Facebook Twitter

3გ-ად-368-კ-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 1998წ. 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ შპს “ს.-ს” სახელზე რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 27 მარტის ¹159 დადგენილებით შპს “ს.-ს” “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” არსებული ტერიტორიიდან მუდმივ სარგებლობაში გამოეყო 2.21 ჰა მიწის ფართობის ¹... ნავმისადგომი ალკოჰოლური სასმელების, მინერალური და წყაროს წყლების ტერმინალის მშენებლობისათვის.

1998წ. 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ შპს “ს.-ის” გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილ ¹... ნავმისადგომზე გასცა მიწის საკუთრების უფლების მოწმობა პირველადი რეგისტრაციის ფორმით და განახორციელა სარეგისტრაციო ჩანაწერი საჯარო რეესტრში.

2000წ. 4 აგვისტოს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ ჩატარებული შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ შპს “ს.-ისათვის” “ფოთის საზღვაო ნავსადგურში” მუდმივ სარგებლობაში გამოყოფილ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, დარღვეულ იქნა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც “ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე”, რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება სააღრიცხვო ბარათში შპს “ს.-ისათვის” მიწის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრატორის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 17 აგვისტოს ¹3-820 წერილით ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასამართლოს მიერ საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე შპს “ს.-ის” სახელზე პირველადი რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების ძალაში დატოვება, რაც ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ განახორციელა: გააუქმა 2000წ. 4 აგვისტოს ჩანაწერი შპს “ს.-ისათვის” მიწის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ და ძალაში დატოვა პირველადი რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლება.

2000წ. 12 სექტემბერს “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და შპს “ს.-ის” სახელზე რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 17 მარტის ¹159 დადგენილება და ზემოაღნიშნული მიწის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციისათვის მხოლოდ 2000წ. მაისში გახდა ცნობილი, როცა “ფოთის საზღვაო ნავსადგური” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹705 ბრძანებულებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და მიწის სარგებლობის უფლების რეგისტრაციისათვის ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიმართა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 27 მარტის ¹159 დადგენილების გამოტანის შემდეგ შპს “ს.-ს” არ უსარგებლია გადაცემული ტერიტორიით, ამ ტერიტორიას ფლობს და განკარგავს ¹... საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც აგებულია 1984 წელს საკონტეინერო გადაზიდვებისათვის. ¹... ნავმისადგომს აქვს სპეციფიკური ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აქ არის სპეციალური საკონტეინერო გადმოტვირთვის ამწეები. ¹... ნავმისადგომზე ასევე არის მისი ადმინისტრაციული შენობა, სადაც დაახლოებით სამასამდე კაცი მუშაობს. მთელი ეს ტერიტორია დატვირთულია რკინიგზის ორი ხაზით, ადმინისტრაციული შენობით, მიწისქვეშა შახტით და საკომუნიკაციო ნაგებობებით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქალაქ ფოთის მიწის მართვის სამმართველომ დაარღვია “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

მოპასუხე ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი ცნო და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

მესამე პირმა შპს “ს.-მ” სარჩელი არ ცნო და მიწის საკუთრების უფლების შესახებ ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 1998წ. 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ შპს “ს.-ის” სახელზე რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი. გადაწყვეტილების გამოტანისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საზღვაო კოდექსის” 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა _ შპს “ს.-მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აპელანტის მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 27 მარტის ¹159 დადგენილებით მუდმივ სარგებლობაში გადაეცა შპს “ს.-ს”, ე.ი. ამ დადგენილების შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამოირიცხა “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სარგებლობიდან, ვინაიდან დადგენილების საფუძველზე შპს “ს.-მ” მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე მუდმივი სარგებლობის უფლება და აიყვანა ეს ნაკვეთი საკუთარ ბალანსზე. ამასთან, რეგისტრაციაში გატარდა როგორც მიწათსარგებლობის გადასახადის გადამხდელი. აპელანტის განმარტებით, შეუძლებელი იყო ერთი ქონების ორი იურიდიული პირის ბალანსზე ყოფნა. ამდენად, უსაფუძვლო იყო “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” მოთხოვნა ამ მიწის ნაკვეთზე. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹705 ბრძანებულების შესაბამისად “ფოთის საზღვაო ნავსადგურს”, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ბალანსზე რიცხული მთელი ქონება. რადგან ამ დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთი აღარ ირიცხებოდა “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ბალანსზე, ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მასზე პრეტენზიის უფლება, მითუმეტეს, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოთ დასახელებული დადგენილება ძალაში იყო და არავის გაუუქმებია.

