3გ-ად-303-კ-02 27 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 10 დეკემბერს ხობის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კომერციული ბანკი “კ.-ის” გამგეობის ყოფილმა თავმჯდომარე ს. ნ.-მ მოპასუხე ხობის რაიონის ქვემო ...-ის მეურნეობისა და მესამე პირის _ ხობის რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ კომერციულმა ბანკმა “კ.-მ” 1996წ. 30 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ხობის რაიონის ქვემო ...-ის საზოგადოებრივ მეურნეობას ხობის რაიონის გამგეობის საგარანტიო წერილის საფუძველზე სამთვიანი ვადით მისცა სესხი 11000 ლარი ყოველთვიური 5 პროცენტის გადახდით. სესხის გადახდის ვადა 1996წ. 30 სექტემბრამდე იყო. საგარანტიო წერილის თანახმად, თუ მსესხებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას დადგენილ ვადაში არ გადაიხდიდა, იგი უნდა გადაეხადა ხობის რაიონის გამგეობას. ქვემო ...-ის მეურნეობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით ვალის გადახდის ვადები რამდენჯერმე გადაიდო.
კომერციულმა ბანკმა “კ.-მ” 1998წ. ბოლოს ფუნქციონირება შეწყვიტა. 1996-1997-1998 წლებში მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთპროცენტიანი სარგებლის ნაცვლად დაარიცხეს 2 პროცენტი, რაც შეადგენდა 6600 ლარს, მეურნეობას კი პროცენტის სახით გადახდილი ჰქონდა 5600 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, საბოლოოდ, მსესხებელ ქვემო ...-ის მეურნეობისა და გარანტ ხობის რაიონის გამგეობის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 9220 აშშ დოლარის ეკვივალენტი 19375 ლარი. მოსარჩელემ სარჩელით სწორედ აღნიშნული თანხის სოლიდარულად დაკისრება ითხოვა ქვემო ...-ის მეურნეობისა და ხობის რაიონის გამგეობისათვის.
ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომერციული ბანკი “კ.-ის” გამგეობის ყოფილმა თავმჯდომარე ს. ნ.-მ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მოპასუხედ ჩაება ხობის რაიონის გამგეობა.
ქუთაისის საოლქო სასამარათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება. ხობის რაიონის გამგეობასა და ხობის რაიონის ქვემო ...-ის საზოგადოებრივ მეურნეობას ს. ნ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11000 ლარის გადახდა. ხობის რაიონის ქვემო ...-ის საზოგადოებრივ მეურნეობას ს. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1477 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ხობის რაიონის გამგეობამ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ქვემო ...-ის მეურნეობამ ვერ დაფარა კრედიტი, ხოლო კბ “კ.-მ” კი არ მოითხოვა ხობის რაიონის გამგეობისაგან საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. უფრო მეტიც, კბ “კ.-მ” და ქვემო ...-ის მეურნეობამ ხობის რაიონის გამგეობასთან შეუთანხმებლად გააგრძელეს ხელშეკრულება და ფაქტობრივად დაამყარეს ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 1996წ. 31 ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ _ 1996წ. 10 დეკემბრამდე. აღნიშნულ ვადაშიც ქვემო ...-ის მეურნეობამ ვერ შეასრულა სახელშეკრულებო პირობები, რითაც დაირღვა კბ “კ.-ის” უფლებები. კასატორი თვლის, რომ ხობის რაიონის გამგეობამ საგარანტიო ვადა განსაზღვრა სამი თვით, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ხობის რაიონის გამგეობას მხოლოდ ამ სამი თვის ვადაში შეეძლო საგარანტიო ვალდებულების შესრულება და მზად იყო, გაეთვალისწინებინა იგი ბიუჯეტში, ხოლო საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც არ გახდა საჭირო საგარანტიო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, რადგან კრედიტორმა არ მიმართა ხობის რაიონის გამგეობას ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, არ მოუხდენია საგარანტიო ვალდებულების შემდგომი დაგეგმარება ბიუჯეტში. კასატორის განმარტებით, სესხი და საგარანტიო წერილი გაიცა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ამ ვალდებულების დარღვევისთანავე, ამიტომ სააპელაციო პალატას კბ “კ.-ის” უფლების დარღვევის მომენტად არ უნდა ჩაეთვალა 1998წ. დეკემბერი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს ხობის რაიონის გამგეობა არ უნდა მიეჩნია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შემსრულებლად, ვინაიდან გარანტია სამთვიანი იყო, ხოლო შემდგომში კბ “კ.-სა” და ხობის რაიონის გამგეობის შორის არავითარი იურიდიული დოკუმენტი არ გაფორმებულა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა ქვემო ...-ის მეურნეობის პოზიცია სარჩელის ცნობად ხობის რაიონულ სასამართლოში. მისი განმარტებით, ქვემო ...-ის მეურნეობას სარჩელი არ უცვნია.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს 129-ე და 130-ე მუხლები, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ხობის რაიონის გამგეობას ქვემო ...-ის მეურნეობასთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 11000 ლარის გადახდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ქვემო ...-ის მეურნეობას სხვადასხვა დროს გადახდილი აქვს გარკვეული თანხა, რომელიც ჩაეთვალა პროცენტის სარგებელში. გადახდის ქვითრების თანახმად გადახდის ბოლო თარიღი არის 1997წ. 20 ოქტომბერი, რითაც დასტურდება, რომ ქვემო ...-ის მეურნეობა გადახდას აწარმოებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგაც და შესაბამისად, ხობის რაიონის გამგეობა გარანტად დარჩებოდა მანამ, სანამ ქვემო ...-ის მეურნეობა მთლიანად არ გადაიხდიდა თანხას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საგარანტიო წერილის თანახმად გარანტიის მოქმედების ვადა რადგანაც 1996წ. 1 ივლისიდან 1996წ. 1 ოქტომბრამდე იყო, ამიტომ ამ ვადის გასვლის შემდეგ გარანტიის მიმცემი თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან. ის ფაქტი, რომ კბ “კ.-მ” რამდენჯერმე გაუგრძელა სესხის გადახდის ვადა ქვემო ...-ის მეურნეობას, მეტყველებს იმაზე, რომ ამ უკანასკნელს მიეცა საშუალება, ხელშეკრულების დაურღვეველად გადაეხადა ვალი გაგრძელებულ ვადაში, რაც, მართალია, შეთანხმებული არ ყოფილა ხობის რაიონის გამგეობასთან, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეთანხმება აუცილებელი არც იყო, რადგანაც გამგეობა დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ბანკის მიერ სესხის დაფარვის ვადის გაგრძელებით და მეურნეობის მიერ ვალის სრულად დაფარვით, რათა თვითონ არ გამხადარიყო იძულებული, როგორც გარანტი, გადაეხადა ვალი საგარანტიო წერილის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ გასულა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგანაც ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 1998წ. დეკემბრიდან, კერძოდ, მას შემდეგ, რაც კომერციულმა ბანკმა “კ.-მ” შეწყვიტა ფუნქციონირება და მისი ხელმძღვანელობისათვის ნათელი გახდა, რომ კრედიტორი ქვემო ...-ის მეურნეობა ვალს არ დაფარავდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 205-ე მუხლი, რომლის თანახმად გარანტიად მიიჩნევა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ძალით მოვალე ორგანიზაციის ზემდგომი ორგანო პასუხს აგებს მისი კრედიტორი ორგანიზაციის წინაშე მთელი ვალდებულების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობისათვის ან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს და გარანტს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს დააკისრა ვალის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხობის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.