Facebook Twitter

3გ-ად-266-კ-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: კომერციული კონკურსის შედეგებისა და ქ. თელავის გამგეობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 29 ოქტომბერს სს “ა.-მ” თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოსა და ქ. თელავის გამგეობის მიმართ და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ 1999წ. 25 მაისს ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ქ. თელავის გამგეობის 1999წ. 31 აგვისტოს ¹76 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1995წ. 31 აგვისტოს ქ. თელავის გამგეობის ¹133 გადაწყვეტილებით მას სამგზავრო ავტოსადგურის მოსაწყობად კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის ახალი შენობის ასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორიის ნაწილი იმ პირობით გამოეყო დროებით, რომ კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის ახალი შენობის მშენებლობის დაწყებისთანავე აღნიშნულ ტერიტორიას გაათავისუფლებდა და გენერალური გეგმის შესაბამისად მოაწესრიგებდა. 1999წ. 25 მაისს კომერციული კონკურსის თანახმად მშენებარე კავშირგაბმულობის შენობა მიმდებარე ტერიტორიით ფ. ბ.-მ შეიძინა, ხოლო ქ. თელავის გამგეობამ ¹76 გადაწყვეტილებით, ქ. თელავის გამგეობის 1995წ. 31 აგვისტოს ¹133 გადაწყვეტილების მეორე პუნქტზე დაყრდნობით, სს “ა.-ს” ავტოსადგურის ფუნქციონირების შეწყვეტა, ავტოსადგურის დემონტაჟი და დაკავებული მიწის ნაკვეთის ფ. ბ.-ისათვის დაბრუნება მოსთხოვა. მოსარჩელის მითითებით, ქ. თელავის გამგეობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და კავშირგაბმულობის მშენებარე შენობის პრივატიზაცია უკანონოა, რადგან თელავის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1999წ. 8 აპრილს გაცემული ცნობის საფუძველზე, მიწის ის ნაწილი, რომელიც პრივატიზაციის შედეგად ფ. ბ.-ს გადაეცა სს “ა.-ის” სახელზეა რეგისტრირებული. ქალაქ თელავის გამგეობას სს “ა.-ის” დროებით სარგებლობაში მყოფი ფართი ჯერ პირვანდელ მდგომარეობაში უნდა მოეყვანა, ხოლო შემდგომ, მიწის მართვის ადგილობრივ სამსახურთან შეთანხმებით სადავო ფართი საპრივატიზაციო ობიექტზე უნდა მიემაგრებინა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა უფლებრივად დაუტვირთავი ნაკვეთის გასხვისება ფ. ბ.-ზე. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოს მიერ კავშირგაბმულობის მშენებარე შენობის პრივატიზაციისას “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მერვე პუნქტის მოთხოვნები იქნა დარღვეული.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონულმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კავშირგაბმულობის მშენებარე შენობის პრივატიზაცია კანონის შესაბამისად განხორციელდა. კერძოდ, საპრივატიზაციო ობიექტის მიმდებარე ტრიტორიის საწყისი ფასის გამოუცხადებლობა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ მათ ე.წ “ზონირების” კოეფიციენტი არ იცოდნენ, რაც 1999წ. 17 მაისამდე თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ ვერ მიაწოდა. მოპასუხის აზრით, აღნიშნული გარემოება კანონის უხეშ დარღვევად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, მით უმეტეს, რომ მას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია და მისი უფლებები არ დაურღვევია.

ქ. თელავის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ¹76 გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი ფ. ბ.-ის განცხადება იყო, რომელიც კანონიერად მოითხოვდა მისი უფლებების დაცვას და სამართლიანობის აღდგენას.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩართულმა ფ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სს “ა.-ის” მიმართ და სს “ა.-ის" მიერ დაკავებული მისი კუთვნილი ტერიტორიის განთავისუფლება და მასზე აგებული ავტოსადგურის შენობის დემონტაჟი მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით სს “ა.-ის” მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ 1999წ. 25 მაისს ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგები და ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოსა და ფ. ბ.-ს შორის 1999წ. 24 ივნისს კავშირგაბმულობის კვანძის მშენებარე შენობის პრივატიზაციის შესახებ დადებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ქ. თელავის გამგეობის 1999წ. 31 აგვისტოს ¹76 გადაწყვეტილება გაუქმდა. მესამე პირს, ფ. ბ.-ს სს “ა.-ის” კუთვნილი ავტოსადგურის შენობის დემონტაჟისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

თელავის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ქ. თელავის გამგეობამ, ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულმა სამმართველომ და მესამე პირმა, ფ. ბ.-მ გაასაჩივრეს.

