Facebook Twitter

3გ-ად-155-კ-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. პ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ო. მ.-ის მიმართ, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მას 1953 წლიდან გააჩნდა ოზურგეთში, ...-ის ქუჩა ¹29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 880 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ფართობი. 1970 წელს ქალაქვაჭრობამ, ყოველთვიური ქირის გადახდის პირობით, ნ. პ.-ს ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილიდან 20კვ.მ-ზე ააგო საზკვების ობიექტი. ქალაქვაჭრობის ლიკვიდაციის შემდეგ მოპასუხე _ ო. მ.-მ შეუწყვიტა მოსარჩელეს ქირის გადახდა. მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ო. მ.-ის ფლობაში არსებული სასადილოს შენობის და დამხმარე ნაგებობის აღება, მოპასუხისათვის ნაკვეთით სარგებლობისათვის ქირის გადახდის დაკისრება და ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.10.2000წ. გადაწყვეტილებით ნ. პ.-ს სარჩელის ძირითადი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც 1971 წლიდან აგებულია და ფუნქციონირებს ყოფილი ქალაქვაჭრობის საზკვების ¹... ...-დ წოდებული შენობა და რომელიც ამჟამად სამართავად გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულ სამმართველოს, როგორც სახელმწიფო ქონება, ჩაითვალა სერვიტუტის უფლებით დატვირთულად და ასეთივე სახით შეტანილი და რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. ნ. პ.-ს ასევე უარი ეთქვა აღნიშნულ შენობაზე მოპასუხის მიერ სარგებლობის უფლების აღკვეთაზე სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო. სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის სარგებლობის საზღაურად დარჩა 25 ლარი, რისი გადახდაც დაეკისრა მოპასუხე _ ო. მ.-ს ყოველთვიურად მოსარჩელის სასარგებლოდ. ო. მ.-ს ასევე დაეკისრა 11 თვის გადაუხდელი ქირის _ 275 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ.-მ, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საოლქო სასამართლოს 02.05.01წ. განჩინებით მოპასუხე ო. მ.-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის სამმართველოს მიერ. ო. მ.-ე საქმეში ჩაება მესამე პირად მოპასუხის მხარეზე. ო. მ.-ის წარმომადგენელმა _ ლ. მ.-მ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. პ.-ს სახელზე რიცხული მიწის რაოდენობიდან 20კვ.მ-ზე სერვიტუტის გაუქმება, სადავო ფართის ამორიცხვა ნ. პ.-ს საკუთრებიდან, რეგისტრაციის მოწმობაში, მიწის მიღება-ჩაბარების აქტში და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა ნ. პ.-ს სახელზე რიცხული მიწის ფართის რაოდენობის 20კვ.მ-ით შემცირების თაობაზე.

