Facebook Twitter

3გ-ად-260-კ-02 27 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 6 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. რ.-მ და დ. ე.-მ მოპასუხეების: ი. ს.-ს, ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. მ.-ის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1985 წელს მათმა დედამ, მოპასუხე ი. ს.-მ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985წ. 27 ივნისის ¹390 გადაწყვეტილებით გაცემული ორდერის საფუძველზე, რომელშიც შეყვანილი იყვნენ ი. რ.-ა და დ. ე.-ე, ქ. ბათუმში, ...-ის (ყოფილი ...-ის) ქ. ¹21-ში მიიღო 36 კვ.მ ფართის ოროთახიანი ბინა.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1992 წელს ი. ს.-მ გადაწყვიტა ბინის პრივატიზება, რის შესახებაც ი. რ.-მ დაწერა განცხადება, რომ სურდა ბინის პრივატიზებაში მონაწილეობის მიღება, რათა დედასთან ერთად გამხდარიყო აღნიშნული ბინის თანამესაკუთრე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იმ დროისთვის იყო დაკავებული, რის გამოც დედამისი შეჰპირდა განცხადების წარდგენას შესაბამის ორგანოში და საკითხის მის გარეშე მოგვარებას, რაზეც ი. რ.-ა დათანხმდა.

მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო, რომ ვალის გამო ედავებოდნენ ი. ს.-ს, მაგრამ შვილები დავაში არ ერეოდნენ, რადგანაც დედა არ აძლევდა მათ ამის უფლებას. მხოლოდ 1996-97 წლებში, როცა კრედიტორებმა მოინდომეს მათი ბინის ხელში ჩაგდება, მიმდინარე დავაში სასამართლო წესით ჩაერია ი. რ.-ა, განაცხადა, რომ ისიც ბინის მესაკუთრე იყო და არ უნდა შელახულიყო მისი, როგორც თანამესაკუთრის, უფლება. მოპასუხე ი. ს.-მ კვლავ აარიდა მოვალეებთან დავას მოსარჩელეები იმ მოტივით, რომ საქმესაც თავად მოაგვარებდა და ვალსაც გადაიხდიდა.

2000წ. მარტში მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ ი. ს.-სთან სახლში მივიდა აღმასრულებელი და დაისვა ბინის ჩამორთმევის საკითხი. მოსარჩელეებმა გაარკვიეს, რომ მათი ბინის პრივატიზების დროს ი. რ.-ს განცხადება პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღების შესახებ საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი შესაბამის ორგანოში, ხოლო საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა, რომ ბინის პრივატიზების დროს იგი არასრულწლოვანი იყო, რის გამოც საჭირო არ იყო მისი განცხადება პრივატიზებასთან დაკავშირებით. ბინის ერთადერთი მესაკუთრე გახდა ი. ს.-ა, მაშინ, როდესაც ი. რ.-ა იმ დროს 21 წლის იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ჩათვალეს, რომ დაირღვა მათი უფლებები. ი. ს.-ს უკანონო ქმედებით რჩებოდნენ თავშესაფარის გარეშე, რის გამოც ითხოვეს 1992წ. 22 დეკემბერს გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ტექაღრიცხვის დოკუმენტებში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხე ქ. ბათუმის მერია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაინტერესებულმა პირებმა: ლ. ი.-მ და დ. ე.-მ.

სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ ლ. ი.-ე 1995წ. 14 თებერვლიდან რეგისტრირებული იყო აღნიშნულ ბინაში და ი. ს.-სთან ერთად ითვლებოდა ბინაზე უფლებამოპოვებულად. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 3 აპრილს ისე განიხილა საქმე, რომ იგი მესამე პირად არ ჩაურთავს საქმეში.

აპელანტები მიუთითებდნენ, რომ ი. რ.-ა 1993 წლამდე ჩაწერილი იყო ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ში და დედამისის, ი. ს.-ს, მიერ ბინის პრივატიზების პროცესში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. 1993 წლიდან კი ი. რ.-ა ჩაეწერა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹16-ში.

აპელანტთა განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მესამე პირად უნდა ჩაერთო დ. ე.-ც, რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს.-ს დ. ე.-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 4000 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად და ბინაზე დადებულია ყადაღა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა ითხოვეს მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმა და ბათუმის სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, აგრეთვე, გაასაჩივრა ქ. ბათუმის მე-... მიკრორაიონის გამგეობამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ი.-ე და დ. ე.-ე.

სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ.-მ და დ. ე.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის განჩინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 15 მარტს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ი. რ.-სა და დ. ე.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის განჩინებით კასატორების: ი. რ.-სა და დ. ე.-ის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ.-მ და დ. ე.-მ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია სრულყოფილად და ყოველმხრივ. კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 და 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებები. გარდა ამისა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და მას არ გაუუქმებია 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება.

კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა მათი სარჩელი ხანდაზმულად, რადგანაც 1992 წელს მომხდარი პრივატიზების დროს დაშვებული დარღვევის ფაქტი მათთვის ცნობილი გახდა 2000წ. მარტში, რის შემდეგაც იმავეწ. აპრილში სარჩელი აღძრეს სასამართლოში და შესაბამისად არც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაუშვიათ.

საკასაციო საჩივარში კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ისეთი ფაქტობრივი გარემოებები გახადა სადავოდ, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უდავია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას განჩინებით უცვლელად კი არ უნდა დაეტოვებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულად ჩაითვლებოდა ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, კასატორთა განმარტებით, დაირღვა სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებისა და 389-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნები.

კასატორებმა საკასაციო საჩივრით ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 30 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორები საკასაციო საჩივარში აყენებენ დასაბუთებულ პრეტენზიას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, არ გამოუკვლევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და არასრულყოფილად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, კერძოდ, სამისამართო ცნობა, საიდანაც დგინდება რომ ი. რ.-ა 1993წ. სექტემბერში ჩაწერილი იყო ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹16-ში. საქმეში წარმოდგენილია, აგრეთვე, ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ არც 1993 წელს და არც შემდგომ პერიოდში ი. რ.-ა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹16-ში ჩაწერილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია სადავო ბინის პრივატიზების დროს, 1992წ. 22 დეკემბერს, სად ცხოვრობდა მოსარჩელე ი. რ.-ა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია ი. რ.-ს ხელწერილი, რომლითაც ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹21-ში მდებარე სახლის გაყიდვის შემთხვევაში უარს აცხადებს კუთვნილ წილზე. ხელწერილი უთარიღოა, ხოლო თავად ი. რ.-ა აცხადებს, რომ იგი შედგენილია 1997 წელს. ამდენად, სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია, აღნიშნული ხელწერილი სადავო ბინის პრივატიზების დროს არის შედგენილი, თუ შემდგომ პერიოდში. აღნიშნულის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა იმ მოწმეთა დაკითხვით, რომლებიც ხელს აწერენ ხელწერილზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სკ-ს 131-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, როდის შეიტყვეს მოსარჩელეებმა მათი უფლების დარღვევის შესახებ და როდის წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის განჩინება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. რ.-სა და დ. ე.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.