3გ-ად-215-კ-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ფართზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლების აღიარება და თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 2001წ. 23/1 ¹1-4/37 და 5/3 ¹1-4/101 ბრძანებებისა და კონკურსის შედეგების შესახებ ¹8 ოქმის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წ. 19 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლმა და თბილისში, ... მდებარე შენობის III სართულზე მდებარე ფართზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლების აღიარება, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს 2001წ. 23/1 ¹1-4/37 და 5/3 ¹1-4/101 ბრძანებების და ამავეწ. კომერციული კონკურსის შედეგების თაობაზე 27 თებერვლის ¹8 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლი განთავსებულია თბილისში, ... მდებარე შენობის მე-3 სართულზე. აღნიშნულ ფართს იგი ფლობს და სარგებლობს ათეული წლების განმავლობაში. 2000წ. 9 ნოემბერს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით, სადავო ფართი საბურთალოს რაიონის განათლების განყოფილების ბალანსიდან თბილისის მერიის განათლების მთავარ სამმართველოს გადაეცა, რომელმაც 2001წ. 12 იანვრის წერილით ამ ფართის ...-ის სახლის მფლობელობასა და სარგებლობაში დარჩენის თაობაზე თანხმობა გამოთქვა.
მოსარჩელის განმარტებით სკ-ს 155-ე მუხლის თანახმად, თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლს სადავო ფართზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების შედეგად, წარმოშობილი ჰქონდა მფლობელობის უფლება. ამავე კოდექსის 159-ე მუხლით იგი კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა.
სასარჩელო განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სადავო ფართზე კანონის დარღვევით, 2001წ. 23 იანვრის ¹1-4/37 ბრძანებით, გამოაცხადა საიჯარო კონკურსი, მისი შედეგი გაფორმებული იქნა 2001წ. 27 თებერვლის ¹8 ოქმით და დამტკიცდა 5 მარტის ¹1-4/101 ბრძანებით, ისე რომ იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში არც მოსარჩელისა და არც ქ. თბილისის მერიის განათლების მთავარი სამმართველოს მხრიდან თანხმობა არ ყოფილა გაცხადებული.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001წ. 23 იანვრის ¹1-4/37, 5/3 ¹1-4/101 ბრძანებების და ამავეწ. 27 თებერვლის ¹8 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლებიც თბილისში, ... მდებარე შენობის მე-3 სართულზე არსებული ფართის შპს “მ.-ს”-ზე იჯარით გადაცემას ეხებოდა.
მოსარჩელემ აქვე, სსკ-ს 191-ე, 192-ე, 193-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მოპასუხისათვის შპს “მ.-თან” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვა მოითხოვა, რომელიც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა.
2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა და გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 23 მაისის განჩინებით თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 მაისის განჩინება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
“ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლი, შ.პ.ს “მ.-ი”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, ქ. თბილისის განათლების განყოფილება შევთანხმდით შემდეგზე:
აღნიშნული მორიგების აქტის მხარეები თანახმანი ვართ, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლს უვადო, უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაეცეს და გაუფორმდეს ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მესამე სართულის ¹42 და ¹43 ოთახები, დერეფანი ¹40 და ¹41 ნაწილობრივ ამოსასვლელი კიბე ¹39, შესასვლელი ეზოს მხრიდან (ნახაზი თან ერთვის).
შ.პ.ს “მ.-ს” იჯარა კანონით დადგენილი წესით გადაეცეს და გაფორმდეს ქ. თბილისში, ... მდებარე მესამე სართულის ოთახები: ¹35, 36, 37, 38, დერეფანი ¹44 და დერეფანი 41-ის ნაწილი (ნახაზი თან ერთვის).
მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული მორიგების აქტი დადასტურდეს სასამართლოს წესით და თანახმად სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტისა სამოქალაქო საქმის სასამართლო წარმოება შეწყდეს.”
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2002წ. 7 ოქტომბრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. Aამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ სპეციფიკას ითვალისწინებს და ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია მორიგების აქტის (შეთანხმების) დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტითა და 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
“ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლი, შ.პ.ს “მ.-ი”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, ქ. თბილისის განათლების განყოფილება შევთანხმდით შემდეგზე:
აღნიშნული მორიგების აქტის მხარეები თანახმანი ვართ, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ...-ის სახლს უვადო, უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაეცეს და გაუფორმდეს ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მესამე სართულის ¹42 და ¹43 ოთახები, დერეფანი ¹40 და ¹41 ნაწილობრივ ამოსასვლელი კიბე ¹39, შესასვლელი ეზოს მხრიდან (ნახაზი თან ერთვის).
შ.პ.ს “მ.-ს” იჯარა კანონით დადგენილი წესით გადაეცეს და გაფორმდეს ქ. თბილისში, ... მდებარე მესამე სართულის ოთახები: ¹35, 36, 37, 38, დერეფანი ¹44 და დერეფანი 41-ის ნაწილი (ნახაზი თან ერთვის).
მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული მორიგების აქტი დადასტურდეს სასამართლოს წესით და თანახმად სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტისა სამოქალაქო საქმის სასამართლო წარმოება შეწყდეს.”
შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.