Facebook Twitter

3გ-ად-291-კ-02 27 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

ვ. ჩ.-ის სასარჩელო მოთხოვნა: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დროულად გაცემა.

ხ. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნა: აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 11 დეკემბერს შ. ჩ.-მ სარჩელი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის სოფ. ...-ს მაცხოვრებელი. მისი ოჯახი შედგება ხუთი სულისგან. მისი კომლიდან გამოყოფილი შვილი _ ვ. ჩ.-ი ცხოვრობს ისევ მამის სახლში, რადგანაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. შ. ჩ.-ს სარგებლობაში ჰქონდა 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი. მან მიმართა მიწის რეფორმის კომისიას და ითხოვა მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება, ხოლო შვილისათვის, ვ. ჩ.-ისათვის ნორმით დაწესებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა.

2001წ. 27 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შ. ჩ.-ის სარჩელი მოპასუხე ...-ს თემის საკრებულოს მიმართ და გამოიტანა განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, კერძოდ, მორიგების აქტის თანახმად მოპასუხე ...-ს თემის საკრებულოს გამგებელი ზ. კ.-ე 2001წ. 1 აპრილამდე მოსარჩელე შ. ჩ.-ის შვილს, ვ. ჩ.-ს შეურჩევდა და გამოუყოფდა ...-ს თემის სოფ. ...-ში ზღვრული ნორმით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს.

მოსარჩელე შ. ჩ.-ის განმარტებით, აღნიშნული განჩინება აღსრულდა 2001წ. 22 ივლისს, კერძოდ, მის შვილს, ვ. ჩ.-ს მიუზომეს 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და ამით შეივსო შ. ჩ.-ის ნაკვეთიც ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ რეგისტრაციაში გაატარა აღსრულების აქტი, მაგრამ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიცემა გაუჭიანურეს ხელვაჩაურის რაიონის გამგებელმა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორმა.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხეებს დავალებოდათ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დროულად გაცემა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით შ. ჩ.-ი ჩაითვალა არასათანადო მოსარჩელედ და იგი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით, ვ. ჩ.-ით.

2002წ. 29 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ხ. ქ.-მ მოპასუხეების: ...-ს თემის საკრებულოს, შ. და ვ. ჩ.-ების მიმართ.

მოსარჩელე ხ. ქ.-მ თავისი სარჩელით ითხოვა იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ვ. და შ. ჩ.-ებს მიუზომეს მიწის ნაკვეთები. თავის მოთხოვნას ხ. ქ.-ე იმით ასაბუთებდა, რომ იგი ცალკე კომლად გამოიყო 1993 წლიდან და ...-ს თემის საკრებულოსადმი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ გამოუყვეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. თუმცა ითხოვდა იმ მიწის გადაცემას, რომელსაც მისი ოჯახი წლების განმავლობაში ამუშავებდა. მაგრამ ...-ს თემის საკრებულოს გამგებელ ზ. კ.-ესა და შ. ჩ.-ს შორის გაფორმებული მორიგების საფუძველზე, სოფ. ...-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000წ. 23 მაისის ¹3 ოქმის, 2001წ. 22 ივლისის მიზომვის აქტისა და 2001წ. 23 ივლისის აქტის საფუძველზე სოფ. ...-ში მცხოვრებ ვ. ჩ.-ს გადაეცა 0,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო შ. ჩ.-ს _ 0,07 ჰა. სწორედ აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემა ითხოვა ხ. ქ.-ემ თავისი სარჩელით, რადგანაც სოფ. ...-ში მიწის ნაკვეთის მიღების უპირატესი უფლება მას, როგორც ...-ელს, ჰქონდა ...-ელ შ. და ვ. ჩ.-ებთან შედარებით.

მოსარჩელე ხ. ქ.-ე სარჩელში აღნიშნავს, რომ 2001წ. 22 ივლისს შედგენილ “მიზომვის აქტში” შ. ჩ.-ისათვის მიწის მიზომვის საფუძვლად მითითებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის განჩინება და ...-ს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწის კომისიის 2001წ. 28 ივლისის სხდომის ¹6 ოქმი, რაც არასწორია შემდეგი გარემოებების გამო:

აღნიშნული განჩინება და ოქმი მოცემულ საქმეზე არ მიღებულა. ამ საქმეზე 2001წ. 28 ივლისს გაფორმდა ¹5 ოქმი, რომელიც ვერ გახდებოდა 2001წ. 22 ივლისს მიღებული მიზომვის აქტის მიღების საფუძველი, რადგანაც მიზომვის აქტი უფრო ადრე იქნა მიღებული, ვიდრე ...-ს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის მიერ 2001წ. 28 ივლისს მიღებული ¹5 ოქმი, რომელშიც არ ჩანს, თუ რა დაადგინა კომისიამ და რა რაოდენობის მიწის ფართობით შეუვსეს ნაკვეთი შ. ჩ.-ს. მოსარჩელის განმარტებით, ¹5 ოქმზე, აგრეთვე, გადასწორებულია მიღების თარიღი.

