3გ-ად-237-კ-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება; 2. უკანონო მფლობელისაგან წილის გამოთხოვა; 3. ბინის წილის საჯარო რეესტრში აღრიცხვა; 4. აუქციონზე გასაყიდად გატანილი ქონების სიიდან სადავო წილის ამორიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოპასუხე ნ. ჯ.-ი ცხოვრობდა მის დეიდასთან, მოპასუხე ლ. ჭ.-სთან, ქ. ბათუმში, სადაც ლ. ჭ.-ს გააჩნდა ოროთახიანი კომუნალური ბინა, საერთო ფართით 58,04კვ.მ. 1987 წელს მოპასუხე ნ. ჯ.-ი არარეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაჰყვა თ. გ.-ეს. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები _ მოსარჩელე თი. გ.-ე, დაბადებული 1987 წელს და მოსარჩელე თე. გ.-ე, დაბადებული 1991 წელს. შემდგომში თ. გ.-ესა და ნ. ჯ.-ს შორის არსებული ურთიერთობა შეწყდა, რის გამოც თ. გ.-ე წავიდა სადავო ბინიდან. 1992წ.ათვის ზემოხსენებულ მისამართზე არსებულ ბინაში ცხოვრობდნენ ბინის დამქირავებელი ლ. ჭ.-ა, ნ. ჯ.-ი შვილებთან _ თი. და თე. გ.-ეებთან ერთად (სულ 4 სული).
1992წ. 20 ოქტომბერს მოპასუხე ლ. ჭ.-მ, ნ. ჯ.-ის თანხმობით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, მის სახელზე მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება, ხოლო 1992წ. 23 ოქტომბერს სანიტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით მთლიანი ბინა აჩუქა მოპასუხე ნ. ჯ.-ს, რომელიც გახდა სადავო ბინის მესაკუთრე და დღემდე ბინა ირიცხება მის სახელზე. შემდგომში, იმის გამო, რომ ნ. ჯ.-ს ემართა თ. ზოიძის ვალი 7800 ამერიკული დოლარის ოდენობით, რომლის გადახდაც მას დაეკისრა სასამართლოს 2000წ. 7 ივლისის ბრძანებით, სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღწერილი იქნა სადავო ბინა, აუქციონზე გაყიდვისა და ვალის გადახდის მიზნით.
2001წ. დეკემბერში თ. გ.-მ _ თი. და თე. გ.-ების კანონიერმა წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა 1992წ. 23 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება, სადავო საცხოვრებელი ბინის იდეალური წილის მოსარჩელეების საკუთრებაში გადაცემა და ამ წილის ამორიცხვა აუქციონზე გასაყიდად გატანილი ქონების სიიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში. ვინაიდან საკითხი პრივატიზაციის ხელშეკრულებასაც ეხებოდა, საქმეში ჩართული იქნა ქ. ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობა და საქმე განსახილველად დაექვემდებარა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 23 მაისის განჩინებით უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება; სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო. სასამართლო დაეყრნო შემდეგ გარემოებებს:
1. ბინის პრივატიზების დროისათვის თი. და თე. გ.-ები, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ შესრულებული შვიდი წელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იყვნენ არაქმედუნარიანები, ამიტომ მათი წილი ბინის ფართი გადავიდა მათი დედის, მოპასუხე ნ. ჯ.-ის საკუთრებაში;
2. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სადავო ბინის¾ნაწილი წარმოადგენდა მოსარჩელეების დედის, მოპასუხე ნ. ჯ.-ის საკუთრებას და არ შეიძლებოდა ამ ქონების თი. და თე. გ.-ების სახელზე აღრიცხვა მათი ასაკობრივი არაქმედუნარიანობის გამო. შესაბამისად არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში აღნიშნული გარემოება იმის შესახებ, რომ პრივატიზების შედეგად გ.-ეები გახდნენ ბინის ნაწილის მესაკუთრეები, რამდენადაცBქონების მათი წილი კანონიერად გადავიდა დედის – ნ. ჯ.-ის საკუთრებაში;
3. პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რამდენადაც მთელი ბინის ნაწილი პრივატიზების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავისთავად ეკუთვნოდა ნ. ჯ.-ს და ჩუქების ხელშეკრულებით ლ. ჭ.-მ ფაქტობრივად მას აჩუქა მხოლოდ მისი წილი _ ბინის 1/4;
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე უძრავი ქონების სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 1992 წელს. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2001წ. 14 დეკემბერს ანუ ცხრა წლის შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დარღვეულია სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა;
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თი. და თე. გ.-ების კანონიერმა წარმომადგენელმა თ. გ.-ემ და მისი გაუქმება მიოთხოვა დაუსაბუთებლობისა და არაკანონიერების მოტივით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმომადგენელ თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა აკმაყოფილებდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება და საქმე განსახილველვად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე თი. და თე. გ.-ეების კანონიერმა წარმომადგენელმა (მამამ) თ. გ.-მ სარჩელი აღძრა მოპასუხე ფიზიკური პირების _ ნ.ჯ.-ის (მოსარჩელეთა დედა), ლ.ჭ.-სა და ნოტარიუს ვ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა:
1). ლ. ჭ.-სა და ნ. ჯ.-ს შორის 1992წ. 23 ოქტომბერს გაფორმებული, ქ. ბათუმში ... მდებარე ბინის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება;
2). ნ. ჯ.-ის უკანონო მფლობელობიდან ბინის სადავო 1/2 წილის გამოთხოვა;
3). ბინის 1/2½წილის საჯარო რეესტრში თე. და თი. გ.-ეების საკუთრებაში აღრიცხვა;
4). თე. და თი. გ.-ეების 1/2 წილის ამორიცხვა აუქციონზე გასაყიდად½გატანილი ნ. ჯ.-ის ქონებიდან.
