Facebook Twitter

3გ-ად-245-კ-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მიწის მიმღებ მოქალაქეთა კატეგორიის განსაზღვრა და სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხისათვის ჩამორთმევა და მოსარჩელისათვის მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 18 ივნისს ვ. ღვ.-მ სარჩელი აღძრა ბაღდათის რაიონის სასამართლოში ბაღდათის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოსა და მესამე პირის გ. წ.-ის მიმართ და მიუთითა, რომ 35 წლის მანძილზე გაპიროვნებული ჰქონდა და იგი ამუშავებდა საკარმიდამო მიწის ფართის მიჯნაზე მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთს. 1989 წელს გ. წ.-მ ისარგებლა რა მისი მეუღლის გარდაცვალებით, თვითნებურად მიისაკუთრა სადავო მიწის ფართი. 1992 წელს, მიწების პრივატიზაციის დაწყებისთანავე, განცხადებით მიმართა საკრებულოს და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ზღვრულ ნორმამდე (0,75 ჰა-მდე) ყოფილიყო შევსებული სადავო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ხარჯზე. მოსარჩელის განმარტებით, იგი მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას განეკუთვნებოდა, ხოლო გ. წ.-ის ოჯახი მოსამსახურის ოჯახს წარმოადგენდა, რის გამოც პირველ რიგში მას უნდა შევსებოდა მიწის ნაკვეთი ზღვრულ ნორმამდე სადავო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ხარჯზე.

მოპასუხე – ბაღდათის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გ. წ.-ის მეუღლე მ. წ.-ე წლების განმავლობაში მუშაობდა კოლმეურნეობაში და მათი ოჯახი მიეკუთვნებოდა მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას, რის გამოც გ. წ.-ს კანონიერად ჰქონდა გადაცემული სადავო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი.

სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა – გ. წ.-მ, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე 1979 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა სოფ. ...-ის კალინინის სახელობის კოლმეურნეობაში, სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა კანონიერად და იგი მოსარჩელეს არ უნდა გადასცემოდა, რადგან ვ. ღვ.-ე საკოლმეურნეო პენსიონერი არ იყო და, შესაბამისად, მიწათმოსარგებლეთა მეორე კატეგორიას განეკუთვნებოდა.

ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ღვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ზედამხედველობის წესით გ. წ.-ემ გაასაჩივრა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 17 მაისის განჩინებით გ. წ.-ის საზედამხედველო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბაღდათის რაიონის 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ღვ.-ის სარჩელი გ. წ.-ის კომლისათვის მიწის მიმღებთა პირველი კატეგორიის გაუქმების, მის საკუთრებაში უკანონოდ გადაცემული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და ვ. ღვ.-ისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 30 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. ღვ.-ის სააპელაციო საჩივარი და ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორის საქმეთა პალატის 2001წ. 26 დეკემბრის განჩინებით კასატორ ვ. ღვ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სრულყოფილად არ შეუფასებია ისინი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმე ხელახლა განიხილა და 2002წ. 24 მაისის განჩინებით ვ. ღვ.-ის სააპელაციო საჩივარი კვლავ არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. (შ.) წ.-ე საკოლმეურნეო კომლის წევრი იყო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე წ.-ის ოჯახი საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნოდა და პირველ კატეგორიად ითვლებოდა, რის შესაბამისადაც მიეზომა მას დამატებით სადავო 0,25 ჰა (ე.წ.“ნ.-ი”). ამასთან, არ არსებობდა წ.-ის ოჯახის პირველი კატეგორიის კომლთა რიცხვისათვის მიკუთვნების ბათილად ცნობის ან გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელისათვის 1992 წლიდანვე ცნობილი იყო, რომ ე.წ. “ნ.-ი” საკუთრებაში წ.-ების ოჯახს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, ჰქონდა გადაცემული, თუმცა 1997წ. ივნისამდე მას აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის განჩინებით ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. ამავე გადაწყვეტილებით გ. წ.-ის შეგებებული სარჩელი ვ. ღვ.-ის კომლის პირველი კატეგორიისათვის მიკუთვნების უკანონოდ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ღვ.-მ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, და არასწორად განმარტა იგი.

2002წ. 19 სექტემბერს გ. წ.-მ შესაგებელი წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში, საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება და ვ. ღვ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. ღვ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 24 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. წ.-ის მშობლები კოლმეურნეობის წევრები იყვნენ და მათი ოჯახი საკოლმეურნეო კომლს მიეკუთვნებოდა. სასამართლომ არ გაიზიარა ვ. ღვ.-ის მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. წ.-ე კომლში საკოლმეურნეო კომლისათვის დამახასიათებელ საქმიანობას აგრძელებდა, მისი დედამთილ-მამამთილის (კომლის უხუცესი წევრების) გარდაცვალების შემდგომაც, კომლის გაუქმება არ მომხდარა. თვით მ. წ.-ე კი რძლად მისვლის შემდგომ, 1985 წლიდან, სხვა კომლიდან წ.-ეების კომლში გადავიდა და ამ დროიდან მის წევრად ითვლებოდა.

საოლქო სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წ.-ის მამაპაპისეულ მიწას წარმოადგენდა და მის კომლს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მესამე პუნქტის თანახმად, დამატებით სადავო 0,25 ჰა (ე.წ “ნ.-ი”) მიწის ფართი კანონიერად მიეზომა.

ამავე სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ ვ. ღვ.-ის ოჯახი საკოლმეურნეო (პირველი კატეგორიის) კომლს ჯერ კიდევ მიწის რეფორმის დაწყებამდე წარმოადგენდა და, ამდენად, არ არსებობდა წ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ვ. ღვ.-ის კომლის პირველ კატეგორიად უკანონოდ ცნობის საფუძველი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია, სათანადოდ შეაფასა ისინი და სწორად მიიჩნია, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 და 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილებების შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მართებულად იქნა გ. წ.-ის საკუთრებად აღრიცხული და მისთვის დამატებით მიზომილი. მიწის პრივატიზაციის დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ იქნა, რომ იმ პერიოდისათვის კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ მფლობელებს კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე უნდა შევსებოდათ. ამასთან, პირველი კატეგორიის კომლის ზღვრულ ოდენობად 0,75 ჰა იქნა დადგენილი, 0,60 ჰა სახნავ-სათესი, ხოლო 15 ჰა _ ტყე-ბუჩქნარი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გ. წ.-ეს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, კუთვნილი მიწის ფართი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მართებულად შეევსო და იგი ზღვრულ ნორმას არ აღემატება. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ გ. წ.-ე სადავო მიწის ნაკვეთს 1992 წლიდან რეალურად ფლობდა, რაც კასატორს 1997 წლამდე სადავოდ არ გაუხდია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ღვ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ღვ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.