Facebook Twitter

3გ-ად-223-კ-02 16 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 ნოემბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე ნ. ს.-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მიმართ და ითხოვა ორი მინიმალური პენსიის ოდენობით პენსიაზე დანამატის დანიშვნა.

სარჩელი ემყარებოდა შემდეგ საფუძვლებს:

“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი და მე-60 მუხლის თანახმად ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

მოსარჩელის განცხადებით, მან მიმართა რაიონული და რესპუბლიკური სოციალური უზრუნველყოფის შესაბამის განყოფილებებს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო იმ მოტივით, რომ თითქოს ერთი ორგანოდან ორი პენსიის დანიშვნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

ნ. ს.-ი არასოდეს ყოფილა სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების ვადიან სამსახურში. ის დიდ სამამულო ომში საბრძოლველად გაწვეული იყო როგორც რიგითი მოქალაქე, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ასაკის და ინვალიდობის მითითება არასწორია. დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით ნ. ს.-ის კატეგორიის მოქალაქეებისათვის მითითებული კანონით გათვალისწინებული არ არის, რადგან ის არ წარმოადგენს ამ კანონის სუბიექტს.

ნ. ს.-მ სააპელაციო წესით იმავე საფუძვლით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ განყოფილებას დაევალა 2001წ. 19 ნოემბრიდან ნ. ს.-ისთვის მოხუცებულობის პენსიასთან ერთად დანამატის _ ორი მინიმალური პენსიის _ დანიშვნა (87 ლარის ოდენობით).

საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: 1996წ. 16 ოქტომბრის კანონი მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობაზე ვრცელდება და კანონის თანახმად ერთსა და იმავე ორგანოს ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება არ გააჩნია. ვინაიდან ნ. ს.-ი ოფიცერი არ არის, იგი არ წარმოადგენს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის სუბიექტს.

კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელე ნ. ს.-ი სამხედრო პენსიას იღებდა სოცუზრუნველყოფის განყოფილებიდან, ვინაიდან იყო რიგითი ჯარისკაცი და არა _ ოფიცერი. პირადი განცხადების საფუძველზე 1976 წელს გადაყვანილ იქნა ასაკით პენსიაზე, რომლის პარალელურად მოეხსნა სამხედრო პენსია. შეწყვეტა ემყარებოდა იმ პრინციპს, რომ ორი პენსია არ გაიცემა ერთი და იმავე ორგანოდან, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. 1985წ. 24 დეკემბერს კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ მას მიეცა მეორე ჯგუფის ინვალიდობა. დაწესებული შეღავათებით იგი სარგებლობდა წლების განმავლობაში. პოლიტიკური ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით სხვა პენსიის მსგავსად მასაც შეეცვალა საპენსიო პირობები, მოეხსნა შეღავათები და დაუწესდა მისაღები პენსიის ოდენობად 14 ლარი.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული კანონი გამოიცა ოფიცერთა შემადგენლობისათვის, ხოლო ის კონტიგენტი, რომელიც სამამულო ომში მონაწილებდა, მაგრამ ოფიცერთა შემადგენლობას არ განეკუთვნებოდა, დატოვებულ იქნა სამოქალაქო საპენსიო განყოფილებაში და მათი საპენსიო ოდენობა განისაზღვრა _ 45 ლარით.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2002წ. 31 იანვარს მიღებული “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13 მუხლით კატეგორიულად განსაზღვრა, თუ რომელ კონტიგენტზე და რა რაოდენობით უნდა გაიცეს პენსია, სადაც საუბარი არ არის დანამატებზე და მეორე პენსიაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹1/5/32) უარყოფილ იქნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის თაობაზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან და ამავე კანონის მე-60 მუხლი გავრცელდება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას და თვლის, რომ, რადგანაც მოსარჩელე ნ. ს.-ს არ ჰქონია ოფიცრის წოდება, მასზე ვერ გავრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი და შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნაც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ნ. ს.-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.