¹ 3გ-ად-205-კ-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 19 ივლისს ვ. წ.-მ და ლ. ხ.-მ სარჩელი აღძრეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ...-ს თემის საკრებულოს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დედოფლისწყაროს მიწის მართვის სამმართველოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შესაბამისად 1992წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹307 აქტით დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ...-ში მცხოვრებ ვ. წ.-ის ოთხსულიან ოჯახს ყოფილი მე-8 ბრიგადის ფართობიდან გამოეყო 1,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ვენახით) და 0,12 ჰა საეზოვე ნაკვეთი.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1999წ. დეკემბერში ვ. წ.-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹307 აქტი გაუქმდა და მასზე რიცხული მიწის ნაკვეთი (ვენახი, ეზო), 1999წ. ¹405 მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა მ. პ.-ს. როგორც ¹307 მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებას, ისე ¹405 მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას, საფუძვლად დაედო ...-ს თემის საკრებულოს თავმჯდომარის ი. პ.-ის მიერ დამოწმებული ვ. წ.-ის ხელწერილი მიწის ნაკვეთის (ვენახის) მ. პ.-ზე მიყიდვის შესახებ.
2000წ. 10 თებერვალს სოფ. ...-ს თემის საკრებულომ ვ. წ.-ის მონაწილეობის გარეშე განიხილა მ. პ.-ის განცხადება ვ. წ.-ის ოჯახისგან შეძენილი 1,13 ჰა ვენახის გაფორმების შესახებ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნასყიდობა მიჩნეულ იქნა კანონიერად, გაუქმდა ვ. წ.-ზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და აღნიშნული ნაკვეთი გაუფორმდა მურად პ.-ს.
2000წ. 15 აგვისტოს დედოფლისწყაროს ¹52 ზონის რეგისტრატორის მიერ ...-ს თემის საკრებულოდან გადაცემული ერთიანი სიის საფუძველზე მ. პ.-ის ოჯახზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა მე-8 ბრიგადაში მდებარე 1,13 ჰა მიწის ნაკვეთის (ვენახით) საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოსარჩელეთა განმარტებით, როდესაც გაიგეს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹307 აქტის გაუქმების თაობაზე, ლ. ხ.-ემ 2001წ. 11 მაისს განცხადებით მიმართა სოფ. ...-ს თემის საკრებულოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად ითხოვა საკრებულოს 2000წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹307 აქტის აღდგენა.
...-ს თემის საკრებულოს 2001წ. 5 ივნისის ¹15 წერილით ლ. ხ.-ეს უარი ეთქვა 2001წ. 11 მაისის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სოფ. ...-ს თემის საკრებულოს 2000წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება, 1999წ. დეკემბრის მიღება-ჩაბარების ¹405 აქტი და 2000წ. 15 აგვისტოს მ. პ.-ის ოჯახზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სოფ. ...-ს თემის საკრებულო გაცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს, რაც განსაზღვრული ჰქონდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-12, მე-13, 24-ე და 25-ე მუხლებით, კერძოდ, ხელწერილის საფუძველზე დადებულად და კანონიერად ცნო მიწის ნაკვეთის ნასყიდობა ვ. წ.-სა და მ. პ.-ს შორის, მაშინ, როდესაც მხარეთა შორის გარიგებათა ფაქტის დადგენა და დამოწმება, მითუმეტეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, არ შედიოდა საკრებულოსა და გამგებლის უფლებამოსილებაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია დაამოწმოს მხოლოდ მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლები.
2. 2000წ. 15 აგვისტოს მ. პ.-ზე გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მომზადდა და გამოიცა კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, დედოფლისწყაროს მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით ირკვეოდა, რომ მ. პ.-ის ოჯახზე 2000წ. 15 აგვისტოს გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველს წარმოადგენდა სოფ. ...-ს თემის საკრებულოდან გაცემული სია და, რომ პრივატიზებული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია ჩატარდა მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მიერ. აღნიშნულით მთლიანად იგნორირებულია “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-17, მე-19 მუხლები და “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-15, მე-16, 21-ე, 22-ე მუხლები.
მოსარჩელეთა განმარტებით, ვ. წ.-სა და მ. პ.-ს შორის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, არც სანოტარო წესით დამოწმებულა, არც საჯარო რეესტრში გატარებულა და არც ნებართვა მიუღიათ მხარეებს სათანადო სახელმწიფო სამსახურიდან.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგებოდნენ სკ-ს 183-ე, 173-ე, 959-ე, 1159-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე მუხლების მოთხოვნებს.
მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს:
1. დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ...-ს თემის საკრებულოს 2000წ. 10 თებერვლის სხდომის ¹1 ოქმისა და ¹3 გადაწყვეტილების, 1999წ. დეკემბერში მ. პ.-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹465 აქტისა და დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ზონის რეგისტრატორის მიერ 2000წ. 15 აგვისტოს მ. პ.-ის ოჯახზე გაცემული უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.
2. დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოსათვის დავალება ვ. წ.-ის ოჯახზე 1992 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹307 აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე.
დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება მ. პ.-ი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ...-ს თემის საკრებულომ და მესამე პირმა მურად პ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 12 მარტს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა განჩინება, რომლითაც დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ...-ს თემის საკრებულოსა და მ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. პ.-მა და სოფ. ...-ს თემის საკრებულოს თავმჯდომარე ი. პ.-მ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ვ. წ.-სა და მ. პ.-ს შორის, რისი დადასტურების უფლებამოსილება მიწის პრივატიზაციის 1992წ. დეკრეტით მიწის ადგილობრივი კომისიისაგან გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე დაეკისრა ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოების გამგებლებს. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ვ. წ.-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების ¹307 აქტზე ...-ს თემის საკრებულოს თავმჯდომარე ი. პ.-ის ხელმოწერა და ბეჭდის დასმა.
კასატორთა განმარტებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით მმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და ნებისმიერი პირი, ვინც რეგისტრირებული არ არის რეესტრში მესაკუთრედ და არ აქვს მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მოსარგებლეა და არა მესაკუთრე.
კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლი არასწორად გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ. გარდა ამისა, ¹307 და ¹406 მიღება-ჩაბარების აქტები არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ აქტებად, რადგანაც ისინი შეადგინა მიწის პრივატიზების ადგილობრივმა კომისიამ და არა ადმინისტრაციულმა ორგანომ. მ. პ.-სა და ვ. წ.-ს შორის ინდივიდუალურად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივმა მიწის მართვის სამმართველომ კანონიერად გასცა მ. პ.-ზე მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, ამ ფაქტს ვ. წ.-ისათვის ზიანი არ მიუტანია, პირიქით, მან მიწის სანაცვლოდ მიიღო სასიცოცხლოდ საჭირო სოლიდური თანხა, რითაც გადაარჩინა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე.
კასატორთა განმარტებით, სოფ. ...-ს თემის საკრებულოს 2000წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება რომც არ არსებობდეს, ადგილობრივი მიწის მართვის სამმართველო სადავო მიწის ნაკვეთს მაინც გაატარებდა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში, როგორც მ. პ.-ის საკუთრებას, ვინაიდან აკმაყოფილებდა მესაკუთრის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა არაერთხელ გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო სასამართლომ ჩაითვალა, რომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე უნდა განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ვარლამ წ.-ის ხელწერილი 1,13 ჰა ვენახიანი მიწის ნაკვეთის მურად წ.-ისათვის მიყიდვის თაობაზე დაედო საფუძვლად სადავო ადმინისტრაციულ აქტებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ხელწერილი უნდა ჩაითვალოს ვ. წ.-სა და მ. პ.-ს შორის ფორმის დაუცველად დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებად. სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელწერილი კი სანოტარო წესით არ არის დამოწმებული. სოფ. ...-ს თემის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელწერილის ხელმოწერა და ბეჭდით დადასტურება “ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ” კანონის მე-12, მე-13, მე-15 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად განიხილა, როგორც გამგებლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოფ. ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის 2000წ. 10 თებერვლის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება ემყარებოდა გამგებლის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით დადასტურებულ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის დამადასტურებელ ხელწერილს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოფ. ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის 2000წ. 10 თებერვლის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება სწორად იქნა ბათილად ცნობილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ მ. პ.-ზე 2000წ. 15 აგვისტოს გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც საფუძვლად ედო სოფ. ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის 2000წ. 10 თებერვლის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება, აგრეთვე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგანაც ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი მისი სამართლებრივი შედეგი _ მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. პ.-ისა და სოფ. ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.