Facebook Twitter

3გ-ად-42-კ-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საპრივატიზაციო კომისიის გადაწყვეტილების და გაერთიანებული ამხანაგობის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

მინისტრთა კაბინეტის 20.04.93წ. ¹... დადგენილებით მცხეთის ...-ის კომბინატის შენობა შეტანილი იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.12.96წ. ¹... ბრძანებით დაკმაყოფილდა აღნიშნული კომბინატის თანამშრომელთა მოთხოვნა და კომბინატის შენობა ამოღებული იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან, შენობის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემის მიზნით, რისი ორგანიზებაც დაეკისრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოს. სახელმწიფო ქონების მართვის მცხეთის რაიონულმა სამმართველომ გაზეთ “...-ის” 1997წ. ¹... ნომერში (...) გამოაცხადა კომერციული კონკურსი კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ, კონკურსის ჩატარების დღედ განისაღვრა 23.07.97წ.

02.07.97წ. მცხეთის ...-ის კომბინატის თანამშრომლებმა საერთო კრებაზე, კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შექმნეს ამხანაგობა (¹...). იმავე მიზნით 03.07.97წ. შეიქმნა მცხეთის ...-ის ცენტრის თანამშრომელთა ამხანაგობა (¹...). ორივე კრების ოქმი 11.07.93წ დამოწმებული იქნა მცხეთის სანოტარო კანტორაში. ამავე დღეს, ორივე ამხანაგობამ შეიტანა განცხადება კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საპრივატიზაციო კომისიამ არცერთ ამხანაგობას არ მიანიჭა უპირატესობა და 16.07.97წ. გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩათვალა კომერციული კონკურსის ჩატარება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეჩერებული იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.07.97წ. ¹02/1161/5-121/5-7 წერილით.

მცხეთის ...-ის კომბინატის შრომითი კოლექტივის თანამშრომელთა სახელით 25.08.97წ. გაფორმებული საერთო კრების ოქმის მიხედვით, შეიქმნა ე.წ. “გ.-ა”, რომელსაც საპრივატიზაციო კომისიამ 16.09.97წ. გადაწყვეტილებით მიანიჭა კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვის უფლება.

მცხეთის ....-ის კომბინატის ამხანაგობის წარმომადგენელმა რ.კ.-მ 06.11.97წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გამყიდველ საკონკურსო კომისიის 16.09.97წ. გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც 25.08.97წ. შექმნილ გაერთიანებულ ამხანაგობას მიეცა კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვის უფლება კონკურსისა და აუქციონის გარეშე და გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის შესახებ 25.08.97წ. ოქმის გაუქმება.

მცხეთის რაიონის სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ა.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.02.98წ. განჩინებით გასაჩივნებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 18.09.98წ. დადგენილებით დაკმაყოფილდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი ზედამხედველობის წესით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს 12.02.98წ. განჩინება და ძალაში დარჩა მცხეთის რაიონის სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 19.10.99წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მესამე პირის ლ.ა.-ის საზედამხედველო საჩივარი, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 18.09.98წ. დადგენილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. მცხეთის რაიონული სასამართლოს 11.04.2000წ. გადაწყვეტილებით მცხეთის ...-ის კომბინატის თანამშრომელთა ამხანაგობის წარმომადგენლის რ.კ.-ის სარჩელი კვლავინდებურად დაკმაყოფილდა, გაუქმდა სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გამყიდველი საკონკურსო კომისიის 16.09.97წ. გადაწყვეტილება და 25.08.97წ. ოქმი გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი ¹... ამხანაგობა, როგორც იურიდიულად არასწორი და კანონის დარღვევით შექმნილი; კანონიერად იქნა ცნობილი ¹... ამხანაგობა და ამ შრომით კოლექტივს გადაეცა კომბინატის შენობა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით კონკურსისა და აუქციონის გარეშე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა ლ.