ფ. ბ.-მ თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიუთითა სკ-ს 487-ე მუხლზე, ვინაიდან ამავე კოდექის 490-ე მუხლის თანახმად, ნაკლი შეიძლება გამოსწორებულ იქნეს გამყიდველის მიერ, თუ მყიდველი თანახმაა. ნაკლის გამოსწორება შესაძლებელი იყო, რადგან სს “ა.-ს” ზემოაღნიშნული ტერიტორია მოთხოვნისთანავე უნდა გაეთავისუფლებინა. აპელანტის მითითებით, მას გადახდის გრაფიკი არ დაურღვევია, აღნიშნული სასამართლოში დავის არსებობის გამო შეჩერდა.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულმა სამმართველომ და ქ. თელავის გამგეობამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით გაასაჩივრეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ფ. ბ.-ის, ქ. თელავის გამგეობისა და ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ა.-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მესამე პირს _ ფ. ბ.-ს უარი ეთქვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ მხარეთა ყურადღება სკ-ს 487-ე მუხლზე გაამახვილა, რომლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი უნდა გადასცეს. ამავე კოდექის 489-ე მუხლის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთის გასხვისება მოხდა.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ კონკურსის ჩატარების შემდეგ მხარეებს შორის თვითნებურად მოხდა საკონკურსო პირობების შეცვლა, რაც სააპელაციო პალატის აზრით, კანონის დარღვევას წარმოადგენს.

სასამართლომ მხარეთა ყურადღება იმ გარემოებას მიაპყრო, რომ “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 3.1. მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს საანგარიშსწორებო ანგარიშზე “ბე”-ს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი. სასამართლო კოლეგიის მითითებით კი, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ფ. ბ.-მ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების შეტანისას “ბე” დროულად არ გადაიხადა.

საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ფ. ბ.-მ, ქ. თელავის გამგეობამ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულმა სამმართველომ გაასაჩივრეს. ფარნაოზ ბ.-ის მითითებით, საოლქო სასამართლომ, ნაცვლად სკ-ს 490-492-ე მუხლებისა, რომლებიც მყიდველის მიერ ნაკლის მქონე ნივთის მიღების პირობებს არეგულირებენ, იმავე კოდექსის 487-ე და 489-ე მუხლები არამართებულად გამოიყენა.