სააპელაციო პალატის 06.07.01წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.10.2000წ. გადაწყვეტილება, ნ. პ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, დაკმაყოფილდა ო. მ.-ის რწმუნებულის ლ. მ.-ის შეგებებული სარჩელი, გაუქმდა სერვიტუტი ნ. პ.-ს სახელზე რიცხული მიწის რაოდენობიდან 20.კვმ-ზე, რომელზედაც აგებულია ¹... ...-დ წოდებული ობიექტი და ეს ფართი ამოირიცხა ნ. პ.-ს საკუთრებიდან. 06.07.01წ. გადაწყვეტილებით შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი ნ. პ.-ს სახელზე 18.08.98წ. გაცემული ¹26 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების 10.05.2000წ. სარეგისტრაციო მოწმობაში და საჯარო რეესტრში. სადაო 20კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩაითვალა სახელმწიფო საკუთრებად და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრების ობიექტად. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.01წ. განჩინებით, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. პ.-ს წარმომადგენლის ჟ. თ.-ის საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო საკუთრების ობიექტით დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 20 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ამორიცხვა ნ. პ.-ს სარგებლობიდან და მისი სახელმწიფო საკუთრების ობიექტად აღრიცხვა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.03.02წ. გადაწყვეტილებით ნ. პ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.10.2000წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. პ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც აგებულია ¹.. ...-ის შენობა-ნაგებობები ამოღებულ იქნა ო. მ.-ის მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნდა ნ. პ.-ს, ო. მ.-ს და ოზურგეთის სქმ სამმართველოს დაევალა სადავო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება უკანონოდ აგებული ¹... სამწვადის შენობა-ნაგებობისაგან, ოზურგეთის რაიონული მიწის მართვის სამმართველოს შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, ო. მ.-ს ნ. პ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 275 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. პ.-ა მიწის რეფორმის დაწყებისათვის სარგებლობდა სამოსახლო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, რომელიც მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთსაც, არ არსებობს აღმასკომის გადაწყვეტილება ნ. პ.-ზე სადავო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის და მისი ქალაქვაჭრობისათვის გადაცემის შესახებ. ქალაქვაჭრობის სისტემის მუშაკებს სადავო ნაკვეთისადმი ინტერესი გაუჩნდათ 1970წ., ისინი შეუთანხმდნენ მფლობელს ნაკვეთზე სასადილოს აგების თაობაზე, მაშინ როდესაც მიწის კოდექსის მე-4 მუხლით იკრძალებოდა მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების ყოველგვარი დარღვევა. პალატამ აღნიშნა, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-2 პუნქტით 1992 წლამდე მოქალაქეთა კომლების კანონიერ სარგებლობაში არსებული სამოსახლო, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად, რომელთა მიმართაც გამოიყენება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონი. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით ეს კანონი მოქმედებს ნაკვეთებზე და ნაკვეთის ნაწილზე, თუ ისინი მდებარეობენ დასახლებულ პუნქტებში, გამოიყენებიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის და რეგისტრირებული არიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად. პალატამ მიიჩნია, რომ ნ. პ.-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სადავო ნაწილის ჩათვლით, აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის აგება მოხდა ნებართვის და შესაბამისი საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, შენობა არ ირიცხებოდა ვინმეს ბალანსზე. ამდენად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სადავო ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ.