სარჩელში მითითებულია, რომ ვ. ჩ.-ზე მიწის გამოყოფა უკანონო იყო, რადგანაც ...-ს თემის საკრებულოს გამგებელ ზ. კ.-ესა და შ. ჩ.-ს შორის მორიგების საგანი იყო სახელმწიფო მიწა. ამდენად, გამგებელს უფლება არ ჰქონდა მორიგებოდა შ. ჩ.-ს იმ ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით ვ. ჩ.-ის სარჩელი მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის თაობაზე, აგრეთვე, ხ. ქ.-ის სარჩელი მოპასუხეების: ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის ზ. კ.-ის, შ. და ვ. ჩ.-ების მიმართ, აქტების ბათილად ცნობის შესახებ, გაერთიანდა ერთ სასარჩელო წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000წ. 23 მაისის სხდომის ¹3 ოქმი, 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმი და ამ ოქმების საფუძველზე მიღებული მიწის მიზომვის აქტები. ...-ს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიას დაევალა სოფ. ...-ის ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო წესით განეხილა და გადაეწყვიტა როგორც ხ. ქ.-ის, ისე ვ. ჩ.-ის საკარმიდამო მიწით დაკმაყოფილების საკითხი. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ...-ს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვ. ჩ.-ისა და ხ. ქ.-ის მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. და ვ. ჩ.-ებმა, რომლებმაც ითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ვ. ჩ.-ის სარჩელის დაკმაყოფილება და ხ. ქ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ხ. ქ.-ემ და ითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა იმგვარად, რომ ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დავალებოდა ადმინისტრაციული აქტის მიღება, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ში, “მაღაზიის ზემოთ მდებარე ციტრუსების ნარგავებიანი სადავო მიწის ნაკვეთი” გადაეცემოდა ხ. ქ.-ეს საკუთრებაში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. და ვ. ჩ.-ების სააპელაციო საჩივარი და ხ. ქ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ვ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და უცვლელად დარჩა ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000წ. 23 მაისის დადგენილება ვ. ჩ.-ისთვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, აგრეთვე, უცვლელად დარჩა ვ. ჩ.-ისათვის 2001წ. 22 ივლისს შედგენილი მიწის მიზომვის აქტი. გაუქმდა შ. ჩ.-ისათვის ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2001წ. 28 ივლისის სხდომის ¹5 ოქმი და შ. ჩ.-ისათვის 2001წ. 22 ივლისის მიწის მიზომვის აქტი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსების ნაწილში. ხ. ქ.-ეს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე. ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიას დაევალა სარეფორმო მიწის ფონდიდან შ. ჩ.-ზე და ხ. ქ.-ეზე საკარმიდამო მიწის შევსებისა და გამოყოფის საკიხის გადაწყვეტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ქ.-ემ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას ძირითად საფუძვლად დაუდო ...-ს თემის საკრებულოს თავმჯდომარე ზ. კ.-ესა და შ. ჩ.-ს შორის დადებული მორიგების აქტი, რომელიც უკანონოა. მხარეთა შორის მორიგების საგანი იყო სახელმწიფო მიწა და ზ. კ.-ეს უფლება არ ჰქონდა ვ. ჩ.-ს მორიგებოდა იმ ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მიწის რეფორმის კომისიამ, რომელსაც თავად ზ. კ.-ე თავმჯდომარეობდა, მორიგების აქტის თანახმად, ვ. ჩ.-ს გამოუყო მიწის ის ნაკვეთი, რომელსაც ხ. ქ.-ე ამუშავებდა.

კასატორის განმარტებით, არ არსებობს ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2001წ. 22 ივლისის ოქმი, რომლითაც ვ. ჩ.-ს სოფ. ...-ში გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში ვ. ჩ.-ისათვის სოფ. ...-ში მიწის გამოყოფა არ გატარებულა რეგისტრაციაში საბუთების არასრულყოფილების გამო. გარდა ამისა, ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ აქტებს არ ახლავს წერილობითი დასაბუთება, რაც აუცილებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გარდა ამისა, ...-ს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიას სადავო აქტების მიღებამდე არ გამოცხადებია კომისიის სხდომის დღე, ადგილი და დღის წესრიგი, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების მოთხოვნები და კასატორს მოუსპო აღნიშნული აქტების გასაჩივრების შესაძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც უცვლელად დარჩება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა დაყრდნობოდა მხარეთა: მოპასუხე ...-ს თემის საკრებულოს გამგებელ ზ. კ.-ისა და მოსარჩელე შ. ჩ.-ის მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის განჩინებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რის გამოც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტების თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლის ნორმის დარღვევით არის მიღებული. კერძოდ, სასამართლოს მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით უფლება აქვს შეწყვიტოს საქმის წარმოება თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გამოიყენა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ, რომელიც გამოტანილია დავაზე სხვა მხარეებს შორის სხვა საგანზე და სხვა საფუძვლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001წ. 22 ივლისის ოქმზე, რომლითაც ვ. ჩ.-ს გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სოფ. კვირიათში. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ოქმი საერთოდ არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.