვეზიანობა მოცემულ შემთხვევაში არ ადასტურებს საქმის უწყებრივი ქვემდებარეობის დარღვევას, შესაბამისად სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის, რომ ა. ძ-ის სარჩელის განხილვისას არ დარღვეულა საქმის საგნობრივი, დარგობრივი განსჯადობა, საქმე განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოტეგორიას, საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ ადმინისტრაციულ-პროცესუალური ნორმების დაცვით, ამდენად ადგილი არა აქვს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას.
მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარის განცხადებით ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებაში იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მიეღო მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნული მუხლი გულისხმობს არა განსჯადობის წესების დაუცველობით საქმის განხილვას, არამედ სსკ-ს 29-31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძვლის არსებობას. ვინაიდან განმცხადებელი ვერ უთითებს შემადგენლობის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციოული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.04.03წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.