3გ-ად-221-კ-02 6 დეკემებრი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის ერთად მიღების უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 26 სექტემბერს ა. შ.-მ სასარჩელო განცხადებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტისაგან პენსიაზე კუთვნილი დანამატის 60,43 ლარის გადაანგარიშება და 2001წ. 1 ოქტომბრის მდგომარეობით მიუღებელი დანამატის 2331, 82 ლარის გადახდა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1993წ. დეკემბრიდან პენსიაზე გავიდა, არის სამამულო ომის მონაწილე, სამხედრო ოფიცერ-ლეიტენანტი და პოლიციის თადარიგის მაიორი, 28 კალენდარულ წელზე მეტი შს ორგანოებში მუშაობდა. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “ა" პუნქტის თანახმად 1997 წლიდან საპენსიო ასაკისათვის დადგენილი პენსია _ 9,33 ლარი ეკუთვნის, რაც 2001წ. 1 ოქტომბრამდე 377,32 ლარს შეადგენს, მას ასევე ეკუთვნის ამავე კანონის 41-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე 1997 წლიდან 2,10 ლარის ოდენობის დანამატი, რაც 2001წ. 1 ოქტომბრამდე 644 ლარს შეადგენს. აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ზ" პუნქტის საფუძველზე 1997 წლიდან 7 ლარის დანამატი, ხოლო მე-60 მუხლის თანხმად კი ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება. მოსარჩელის გაანგარიშებით, 2001წ. 1 ოქტომბრამდე 2331, 82 ლარის ოდენობის თანხა აქვს მისაღები. 2001წ. 4 სექტემბერს, მან ამ გაანგარიშების დასაკმაყოფილებლად სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტს მიმართა, მაგრამ 2001წ. 18 სექტემბერს აღნიშნული დეპარტამენტისაგან უარი მიიღო. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლზე დააფუძნა.
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ა. შ.-ზე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მოთხოვნები ვერ გავრცელდება, რადგან ეს კანონი ძალაში 1997წ. 1 იანვრიდან შევიდა, ხოლო “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს პირდაპირაა დადგენილი ნორმატიული აქტით. მოპასუხის მითითებით, ა. შ.-ს პენსია წელთა ნამსახურობის გამო აქვს დანიშნული და არა ომის ინვალიდობის გამო, აქედან გამომდინარე, მას დანამატი არ დაენიშნება, რადგან დანამატის დანიშვნა ორი მინიმალური პენსიის ოდენობით მხოლოდ მოხუცებულობის პენსიისთვისაა დაწესებული.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა გაასაჩივრა.
ა. შ.-მ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, კერძოდ “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად ყოველთვიურად 42 ლარის დანიშვნა მოითხოვა. ასევე მოითხოვა, გადაწყვეტილებაში მიეთითოს თუ ვის უნდა დაეკისროს მისთვის 42 ლარისა და გასული 12 თვის დავალიანების 504 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ა. შ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ზ" პუნქტის თანახმად ა. შ.-ი ასაკის გამო საპენსიოდ დათხოვნილ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება და პენსიაზე 7 ლარის ოდენობის მომატება 1997წ. 1 იანვრიდან ეკუთვნის. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის მე-60 მუხლის თანახმად ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატის დანიშვნის შესახებ და იგი დაუსაბუთებლად მიიჩნია.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ა. შ.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მითითებით საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, ზემოთმითითებული კანონის მე-60 მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ა. შ.-ი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, აქვს ოფიცრის წოდება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ავთანდილ შ.-ი მიეკუთვნება შს ორგანოებიდან ასაკის გამო საპენსიოდ დათხოვნილ პირთა კატეგორიას, იღებს საქართველოს შს სამინისტროდან წელთა ნასახურობის გამო პენსიას. იგი არ არის ომის ინვალიდი და, შესაბამისად, არ იღებს პენსიას ომის ინვალიდობისათვის.
კასატორი ითხოვს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, უკვე, დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის (14 ლარი) მიღების უფლებას ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და /ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად: სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, როგორც წესი, აქვთ მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება და კასატორ ა. შ.-ს, ამავე კანონის მე-11 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობის პენსია.
კასატორი ითხოვს ზემოთმითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების ერთდროულად დანიშვნას თავისი დანამატით, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, გამონაკლისის სახით კანონმდებლობამ დააწესა ერთდროულად ორი სახეობის პენიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების მიღების უფლება, ხოლო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად მიღების უფლება კანონით გათვალისწინებული არ არის.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ვრცელდება იმ პირთა კატეგორიებზე, რომლებსაც დანიშნული აქვთ ორი სახეობის პენსია: ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მე-3 აბზაცის თანახმად: “მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, ვრცელდება ყველა უფლება და შეღავათი, რომლებიც დადგენილია მსოფლიო ომის მესამე ჯგუფის ინვალიდებისათვის”. რადგან კანონმა 70 წელს მიღწეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სოციალურად გაუთანაბრა ომის მესამე ჯგუფის ინვალიდს, კასატორს უფლება აქვს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უარი თქვას უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიაზე, აირჩიოს ინვალიდობის გამო პენსიის დანიშვნა, რის შემდეგაც მოიპოვებს უფლებას კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, ორი სახეობის პენსიის – ინვალიდობის გამო პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის მიღებაზე, თავისი დანამატით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად. ამასთან, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ სსკ-ს 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია, რის გამოც იგი ვერ იმსჯელებს ა. შ.-ის დამატებით საკასაციო საჩივარზე, რომლითაც კასატორმა დავის საგანი გაზარდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.