Facebook Twitter

3გ-ად-246-კ-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1991წ. 6 სექტემბერს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებასა და მოქალაქე ო. ა.-ს შორის დაიდო ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ო. ა.-მ შეიძინა მთელი საცხოვრებელი სახლის 1/120 ნაწილი და გადაიხადა 3338 მანეთი. ხელშეკრულების თანახმად საცხოვრებელი ბინა გადავიდა ო.ა.-ს საკუთრებაში და მას უფლება მიეცა, როგორც მესაკუთრეს, თავისი სურვილისამებრ გაეყიდა, გაეჩუქებინა, გაეცვალა ან მემკვიდრეობით გადაეცა აღნიშნული ბინა. ხელშეკრულება სანოტარო წესით იქნა დამოწმებული და გატარდა საჯარო რეესტრში.

მოსარჩელის განმარტებით, ქ.ბათუმში, ... მდებარე ¹23-ე ბინა 1990 წლიდან დაკავებული აქვს მოქალაქე ლ.პ.-ს, ხოლო ო.ა.-ა ცხოვრობს შვილთან ერთად.

2001წ. 13 ნოემბერს ო.ა.-ს წარმომადგენელმა (შვილმა) ვ.დ.-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ო.ა.-სა და ბათუმის აღმასკომის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებას შორის დადებული 1991წ. 6 სექტემბრის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით, მას ბინის პრივატიზება არასოდეს მოუთხოვია და არც ამის შესახებ განცხადება შეუტანია სადმე. მას სურდა ზემოაღნიშნული ბინის არა შესყიდვა, არამედ გადაცვლა ქ. კრასნოდარში მდებარე ბინაზე. ამ მიზნით მიიყვანეს კიდეც ნოტარიუსთან, მაგრამ ნაცვლად გაცვლის ხელშეკრულებისა, მოტყუებით დაადებინეს ბინის პრივატიზების ხელშეკრულება. კასატორის მითითებით, მას ხელშეკრულების ქართულ ტექსტზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ გადაუთარგმნეს მისი შინაარსი.

ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა ო.ა.-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დააყენა ჯერ კიდევ 1997წ. 17 დეკემბერს, მაგრამ სარჩელის განუხილველად დატოვების გამო მისმა შვილმა ხელმეორედ მიმართა საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბერს.

მოპასუხე ქ.ბათუმის ნოტარიუსმა მ. მ.-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.ა.-მ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 20 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენელი ვ.დ.-ი, ბათუმის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმის ¹348 ცნობის საფუძველზე, სასამართლო პროცესში ო. ა.-ს წარმომადგენლად არ იქნა დაშვებული და საქმის განხილვაზე მოწვეული იქნა უშუალოდ ო.ა.-ა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 27 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობა, რომელმაც მხარი დაუჭირა სარჩელს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. ა.-ს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის საბინაო-სარემონტო გაერთიანებასა და ო.ა.-ს შორის 1991წ. 6 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹23 კომუნალური ბინის შესყიდვის შესახებ და აღნიშნული ბინა ჩაირიცხა ბათუმის მერიის საბინაო კომუნალურ ფონდში. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ო. ა.-ს მიერ ბინის შესყიდვით ფაქტი, მაგრამ ამავე დროს განმარტა, რომ ო.ა.-ს ხელი მოწერილი აქვს ხელშეკრულების ქართულ ტექსტზე, საქმეში არ მოიპოვება ხელშეკრულების რუსული ვარიანტი და არც ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული იმის თაობაზე, ეთარგმნა თუ არა ტექსტი რუსულად ო.ა.-ს. ამასთან, ვერ იქნა დადგენილი ო.ა.-ს მიერ ბინის შესყიდვის თაობაზე აღმასკომის შესაბამის სამსახურში განცხადების შეტანის ფაქტი, რასაც ო.ა.- უარყოფს და ვერც მოწინააღმდეგე მხარემ შეძლო აღნიშნული განცხადების წარმოდგენა სასამართლოში საქმის განხილვისას;

2) სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია ისიც, რომ თვითონ ხელშეკრულების მხარე ო.ა.-ა, რომლის სასარგებლოდაცაა გაფორმებული სადავო ხელშეკრულება, ითხოვს ამ ხელშეკრულების გაუქმებას. მას არ უნდა ბინა ქონდეს საკუთრებაში, არამედ ურჩევნია იყოს მისი დამქირავებელი. ყოველივე ეს კი ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ო.ა.-ა და შემდეგი მოტივებით ითხოვს მის გაუქმებას:

1) კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ იგი არის ... ბინის ერთადერთი დამქირავებელი;