ა.-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 13.12.01წ. გადაწყვეტილებით ლ.ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 11.04.2000წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მცხეთის ...-ის კომბინატის თანამშრომელთა ამხანაგობის წარმომადგენლის რ.კ.-ის სარჩელი დაკმაყლფილდა: სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრებაში ასებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გამყიდველი საკონკურსო კომისიის 16.09.97წ. გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით; გაუქმდა მცხეთის ...-ის კომბინატის 25.08.97წ. კრების ოქმი “გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის” შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი ¹... ამხანაგობის შექმნა; კანონიერად იქნა ცნობილი ¹... ამხანაგობის შექმნა და ამ შრომით კოლექტივს გადაეცა კომბინატის შენობა იჯარა-გამოსყიდვით კონკურსისა და აუქციონის გარეშე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულ იქნა სსკ-ს 384-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, სასამართლომ საქმე განიხილა მესამე პირის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დასწრების გარეშე, რომელსაც სსკ-ს 70-78-ე მუხლების დაცვით არ მიუღია შეტყობინება. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ს 57-ე მუხლი, კერძოდ, საქმე გადაწყვიტა მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა მასვე დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ “საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის მომსახურების სფეროში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 09.12.93წ. ¹880 დადგენილების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტის 08.10.94წ. ¹885 განკარგულებით საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში ნებაყოფლობითობის პრინციპზე შეიქმნა მაკოორდინირებელი რგოლი – რესპუბლიკური ცენტრი “ს.-ი”, რომელსაც, სხვა რესპუბლიკური და რეგიონალური მნიშვნელობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოებთან ერთად, ფუნქციონალურად დაექვემდებარა მცხეთის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველო, უკანასკნელს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 15.06.97წ. ¹1-3/950 დადგენილებით შექმნილი კომისიის დასკვნის თანახმად ეწოდა მცხეთის ...-ის ცენტრი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მცხეთის ...-ის კომბინატი იყო ცენტრისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რის გამოც ¹... ამხანაგობის წევრები ვერ ჩაითვალებიან მცხეთის ...-ის კომბინატის თანამშრომლებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ¹... ამხანაგობა შექმნილია “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 10.07.97წ. ¹46/4-29 დადგენილებით რეგისტრირებული შპს “ს.-ი”, იმავე სასამართლოს 22.07.97წ. ¹46/4-31 დადგენილებით გაუქმებული იქნა, რის შედეგადაც შპს “ს.-ი” 22.07.97წ. შემდეგ იურიდიულად აღარ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მცხეთის ...-ის კომბინატის თანამშრომელთა 02.07.97წ. საერთო კრების ოქმით კომბინატის 19 თანამშრომელმა შექმნა ¹... ამხანაგობა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მცხეთის რაიონულ სამმართველოს 11.07.97წ., კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მიმართა განცხადებით კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ამხანაგობის მიერ გადახდილ იქნა ბეს თანხა, რაც “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ” დებულების 7.4 პუნქტის მიხედვით კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ამდენად, დაცულ იქნა დებულების ყველა მოთხოვნა. ამავე დებულების მიხედვით, ობიექტის იჯარით გამოსყიდვაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამხანაგობის შექმნის უფლება აქვთ მხოლოდ გამოსასყიდი ობიექტის თანამშრომლებს, სხვა იურიდიულ პირებს ასეთი ამხანაგობის შექმნის უფლებამოსილება არ აქვთ და კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ თავისი სახელით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ¹1 ამხანაგობა