Facebook Twitter

3გ-ად-229-კ-02 27 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1994წ. 24 თებერვალს ევროპის გაერთიანებათა კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა მემორანდუმი დაფინანსების შესახებ, რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის 1996წ. 5 მარტს ¹128-II/ს დადგენილებით. მემორანდუმით აიკრძალა ევროგაერთიანების სუბსიდიებით გადასახადების დაფინანსება. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო თანხები საწვავის, ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების სათადარიგო ნაწილების შესაძენად, შემდგომში მიწათმოსარგებლეებზე სარეალიზაციოდ, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებიდან უნდა დაბრუნებულიყო ბიუჯეტიდან გაცემული უპროცენტო კრედიტი. პროგრამის შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ გაფორმდა კონტრაქტები სხვადასხვა იურიდიულ პირებთან, მათ შორის შპს “ს.-ებასთან”, რომელსაც გამოეყო კრედიტი 1885594 ლარი.

შპს “ს.-ებამ” მემორანდუმით გათვალისწინებული შეღავათების მათ საქმიანობაზე გავრცელების გარკვევამდე, საჯარიმო სანქციების თავიდან ასაცილებლად, რეალიზაციით მიღებული თანხებით გადაიხადა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

2002წ. 27 ივნისს შპს “ს.-ებამ” სარჩელით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის ზედმეტად გადახდილი 46082 ლარის დაბრუნება, აქედან 36002 ლარი არის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ), 3976,90 – მოგების და საშემოსავლო გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხა, ხოლო 10080 ლარი, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საურავი.

მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ შესაგებელი შეიტანა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა შპს “ს.-ების” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქმის გადაცემა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჩივრებისა და პროტესტების განხილვის განყოფილებისათვის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, საგადასახადო და სხვა ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს იხილავენ სასამართლოები იმ შემთხვევაში, თუ მათი განხილვა სხვა ორგანოების კომპეტენციაში არ შედის, ხოლო საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო ჯერ საგადასახადო ინსპექციაში და უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, შპს “ს.-ებას” უფლება ექნებოდა საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სასამართლოში.

2001წ. 3 იანვრის სასარჩელო განცხადებით შპს “ს.-ებამ” 2880 ლარით გაზარდა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა გარემოებები, რომლებსაც ემყარებოდა მოპასუხის შესაგებელი და 2001წ. 23 იანვრის განჩინებით შეწყვიტა საქმის წარმოება, რაზეც შპს “ს.-ებამ” შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საგადასახადო ინსპექციისაგან 45722 ლარის დაბრუნება. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა შპს “ს.-ების” კერძო საჩივარი და განახლდა სასარჩელო წარმოება.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს.-ების” სარჩელი. საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სახით 36002 ლარისა და საურავის 9720 ლარის გადახდა შპს “ს.-ების” სასარგებლოდ. შპს “ს.-ებას” ზედმეტად გადახდილი თანხიდან 3976,90 ლარი ჩაეთვალა მომავალი გადასახადის ანგარიშში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა მისი გაუქმება. საგადასახადო ინსპექციის მითითებით აღნიშნული თანხების დაბრუნება შპს “ს.-ებისათვის” არ უნდა მოხდეს, ვინაიდან საწარმოს მიერ გადახდილი თანხები გადასახადების სახით უკვე შესულია ბიუჯეტში. ამ თანხების ბიუჯეტიდან დაბრუნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო ანგარიშზე ჩასარიცხად არასწორი იქნება. ამასთან, ინსპექცია აღნიშნავს, რომ შპს “ს.-ება” არავითარ ოპერაციებს არ ახორციელებს, ამიტომ პირად ბარათზე ზედმეტად დარიცხული თანხა 36002 ლარი გადატანილი უნდა იქნეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშზე.

საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას საგადასახადო ინსპექციის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მოითხოვა საქმეში მესამე პირად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ჩაბმა, რაც 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინებით მთაწმინდა-კრწანისის რაიონული საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ უცვლელად დატოვა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საპარტნიორო ფონდის შემფასებელი და დამამტკიცებელი საბჭოს შეთანხმებისა და 1996წ. 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 1996წ. აპრილის ხელშეკრულებით, “ტასისის” პროგრამის შესასრულებლად შპს “ს.-ებას” გამოეყო ევროგაერთიანების საპარტნიორო ფონდის თანხა. ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მემორანდუმი რატიფიცირებული იქნა პარლამენტის დადგენილებით, რომლის შესაბამისად ევროგაერთიანების სუბსიდიებით დაფინანსებული ტექნიკური თანამშრომლობის კონტრაქტით მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ დაწესებული გადასახადის გადახდისაგან;

2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელს დაუბრუნოს ზედმეტად გადახდილი თანხა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი საგადასახადო ინსპექციის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “ს.-ების” მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადი მას არ უნდა დაუბრუნდეს და ეს თანხა გადატანილი იქნება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინება ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა სუბიექტისათვის, ანუ გადასახადის არგადამხდელისათვის დაბრუნებას და ვერც აპელანტის მიერ იქნა დასახელებული საკანონმდებლო ნორმა, რითაც საგადასახადო ინსპექციას შეეძლო ეხელმძღვანელა ზედმეტად გადახდილი თანხის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშზე გადატანის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლი ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე;

3. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საგადასახადო შეღავათები სწორად იქნა გავრცელებული საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის “ღ” პუნქტის შესაბამისად, რადგან ევროგაერთიანების კომისიასა და მთავრობას შორის ხელმოწერილი მემორანდუმი რატიფიცირებული იქნა პარლამენტის მიერ, რამაც მემორანდუმს საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი შესძინა და რომლის ნორმებს, მათ შორის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ, უპირატესი იურიდიული ძალა მიენიჭა შიდა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებთან მიმართებაში.

