3გ-ად-228-კ-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით გადაცემული ნივთის უკან დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 14 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ შპს გაზეთ “...-ის" მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და 1998წ. 26 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული ¹8 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლიზინგით გაცემული ქონების _ ოფსეტური ბეჭდვის დანადგარის “ნიუსლაინ-20"-ის უკან დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის მიმღებს, ლიზინგის საგანში უნდა გადაეხადა ლიზინგის მთლიანი ფასი (სალიზინგო საზღაური _ 546738 ლარის ოდენობით და შპს “ს"-ს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება). სალიზინგო საზღაური უნდა ჩარიცხულიყო საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპარტნიორო ფონდის სპეციალურ ანგარიშზე 2000წ. 8 ივლისამდე, დანადგარის მიღებიდან 3-თვიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით, ყოველკვირეულად, თანაბარ ნაწილებად, კვარტალში დაახლობით 83293 ლარის ოდენობით.
სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ ლიზინგის მთლიანი ფასის გადაუხდელობით განცდილი ზიანის ასანაზღაურებლად, სამინისტროსა და შპს გაზეთ “...-ს" შორის 1998წ. 26 ოქტომბერს კომპანიის კუთვნილ ტექნიკაზე გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა საერთო ღირებულებით 75000 აშშ დოლარი, დაგირავებულ ქონებაზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და და ვაჭრობის სამინისტროს უპირატესი უფლება მიენიჭა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში, ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან შპს გაზეთ “...-ს" შესაბამისი მანქანა-დანადგარები 16 დღის დაგვიანებით მიეწოდა, ლიზინგის ხელშეკრულების 9.4 პუნქტიდან გამომდინარე სალიზინგო საზღაურის გადახდის დაწყებისა და შესაბამისად სალიზინგო საზღაურის მთლიანი ფასის გადახდის ბოლო ვადამ იმდენივე დღით გადაიწია, რამდენითაც დაგვიანდა მიწოდება. ამდენად, შპს გაზეთი “...-ი" ვალდებული იყო 2000წ. ივლისის ბოლომდე დაეფარა სალიზინგო საზღაურის მთლიანი თანხა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რადგანაც 2001წ. იანვარში ლიზინგის მიმღების მიერ საპარტნიორო ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული იყო მხოლოდ 2500 ლარი და ამავდროულად ერიცხებოდა სააგენტოს მომსახურებისათვის გადაუხდელი დავალინება, მან შპს გაზეთ “...-ის" წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2001წ. 2 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დააკმაყოფილა და შპს გაზეთ “...-ს" მოსარჩელის სასარგებლოდ ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილი სალიზინგო საზღაურის დაუფარავი თანხის _ 544238 ლარისა და შპს “ს.-ს” მომსახურების გადასახადის დავალიანების 36,351,68 ლარის გადახდა დაავალა. გადაწყვეტილება აღსასრულებლად ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს გადაეცა, რომელმაც 2001წ. ივნისში შპს გაზეთ “...-ს" დავალინების ნებაყოფლობით გადახდისათვის 5 დღის ვადა მისცა. გაფრთხილების მიღების შემდეგ მხოლოდ 4 ათასი ლარი იქნა გადახდილი.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების 9.3.7 პუნქტიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ლიზინგის საგნისა და დაგირავებული ქონების რეალიზაცია აუქციონის მეშვეობით, ხოლო ამონაგები თანა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ “დეპოზიტზე". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ¹100 ბრძანებით შპს “ს.-ს" დაევალა განახორციელოს ხელშეკრულების დამრღვევი კომპანიისათვის ლიზინგის საგნის გაყიდვა აუქციონის მეშვეობით. სააგენტოს 10.08.01 ¹01/424 წერილით, შპს გაზეთ “...-ს" აეკრაძალა დანადგარის ყოველგვარი გამოყენება და მოთხოვნილ იქნა დანადგარების სათანადოდ დალუქვა, რისი განხორცილების საშუალება დასალუქად მისულ სააგენტოს თანამშრომლებს არ მიეცათ, რაზედაც სათანადო აქტი იქნა შედგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სკ-ს 588-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა და მისი კუთვნილი დანადგარის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
1. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა იმ ხელშეკრულების მოშლა, რომლის მოქმედების ვადა გასულია და ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება. ამ მიზეზით არ არსებობს ქონების უკან დაბრუნების იურიდიული საფუძველი, რომელიც მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში წარმოიშობა;
2. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებული 588-ე მუხლი ლიზინგურ ურთიერთობებზე არ ვრცელდება, რადგან მასში საუბარია საიჯარო ურთიერთობების შეწყვეტამდე, ქონების უკან დაბრუნების შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახდისაგან გათავისუფლების პირობებზე.
3. მოპასუხემ სკ-ს 272-ე მუხლის “ბ" პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რადგან მიიჩნია, რომ არსებობს 2001წ. 2 აპრილის კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
2001წ. 29 ნოემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შუამდგომლობა აღძრა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს დაელუქა ოფსეტური ბეჭდვის დანადგარი. ამავე დღეს მიღებული განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 10.12.2001წ, ¹101/568 კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2001წ. 21 დეკემბრის განჩინებით სასამართლო კოლეგიამ მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს გადაუგზავნა.
2002წ. 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ უარი თქვა კერძო საჩივარზე.
საქმის მასალები კვლავ დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს არსებითად განსახილველად.
2002წ. 29 აპრილის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მოსარჩელე _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
თბილისის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ საფუძვლებზე დაამყარა:
1. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა იმ ხელშეკრულების მოშლა, რომლის მოქმედების ხელშეკრულებით დადგენილი ვადა ამოწურულია, ანუ ხელშეკრულება შეწყვეტილია, ვინაიდან არ ყოფილა გაგრძელებული კანონით დადგენილი წესით.
