Facebook Twitter

3გ-ად-224-კ-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 15 თებერვალს მოსარჩელე ვ. გ.-მ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და სიონი-თბილისი წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველოს მიმართ დასახიჩრებასთან დაკავშირებით მიუღებელი პენსიის _ 11100 ლარის დაკისრება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ პენსია, რომელსაც თბილისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1966წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ის იღებდა ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციის კანტორიდან, რომლის სამართალმემკვიდრეს დღეს სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო წარმოადგენს, 1993წ. დეკემბრიდან აღარ მიუღია.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ თბილისის ლენინის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციის კანტორას მის სასარგებლოდ ერთდროულად გადასახდელი თანხის გარდა, 1966წ. 4 ნოემბრიდან, ყოველთვიურად სიცოცხლის განმავლობაში ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის 145 მანეთის გადახდა დაეკისრა, რაც ორგანიზაციას 1993წ. დეკემბრის შემდეგ არ შეუსრულებია. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 1996წ. 1 ნოემბრიდან ამ ორგანიზაციის სამართალმემკვიდრეს სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო წარმოადგენს.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მან არაერთხელ მიმართა როგორც ძველ, ისე მის მემკვიდრე ორანიზაციას საწარმოო ტრავმით დანიშნული პენსიის თაობაზე, მაგრამ მათგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ორგანიზაცია არის საბიუჯეტო და არავითარი ფონდები არ გააჩნია პენსიის გასაცემად.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ ვ. გ.-ის მიმართ გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის ხელფა-სი 150 ლარს შეადგენს, საიდანაც უნდა მოხდეს მისი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება იმ ოდენობით რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომისუნარიანობა. მოსარჩელის განმარტებით, მას გააჩნია აქტი ¹305 გარდაბნის რაიონის შრომის საექიმო საექსპლუატაციო შემოწმების დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქე გ.-ს პროფესიული შრომის უნარი 100%-ით, ხოლო საერთო შრომის უნარი 60%-ით აქვს დაკარგული.

მოპასუხე მხარემ სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველომ თავის შესაგებელში აღიარა, რომ მოსარჩელეს 1966 წლიდან დანიშნული პენსია 1993 წლიდან არ მიუღია, დაადასტურა ისიც, რომ 1996 წლიდან სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციის კანტორის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა, მაგრამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

1) მოპასუხის განმარტებით: მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის მოტივით, რადგან სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით “ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია”.

2) მოსარჩელეს პენსია დანიშნული აქვს 1966 წელს არსებული ფულადი ერთეულით. დღეისათვის ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. დადგენილი არ არის ეროვნულ ვალუტაში თუ რა თანხა ეკუთვნის მას პენსიის სახით.

3) სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომელიც ფაქტიურად ფინანსდება ევროგაერთიანების სუბსიდიებით და აღნიშნული დავალიანების გადახდის არავითარი ფონდი მას არ გააჩნია.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველოს დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ვ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა 90 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნას პენსიის დავალიანების 11100 ლარის გადახდევინებაზე ხანდაზმულობის გამო უარი ეთქვა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ იმ ნაწილში, რომელშიც იყო მსჯელობა მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ 3240 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა სკ-ს 142-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რადგან ზემოთმითითებული მუხლის თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი, ხოლო თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა გაგრძელდეს, მაშინ თითოეული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო არ არის ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო სამმართველოს ერთადერთი სამართალმემკვიდრე და მას ვ. გ.-ის სამიწ. დავალიანების გადახდა არ უნდა დაეკისროს, რადგან ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილების პირველი პუნქტით სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველოს ვ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა 90 ლარის ოდენობით, რომელიც ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ყოველი შესრულება სკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გულისხმობს ვალდებულების აღიარებას.

2002წ. 15 მაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვ. გ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 130-ე და 142-ე მუხლებით დადგენილი ხამდაზმულობის ვადები და მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით, დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ვ.გ.-ს 1964 წელს სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე დაუდგინდა პროფესიული შრომისუნარიანობის 60%-ით დაკარგვა. დადგენილია ისიც, რომ თბილისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1966წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციის კანტორას ვ.გ.-ის სასარგებლოდ დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ერთდროულად გადასახდელი თანხის გარდა, 1966წ. 4 ნოემბრიდან ყოველთვიურად, სიცოცხლის განმავლობაში 145 მანეთის გადახდა დაეკისრა, რაც კასატორს 1993წ. დეკემბრიდან არ მიუღია. სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო ამ ორგანიზაციის სამმართალმემკვიდრედ ითვლება 1996წ. 1 ოქტომბრიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 142-ე მუხლი, რომლის თანახმად: სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი, ხოლო თუ დადასტურება შეეხება პერიოდულალ განმეორებად მოქმედებებს, რომელში მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ თითოელი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1993წ. დეკემბრიდან, როცა ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციის კანტორამ მას შეუწყვიტა თანხის გადახდა, ხოლო მოთხოვნა უფლების განხორციელების თაობაზე, მხარემ მხოლოდ 2000წ. 18 დეკემბერს დააყენა, როცა წერილით მიმართა ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციის კანტორის სამართალმემკვიდრეს _ სიონი-თბილისის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კასატორის მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ მოქმედებებს უკავშირდება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, კერძოდ, ბრძანებულების 52-ე მუხლი, რომლის თანახმად, “გასული პერიოდის გაუცემელი ზიანის ასანაზღაურებლად თანხა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს იმ პერიოდისათვის ამტკიცებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია, ხანდაზმულობის ვადის აღნიშნული მოთხოვნისათვის არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯერ ერთი. ამ ბრძანებულებით არ არის მოწესრიგებული ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხი, აღნიშნული მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, მეორეც, “ნორმატიული აქტების შესახებ” 1996წ. 29 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობათა მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული კანონი. ვინაიდან ზემოთმითითებული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი თანახმად: “კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ, აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ს 129-ე და 142-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სწორად დაადგინა, რომ სკ-ს 136-ე, 138-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები ვ. გ.-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არ არსებობდა. რადგან იმ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ კასატორი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 1993 წლიდან პერიოდულად წერილობით მიმართვდა მოპასუხეს ან სასამართლოს ვ.გ.-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

საკასაციო სსამართლო, ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სიონი-თბილისის წყალსაავების საექსპლუატაციო სამმართველო არის ტრესტ “ს.-ის” სამშენებლო მექანიზაციი კანტორის სამართალმემკვიდრე და ვ. გ.-ის 3 წლის დავალიანების გადახდა მას უნდა დაეკისროს, რადგან თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილების პირველი პუნქტით სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველოს ვ.გ.-ის სასარგებლოდ დასსახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა 90 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ყოველი შესრულება სკ-ს 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად გულისხმობს ვალდებულების აღიარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითან სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადოა საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.