3გ-ად-193-კ-02 25 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა,
შემადგენლობა:
ლადო ჭანტურია (თავმჯდომარე),
ვალერი ხრუსტალი,
ბადრი მეტრეველი,
მერაბ ტურავა,
ნანა კლარჯეიშვილი,
მაია ვაჩაძე,
ირაკლი ბიბილაშვილი,
მიხეილ გოგიშვილი,
ბესიკ კობერიძე.
დავის საგანი: საპენსიო შეღავათის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე გ. გ.-ი 1942-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, რომლის დამთავრების შემდეგ აგრძელებდა სამსახურს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში. 1948 წელს მუშაობა დაიწყო შს სამინისტროში ოფიცრის წოდებით, ხოლო 1977 წლიდან გავიდა პენსიაზე. ამჟამად საქართველოს შს სამინისტროდან იღებს პენსიას წელთა ნამსახურებისათვის, თვეში 108 ლარის ოდენობით.
2001წ. 10 ოქტომბერს გ. გ.-მ სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანხმად, 1941-1945 წლების ომის მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან პირველი და მე-2 ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურებისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ის უკვე იღებს პენსიას შრომის წელთა ნამსახურებისათვის, ამიტომ მითითებული კანონის თანახმად, უნდა დაენიშნოს პენსია მოხუცებულობისათვის და კანონით გათვალისწინებული დანამატი.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მითითებული კანონი ითვალისწინებს არა ორი პენსიის მიღებას, არამედ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის (წელთა ნამსახურებისათვის) ერთდროულად მიღების უფლებას. ვინაიდან მოსარჩელე იღებს პენსიას წელთა ნამსახურებისათვის, მას იმავე სახეობის, ანუ მოხუცებულობის პენსია არ დაენიშნება. ასეთიY პენსია ენიშნებათ სამამულო ომის მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურებიდან იღებენ ომის ინვალიდობის პენსიას.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ არის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ითვალისწინებს ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლებას. ამიტომ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გ. გ.-ზე ვერ გავრცელდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს გ. გ.-ი, რომელიც შემდეგი მოტივებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას:
1. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი, რადგან კანონმა ერთმანეთთან გაათანაბრა 75 წელს მიღწეული მოხუცი და პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამის გამო მას უფლება აქვს, მიიღოს პენსია, როგორც წელთა ნამსახურების, ასევე _ მოხუცებულობის გამო. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მითითებული კანონის მე-15 მუხლზეც, რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობის პენსიის დანამატი დაენიშნებათ პენსიონერებს, რომლებიც არიან პირველი ჯგუფის ინვალიდები ან მიაღწიეს 75 წლის ასაკს;
2. კასატორის აზრით, მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹115.32 გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ სადავო კანონი ვრცელდება იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 9 ოქტომბრის განჩინებაზე მ. ჯ.-ის მიმართ, რომლითაც სასამართლომ მ. ჯ.-ზე გაავრცელა ზემოაღნიშნული კანონის სადავო ნორმა, ვინაიდან იგი იყო სამამულო ომის მონაწილე და შეუსრულდა 75 წელი.
მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო პენსიის ერთდროულად მიღების უფლებას, ხოლო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად მიღების უფლებას კანონი არ ითვალისწინებს, რადგან წელთა ნამსახურობის პენსია, რომელიც კასატორს უკვე აქვს დანიშნული 108 ლარის ოდენობით, მოიცავს საპენსიო დანამატებსა და შეღავათებს. კასატორი არ არის ომის ინვალიდი, მითითებული კანონის მიხედვით დანიშნული არა აქვს ომის ინვალიდობის პენსია, მაგრამ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტით 70 წელს მიღწეულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე ვრცელდება ყველა შეღავათი და უფლება, რაც მსოფლიო ომის მე-3 ჯგუფის ინვალიდებისათვის არის დადგენილი და მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის უფლების მოსაპოვებლად, კასატორს შეუძლია, უარი თქვას უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიაზე, დაინიშნოს ინვალიდობის პენსია და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მოხუცებულობის პენსია ორი დანამატით, რაც ნაკლები იქნება უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიასთან შედარებით.
სამოტივაციო ნაწილი:
დიდი პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დიდი პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გ. გ.-ი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომი მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, აქვს ოფიცრის წოდება და ამჟამად საქართველოს შს სამინისტროდან დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობის პენსია 108 ლარის ოდენობით. იგი არ არის ომის ინვალიდი და, შესაბამისად, არ იღებს პენსიას ომის ინვალიდობისათვის.
