3გ-ად-251-კ-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ბინების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული გარიგების დადება, ამ ბინების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვა, როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 6 ოქტომბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ჟ. ს.-ის, ტ. გ.-ის, ვ. მ.-ის, მ. გ.-ის, რ. ბ.-ის, ნ. შ.-ის წარმომადგენლებმა ვ. მ.-მ და გ. ხ.-მ მოპასუხეების: თბილისის ნაძალადევის რაიონის ¹... საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის, თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ თბილისში, ... მდებარე ბინების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული გარიგების დადებისა და ამ ბინების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში, როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრების აღრიცხვის თაობაზე.
სარჩელი ემყარებოდა შემდეგ საფუძვლებს:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის ბინები, მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა.
2. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი, ამავე კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად არ ვრცელდება იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ფიზიკურ პირთა საკუთრებად.
3. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც მათი ინდივიდუალური ბინებია განლაგებული, სკ-ს ამოქმედებიდან ითვლება მათ საკუთრებად.
მოსარჩელეთა განცხადებით, მათ მიმართეს ნაძალადევის ¹... რაიონულ სერვისულ ცენტრს ბინების პრივატიზების მოთხოვნით, მაგრამ ადმინისტრაციული გარიგება არ დაიდო იმ მოტივით, რომ გამგეობა უარს აცხადებდა აღნიშნულ მოთხოვნებზე. გარდა ამისა, სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მშენებარე აბანოს დაუმთავრებელი ნაგებობა პრივატიზებული იყო აბანოს შრომითი კოლექტივის წევრების მიერ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ხ.-ა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: მოსარჩელეები არიან ... მდებარე სახლის ძირითადი დამქირავებლები, რისი უფლებაც შენარჩუნებული აქვთ და ჩაწერილი არიან ამ ბინებში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციას ექვემდებარება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის ბინები, მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი, აგრეთვე, გამონთავისუფლებული ბინები. ბინის პრივატიზაცია ამ დადგენილების მიხედვით არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთის კუთვნილების ფორმასთან. სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ს ამოქმედებიდან ითვლება იმ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა მ. ხ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა იმ მოტივით, რომ მიწის საკუთრების საკითხი სახელმწიფოსთან მანამდე სადავო არ ყოფილა და მისი გადაწყვეტა დამოკიდებული იყო ბინების პრივატიზებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით მესამე პირის, მ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეებმა თბილისში, ... მდებარე ბინების პრივატიზაცია მოითხოვეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად.
თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 31 იანვრის ¹21434 გადაწყვეტილებით ...-ის ქუჩიდან აბანოს გადასატანად გამოიყო კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსათვის რკინიგზის და ... ქუჩების კუთხეში, დოსააფის რაიონული კომიტეტისა და საცხოვრებელი სახლებით დაკავებული მიწის ნაკვეთი. მთავარმა არქიტექტურულ-დაგეგმარებითმა სამმართველომ შეადგინა სამშენებლო პასპორტი, დაადგინა მიწის ნაკვეთის საზღვრები, წითელი ხაზები და ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე აბანოს გადასატანად გამოიყო 2055,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დოსააფისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლებით იყო დაკავებული.თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 25 აპრილის ¹508 განკარგულებით, თბილისის პრეფექტის 1991წ. 20 მაისის ¹158 და 1991წ. 25 ივნისის ¹185 ბრძანებებით რეკონსტრუქციის ზონაში მოხვედრილი ამორტიზირებული სახლებიდან მოსახლეობის გასაყვანად გამოიყო 14 ბინა.
აღნიშნული დასტურდება, აგრეთვე, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 თებერვლის ¹02.06.12 დადგენილებით, სადაც მითითებული იყო, რომ გამოიყო 14 ბინა. იმჟამად გაყვანილ იქნა 7 ოჯახი, დანარჩენი 7 ოჯახისათვის გამოყოფილ ბინებში ...-ს ქუჩაზე შეიჭრნენ სხვა პირები. დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ ნაძალადევისა და გლდანის რაიონულ გამგეობებს უნდა მიეღოთ გადამჭრელი ზომები აბანოს რეკონსტრუქციის ზონიდან გასაყვანი მოსახლეობისათვის განკუთვნილი უკანონოდ მითვისებული ბინების გამოსათავისუფლებლად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ 1999წ. 9 თებერვალს მ. ხ.-ზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მიღება-ჩაბარების აქტისა და ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიის საერთო ფართია 2278 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მიერ მ. ხ.-ზე გაიცა ქონების გადაცემისათვის გადასახადის დეკლარაცია და მის მიერ წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის გადასახადის შესახებ დოკუმენტაცია.
სარჩელზე უარის თქმის გარემოებად სასამართლომ მიიჩნია, აგრეთვე, ის, რომ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტით პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე, გამონთავისუფლებული ბინა და არა – აღებას დაქვემდებარებული ბინა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა და მიიჩნიეს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტი, გარდა ამისა, მას უნდა გამოეყენებინა არა აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტი, არამედ მე-3 პუნქტი, სადაც ამომწურავად არის დადგენილი იმ ბინათა კატეგორია, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას. ეს კი სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად ბინების პრივატიზების საკითხი არ არის დაკავშირებული მიწის საკუთრების ფორმასთან. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა მაინც შეეცადა დაედგინა მესამე პირის _ მ. ხ.-ს კანონიერი უფლება მიწაზე, მაგრამ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აბანოს შრომითმა კოლექტივმა დაუმთავრებელი მშენებლობა იყიდა მიწის ნაკვეთის გარეშე, რაც პირდაპირ მითითებულია ხელშეკრულებაში. მართალია, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 12 სექტემბრის ¹14.23.917 დადგენილებით განსაზღვრული იყო მიწის ნაკვეთის აბანოს შრომითი კოლექტივისათვის გამოყოფა, მაგრამ ამისათვის განისაზღვრა ერთთვიანი ვადა _ 1996წ. 12 ოქტომბრამდე _ მაგრამ ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა.
კასატორთა განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ბინები სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო მოსარჩელეები არიან კანონიერი დამქირავებლები. აგრეთვე, დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელეებს მათ მიერ დაკავებული ბინების სანაცვლო ბინები სახელმწიფოსაგან არ მიუღიათ.
კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინების პრივატიზება აკრძალული არ არის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტით და ეს ბინები პრივატიზებას ექვემდებარებიან ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ¹... საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრისათვის მოსარჩელეებთან ადმინისტრაციული გარიგების დადების დავალება მათ მიერ დაკავებული ფართის (როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი) პრივატიზების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 მუხლი, როცა მიუთითა, რომ პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ავარიული, სარეკოსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი, აგრეთვე, გამოთავისუფლებული ბინა და არა აღებას დაქვემდებარებული ბინა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა ზემოთ აღნიშნული ნორმა ეხებოდა თუ არა სადავო ბინებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან მტკიცებულებები არ გამოიკვლია ყოველმხრივ და სრულყოფილად არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის გამორკვეული, მოსარჩელეებმა მათ მიერ დაკავებული ბინების სანაცვლო ბინები სახელმწიფოსაგან მიიღეს თუ არა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რის გამოც მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. ს.-ის, ტ. გ.-ის, კ. მ.-ის, ნ. შ.-ის, მ. გ.-ის, რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.