კანონის მოთხოვნათა დაცვით შექმნილი, ხოლო ¹2 ამხანაგობა უკანონოდ შექმნილად მიიჩნია. უკანონოდ იქნა მიჩნეული აგრეთვე 25.08.97წ. კრების ოქმი “გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის შესახებ”, პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ასეთი კრება საერთოდ არ ჩატარებულა, ამასვე ადასტურებს ნოტარიუსის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არ დასწრებია კრებას, მან მხოლოდ ხელმოწერა დაამოწმა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ¹... ამხანაგობის სარჩელზე უარის თქმა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მცხეთის ....-ის კომბინატი იყო მცხეთის ...-ის ცენტრისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ...-ის კომბინატი არასოდეს არ წარმოადგენდა რაიმე განკერძოებულ იურიდიულ ერთეულს, მას არ გააჩნდა ხელმძღვანელი, ბუხჰალტერი, ანგარიში, ბეჭედი, განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი და სხვა. კომბინატის თითოეულ მუშაკს გახსნილი ჰქონდა შრომითი წიგნაკი ცენტრში, რომელიც აწარმოებდა კომბინატის ადმინისტრაციულ მართვას. ამდენად, ცენტრი კომბინატთან ერთად წარმოადგენდა ერთ სტრუქტურულ ერთეულს, კომბინატში და ცენტრის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ ცენტრის თანამშრომლებს. ¹... ამხანაგობის იურიდიულად არასწორად შექმნილად მიჩნევის შედეგად მცდარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ გამოსასყიდი ობიექტის თანამშრომლებს აქვთ ობიექტის გამოსყიდვის უფლება. ის ფაქტი, რომ შპს “ს.-ი” სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა 10.07.97წ. არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე, კერძოდ 03.07.97წ. ცენტრის შრომითი კოლექტივი არ არსებობდა, კონცერნ “ს.-მ” 21.06.95წ. ¹2 ბრძანებით საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველო გარდაქმნა შპს-ად, 1997წ. 10 ივლისამდე სასამართლოში რეგიტრაციის გაუვლელობა არ უკარგავდა ობიექტის მუშაკებს მისი გამოსყიდვის უფლებას. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კომბინატი არ გადასცემია ცენტრს და იგი დამოუკიდებელ ობიექტად იყო დარჩენილი. მცხეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს 15.08.97წ. ეწოდა მცხეთის ...-ის ცენტრი, სახელწოდების შეცვლას არ გამოუწვევია არსებითი ცვლილება, კომბინატი, სხვა ობიექტებთან ერთად, კვლავინდებურად იმყოფებოდა სამმართველოს ბალანსზე. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო აგრეთვე ბათილად 25.08.97წ. კრების ოქმი. კრების არშემდგარად ცნობის საფუძველს არ იძლეოდა ის, რომ კრებას არ ესწრებოდა ნოტარიუსი, კანონი არ ითხოვდა კრების ოქმის შედგენას ნოტარიუსის მიერ. ¹... ამხანაგობის წევრების მიერ კრების ჩატარების უარყოფა, არ ადასტურებს იმას, რომ კრება არ ჩატარებულა. გაერთიანებული ამხანაგობის მიერ საპრივატიზაციო კომისიაში განცხადების შეუტანლობა არ წარმოადგენს დარღვევას, რადგანაც გაერთიანებული ამხანაგობა შექმნილია ორი რეგისტრირებული ამხანაგობის შერწყმის შედეგად და მასში არცერთი ახალი წევრი არ არის. გაერთიანებული ამხანაგობის მიერ ბეს და მისაგებელის გადაუხდელობა არ წარმოადგენს ობიექტის გამოსასყიდად გადაცემის გამომრიცხავ გარემოებას. უსაფუძვლოა აგრეთვე სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონკურსის ჩატარების შემთხვევაში ¹... ამხანაგობას მიენიჭებოდა უპირატესობა. აღნიშნული წარმოადგენს მოსაზრებას მოვლენათა განვითარების შესახებ და არ უკავშირდება დავის საგანს, ამასთანავე, გაურკვეველია თუ რომელი კანონით ხელმძღვანელობდა სასამართლო აღნიშნული დასკვნის გამოტანისას. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება თავად მიეღო გადაწყვეტილება ¹... ამხანაგობისათვის კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით კონკურსის და აუქციონის გარეშე გადაცემის შესახებ, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ _ კომბინატის თანამშრომელთა ამხანაგობის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის რაიონის განყოფილების წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ს/მ კომბინატის თანამშრომელთა ამხანაგობის (¹...) წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომბინატის თანამშრომლების მიერ 02.07.97წ. კრებაზე იქნა შექმნილი ¹... ამხანაგობა, ლ.