2) ო.ა.-ა ითხოვს მის წარმომადგენლად შვილის – ვ.დ.-ის დაშვებას, ვინაიდან მას მოხუცებულობის გამო არ შეუძლია პროცესზე გამოცხადება;

3) კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივარში მითითებულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას;

4) კასატორის მითითებით, მისი თანხმობის გარეშე მის ბინაში უკანონოდ არის შესახლებული მოქალაქე პ.-ი, რომელიც არ უშვებს მას საკუთარ ბინაში საცხოვრებლად. აქედან გამომდინარე ო.ა.-ა ბათუმის მერიისაგან მოითხოვს პ.-ის გამოსახლებას ... მდებარე ბინიდან;

5) კასატორი კვლავ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ქალაქის საბჭოში არ დაუწერია განცხადება ბინის შესყიდვის თაობაზე, არც ტექბიუროსა და საბინაო-საექსპლოატაციო კანტორისათვის მიუმართავს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით, რის გამოც ზემოაღნიშნული 1991წ. 6 სექტემბრის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობამ საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის გამო მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო კასატორი და ნოტარიუსი მ.მ.-ე, მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილი წესით გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა, ამიტომ საკასაციო საჩივარი მხარეთა დასწრების გარეშე იქნა განხილული, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.ა.-ს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი ო.ა.-ა ითხოვდა 1991წ. 6 სექტემბერს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სარემონტო გაერთიანებასთან დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებას, რაც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბინის პრივატიზების ხელშეკრულება და ბათუმში ... მდებარე ბინა ჩაირიცხა ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში. კასატორი პრეტენზიას აცხადებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ იგი არის სადავო ბინის ერთადერთი დამქირავებელი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან კასატორი სარჩელით არ ითხოვდა ბინის დამქირავებლად ცნობას. კასატორი ო.ა.-ა ბათუმში, ... მდებარე ბინის ერთადერთი დამქირავებელია, ვინაიდან აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კასატორის სარჩელი, გაუქმდა ბინის პრივატიზების ხელშეკრულება და ბინა კვლავ ჩაირიცხა ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში. საქმეში წარმოდგენილი ბინის დამქირავებლის ბარათის მიხედვით, ... მდებარე ბინის ერთადერთ დამქირავებლად მითითებულია კასატორი ო.ა.-ა, 1978წ. 2 იანვარს ო.ა.-ს სახელზე გაცემული ბინის ორდერი ¹... არავის გაუუქმებია, ამიტომ ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების შედეგად, ო. ა.-მ თავისივე სურვილით უარი თქვა ბინის მესაკუთრის უფლებაზე და კვლავ შეიძინა ბინის დამქირავებლის სტატუსი;

2. კასატორის მითითებით ... მდებარე ბინაში უკანონოდ შესახლებულია პ.-ის ოჯახი, რის გამოც კასატორს აღკვეთილი აქვს თავისი ბინით სარგებლობის უფლება და ითხოვს პ.-ების გამოსახლებას, რასაც საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს, რადგან პ.-ების ოჯახის გამოსახლების შესახებ კასატორ ო.ა.-ს საკასაციო ინსტანციის სასამართლომდე არავისთვის მიუმართავს მოქმედი სამოქალაქო-ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სარჩელის შეტანით არ უთხოვია სადავო ბინიდან პ.-ების ოჯახის გამოსახლება და თავისი ხელყოფილი საბინაო უფლების აღდგენა, რაც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 29 მაისის სხდომის ოქმშიც არის დაფიქსირებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, საკასაციო პალატას საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივზე მსჯელობის პროცესუალური უფლება არა აქვს. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორ ო.ა.-ს, რომ ... მდებარე ბინიდან პ.-ების ოჯახის გამოსახლებისა და უკანონოდ შელახული დამქირავებლის უფლებების აღდგენის შესახებ შეუძლია სარჩელით მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული-სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

3. კასატორი ო.ა.-ა საკასაციო საჩივარში ასევე ითხოვს რიგი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საკასაციო პალატის კომპეტენციაში არ შედის, რადგან საკასაციო პალატა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია მხოლოდ განიხილოს ადმინისტრაციული დავა ... მდებარე ბინის პრივატიზების, როგორც ადმინისტრაციული გარიგების, კანონიერების თაობაზე. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კასატორმა აღნიშნულის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, უნდა მიმართოს აჭარის ა/რ პროკურატურის ორგანოებს.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ო.ა.-ის საკასაციო საჩივარი, სსკ-ს 410-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და სასამართლომ კანონის მართებული გამოყენება – განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილოება ო.ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ა.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილება.

3. ო. ა.-ა გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.