ქ. თელავის გამგეობამ და ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულმა სამმართველომ საკასაციო საჩივრებით საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. კასატორების აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. თელავის გამგეობის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოსა და ფ. ბ.-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ა.-ის" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მესამე პირის _ ფ. ბ.-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 490-492-ე მუხლები, რომლებიც მყიდველის მიერ ნაკლის მქონე ნივთის მიღების პირობებს არეგულირებენ. სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 487-ე და 489-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ რადგან სს “ა.-ს" დროებითი სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული მიწის ნაკვეთი, ის უფლებრივად ნაკლიანი იყო და გამყიდველს _ სახელმწიფოს (სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სახით) _ არ ჰქონდა ასეთი ნივთის გასხვისების უფლება, სანამ არ გამოსწორდებოდა უფლებრივი ნაკლი. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას და თვლის, რომ მოცემული მსჯელობა ეწინააღმდეგება სკ-ს 490-492-ე მუხლების მოთხოვნას, რადგან მყიდველის უფლებაა პრეტენზია განაცხადოს ნივთის ნაკლის შესახებ, მიიღოს ან არ მიიღოს იგი. მოცემულ შემთხვევაში მყიდველი ფ. ბ.-ი გახლდათ და არა სს “ა.-ი". მყიდველმა შეიძინა რა ნაკლიანი ნივთი, მიმართა გამყიდველს _ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს _ ნივთის ნაკლის გამოსწორების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა. ფ. ბ.-მა არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მოშალა ხელშეკრულება, რაც უდავოდ მისი უფლებაა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება. საჯარო რეესტრში სარგებლობის უფლების რეგისტრაციის არსებობა ვერ შეზღუდავს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. მესაკუთრის უფლება _ თავისუფლად და შეუზღუდავად განკარგოს ქონება _ აღიარებულია კონსტიტუციით. ასეთი უფლების რეგისტრაციის არსებობა, დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება იყოს მყიდველისათვის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, შეიძინოს თუ არა უფლებრივად დატვირთული ქონება და გახდეს თუ არა მესაკუთრის სამართალმემკვიდრე მოცემულ ურთიერთობებში.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თელავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით კავშირგაბმულობის რაიონულ კვანძს ახალი შენობის მშენებლობისათვის 7900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გამოეყო, ხოლო ქ. თელავის გამგეობის 1995წ. 31 აგვისტოს ¹133 გადაწყვეტილებით სს “ა.-ს" აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან დროებითი სარგებლობისათვის 835 კვ.მ მიწის ნაკვეთი იმ პირობით გადაეცა, რომ კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის შენობის მშენებლობის დაწყებისთანავე აღნიშნულ ტერიტორიას გაანთავისუფლებდა და მის მიერ აშენებულ ავტოსადგურის შენობას მოშლიდა. კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის მშენებარე შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 31 მარტის ¹1-3/155 ბრძანებით შეტანილ იქნა გასაყიდი ობიექტების ნუსხაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აღარ გააგრძელა კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის ახალი შენობის მშენებლობა და ამის უფლება საკონკურსო პირობებით კონკურში გამარჯვებულ ფ. ბ.-ს დაავალა. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა. ამდენად, სადავო 835 კვ.მ მიწის ნაკვეთი მუდმივი სარგებლობის უფლებით კავშირგაბმულობის რაიონულ კვანძს ჰქონდა გამოყოფილი ახალი შენობის მშნებლობისათვის და სს “ა.-ს" იგი მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცა, რაც დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემული კანონი არ ვრცელდება დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნენ მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო პირობებში გამოცხადებული იყო ხელშეკრულების მოქმედების 18-თვიანი ვადა, ხოლო ხელშეკრულება რეალურად გაფორმდა ორი წ. ვადით, რითაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მყიდველს მიენიჭა უკანონო შეღავათი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არის კონკურსის შედეგების გაუქმების საფუძველი აღნიშნული ფაქტი, მაშინ, როცა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს ორიწ. ვადისა". საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების ამ ვადით დადება არ ეწინააღდეგება კანონის მოთხოვნას და იგი არ შეიძლება გახდეს ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ფ. ბ.-ის მიერ კანონით გათვალისწინებული “ბეს" დაგვიანებით შეტანის თაობაზე, რადგან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, ხოლო 20 მაისით დათარიღებული “ბეს" გადახდის ქვითარის სიყალბე სასამართლოს არ დაუდგენია. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს პრივატიზაციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღევა, რომელმაც პირდაპირ და უშუალოდ შელახა მოსარჩელის ინტერესები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ქ. თელავის გამგეობის 1999წ. 31 აგვისტოს ¹76 გადაწყვეტილება ისე ცნო ბათილად, რომ ბათილად ცნობის საფუძვლები არ დაუსახელებია და არ დაუსაბუთებია, თუ კანონის რა მოთხოვნები დაარღვია გამგეობამ ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თელავის გამგეობას კანონი არ დაურღვევია, მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც ¹76 გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თელავის გამგეობის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოსა და ფ. ბ.-ის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ა.-ის" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მესამე პირის _ ფ. ბ.-ის _ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, სს “ა.-ის" მიერ უნდა გათავისუფლდეს ფ. ბ.-ის კუთვნილი ტერიტორია და უნდა მოხდეს სს “ა.-ის" მიერ ამ ტერიტორიაზე აგებული ავტოსადგურის შენობის დემონტაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხლმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თელავის გამგეობის, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოსა და ფ. ბ.-ის სკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართველოსა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს “ა.-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. მესამე პირის _ ფ. ბ.-ის _ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.