ა.-ი არ იქნა მიღებული ამხანაგობის წევრად, ვინაიდან არ იყო კომბინატის წევრი. აღნიშნულის გამო ლ.ა.-ი დაუპირისპირდა ამხანაგობას და შექმნა ს/მ ცენტრის თანამრომელთა ამხანაგობა, ცენტრის ამხანაგობის წევრები არ წარმოადგენენ გამოსასყიდი ობიექტის თანამშრომლებს. მინისტრთა კაბინეტის 09.12.93წ. ¹880 დადგენილების შესაბამისად 08.10.94წ. განკარგულებით საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე შეიქმნა მაკოორდინირებელი რგოლი კონცერნ “ს.-ის” სახით, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების მის ბალანსზე გადაცემა გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობდა ამ დაწესებულებების თანამშრომელთა საერთო კრების და რაიონის გამგეგბის დადგენილებები შენობის და უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისმტროს თანხმობა, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულის შეუსრულებლოლბის გამო ცენტრი და კომბინატი არ წარმოადგენდნენ ერთ სტრუქტურულ ერთეულს. 25.08.97წ. კრების ოქმი გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის შესახებ არის ფალსიფიცირებული ლ.ა.-ის მიერ. გაერთიანებულ ამხანაგობას არ წარუდგენია განაცხადი საკონკურსო კომისიაში, არ შეუტანია ¹1 ამხანაგობის მსგავსად ბე და მისაგებელი.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის რაიონის განყოფილების წარმომადგენლმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღინიშნა, რომ შპს “ს.-ი” დაფუძნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოს გვერდის ავლით, რის შედეგადაც ცენტრის მიერ მითვისებულ იქნა უკვე პრივატიზებული ობიექტებიც. შპს ცენტრის წესდება ნოტარიუსის მიერ დადასტურდა 09.07.97წ., ხოლო კრების ოქმი დამტკიცდა 03.07.97წ., იმავე ნოტარიუსის მიერ ცენტრის თანამშრომელთა ამხანაგობის შექმნის კრების ოქმი დათარიღებულია 03.07.97წ., ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება დაემოწმებინა არ არსებული ორგანიზაციის თანამშრომელთა კრების ოქმი. შპს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ლ.ა.-მ მიაღწია იმას, რომ არ მომხდარიყო არც კომბინატის თანამშრომლებისათვის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება და არც კომერციული კონკურსის ჩატარება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უსაფუძვლოდ შეაჩერა კონკურსი, გაერთიანებული ამხანაგობის კრების ოქმი ყალბია, კრება არ ჩატარებულა და მას ცხადია არ დასწრებია კომბინატის თანამშრომლები. მოპასუხე თვლის, რომ სამმართველომ შეცდომა დაუშვა, როდესაც სასამართლოს მიერ რეგისტრირებული წესდების წარმოუდგენლად მიიღო ე.წ. ცენტრის თანამშრომელთა კრების ოქმი და მათი განცხადება. საქმეში მესამე პირად ჩაბმული _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1-ს დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულების 8.17 პუნქტის მიხედვით ობიექტის იჯარით გაცემისას ამავე საწარმოს თანამშრომლების მიერ შექმნილ ამხანაგობას უპირატესი უფლება აქვს კონკურსისა და აუქციონის გარეშე აიღოს ქონება იჯარით. საქმეზე დადგენილია, რომ რეალურად მოხდა მცხეთის ...-ის კომბინატის შენობის გატანა კომერციულ კონკურსზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. გაზეთ “...-ის” 1997წ. მე-7 ნომერში გამოცხადდა სრული ინფორმაცია კონკურსის თაობაზე, განხორციელდა “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულების მე-6, მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ობიექტის კონკურსზე გატანისათვის ყველა საჭირო ღონისძიება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კომბინატი წარმოადგენდა ცენტრისაგან დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულს. 03.07.97წ. შექმნილი ე.წ. ¹... ამხანაგობის წევრები ვერ იქნებიან მიჩნეულნი ...-ის კომბინატის თანამშრომლებად, ვინაიდან 03.07.97წ., ¹... ამხანაგობის შექმნის დროისათვის, შპს “ს.