კასატორი ითხოვს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის (14 ლარი) დანიშვნას ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის სახეობანი, ესენია: პენსია წელთა ნამსახურობისათვის, პენსია ინვალიდობის გამო და მარჩენალის დაკარგვის გამო, ხოლო კანონის მე-4 მუხლის თანახმად: “სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია". ამდენად, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, როგორც წესი, აქვთ მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება და კასატორ გ. გ.-ს, ამავე კანონის მე-11 მუხლის “ა" პუნქტის თანახმად, დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობის პენსია 108 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს 20 წლის ნამსახურობისათვის ენიშნებათ წელთა ნამსახურობის პენსია ყოველთვიური თანამდებობის, წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულების, ანუ ფულადი სარგოს 50%, ხოლო ამავე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, 20 წელზე მეტი ნამსახურობის გამო ყოველ წელიწადზე პენსიას ემატება აღნიშნული ფულადი სარგოს 3%, მაგრამ არა უმეტეს ფულადი სარგოს 85%, რაც, კასატორის განმარტებით, დანიშნულიც აქვს. ამასთან, კანონის მე-15 მუხლის “ა" პუნქტის თანახმად, 75წ. ასაკს მიღწეულ, პირველი მუხლის “ა" პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, ანუ ოფიცრებს (რომელთა კატეგორიასაც განეკუთვნება კასატორი გ. გ.-ი) წელთა ნამსახურობის პენსიაზე ენიშნებათ დანამატი საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3-ის ოდენობით, ხოლო კანონის 41-ე მუხლის “დ" პუნქტით განსაზღვრულია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისათვის დანამატი, საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100%-ის ოდენობით და ამავე მუხლის “ზ" პუნქტი საქართველოს სამხედრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებზე, რომლებმაც 20 და მეტი კალენდარული წელი იმსახურეს, ასევე ითვალისწინებს საპენსიო დანამატს მოხუცებულობის გამო პენსიის 50%-ის ოდენობით. ამდენად, ზემოაღნიშნული კანონი, გარდა მე-12 მუხლით განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის პენსიისა, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-15 და 41-ე მუხლებით დადგენილ საპენსიო შეღავათებს.
კასატორი ითხოვს მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების ერთდროულად დანიშვნას თავისი დანამატით, ე.ი. უკვე დანიშნულ 108 ლართან ერთად 42 ლარის დანიშვნას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონმდებელმა დააწესა ერთდროულად ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების მიღების უფლება, ხოლო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად დანიშვნის უფლება კანონით გათვალისწინებული არ არის.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს ან “ა" პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს (ოფიცრები), თუ ისინი დაინვალიდდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო, კანონის მე-17 მუხლის თანახმად ენიშნებათ ინვალიდობის პენსია _ ფულადი სარგოს 50%. ამ კანონით, გარდა პირველი მუხლის “ა" პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა, ინვალიდობის პენსიაზე რაიმე დანამატი გათვალისწინებული არ არის, ამიტომ კანონმდებელმა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით დიდ სამამულო ომში მონაწილე ინვალიდებისათვის შეღავათის სახით გაითვალისწინა ომის ინვალიდობის მიხედვით პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიისა და მისი ორმაგი დანამატის ერთდროულად დანიშვნის უფლება.
საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მე-3 აბზაცის თანახმად: “მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, ვრცელდება ყველა უფლება და შეღავათი, რომლებიც დადგენილია მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისათვის". რადგან კანონმა 70 წელს მიღწეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სოციალურად გაუთანაბრა ომის III ჯგუფის ინვალიდს, კასატორს უფლება აქვს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამასახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უარი თქვას უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიაზე, აირჩიოს ინვალიდობის გამო პენსიის დანიშვნა, რის შემდეგაც მოიპოვებს უფლებას კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, ორი სახეობის პენსიის _ ინვალიდობის გამო პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნაზე, თავისი დანამატით.
ამდენად, დიდი პალატა განმარტავს:
1. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონით საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს, სურვილის შესაბამისად, ენიშნებათ მხოლოდ ერთი სახეობის პენსია, მაგრამ კანონმდებელმა მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით, გაითვალისწინა ერთდროულად ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების მიღების უფლება, მოხუცებულობის გამო დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით.
2. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება
და/ან უნდა იყოს ომის ინვალიდი.
კასატორი გ. გ.-ი, მართალია, არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული ოფიცერი და, შესაბამისად, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც ექნებოდა, თუ უარს იტყოდა უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიაზე და “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მე-3 აბზაცის თანახმად, აირჩევდა ომის ინვალიდობის პენსიას, რაზეც კასატორმა უარი განაცხადა. ვინაიდან “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული არ არის წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის პენსიების ერთდროულად მიღების უფლება, მოხუცებულობის გამო დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით, ამიტომ გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
ამდენად, დიდი პალატის აზრით, გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლისა და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.