სააპელაციო პალატის 18.03.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოს, სქმ სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოსა და ო. მ.-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სადავო მიწის ნაკვეთის და სასადილოს შენობის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, სადავო მიწის ნაკვეთის ნ. პ.-ს სარგებლობიდან ამორიცხვა და სახელმწიფო მიწის ფონდში ჩარიცხვა, მიღება-ჩაბარების აქტის და საკუთრების მოწმობის გაუქმება. ო. მ.-მ დამატებით მოითხოვა აგრეთვე სადავო ობიექტში მუშაობის გაგრძელების და ობიექტის პრივატიზების დროს უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.05.02წ. განჩინებით ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოს, სქმ სამმართველოს და ო. მ.-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში. ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ 09.07.02წ. ¹გ-80 და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ 12.07.02წ. ¹70 განცხადებებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი თქვეს თავიანთ საკასაციო საჩივრებზე. საქმის წარმოება აღნიშნულ საკასაციო საჩივრებზე შეწყდა. რაც შეეხება ო. მ.-ის საკასაციო საჩივარს, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ნ. პ.-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიისადმი მიკუთვნების შესახებ. კასატორის აზრით, ნ. პ.-მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა არა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის, არამედ სსკ-ის 1513-ე მუხლის საფუძველზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტსა (855კვ.მ) და მასზე დატანილ გეგმა-ნახაზზე (877კვ.მ) სხვადასხვა რაოდენობის მიწის ნაკვეთია ფიქსირებული, კასატორი 25 ლარს ყოველთვიურად იხდიდა სასადილოსთან არსებული მინაშენისათვის და არა იმ მიწისათვის, რომელზედაც სასადილო იყო აგებული. ის, რომ ობიექტი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს იმითაც დასტურდება, რომ არასათანადო მოპასუხე ო. მ.-ე სათანადო მოპასუხით _ სქმ სამმართველოს მიერ იქნა შეცვლილი. სასამართლომ, კასატორის აზრით, შეფასება არ მისცა მთელ რიგ მტკიცებულებებს. ნ. პ.-მ სადავო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება ნებაყოფლობით შეწყვიტა 31 წლის წინ, ამ ხნის მანძილზე რაიმე პრეტენზია ო. მ.-ის მიმართ არ გამოთქმულა, ამასთანავე, ობიექტი ო. მ.-ის და მისი ოჯახის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები არ გამოცხადნენ, კასატორის _ ო. მ.-ის წარმომადგენლებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მოწინააღმდეგე მხარემ კასაცია მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების, ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.03.02წ. გადაწყვეტილება არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმე არ იქნა არსებითად გადაწყვეტილი. გადაწყვეტილების აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები საერთოდ არ შეიცავენ რაიმე მითითებას ო. მ.-ის შეგებებულ სასარჩელო განცხადებაზე, რომლითაც მან მოითხოვა ნ. პ.-ს სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთიდან 20კვ.მ მეტრზე, რომელზედაც აგებულია ¹... ...-დ წოდებული ობიექტი, სერვიტუტის გაუქმება; ნ. პ.-ს საკუთრებიდან ამ ფართის ამორიცხვა; ნ. პ.-ს სახელზე რიცხული მიწის ფართის რაოდენობის 20 კვ.მ-ით შემცირების თაობაზე ნ. პ.-ს სახელზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში, მიწის მიღება-ჩაბარების აქტში და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.01წ. გადაწყვეტილებით ო. მ.-ის რწმუნებულის ლ. მ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. პ.-ს წარმომადგენლის ჟ. თ.-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.11.01წ. განჩინებით, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვისას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ 15.03.02წ. შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ობიექტით დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 20კვ.მ. მიწის ნაკვეთის ამორიცხვა ნ. პ.-ს სარგებლობიდან და მისი სახელმწიფო საკუთრების ობიექტად აღრიცხვა. ამასთანავე, ო. მ.-ს უარი არ უთქვამს შეგებებულ სარჩელზე. საქმის განხილვის პროცესში ო. მ.-ის წარმომადგენლის ლ. მ.-ის ადვოკატმა მოითხოვა აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, სადავო 20კვ.მ. ნ. პ.-ს საკუთრებიდან ამორიცხვა და სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვა. ლ. მ.-ე დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას. საქმეში არ მოიპოვება საკასაციო ან სააპელაციო სასამართლო ინსტანციის რაიმე პროცესუალური აქტი ო. მ.-ის წარმომადგენლის ლ. მ.-ის შეგებებული სასარჩელო განცხადების მიმართ საქმის წარმოების დასრულების (საქმის შეწყვეტის ან განუხილველად დატოვების) შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს საქმის გადამწყვეტ მართლმსაჯულების აქტს, იმ პროცესუალურ დოკუმენტს, რომლითაც წყდება მოსარჩელის მოთხოვნა, მისი სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე ამომწურავ დასკვნებს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები არ შეიცავენ რაიმე მითითებას ო. მ.-ის სარჩელის მიმართ, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 18.03.02წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გადაჭრილა სასამართლოს წინაშე დასმული ყველა საკითხი, ყველა სადავო ურთიერთობა. ო. მ.