-ი” არ იყო რეგისტრირებული სასამართლოში. პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1-ს დადგენილებით დამტკიცებული დებულების 8.17 პუნქტის თანახმად სახელმწიფო საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) იჯარით გაცემისას უპირატესობით სარგებლოდა იმავე საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) თანამშრომლების მიერ შექმნილი ამხანაგობა. აღნიშნულის შესაბამისად, კომერციული კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მიეთითა, რომ კომბინატის და არა ცენტრის თანამშრომელთა მიერ შექმნილი ამხანაგობის შენობის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღების შესახებ განცხადების კომისიისათვის წარდგენის შემთხვევაში შენობა პირდაპირი წესით გადაეცემა ამ ამხანაგობას. ცენტრმა რეგისტრაცია სასამართლოში გაიარა ამხანაგობის შექმნის შემდეგ – 10.07.97წ., რომელიც სასამართლოს 22.07.97წ. კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, ცენტრის კანონის მოთხოვნათა დარღვევით შექმნის გამო, გაუქმდა. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს დაარსებისათვის საჭირო იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა, კონცერნ “ს.-ის” ბრძანება არ არის საკმარისი შპს-ის დასაფუძნებლად. გაუქმდა რა ცენტრის რეგისტრაცია, შესაბამისად გაუქმებულია ცენტრის თანამშრომლების მიერ შექმნილი ამხანაგობა. საგულისხმოა, რომ კონცერნ “ს.-ის” იმავე დღეს (21.06.95წ.) მიღებული ¹3 ბრძანებით ლ.ა.-ი დაინიშნა არა კომბინატის ან ცენტრის, არამედ მცხეთის რაიონის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. “საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 09.12.93წ. ¹880 დადგენილების და 08.10.94წ. ¹895გ განკარგულების საფუძველზე შექმნილი რესპუბლიკური კონცერნ “ს.-ის” სისტემაში შემავალი ერთეული – ცენტრი, მისი სათაო ორგანიზაციის მსგავსად, წარმოადგენდა მცხეთის რაიონში არსებული საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის მცხეთის ...-ის კომბინატის საქმიანობის მაკოორდინირებელ ორგანოს. შესაბამისად, ...-ის კომბინატი იყო ცენტრისაგან დამოუკიდებელი ერთეული, ცენტრის (ისევე როგორც მისი წინამორბედი ადმინისტრაციული სტრუქტურის – საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს) თანამშრომლები არ იყვნენ იმავდროულად კომბინატის თანამშრომლები. პალატა შეუძლებლად თვლის შპს “ს.-ის” 12 დღიანი არსებობის საფუძველზე ცენტრის და ... კომბინატის თანამშრომელთა ერთიანი შრომითი კოლექტივის წევრებად განხილვას. ...-ის კომბინატის მუშაკებს არ წარმოადგენდნენ აგრეთვე ცენტრის წინამორბედი ადმინისტრაციული სტრუქტურის _ სამმართველოს თანამშრომლები. მინისტრთა კაბინეტის 19.03.92წ. ¹341 დადგენილებით გაუქმდა საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების რესპუბლიკური სახელმწიფო კონცერნი “ს.-ი”. მინისტრთა კაბინეტის 09.12.93წ. ¹880 დადგენილების და 08.10.94წ. განკარგულების საფუძველზე საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე შექმნილი მაკოორდინირებელი რგოლის – რესპუბლიკური კონცერნ “ს.-ის” 21.05.95წ. ¹3 ბრძანებით მცხეთის რაიონის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ლ.ა.-ი. სამმართველოს მიერ საყოფაცხოვრებო მომსახურების კოორდინაციის ფარგლებში კომბინატის მიმართ გარკვეული მმართველობითი ფუნქციების შესრულება არ ასაბუთებს იმას, რომ სამმართველოს თანამშრომლები იმავდროულად იყვნენ კომბინატის მუშაკები. წინააღმდეგ შემთხვევაში სამმართველოს მუშაკები მიჩნეული უნდა ყოფილიყვნენ რაიონში ყოველგვარი საყოფაცხოვრებო ობიექტის თანამშრომლებად და შესაბამისად ყველა საყოფაცხოვრებო ობიექტის გამოსყიდვის უპირატესი უფლების მქონე პირებად. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კომბინატს არ გააჩნდა დამოუკიდებელი იურიდიული ერთეულის ატრიბუტები, აღნიშნულის გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ ადასტურებს კომბინატის თანამშრომლების მიერ შექმნილი ამხანაგობის მოთხოვნის უსაფუძვლობას. დებულების 8.17 მუხლი ითვალისინებდა არამხოლოდ საწარმოს, არამედ მისი სტრუქტურული ერთეულის იჯარა-გამოსყიდვით გაცემის შესაძლდეობლობას. ამდენად, კასაციის დაკმაყოფილების 02.07.97წ. შექმნილი (¹...) ამხანაგობისათვის ობიექტის იჯარა-გამოსყიდვისათვის გადაცემაზე და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე ამხანაგობის შექმნის დროისათვის კომბინატში საბუხჰალტრო აღრიცხვის, ბალანსის არარსებობა.