შპს “ს.-ა” თვლიდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული იყო ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრება. საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 72-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 75-ე მუხლის მე-5 პუნქტით: “საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე, მშენებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით”. “მიწის აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად” “ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, უფლება ეძლევა შექმნას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და განახორციელოს საზღვაო-სატვირთო ოპერაციები დადგენილი წესის შესაბამისად”. ამდენად, კანონმდებელი არ კრძალავდა მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობას. ამასთან,M არსად ფიგურირებდა შპს “ს.-ის” მოთხოვნა ნავმისადგომის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე. სააღრიცხვო ბარათზე დართული საკადასტრო რუკის მიხედვით, შპს “ს.-ს” საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა არც ნავმისადგომზე და არც მის ზონაზე. ნავმისადგომი ცალკე მდებარეობდა და იგი ემიჯნებოდა შპს “ს.-ის” კუთვნილ სადავო მიწის ნაკვეთს. საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა, თუ სად მთავრდებოდა მე-... ნავმისადგომი და სად იწყებოდა შპს “ს.-ის” საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შპს “ს.-ის” პრეტენზია არ ვრცელდებოდა სანიტარულ-ტექნიკურ ზონასა და ექსპლოატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიაზე, ასევე, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და საკონტეინერო მოწყობილობებზე. ეს დასტურდებოდა სააღრიცხვო ბარათის საკადასტრო რუკით, სადაც არც ერთი ობიექტი არ იყო მოქცეული შპს “ს.-ის” საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში.

აქედან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთზე არ ვრცელდებოდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საზღვაო კოდექსის” 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

შპს “ს.-” მიიჩნევდა, რომ მოსარჩელემ არასაპატიოდ გაუშვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია. მითუმეტეს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ხელმძღვანელობისათვის. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან შპს “ს.-მ” სადავო აქტის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის გარკვეული ქმედებები განახორციელა, ამ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება დაუშვებელი იყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მესამე პირმა შპს “ს.-მ” საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინება და დამატებით მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და საქმე განიხილა მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების გარეშე. უფრო მეტიც, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა შპს “ს.-ს”, სრულყოფილად, დაეცვა თავისი უფლებები და მონაწილეობა მიეღო საქმის ზეპირ განხილვაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 კარით დადგენილი მოქმედებები, არ გაეცნო აპელანტის არგუმენტებს, განჩინებაში არ მოიხსენია სააპელაციო საჩივრის არგუმენტები და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხელახლა განსახილველად დაბრუნება და საქმის ყოველმხრივ, ობიექტურად გამოკვლევა და განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვისას საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 6 თებერვლის ¹31 ბრძანებით ქ. ფოთის სამმართველოს უფროსს გ. წ.-ს, რომელმაც ცნო “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სარჩელი, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩამოერთვა წარმომადგენლობის უფლება და ქალაქ ფოთის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლად დაინიშნა მთავარი სახელმწიფო რეგისტრატორი ქ. კ.-ი. მთავარმა სახელმწიფო რეგისტრატორმა მხარი დაუჭირა მესამე პირის შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარს და საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი. მთავარი სახელმწიფო რეგისტრატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც შპს “ს.-ს” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით 1995 წელს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, იგი ამ დროიდან აღარ წარმოადგენს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სარგებლობაში არსებულ ¹... ნავმისადგომს, არამედ არის შპს “ს.-ის” მუდმივ სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ვერ გავრცელდება.

“ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” თავდაპირველად არ ცნო შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი და საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ბოლო სხდომაზე “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პ. ლ.-მ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ ცნო და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 1 მარტის განჩინებით შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 8 ივლისს ხელახლა განიხილა შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

შპს “ს.-მ” საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის განჩინება მიღებულია მას შემდეგ, რაც იმავე სასამართლოს მიერ 2001წ. 13 ივლისს გამოტანილი განჩინება ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე შპს “ს.-ის” მიერ გასაჩივრდა კასაციის წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 1 მარტის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინებდან ირკვევა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნების მოტივაციისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა იმ მოსაზრებით, რომ საჭირო იყო საქმეში მოყვანილი გარემოებების დადგენა და მხოლოდ მათი დაზუსტების შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი მოცემულ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს.-ა” მოპასუხის სტატუსით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საქმეში, რაც არ განხორციელებულა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 8 ივლისის განჩინება გამოიტანა საქმეში არსებული გარემოებების დამატებითი გამოკვლევისა და დაზუსტების გარეშე.

2. სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის განჩინება გამოტანილ იქნა აპელანტ შპს “ს.-ს”, მოპასუხეების: ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მესამე პირის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სასამართლო განხილვაში მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის, თავდაპირველი მოსარჩელე სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ. ეს კი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის _ შეჯიბრებითობის პრინციპის _ დარღვევას წარმოადგენს.

3. სასამართლო კოლეგია გასაჩივრებულ განჩინებაში სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბებისას არღვევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს, იყენებს კანონს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ სარგებლობს იმ კანონის ნორმებით, რომლითაც უნდა ესარგებლა. გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას და სადავო საქმის განხილვისას სასამართლო კოლეგიას მხედველობაში არ მიუღია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ფოთის საზღვაო ნავსადგური” არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, ანუ, იგი არ არის პირი, რომელსაც სადავო საქმეზე მოთხოვნის უფლება აქვს. სსკ-ს მე-11 მუხლის I პუნქტის მიხედვით “სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ფოთის საზღვაო ნავსადგური” სადავო მიწის ნაკვეთის არც მესაკუთრე და არც მფლობელია. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. ფოთის მიწისა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში შპს “ს.-ის” სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა. “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ¹... ნავმისადგომთან არსებული 2,21 ჰა მიწის ნაკვეთი შპს “ს.-ს” თავდაპირველად მუდმივ სარგებლობაში გამოეყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 27 მარტის ¹159 დადგენილების საფუძველზე და აღნიშნული მიწის პრივატიზაცია მოხდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998წ. 28 ოქტომბერს მიღებული კანონის საფუძველზე. ანუ, მითითებული სადავო მიწის ნაკვეთის, კერძოდ, “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ¹... ნავმისადგომთან არსებული 2,21 ჰა-ის მესაკუთრედ გვევლინებოდა სახელმწიფო, რომელმაც 1995 წელს მიღებული დადგენილების საფუძველზე, სრულიად კანონიერად, გადასცა იგი მუდმივ სარგებლობაში კერძო პირს _ შპს “ს.-ს” და შემდგომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მისცა მას საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა, ანუ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოთ მითითებული დადგენილების შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი “ფოთის საზღვაო ნავსადგურს” ჩამოერთვა. მასზე მუდმივი სარგებლობის უფლება მოიპოვა შპს “ს.-მ” და შესაბამისად აიყვანა იგი საკუთარ ბალანსზე. ამასთან, დარეგისტრირდა, როგორც მიწათსარგებლობის გადასახადის გადამხდელი. “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” პრეტენზია ამ მიწის ნაკვეთზე კანონიერ საფუძველს მოკლებულია, რადგან შეუძლებელია ერთი და იგივე ქონება ორი სხვადასხვა ორგანიზაციის ბალანსზე იყოს. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹705 ბრძანებულებით დადგინდა: “ფოთის საზღვაო ნავსადგურს”, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე რიცხული მთელი ქონება”. როგორც უკვე აღინიშნა, ამ დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთი არ ირიცხებოდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე, რადგანაც იგი 1995 წელს შპს “ს.-ს” გადაეცა და ამ პერიოდიდან მოყოლებული მის ბალანსზე იქნა აყვანილი. ამდენად, “ფოთის საზღვაო ნავსადგურს” არა აქვს უფლება, ჰქონდეს მასზე პრეტენზია. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საერთოდ არ მოუხდენია და განჩინებაში მოტივაციის ჩამოყალიბებისას მხოლოდ ერთი მხარის, მოსარჩელე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” არგუმენტაციით ისარგებლა.