2002წ. 19 ივნისს მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა სსკ-ს 394-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 აპრილის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კასატორს მიაჩნია, რომ შპს “ს.-ებისათვის” აღნიშნული თანხების დაბრუნება არ უნდა მოხდეს, რადგან საწარმოს მიერ გადასახადის სახით გადახდილი თანხები უკვე შესულია ბიუჯეტში ანუ დაბრუნებულია კრედიტი. ხელშეკრულების თანახმად ამ თანხის უმოქმედო საწარმოსათვის გადარიცხვა იმ მიზნით, რომ მან კვლავ შეიტანოს თანხები ბიუჯეტში, კანონიერ საფუძველს მოკლებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2001წ. 17 ივლისის ¹5-1/1490 წერილის გათვალისწინებით, რომლითაც დასტურდება, რომ 1996წ. 3 აპრილის ხელშეკრულებით შპს “ს.-ებას” სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის დასაბრუნებელი აქვს 891635 ლარი.

მოწინააღმდეგე მხარის – შპს “ს.-ების” წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. შპს “ს.-ების” წარმომადგენლებმა დამატებით განმარტეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული კრედიტი მიზნობრივად გახარჯეს, აღიარებენ 891635 ლარის დავალიანებას, მაგრამ პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ თანხის დაბრუნებაზე, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიც მათ სასარგებლოდ თანხების დაბრუნებაზე, ასევე მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება. შპს არ უარყოფს საკრედიტო დავალიანების არსებობას და ზედმეტად გადახდილი საგადასახადო თანხაც იმისათვის სჭირდება, რომ კომერციული საქმიანობის განხორციელებით მიღებული ამონაგებიდან მოახდინოს საკრედიტო დავალიანების დაფარვა.

მესამე პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელმაც არ ცნო საკასაციო საჩივარი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მან განმარტა, მართალია, შპს “ს.-ებას” დღეისათვის ერიცხება 891635 ლარის საკრედიტო დავალიანება, მაგრამ კასატორის მიერ მითითებული მექანიზმით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხით ამ კრედიტის დაფარვა ვერ მოხდება, რადგან კასატორები ითხოვენ 46082 ლარის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშზე გადატანას, ხოლო კრედიტი უნდა დაიფაროს საპარტნიორო ფონდისათვის ცალკე გახსნილი საკრედიტო ანგარიშიდან, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი ანგარიშია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ევროპის გაერთიანებათა კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994წ. 24 თებერვალს ხელმოწერილი დაფინანსების შესახებ მემორანდუმის, თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 7 აპრილისა და 10 ნოემბრის შედარების აქტების, ასევე საქართველოს კონტროლის პალატის 1998წ. ¹6-სხ-02-1/91 წერილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შპს “ს.-ების” მიერ დღგ-სა (36002 ლარი) და მოგების გადასახადის ზედმეტად გადახდის ფაქტი, რაც სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რასაც კასატორიც არ უარყოფს და სადავოდ არ ხდის ზემოაღნიშნული გადასახადის თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტს, არამედ კასატორი უარს აცხადებს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის შპს “ს.-ების” (გადამხდელის) ანგარიშზე დაბრუნებაზე და აღნიშნული თანხის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშზე გადატანას ითხოვს შპს “ს.-ების” საკრედიტო დავალიანების დასაფარად, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან:

ა) კრედიტორის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვის ანგარიშზედაც ითხოვს კასატორი საოლქო საგადასახადო ინსპექცია შპს “ს.-ების” მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის სადავო თანხის ჩარიცხვას, არ დაუჭირა მხარი საკასაციო საჩივარს და 891635 ლარის საკრედიტო დავალიანების მიუხედავად უარი განაცხადა გადასახადის სადავო თანხის მისთვის ჩარიცხვაზე იმ მოტივით, რომ სადავო თანხის სამინისტროს ანგარიშზე ჩარიცხვით კრედიტი მაინც ვერ დაიფარება, რადგან კრედიტი უნდა დაიფაროს საპარტნიორო ფონდისათვის ცალკე გახსნილი საკრედიტო ანგარიშიდან, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი ანგარიშია;

ბ) საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები, რომელთა მიხედვითაც ეს პირი გადასახადის გადამხდელია, ხოლო გადასახადის ზედმეტად გადახდის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წერილობითი განცხადების მიღების დღიდან 20 დღიან ვადაში დაუბრუნოს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილი თანხა. ამდენად, საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის მხოლოდ გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების ვალდებულებას და სხვა სუბიექტისათვის (გადასახადის არგადამხდელისათვის) ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადაცემას (ანგარიშზე ჩარიცხვას) საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს;

გ) საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებენ გადასახადების გამოანგარიშების სისწორეს, სისრულესა და დროულ გადახდას. კასატორი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია აღიარებს რა შპს “ს.-ების” მიერ გადასახადების ზედმეტად გადახდის ფაქტს, ითხოვს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშზე ჩარიცხვას, რისი კომპეტენციაც კასატორს არ გააჩნია, რადგან იგი არ არის შპს “ს.-ებასა” და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის არსებული საკრედიტო სამართალურთიერთობის მონაწილე (საკრედიტო ხელშეკრულების მხარე) და, შესაბამისად, არც სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს შპს “ს.-ების” მიმართ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინება, რადგან სააპელაციო პალატამ საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის სწორი გამოყენება-განმატებითა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასებით გამოიტანა კანონიერი განჩინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.