Facebook Twitter

3გ-ად-306-კ-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის მოთხოვნა: აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 1 ნოემბერს ნ. მ.-მ სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. ამბროლაურის საკრებულოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა სოფ. ...-ში ... ქარხანაში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში. მიწისძვრამდე ცხოვრობდა ამავე ქარხნის მიერ აშენებული, სამოცბინიანი სახლის სამოთახიან ბინაში, რომელიც მდებარეობდა ამბროლაურში, ...-ს ქ. ¹1-ში.

საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ამბროლაურის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილებით ამბროლაურში მცხოვრებ პირებს, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიისაგან და სურვილი ჰქონდათ, კუთვნილი კომუნალური ბინების ნაცვლად აეშენებინათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, გამოეყოთ 600 კვ. მეტრამდე მიწის ნაკვეთი ამბროლაურში, ...-ის ქუჩის გაგრძელებისა და ...-ის ქუჩის ბოლო მონაკვეთში. აღნიშნულ პირებში იყო ნ. მ.-ლიც. ამავე გადაწყვეტილებით კომუნალურ ბინებში მცხოვრებ პირებს მიეცათ წინადადება, მშენებლობის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ კუთვნილი კომუნალური ბინები ჩაებარებინათ კომუნალურ საწარმოთა კომბინატისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, მას კუთვნილი ბინის დატოვების შესახებ აღმასკომისათვის რაიმე პირობა არ მიუცია.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სახლის მშენებლობა დაიწყო მიწისძვრის შემდეგ ... ქარხნის სამშენებლო სამმართველოს დახმარებით, მაგრამ მშენებლობა ვერ დასრულდა.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ამბროლაურის საკრებულო უარს ეუბნებოდა იმ კომუნალურ ბინაში დაბრუნებაზე, რომელშიც ადრე ცხოვრობდა.

ნ. მ.-მ განცხადებით მიმართა ქ. ამბროლაურის საკრებულოს, რომელმაც განიხილა იგი და 2001წ. 23 ოქტომბრის ¹11 დადგენილებით ნ. მ.-ს უარი ეთქვა ქ. ამბროლაურში, ...-ს ქ. ¹1-ში მდებარე სამოცბინიან საცხოვრებელ სახლში ყოფილი, მოსარჩელის კუთვნილი სამოთახიანი ბინის გადაცემაზე. აღნიშნულ დადგენილებას საფუძვლად დაედო ამბროლაურის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ამბროლაურის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომტიტეტის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილებისა და ქ. ამბროლაურის საკრებულოს 2001წ. 23 ოქტომბრის ¹11 დადგენილების ბათილად ცნობა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ამბროლაურის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილება ნ. მ.-ის მიერ ბინის ორდერის ჩაბარების ნაწილში და ქ. ამბროლაურის საკრებულოს 2001წ. 23 ოქტომბრის ¹11 დადგენილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე დ. მ.-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქ. ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე დ. მ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ საფუძვლით, რომ ნ. მ.-ს სახელმწიფოს თანხებით აუშენდა ორსართულიანი სახლი ამბროლაურის რაიონის აღმასკომის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე და მოსარჩელე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში. კასატორს კანონის დარღვევად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ ნ. მ.-ს საკუთრებაში ჰქონდეს ორი სახლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ამბროლაურის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977წ. 4 აგვისტოს ¹50 ორდერის საფუძველზე ნ. მ.-ს გადაეცა სადავო ბინა. ამდენად ნ. მ.-მ სადავო ბინაზე უფლება მოიპოვა აღნიშნული ორდერის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამბროლაურის რაიონის აღმასკომის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილებით ნ. მ.-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შემდეგ ამ უკანასკნელს არც ბინა ჩაუბარებია კომუნალურ საწარმოთა კომბინატისათვის და არც სადავო ბინაზე გაცემული ორდერი გაუქმებულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. ამბროლაურის საკრებულოს უფლება არ ჰქონდა, გამოეცა 2001წ. 23 ოქტომბრის ¹11 დადგენილება მანამ, სანამ ნ. მ.-ის სახელზე ქ. ამბროლაურის აღმასკომის მიერ 1977წ. 4 აგვისტოს გაცემული ბინის ორდერი ძალაში იყო. აღნიშნული ორდერი წარმოადგენს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის V თავით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლის ბათილად ცნობა არავის მოუთხოვია.

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ქ. ამბროლაურის საკრებულოს 2001წ. 23 ოქტომბრის ¹11 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მოსარჩელი მოთხოვნას, ამბროლაურის რაიონის აღმასკომის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა, რადგანაც, გასულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ყველა ვადა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ კანონდარღვევაა ნ. მ.-ის საკუთრებაში ორი სახლის არსებობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსით საკუთრების უფლება აღნიშნულთან დაკავშირებით შეზღუდული არ არის და ამასთან, სადავო ბინა ნ. მ.-ს პრივატიზებული არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მთლიანად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის, დ. მ.-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ამბროლაურის საკრებულოს 2001წ. 23 ოქტომბრის ¹11 დადგენილება.

5. მოსარჩელე ნ. მ.-ს უარი ეთქვას ამბროლაურის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომტიტეტის 1989წ. 15 ივნისის ¹110 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.