4. განჩინებაში სასამართლო კოლეგია საერთოდ უგულებელყოფს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის I პუნქტში, 72-ე მუხლის I, III პუნქტებში, 75-ე მუხლის V პუნქტში ჩამოყალიბებულ ნორმებს. აღნიშნული ნორმების გამოყენებით სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა, გაერკვია, შესაძლებელია თუ არა ნავსადგურის ტერიტორიის შიგნით არსებობდეს კერძო პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შეიძლება თუ არა საზღვაო ნავსადგურისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა. საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის I პუნქტის თანახმად: “საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე, მშენებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით”; 72-ე მუხლის I პუნქტი ადგენს, რომ: “საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიას წარმოადგენს მისთვის გამოყოფილი სახმელეთო ტერიტორია”, ხოლო III პუნქტის თანახმად: “მიწის და აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”. ამრიგად, ნავსადგურს საჭიროების მიხედვით შეიძლება გადაეცეს მიწის ნაკვეთი, ასევე ჩამოერთვას მიწის ნაკვეთი და გადაეცეს სხვას. იმავე კოდექსის 75-ე მუხლის V პუნქტი ადგენს: “ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, უფლება ეძლევა შექმნას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და განახორციელოს საზღვაო-სატვირთო ოპერაციები დადგენილი წესის შესაბამისად”. აღნიშნული ნორმებით საფუძველი ეცლება მოსარჩელისა და სასამართლოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, იმდენად, რამდენადაც თავად სახელმწიფო უშვებს შესაძლებლობას სხვა (არასახელმწიფო) ორგანიზაციას ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში საკუთრებაში ჰქონდეს მიწის ნაკვეთი.

ზემოაღნიშნული ნორმების უგულებელყოფით, სასამართლო იმ მნიშვნელოვან არგუმენტსაც უგულებელყოფს, რომ კანონმდებელი სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს შპს “ს.-ის” მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობას.

5. გასაჩივრებული განჩინების ერთ-ერთ საფუძვლად სასამართლო მიიჩნევს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ვ” პუნქტს, რომლის თანახმადაც: “საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია” არ ექვემდებარება პრივატიზებას. ამ შემთხვევაში სასამართლო სარგებლობს კანონით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან შპს “ს.-ა” არ აცხადებს პრეტენზიას ჩამოთვლილ ობიექტებზე. აღნიშნული დასტურდება სააღრიცხვო ბარათის საკადასტრო რუკითაც, სადაც არც ერთი ჩამოთვლილი ობიექტი არ არის მოქცეული შპს “ს.-ის” საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. ამასთან, ამ კანონის გამოყენება სასამართლოს მიერ იურიდიულად არასწორია იმდენად, რამდენადაც ქ. ფოთის ზონის რეგისტრატურის მიერ საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იქნა მიწის ნაკვეთზე. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის” მე-2 მუხლის I პუნქტის თანახმად კი: “კანონი არ აწესრიგებს მიწისა და სახელმწიფო საბინაო ფონდების პრივატიზების საკითხს”.

6. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის III პუნქტის თაობაზე. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ს 312-ე, 313-ე მუხლები. 312-ე მუხლის თანახმად: “რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”. ამავე კოდექსის 313-ე მუხლის მიხედვით: “შესწორებაზე უფლებამოსილია ნებისმიერი პირი, რომლის უფლებებიც ირღვევა არასწორი ჩანაწერის შედეგად”. აღნიშნულ ნორმებზე მითითების შემდეგ სასამართლო კოლეგია აცხადებს: “ამდენად, მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია”. მართალია, სამოქალაქო კოდექსის მითითებული მუხლები აღნიშნავენ, რომ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები უტყუარია მანამ, სანამ არ დადასტურდება საპირისპირო, თუმცა არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში უნდა დაისვას საკითხი ამ ჩანაწერების უტყუარობის შესახებ. ვინაიდან, საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის III პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ითვლება კანონიერად და სწორად მანამ, სანამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის III პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში შეტანილი საჩივრის საფუძველზე არ დადასტურდება მათი მართლწინააღმდეგობა.

7. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო საქმის განხილვაში და როგორც 2001წ. 13 ივლისის, ისე 2002წ. 8 ივლისის განჩინებების ჩამოყალიბებასა და გამოტანაში მონაწილეობა მიიღეს ერთი და იმავე მოსამართლეებმა: მ. მ.-მ და რ. ს.-მ. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ს მოთხოვნებთან და მისი 394-ე მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ, რადგანაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 27 მარტის ¹159 დადგენილების ბათილობა, ამიტომ ამ აქტის კანონიერების საკითხი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა.

საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 2001წ. 22 მაისის დასკვნის თანახმად “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ¹... ნავმისადგომის მიერ დაკავებული ტერიტორია თავისი ჰიდროტექნიკური ნაგებობებით, რკინიგზისა და ამწესქვეშა გზების, სამომსახურეო შენობის, გამწვანებისა და კონტეინერების ტექნოლოგიური სასაწყობო ფართობების ჩათვლით 23281 კვ.მ-ია და შეესაბამება ტექნიკური პროექტირების ნორმებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ¹... ნავმისადგომის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რკინიგზა, ამწესქვეშა გზები, სამომსახურეო შენობები, კონტეინერების ტექნოლოგიური საწყობები. “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” 2,21ჰა ფართობის ¹... ნავმისადგომის ტერიტორიის შპს “ს.-ისათვის” საკუთრებაში გადაცემა კი, ბუნებრივია, მოხდებოდა მასზე მდებარე ობიექტებთან ერთად, რაც წინააღმდეგობაშია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ვ” პუნქტთან (სახელმწიფო ქონებიდან პრივატიზებას არ ექვემდებარება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია) და საქართველოს საზღვაო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (ნავსადგურის ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია სახელმწიფო საკუთრებაა).

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად აღნიშნული კანონის დებულებები არ ვრცელდება საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ-ტექნიკური ზონის განკუთვნილ მიწებზე, აგრეთვე, ნავმისადგომების ექსპლუატაციის უზრუნველყოფით არსებულ ტერიტორიებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს უფლება არ ჰქონდა, მუდმივი სარგებლობის უფლებით შპს “ს.-ისათვის” გადაცემული, “ფოთის საზღვაო ნავსადგურში” განთავსებული მე-7 ნავმისადგომის ტერიტორია (2,21 ჰა მიწის ნაკვეთი) საჯარო რეესტრში აღერიცხა შპს “ს.-ის” სახელზე საკუთრების უფლებით.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 72-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტები, 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელთა გამოყენებით სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია ნავსადგურის ტერიტორიის შიგნით კერძო პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არსებობისა და “ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის” მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესაძლებლობა.

საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე, მშენებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიას წარმოადგენს მისთვის გამოყოფილი სახმელეთო ტერიტორია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მიწის და აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საზღვაო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, უფლება ეძლევა, შექმნას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და განახორციელოს საზღვაო-სატვირთო ოპერაციები დადგენილი წესის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმებით სახელმწიფო უშვებს შესაძლებლობას, რომ სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციას ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში საკუთრებაში ჰქონდეს მიწის ნაკვეთი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 72-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტები და 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ უშვებს ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის რომელიმე არასახელმწიფო ორგანიზაციის კერძო საკუთრებაში გადაცემას.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ პროცესუალურ დარღვევებს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, მხარეთა და მესამე პირთა ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მათ დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ, რადგანაც სააპელაციო სასამართლოში 2001წ. 13 ივლისს და 2002წ. 8 ივლისს საქმე განიხილეს და განჩინებები გამოიტანეს ერთი და იგივე მოსამართლეებმა: მ. მ.-ემ და რ. ს.-მ, ამიტომ ეს წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის “ზ” პუნქტის მოთხოვნა მაშინ უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუ არსებობს ამავე კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, კერძოდ, თუ ერთი და იგივე მოსამართლეები საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.

კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამდენად, კასატორის არგუმენტიც უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.