ვინაიდან 03.07.97წ. (¹2) ამხანაგობა დაფუძნებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ¹... და ¹... ამხანაგობათა გაერთიანების საფუძველზე შექმნილი გაერთიანებული ამხანაგობა ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერად შექმნილად, მით უფრო, რომ გაერთიანებული ამხანაგობის დაფუძნების დროისათვის მცხეთის რაიონის სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო შპს “ს.-ის” რეგისტრაცია. ამდენად, პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 15.08.97წ. ¹1-3/350 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნას გაერთიანებული ამხანაგობისათვის კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლების მინიჭების შესახებ. უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მოსაზრებები 25.08.97წ. კრების ოქმთან დაკავშირებით. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კერძოდ ¹... ამხანაგობის წევრების ახსნა-განმარტებების ნოტარიუსის განცხადების საფუძველზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ 25.08.97წ. კრება გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის შესახებ საერთოდ არ ჩატარებულა. სსკ-ს 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, კასატორს არ წარმოუდგენია ამ მიმართებით დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. გარდა ამისა, გაერთიანებულ ამხანაგობას კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ არ ჰქონდა ულება ესარგებლა ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლებით. აღნიშნულს არ ცვლის კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ამხანაგობა შექმნილია ორი რეგისტრირებული ამხანაგობის შერწყმის შედეგად, რომლებსაც კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ჰქონდათ შეტანილი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ვინაიდან 03.07.97წ. შექმნილი მცხეთის ...-ის ცენტრის ამხანაგობა არ შექმნილა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულება ობიექტის იჯარით გამოსყიდვაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამხანაგობის შექმნის უფლებას ანიჭებდა გამოსასყიდი ობიექტის და არა სხვა იურიდიული პირების თანამშრომლებს.

სინამდვილეს არ შეესაბამება აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გაერთიანებულ ამხანაგობაში გაწევრიანებულია ორივე ამხანაგობის წევრები. ე.წ. გაერთიანებული ამხანაგობის წევრებს შორის ¹1 ამხანაგობიდან გათვალისწინებულია მხოლოდ 6 მუშაკი (თ.შ.-ა, მ.თ.-ი, რ.ო.-ი, შ.მ.-ი, გ.ე.-ი, ც.ლ.-ი), რომელთაგან სამი (რ.ო.-ი, შ.მ.-ი, გ.ე.-ი) ხელს არ აწერს 25.08.97წ. კრების ოქმს, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ამხამანაგობის შექმნა და უარყოფენ კრების ჩატარებას, ხოლო დანარჩენები ასევე უარყოფენ კრებაში მონაწილეობის მიღებას და კრების ოქმზე ხელის მოწერას ხსნიან იმით, რომ ლ.ა.-მ ცარიელ ფურცელზე მოაწერინა მათ ხელი მუშაობის სურვილის და არა ახალი ამხანაგობის შექმნის დასადასტურებლად. 25.08.97წ. კრების ჩატარება უარყვეს და 25.08.97წ. კრების ოქმის ფალსიფიცირება დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომბინატის მუშაკები. მცხეთის რაიონის გამგეობის 15.05.01წ. ¹269 და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონული განყოფილების 10.04.01წ. ¹54 წერილებით ირკვევა, რომ კომბინატი იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო კომბინატში მომუშავე თანამშრომლები ობიექტის საპრივატიზაციოდ გადაცემასთან დაკავშირებით არ ყოფილან განთავისუფლებულნი და დღემდე აგრძელებენ მუშაობას. ს/მ სამმართველოს ყოფილი უფროსის ვ.ქ.-ის, ს/მ სამმართველოს კადრების ყოფილი უფროსის დ.მ.-ის ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს გაუქმების შემდეგ მოხდა კომბინატის ქონების აფასება და მინისტრთა კაბინეტის 19.03.92წ. ¹341 დადგენილების თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და გამგეობისათვის გადაცემა, კომბინატის თანამშრომლების გათავისუფლება არ მომხდარა. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ის, რომ მთავრობის 11.08.92წ. ¹829 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის” III თავის თანახმად, საპრივატიზაციო საწარმოს მუშაკთა ინტერესების დაცვის მიზნით, საწარმოს პრივატიზაციის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ (განცხადების ინიციატორის მიუხედავად) და მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენამდე იკრძალებოდა საწარმოს რეორგანიზაცია, მისი სტრუქტურული ლიკვიდაცია და შეცვლა, საპრივატიზაციო საწარმოს მიერ დაკავებული შენობების, ნაგებობების და სათავსების გამოყენებაზე ადრე დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების შეცვლა ან შეწყვეტა, საწარმოს საშტატო განრიგის ცვლილება და მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება საწარმოს (ქვედანაყოფის) მუშაკთა საერთო კრების ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე. ანალოგიურ ნორმას ითვალისიწნებს აგრეთვე სადღეისოდ მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონი.