2. მოსარჩელემ სარჩელის სამართლებივ საფუძვლად სკ-ს 588-ე მუხლი მიუთითა, რომელიც სასამართლო კოლეგიის აზრით, სადავო ურთიერთობებს არ არეგულირებს.
3. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო არ ითხოვდა სალიზინგო საგნის დაბრუნებას. ლიზინგის გამცემი მხოლოდ ფულადი თანხის გადახდევინებას ითხოვდა შპს გაზეთ “...-საგან", რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და სალიზინგო საზღაური მოპასუხეს დააკისრა. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შემდგომი სარჩელი, რომლითაც მოსარჩელემ ლიზინგის საგნის მისთვის გადაცემა მოითხოვა.
2002წ. 29 აპრილის თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 559-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და დამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით განახლდება.
კასატორს მიაჩნია, რომ რადგან სასამართლო პროცესზე მის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და მითითებული იყო 559-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 558-ე მუხლი, სასამართლოს ეს არგუმენტები უნდა გამოეყენებინა.
კასატორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 559-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულება ვადაგასულად და შეწყვეტილად ცნო, მაშინ, როცა ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლა ან შეწყვეტა მხარეებმა უნდა მოითხოვონ, რასაც მათ მიერ სარჩელის შეტანამდე ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა 2002წ. 29 აპრილის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. ამასთან, საოლქო სასამართლომ საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მხარეებს შორის ლიზინგის ხელშეკრულებით დადგენილი ვადა ამოწურულია, ანუ ხელშეკრულება შეწყვეტილია, ვინაიდან არ ყოფილა გაგრძელებული მხარეების მიერ კანონით დადგენილი წესით (სკ-ს 559-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლითაც მოპასუხეს _ შპს გაზეთ “...-ს" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სასარგებლოდ სალიზინგო საზღაურისა და ლიზინგის მომსახურების ხარჯების გადახდა დაეკისრა, კასატორი არ ითხოვდა სალიზინგო საგნის დაბრუნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორად მიიჩნია შემდგომი სარჩელი საფუძველს მოკლებულად, რადგან ორივე მოთხოვნის ერთდროულად წამოყენების უფლება: 1. ლიზინგის საზღაურის მოთხოვნა მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით და 2. ლიზინგის საგნის გამოთხოვა კასატორს არ გააჩნდა, მით უმეტეს, რომ სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გამოტანამდე მან არ ისარგებლა ლიზინგის ხელშეკრულების 9.3.1, 9.3.2, 9.3.3, 9.3.4, 9.3.5, 9.3.7 პუნქტებით.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 580-ე მუხლის თანახმად: “ლიზინგის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან 576-579-ე მუხლებს". აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს მხარეებს შორის დადებული ¹8 ლიზინგის ხელშეკრულება, სკ-ს 576-579-ე მუხლები და ამავე კოდექსით დადგენილი ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემოთმითითებულ მუხლებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონმა, რომელიც 2002წ. 7 მაისს იქნა მიღებული, უფრო დეტალურად მოაწესრიგა აღნიშნული საკითხები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო თავის მოთხოვნას ძირითად ამყარებს სკ-ს 558-ე მუხლზე და 559-ე მუხლის მესამე ნაწილზე. სკ-ს 558-ე მუხლის თანახმად: “გამქირაველს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაუხადა სამი თვის განმავლობაში.” ეს კი ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 579-ე მუხლის თანახმად: “ლიზინგის მიმღების ბრალით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს არ შეუძლია წაუყენოს მას ისეთი მოთხოვნები, რომლებიც სცილდება შესრულებასთან დაკავშირებულ მის ინტერესებს. მოთხოვნის განსაზრღვრისას მხედველობაში მიიღება სალიზინგო ქონების დარჩენილი ღირებულება, სალიზინგო საზღაურის დარჩენილი პროცენტები და სხვა დაზოგილი ხარჯები". კასატორი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ითხოვდა ვალდებულების სრულად შესრულებას, ანუ მან გამოხატა ნება, რომ არ სურს სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვალოს. მხარეებს შორის დადებული ¹8 ლიზინგის ხელშეკრულების 9.3 მუხლიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც კასატორს ხელშეკრულების ერთპიროვნულად შეწყვეტა შეეძლო, წარმოადგენდა “ლიზინის მიმღების" მიერ გადახდის ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა, ხოლო იმავე ხელშეკრულების 9.3.7 მუხლის შესაბამისად, დადგენილი იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის დაკმაყოფილების საშუალება _ ლიზინგის საგნის რეალიზაცია აუქციონზე, რითაც კრედიტორი დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნას, რაც სამინისტროს არ გამოუყენებია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 2 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელზეც მიმდინარეობს აღსრულება, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს 1999წ. 16 აპრილის კანონიდან გამომდინარე, აღარ უნდა არსებობდეს მისი აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ შპს გაზეთ “...-ს" ლიზინგის საგნისა და მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დააკისრა, შპს გაზეთი “...-ი" ლიზინგის საგნის ფაქტიური მესაკუთრე გახდა. თუკი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული საგნის უკან დაბრუნება სურდა, მაშინ თავიდანვე ლიზინგის საგნის ღირებულების სრულად გადახდა კი არ უნდა მოეთხოვა, არამედ გამოეყენებინა ლიზინგის ხელშეკრულების 9.3 მუხლი და საგნის გამოთხოვა მოეხდინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩირებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.