Facebook Twitter

3გ-ად-310-კ-02 21 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კასატორ ქ. ა.-ს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმეზე _ ქ. ა.-ს სარჩელის გამო, მოპასუხე ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ზ. გ.-ის მიმართ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დავალების, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 იანვარს ე. უ.-მ, ქ. ა.-მ, ო. ბ.-მ და ლ. ქ.-მ სარჩელი აღძრეს მოპასუხე ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ზ. გ.-ის მიმართ და ითხოვეს: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების თანახმად ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ზ. გ.-ისათვის მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დავალება.

2002წ. 22 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართა ქსენია ა.-მ და ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის ¹82 ბრძანების გაუქმება, აგრეთვე, ფოთის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა განაცდურის ანაზღაურებით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე აცილდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მთელ შემადგენლობას.

აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეგზავნა ხობის რაიონულ სასამართლოს.

ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქსენია ა.-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით ქ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე ქ. ა.-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი რომლითაც ითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლოში დანიშნული საქმის ზეპირ განხილვაზე კასატორმა ქ. ა.-მ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და ითხოვა საქმის შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.

სსკ-ს 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც კოდექსის აღნიშნული თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, კოდექსის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსკ-ს მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-7 მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ა.-ს განცხადება მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.