3გ-ად-252-კ-02 13 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ისნის რაიონის გამგეობის 1992წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაში და შესაბამისად თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 აპრილს მოსარჩელე მ. ს.-მ სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და თბილისის, ... მდებარე სახლთმფლობელობის დაკანონების შესახებ ისნის რაიონის გამგეობის 1992წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაში და შესაბამისად ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებშიც ამჟამად გარდაცვლილი ა. ს.-ის შეყვანა მოითხოვა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ისნის რაიონის გამგეობის 1992წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისის, ... მდებარე სახლთმფლობელობა იმჟამად გარდაცვლილ თ. და ი. ს.-ების ხუთ შვილზე დაკანონდა. აღნიშნულ პირთა სიაში არ მოხვდა მათი მეექვსე შვილი ა. ს.-ე, რომელიც ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ ჩანაწერების გაკეთებამდე, 1929 წელს გარდაიცვალა. ჩანაწერები კი საფუძვლად დაედო 1992წ. 12 ივნისის ისნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებას. ამდენად, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სახლის დაკანონების დროს მოხდა შეცდომა, გამოტოვებულ იქნა ა. ს.-ე, რომელიც ცხოვრობდა ¹17 და ¹18 ოთახებში. მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ოთახებში ცხოვრებას განაგრძობდა მისი მეუღლე მა. და მისი შვილები ი., ნ. და თ., ხოლო დღეისათვის ცხოვრობს მოსარჩელე მ. ს.-ე – თ. ს.-ის ვაჟი.
მოპასუხე ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ და მესამე პირებმა – ა. და ე. ს.-ებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ იგი ხანდაზმული იყო, ვინაიდან 1993 წელს ა. ს.-ის მამის მიერ ისნის რაიონის სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო წილის გამოყოფის შესახებ, რომელსაც გამგეობის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთვოდა. ეს მასალები თავის დროზე თ. ს.-ს (მოსარჩელის დედას) ჩაბარდა, რომელიც მოპასუხედ იყო ჩართული ამ საქმეში და აქედან გამომდინარე მ. ს.-ისათვის 1993 წელს უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო ისნის რაიონის გამგეობის 1992წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების თაობაზე.
მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ ა. ს.-ზე ვერ მოხდებოდა სახლთმფლობელობის დაკანონება, ვინაიდან იგი საინვენტარიზაციო გეგმაში სახლის მფლობელად არ ირიცხებოდა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ს.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ. ს.-მ გაასაჩივრა და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სახლთმფლობელთა სიაში ადამ ს.-ის შეყვანა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი მ. ს.-ე უკანონოდ მიიჩნევდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ მას არასწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან გამგეობის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი მხოლოდ 2001 წელს გახდა. მოგვიანებით აპელანტ მ. ს.-მ დააზუსტა თავისი სააპელაციო საჩივარი. მან სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე შეცვალა თავისი მოთხოვნა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერებში სხვა პირებთან ერთად მისი ბებიის, მარიამ ს.-ის აღრიცხვა და გამგეობის გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
მესამე პირი _ ა. ს.-ე სასარჩელო მოთხოვნის შეცვლას არ დაეთანხმა.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 381-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მიზანშეუწონლად მიიჩნია დავის საგნის შეცვლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა.
საოლქო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით, ისნის რაიონის გამგეობის 1992წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაში ა. ს.-ის შეყვანის თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოიცა სახლის საინვენტარიზაციო გეგმის, ფორმა ¹1-ის საფუძველზე, რაც წარმოადგენდა იურიდიულ საფუძველს იმისათვის, რომ უკანონო ნაგებობა სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებში მოხსენებულ პირებზე დაკანონებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით მირიან ს.-მ გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია”. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ისნის რაიონის გამგეობის 1992წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა აწ გარდაცვლილ ვ., ნი., ნა., ი. და ა. ს.-ებზე დაკანონდა, რომლებიც თ. და ი. ს.-ების შვილები იყვნენ. აღნიშნულ პირთა სიაში არ მოხვდა მეექვსე შვილი – ა. ს.-ე, რადგან იგი ჯერ კიდევ სახლის პასპორტიზაციამდე იყო გარდაცვლილი და ტექაღრიცხვის ჩანაწერებში არ ფიგურირებდა.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას იმ გარემოებასაც მიაქცევს, რომ სსკ-ს მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად: “საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად”, მოცემულ შემთხვევაში კასატორი მ. ს.-ე ისნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებაში და შესაბამისად Eთბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს იმ მიმართებით, რომ სახლთმფლობელობა გარდაცვლილი ა. ს.-ის სახელზე აღირიცხოს, რაც საკასაციო სასამათლოს აზრით ეწინააღმდეგება სსკ-ს მე-2 მუხლს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპრიოცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.