-ის წარმომადგენლის შეგებებული სარჩელის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ, უდავო საფუძველს. ამასთანავე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს და შეფასება მისცეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებზედაც ნამსჯელი აქვს საპელაციო სასამართლოს, სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ვინაიდან საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს რაიმე მსჯელობას ო. მ.-ის სარჩელის მიმართ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ახალი გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 18.03.02წ. გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა გათვალისწინებული საქმის მონაწილეთა პროცესუალური სტატუსი, კერძოდ, გასაჩვრებული გადაწყვეტილებით ო. მ.-ს დაევალა ¹... ...-ის შენობა-ნაგებობისაგან სადავო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების უზრუნველყოფა, ამასთანავე, ო. მ.-ეს ნ. პ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 275 ლარის გადახდა მაშინ, როდესაც ო. მ.-ე საქმეში ჩაბმულია არა მოპასუხედ, არამედ მესამე პირად. საკასაციო პალატას დაუშვებლად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილებით მესამე პირისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგის დადგენა, რაიმე ვალდებულების შესრულების დაკისრება სათანადო პროცესუალური სტატუსის მინიჭების, საქმეში მოპასუხედ ჩართვის გარეშე. მოსარჩელის სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება მესამე პირის მიმართ პრეიუდიციულ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს და არ უნდა იწვევდეს მისთვის უშუალო სამართლებრივ შედეგს. უკეთუ, სადავო ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, პირი მოპასუხის მსგავსად უშუალოდ აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე, იგი წარმოადგენს თანამოპასუხეს და არა მესამე პირს. ზემოაღნიშნულს არ ცვლის ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის სამართლებრივი მდგომარეობის თავისებურებანი (სასკ-ს მე-16 მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა და დააზუსტოს ო. მ.-ის პროცესუალური სტატუსი. მხედველობაში არის მისაღები ის გარემოება, რომ ნ. პ.-ა თავის სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ ასახელებდა ო. მ.-ს. 02.05.01წ. განჩინებით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ობიექტი წარმოადგენს არა ო. მ.-ის, არამედ სახელმწიფო საკუთრებას, სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, რის გამო შეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხედ ჩააბა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველო, ხოლო მესამე პირად მოპასუხის მხარეზე _ ო. მ.-ე. მესამე პირად ო. მ.-ის ჩაბმის მოტივად დასახელდა ის, რომ ო. მ.-ის ინტერესებში შედის სადავო ობიექტი, რომლის აღების შემთხვევაში ის შესაძლოა დარჩეს უმუშევარი. ამასთანავე, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ფ.- სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან ერთად ითხოვდა აგრეთვე მის სასარგებლოდ უშუალოდ ო. მ.-ისაგან 11 თვის სარგებლობის გადაუხდელი ქირის _ 275 ლარის (11 თვე X 25ლ) გადახდას, ე.ი. მოწინააღმდეგე მხარის _ ო. მ.-ის მიმართ არსებობდა პირდაპირი მატერიალურ-სამართლებრივი კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უშუალოდ ეხებოდა ო. მ.-ს, უკანასკნელი სადავო სამართალურთიერთობაში ჩართული იყო სამართალურთიერთობის წარმოქმნისთანავე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ო. მ.-ე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული. ო. მ.-ის საქმის შედეგისადმი დაინტერესების ხარისხის, სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობასთან კავშირის, სადავო სამართალურთიერთობაში მისი წარმოქმნისთანავე მონაწილეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იქონიოს მსჯელობა ო. მ.-ის პროცესუალური სტატუსის დაზუსტებაზე, მოპასუხესთან მისი შესაძლო პროცესუალურ თანამონაწილეობაზე.

ო. მ.-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შემდეგ, პალატის 11.05.01.წ. განჩინებით, სასკ-ს მე-16 მუხლის საფუძველზე წარმოებაში მიღებულ იქნა ო. მ.-ის წარმომადგენლის შეგებებული სარჩელი. საქმის ხელახალი განხილვისას მხედველობაში არის მისაღები აგრეთვე ის, რომ ო. მ.-ისათვის მესამე პირის სტატუსის შენარჩუნების შემთვევაში ო. მ.-ის სარჩელი უნდა იქნეს განხილული არა შეგებებული, არამედ დამოუკიდებელი სარჩელის სახით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.03.02.წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.