Facebook Twitter

3გ-ად-197-კ-02 27 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საპენსიო დავალიანების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 12 ივნისს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ქ. ტყიბულში მცხოვრებმა პენსიონრებმა ვ.გ.-მ, დ.ფ.-მ და სხვებმა (37 პენსიონერი), რომლებმაც საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და სოცფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილებისაგან მოითხოვეს 1998-2001 წლებში მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, სულ 6621,53 ლარის ოდენობით. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათი საპენსიო დავალიანება აღიარებულია სოცფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების მიერ, რაზეც წარმოადგინეს განყოფილებიდან გაცემული ცნობები.

მოპასუხეებმა – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და სოცფონდის ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ არ ცნეს სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული რაიონული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. საბოლოოდ, ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი; სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დავალიანების თანხების, სულ 6521,18 ლარის გადახდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნა ცვლილება და სარეზოლუციო ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “დაევალოს სოცფონდის ტყიბულის რაიონულ განყოფილებას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით აუნაზღაუროს წინა წლების საპენსიო დავალიანებები მითითებული ოდენობით შემდეგ მოქალაქეებს”. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მართლაც მიუღებელი აქვთ წინა წლების პენსიები და მათ უფლება აქვთ მისი ანაზღაურება მოითხოვონ სახელმწიფოსაგან, რასაც არც სოცფონდის ტყიბულის განყოფილება უარყოფს;

2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ სოცფონდის ტყიბულის განყოფილებას არ გააჩნია დამოუკიდებელი სახსრები პენსიონერთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, სოცფონდი მხოლოდ მიღებული შემოსავლების (დაფინანსების) ფარგლებში ოპერატიულად უზრუნველყოფს პენსიების გაცემისათვის საჭირო სახსრების გადარიცხვას. ამასთან, პრეზიდენტის 2001წ. 23 თებერვლის ¹69 ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს სოციალურ სფეროში წარმოშობილი წინა პერიოდის დავალიანების დაფარვა. სასამართლოს განმარტებით “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-7 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულია მოქალაქეთა საპენსიო დავალიანებებისათვის სახსრების გამოყოფა და აღნიშნული დავალიანებები აღიარებულია სახელმწიფოს შიდა ვალად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სოცფონდი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული მოსარჩელეებზე გასცეს წინა წლების საპენსიო დავალიანება, როცა ფინანსთა სამინისტროსაგან მიიღებს შესაბამის დაფინანსებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ტყიბულის სოცფონდის განყოფილება და შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას:

1. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების შესახებ. სოცფონდის ტყიბულის განყოფილება კი სადავოდ არ ხდის პენსიონერთა წინა წლების საპენსიო დავალიანებას. კასატორი ეყრდნობა პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-10 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით ფონდი მხოლოდ მიღებული შემოსავლების (დაფინანსების) ფარგლებში უზრუნველყოფს პენსიებისათვის საჭირო სახსრების გაცემას, ე.ი. ფონდი მხოლოდ მაშინ გასცემს პენსიებს, როცა მიიღებს სათანადო დაფინანსებას ფინანსთა სამინისტროსაგან;

2. კასატორი აღნიშნავს, რომ 2001-2002 წლების ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონებით წინა წლების საპენსიო დავალიანებები აღიარებულია სახელმწიფოს ვალად და განსაზღვრულია მისი ეტაპობრივი და ნაწილობრივი დაფარვის წესი. კერძოდ, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 2001წ. კანონის მე-15 და 23-ე მუხლების თანახმად, წინა წლების დავალიანებების დაფინანსება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე, 29-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტები კი განსაზღვრავენ, თუ რა ღონისძიებებზე უნდა გაიხარჯოს კანონით გათვალისწინებული თანხები;

3. კასატორი მიუთითებს “2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია მხოლოდ 36.000 ათასი ლარის ასიგნების გამოყოფა, რომელიც გამოიყენება არა მარტო საპენსიო, არამედ სახელფასო, სოციალური და სხვა დავალიანებების დასაფარავად. თანხის სიმცირის გამო სოცფონდის ტყიბულის განყოფილებას არა აქვს საშუალება, თუნდაც კანონის მოთხოვნით, მოსარჩელეებს აუნაზღაუროს წინა წლების საპენსიო დავალიანება, სარჩელში მითითებული თანხის ოდენობით.

საბოლოოდ, კასატორი თანახმაა საპენსიო დავალიანების მისთვის დაკისრებაზე მხოლოდ 2001-2002 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონების შესაბამისად, რაც გულისხმობს წინა წლების საპენსიო დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილი თანხების თანაბრად განაწილებას ტყიბულის რაიონის ყველა პენსიონერზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დარღვევით სასამართლოს მიერ პენსიონერების სარჩელის განხილვის შესახებ, რადგან, მართალია, კასატორი სადავოდ არ ხდის მოსარჩელე პენსიონერთა მიმართ წინა წლების საპენსიო დავალიანებების არსებობას, მაგრამ ვერც პენსიების გაცემას უზრუნველყოფს. დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვა კი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ყველასათვის გარანტირებული კონსტიტუციური უფლებაა, რომლის რეალიზებაც მოახდინეს პენსიონერმა მოსარჩელეებმა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში სარჩელის შეტანით და სასამართლოებმაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მართებულად განიხილეს აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამიტომ საპროცესო დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2. კასატორიც აღიარებს, რომ 2001-2002 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებით წინა წლების საპენსიო დავალიანებები აღიარებულია სახელმწიფო ვალად, განსაზღვრულია მისი ეტაპობრივი დაფარვის წესი და კასატორი საპენსიო დავალიანებების დაფარვის დაკისრებას ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონების შესაბამისად გამოყოფილი თანხებით. ქუთაისის საოლქო სასამართლომაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანა ტყიბულის რაონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში და სარეზოლუციო ნაწილის პირველი წინადადება შემდეგი რედაქციით ჩამოაყალიბა: “დაევალოს სოცფონდის ტყიბულის რაიონულ განყოფილებას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით აუნაზღაუროს წინა წლების საპენსიო დავალიანებები მითითებული ოდენობით შემდეგ მოქალაქეებს”.

ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლომ გაიზიარა სოცფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი და საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. ¹181 და 2001წ. ¹69 ბრძანებულებების, საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე, რადგან საპენსიო დავალიანებები სახელმწიფოს შიდა ვალად არის აღიარებული, აპელანტს დააკისრა მოსარჩელეთა საპენსიო დავალიანების ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით. კანონით დადგენილი წესი კი სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია შემდეგნაირად: სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო როცა დააფინანსებს სოცფონდს წინა წლების გაუცემელი საპენსიო თანხებით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვალდებული სოციალური ფონდის ტყიბულის განყოფილება გასცეს მოსარჩელე პენსიონერებზე საპენსიო დავალიანების თანხები, რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც და რასაც საკასაციო საჩივრით თავად ითხოვს კასატორი სოციალური ფონდის განყოფილება. რადგან კასატორის მოთხოვნა საქართველოს 2001-2002 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონების შესაბამისად, საპენსიო დავალიანების თანხების დაკისრების შესახებ ისედაც არის გათვალისწინებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებაში, ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.