კანონმდებლობის მოთხოვნებს ემყარება აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონკურსის ჩატარების შემთხვევაში ¹... ამხანაგობას, კონკურსში მონაწილე სხვა სუბიექტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭებოდა. დადგენილია, რომ ¹... ამხანაგობის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იქნა წარმოდგენილი განაცხადი ობიექტის იჯარა-გამოსყიდვით გადმოცემის შესახებ. კომერციული კონკურსის ჩატარების შემთხვევაშიც კი კომბინატის შენობა იჯარა-გამოსყიდვით გადაეცემოდა ¹... ამხანაგობას, ვინაიდან იგი იყო კონკურსის ერთადერთი კანონიერი მონაწილე, მას, ¹... და ე.წ. გაერთიანებული ამხანაგობისაგან განსხვავებით, გადახდილი ჰქონდა კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო 1885 ლარი, მისაგებელი 65 ლარი და მაშასადამე ¹... ამხანაგობა სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა შეჩერებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ. სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გამყიდველი საკონკურსო კომისიის 16.09.97წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (გადაწყვეტილების უკანონობა აღიარებულია გადაწყვეტილების მიმღები კომისიის თავმჯდომარის თ. მ.-ის მიერ), რომლითაც კომბინატის იჯარა-გამოსყიდვის უფლება კონკურსის და აუქციონის ჩატარების გარეშე მიეცა გაერთიანებულ ამხანაგობას და გაერთიანებული ამხანაგობის შექმნის შესახებ ...-ის კომბინატის 25.08.97წ. კრების ოქმის ბათილად ცნობა თავისთავად იწვევს კომბინატის თანამშრომელთა მიერ 02.07.97წ. შექმნილი (¹...) ამხანაგობისათვის უპირატესობის მინიჭებას. ვინაიდან ამხანაგობა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 20.05.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულებით განსაზღვრულ საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან 14 დღიან ვადაში მიმართა განცხადებით საკონკურსო კომისიას, დებულების 8.17 პუნქტის და “იჯარის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საწარმოს თანამშრომლების მიერ შექმნილ ამხანაგობას უპირატესი უფლება აქვს პირდაპირ, კონკურსისა და აუქციონის გარეშე აიღოს ქონება იჯარით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 02.07.97წ. შექმნილ ¹... ამხანაგობას კონკურსის ჩატარების შემთხვევაში მიენიჭებოდა უპირატესობა, ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, უშუალოდ უკავშირდება დავის საგანს (სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა ¹.... ამხანაგობისათვის, როგორც კონკურსის ერთადერთ მონაწილესათვის, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემა კონკურსის და აუქციონის გარეშე) და წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ შედეგს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ¹... ამხანაგობისათვის შენობის კონკურსის და აუქციონის გარეშე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს და არა სასამართლოს პრეროგატივას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შრომითი კოლექტივისათვის მცხეთის ...-ის კომბინატის შენობის იჯარა-გამოსყიდვით გადაცემა შეესაბამება პროცესუალური კანონმდებლობის ნორმებს, სახელდობრ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის თანახმადაც სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13.12.01წ. გადაწყვეტილება.

2. კასატორს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.