ამდენად, განსახილველ დავაში პროცესუალური სუბიექტები არიან: მოსარჩელე _ ფიზიკური პირების თი. და თე. გ.-ეების კანონიერი წარმომადგენელი თ. გ.-ე, მოპასუხე _ ფიზიკური პირები ნ.ჯ.-ი და ლ.ჭ.-, ნოტარიუსი ვ.ნ.-ე. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვაში ჩაება ასევე ქ. ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობა.
განსახილველი დავის საგანია ლ.ჭ.-სა და ნ. ჯ.-ს შორის 1992წ. 23 ოქტომბერს დადებული ბინის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება და მისგან გამომდინარე ნ. ჯ.-ის უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის 1/2½წილის გამოთხოვა, ამ წილის საჯარო რეესტრში გ.-ეების საკუთრებაში აღრიცხვა.
ჩუქების ხელშეკრულება ზოგადად კერძო სამართლებრივი ინსტიტუტია, განსახილველ შემთხვევაში კი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 268-269-ე მუხლებით რეგულირებული სამართალურთიერთობაა კერძო სამართლის ფიზიკურ პირებს ლ.ჭ.-სა და ნ. ჯ.-ს შორის, რომელშიც მხარედ არ მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო და ამდენად, არ არის ადმინისტრაციული გარიგება. ამიტომ ჩუქების ხელშეკრულების კანონიერების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ.
საკასაციო პალატის აზრით, სამოქალაქო სამართლებრივია ასევე გ.-ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნაც ფიზიკური პირის ნ. ჯ.-ის უკანონო მფლობელობიდან ბინის სადავო ნაწილის გამოთხოვის შესახებ, სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე (ვინდიკაციური სარჩელი) და საჯარო რეესტრში მათი სათანადო აღრიცხვა, რომელთა დაკმაყოფილების საკითხიც სამართლებრივად გამომდინარეობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საკითხის გადაწყვეტიდან და ამიტომ ეს მოთხოვნებიც სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მართალია, თ. გ.-ე 1992წ. 23 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს ლ.ჭ.-ს მიერ მხოლოდ თავის სახელზე ბინის არაკანონიერად პრივატიზების მოტივით, მაგრამ 1992წ. 20 ოქტომბერს განხორციელებულ ბინის პრივატიზების არაკანონიერებაზე მოსარჩელე არ დავობს და, შესაბამისად, ბინის პრივატიზება დავის საგანი არ არის.
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი სამი პირობის არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინაეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო;
გ) ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული შემთხვევები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან ქონების (ბინის წილის) გამოთხოვა და საჯარო რეესტრში სათანადო აღრიცხვა, ასევე აუქციონზე გასაყიდად გატანილი ქონებიდან სახლის სადავო წილის ამორიცხვა. სადავო ურთიერთობა კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის მონაწილე სუბიექტები არიან კერძო სამართლის ფიზიკური პირები, პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო _ ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობა სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე (ჩუქების ხელშეკრულების მხარე) არ არის და დავის საგანი არ არის ადმინისტრაციული გარიგების _ ბინის პრივატიზების ბათილობა, ამიტომ დავა სამართლებრივად წარმოადგენს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო საქმეს, რომელიც განსჯადობის დარღვევით არაგანსჯადმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა, ამიტომ წარმომადგენელ თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თი. და თე. გ.-ეების წარმომადგენლის თე. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.